შესაძლოა, მზე ადრე სულ სხვაგან მდებარეობდა — რა კავშირშია ეს დედამიწურ სიცოცხლესთან
ფოტო: NAOJ
ორი ახალი კვლევის მიხედვით, შეიძლება მზესა და მისი მსგავსი ვარსკვლავების გარკვეულ პოპულაციას ამჟამინდელ მდებარეობამდე ჩვენი გალაქტიკის ცენტრალური რეგიონიდან გადმოენაცვლა. არაა გამორიცხული, რომ ამან მზის სისტემა სიცოცხლისთვის ბევრად თავსებადი გახადა.
ირმის ნახტომის გალაქტიკაში მზის "ტყუპისცალი" მნათობები გვხვდება, რომლებიც კვლევების ავტორებმა ტელესკოპ Gaia-ს მონაცემების მეშვეობით შეისწავლეს. ისინი 6594 ასეთ ობიექტზე კონცენტრირდნენ, რომლებიც დედამიწიდან 1000 სინათლის წლის რადიუსშია. ამ ვარსკვლავებიდან ბევრი დაახლოებით მზის ასაკისაა, რაც მათი ზომის, ტემპერატურისა და შედგენილობის გაანალიზების გზით დაადგინეს.
მეცნიერებმა გამოყვეს 1551 ვარსკვლავი, რომელთა ასაკიც 4-იდან 6 მილიარდ წლამდეა (მათ შორისაა მზე, რომელიც 4.6 მილიარდი წლისაა). მნათობთა აღნიშნული პოპულაცია გალაქტიკის ცენტრიდან დაახლოებით ერთნაირ დისტანციაზე მდებარეობს, რაც მიანიშნებს, რომ ეს დამთხვევა არ უნდა იყოს.
ადრეც გაჟღერებულა, რომ მზეში წყალბადსა და ჰელიუმზე მძიმე ელემენტების კონცენტრაცია გალაქტიკის ამ რეგიონს არ შეესაბამება. ვარაუდობენ, რომ ჩვენი ვარსკვლავი ირმის ნახტომის ცენტრთან 10 000-ზე მეტი სინათლის წლით ახლოს უნდა ჩამოყალიბებულიყო — იქ, სადაც ამგვარი ქიმიური შედგენილობისთვის სათანადო გარემოა.
ახალი კვლევების თანახმად, შესაძლოა, მზე "ტყუპისცალებთან" ერთად რამდენიმე მილიარდი წლის წინ "მასობრივ მიგრაციაში" მონაწილეობდა, თითქმის ერთდროულად. პირვანდელ არეალში ამჟამად გიგანტური მბრუნავი სარტყელია, რომელიც ახლა იმავე პროცესებს უკვე ხელს შეუშლიდა. შეიძლება მისმა ფორმირებამ ადრე ვარკვლავების წარმოქმნასა და შემდეგ მათ გარეთ გატყორცნას შეუწყო ხელი. გამოდის, რომ ამით თავად გალაქტიკის ევოლუციის შესახებაც მეტს ვიგებთ.
გალაქტიკის ამ რეგიონში მზის გადმონაცვლებამ შეიძლება დედამიწაზე სიცოცხლის განვითარებაზეც იქონია გავლენა. საქმე ისაა, რომ ირმის ნახტომის შიდა არეალები სიცოცხლისთვის შედარებით შეისაბამო პირობების მქონედ მიიჩნევა, რადგან იქ ენერგიული მოვლენები ხშირია (მაგ. ვარსკვლავის აფეთქება). თუკი მზემ მიგრაცია მართლაც განიცადა, ჩვენი სისტემა თავისი არსებობის უდიდეს ნაწილს მშვიდ გარემოში გაატარებდა, რაც სიცოცხლის წარმოქმნის შანსებს გაზრდიდა.
მეცნიერები ამ საკითხის კვლევის გაგრძელებას აპირებენ. მათი ნაშრომები გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდა.
კომენტარები