ChatGPT-ს შემქმნელი კომპანიის, OpenAI-ს, გადაწყვეტილებებს მისი ყველა თანამშრომელი როდი ეთანხმება.

7 მარტს შევიტყვეთ, რომ OpenAI-ს რობოტიკის აპარატურის ხელმძღვანელი კომპანიას ტოვებს. კეიტლინ კალინოვსკი რობოტიკის განყოფილებაში აპარატურულ უზრუნველყოფაზე იყო პასუხისმგებელი, თუმცა X-ზე ახლახან განცხადება გამოაქვეყნა, რომ თანამდებობას ტოვებს.

პოსტში მან კომპანიის ნაჩქარევი გადაწყვეტილება გააკრიტიკა, თავდაცვის დეპარტამენტთან ეთანამშრომლა. მისი თქმით, OpenAI ამას უსაფრთხოების სათანადო ზომების მიღებამდე დასთანხმდა.

კომპანიამ Engadget-თან საუბარში განაცხადა, რომ კალინოვსკის პოსტზე სხვა ადამიანის დაქირავებას არ გეგმავენ.

"სასამართლო ზედამხედველობის გარეშე ამერიკელებზე თვალთვალი და მომაკვდინებელი ავტონომია ადამიანის თანხმობის გარეშე საკითხებია, რომლებიც მეტ სიფრთხილეს იმსახურებდა, ვიდრე მიიღო", — დაწერა კალინოვსკიმ.

სხვა პოსტის საპასუხოდ მან ისიც თქვა, რომ "განცხადება ნაჩქარევად გაკეთდა წინასწარ განსაზღვრული უსაფრთხოების ბარიერების" გარეშე და დაამატა, რომ ეს "უპირველეს ყოვლისა ხელმძღვანელობის პრობლემაა".

OpenAI-მ კალინოვსკის გადადგომა დაადასტურა. როგორც Engadget-თან საუბრისას განაცხადეს, ესმით, რომ ადამიანებს ამ თემებზე "მტკიცე პოზიციები" აქვთ და შესაბამის მხარეებთან დისკუსიებს განაგრძობენ. კომპანიამ განცხადებაში ასევე განმარტა, რომ კალინოვსკის კრიტიკას არ იზიარებს.

"გვჯერა, პენტაგონთან ჩვენი შეთანხმება ქმედით გზას ქმნის, რომ ეროვნული უსაფრთხოებისთვის AI პასუხისმგებლობიანად გამოვიყენოთ, ამავდროულად კი ჩვენი "წითელი ხაზებიც" დავაფიქსიროთ: არანაირი შიდა თვალთვალი და არანაირი ავტონომიური იარაღები", — განაცხადა OpenAI-მ.

კალინოვსკის შემთხვევა, შეიძლება ითქვას, ყველაზე მძიმე შედეგია, რომელიც OpenAI-ს გადაწყვეტილებას მოჰყვა თავდაცვის დეპარტამენტთან თანამშრომლობაზე. შეთანხმება მას შემდეგ შედგა, რაც Anthropic-მა უსაფრთხოების კონკრეტული შეზღუდვების მოხსნაზე უარი თქვა; ეს ბარიერები მასობრივ დაზვერვასა და სრულად ავტონომიური იარაღების შექმნას უკავშირდებოდა.

სხვათა შორის, OpenAI-ს აღმასრულებელი დირექტორიც, სემ ალტმანიც, კი აცხადებს, რომ თავდაცვის დეპარტამენტთან შეთანხმებაში ცვლილებებს შეიტანს, რათა ამერიკელებზე თვალთვალი აკრძალული იყოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.