8 მარტს ცენტრალური ევროპის ცაზე მოულოდნელად მეტეორი გამოჩნდა. ის საფრანგეთიდან, ნიდერლანდებიდან, ბელგიიდან, ლუქსემბურგიდან და გერმანიიდან დაინახეს. ობიექტი მეტწილად ატმოსფეროშივე განადგურდა, მაგრამ მისმა ფრაგმენტებმა ზედაპირამდე მაინც ჩამოაღწია.

მეტეორმა ცაზე ადგილობრივი დროით 18:55-ზე გაიელვა. რამდენიმე წუთის შემდეგ ხმელეთზე უკვე მეტეორიტები ჩამოცვივდა, რომლებიც საკმაოდ ფართო არეალში დააფიქსირეს. ერთ-ერთი მათგანი გერმანიის ქალაქ კობლენცში მდებარე სახლის სახურავზეც ჩამოვარდა და ის გახვრიტა. ცნობების თანახმად, ეს 19:00-ზე მოხდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საერთაშორისო მეტეორულ საზოგადოებას (IMO) ამ მოვლენის 3000-ამდე ფოტო და ვიდეომასალა გაუგზავნეს. ევროპის კოსმოსური სააგენტოს ინფორმაციით, მეტეორზე დაკვირვება დაახლოებით 6 წამის განმავლობაში იყო შესაძლებელი, რის შემდეგაც ის დაიშალა. იქ მომუშავე პლანეტარული თავდაცვის გუნდი ვარაუდობს, რომ ობიექტის დიამეტრი მაქსიმუმ რამდენიმე მეტრი უნდა ყოფილიყო.

10 მეტრზე დიდი ზომის სხეულები დედამიწის ატმოსფეროში დაახლოებით ყოველ 10 წელში ერთხელ შემოდის, უფრო პატარები კი — რამდენიმეკვირიანი შუალედით. სხვათა შორის, მეტეორიტების პოტენციური გავლენა იმაზე დიდია, ვიდრე წარმოგვიდგენია. მაგალითად, საშუალო მაჩვენებლით ოდნავ უფრო მეტი შანსია, რომ 140 მეტრზე მეტი ზომის სხეული დედამიწას შეეჯახოს, ვიდრე იმის, რომ ადამიანს მეხი დაეცეს.

"შეჯახება იმაზე ნაკლებად სავარაუდოა, ვიდრე ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლა. მართალია, ასტეროიდის ჩამოვარდნის შანსი ნებისმიერ წელს ძალიან მცირეა, მაგრამ ნულს არ უდრის და იმაზე მაღალია, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. ამის მიუხედავად, როგორც ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლის, ისე ამგვარი შეჯახების პრევენციაცაა შესაძლებელი, თუკი მოსამზადებლად საკმარისი დრო გვექნება", — აცხადებს პროფესორი კერი ნაგენტი ოლინის კოლეჯიდან.

აღსანიშნავია, რომ ასეთი მოვლენის შედეგად ერთადერთი ადამიანის დაზიანებაა დადასტურებულად დოკუმენტირებული. ეს იყო ენ ჰოჯესი, რომლის სახლის სახურავზეც 1954 წლის 30 ნოემბერს მეტეორიტი ჩამოვარდა, მისი გავლით ოთახში აღმოჩნდა და ენს დაეცა. ასევე, ძველი ცნობების თანახმად, 1888 წელს მეტეორიტის ჩამოვარდნას ერთი ადამიანიც ემსხვერპლა.

რაც შეეხება ბოლო შემთხვევას, მეცნიერები ნიმუშის შესწავლას აპირებენ, რათა დაადგინონ, როგორია მისი შედგენილობა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.