გოლფსტრიმი ჩრდილოეთისკენ მიიწევს — შეიძლება ეს ბუნების ნაადრევი გაფრთხილება იყოს
ფოტო: NASA/Goddard Space Flight Center Scientific Visualization Studio
გოლფსტრიმი ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში თბილ დინებათა მძლავრი სისტემაა, რომელიც, როგორც ჩანს, ჩრდილოეთით მიიწევს. თუ ეს ასე გაგრძელდება, კიდევ ერთი მტკიცებულება გვექნება იმისა, რომ ატლანტის მერიდიანული ბრუნვის ცირკულაცია (AMOC) სუსტდება, რაც დიდწილად გლობალური ტემპერატურის მატებითაა გამოწვეული.
გოლფსტრიმი AMOC-ის მხოლოდ ერთი ნაწილია, თუმცა ამ ორ ტერმინს ხშირად სინონიმებად აღიქვამენ. AMOC ატლანტის ოკეანეში დინებების სისტემის "დედადაა" მიჩნეული. მას მარილიანი თბილი წყალი ტროპიკული რეგიონებიდან ევროპისკენ გადააქვს; მეორე მხრივ, გოლფსტრიმი დასავლეთის დინებების სასაზღვრო სისტემაა, რომელიც, ამავდროულად, ჩრდილოეთით მოძრავი ნაკადების ნაწილიცაა.
მეცნიერების აზრით, საგანგაშოა ის, რომ ოკეანის ტემპერატურის მატება და გრენლანდიაში ყინულის დნობა შეიძლება AMOC-ს აჩერებდეს. უკვე არსებობს მტკიცებულება, რომ 1950-იანი წლებიდან დღემდე ცირკულაცია 15%-ით შესუსტდა. თუ საერთოდ გაჩერდება, ეს "აპოკალიფსს" ნამდვილად არ გამოიწვევს, თუმცა ევროპაში ტემპერატურა საგრძნობლად დაეცემა.
მეორე მხრივ, მკვლევრებმა ზუსტად არ იციან, თუ რა როლს ასრულებს AMOC-ის შესაძლო შეწყვეტაში გოლფსტრიმი. ამის დადგენა უტრეხტის უნივერსიტეტის (ნიდერლანდები) კლიმატოლოგებმა სცადეს. ამისთვის მათ კომპიუტერული მოდელირება და რეალური მონაცემები გამოიყენეს.
სატელიტური მონაცემების ანალიზით დადგინდა, რომ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, გოლფსტრიმი ჩრდილოეთისკენაა მიმართული,. ამის ყველაზე სავარაუდო ახსნა სწორედ AMOC-ის შესუსტებაა.
მოდელებით იმის პროგნოზიც სცადეს, თუ რას გამოიწვევს AMOC-ის კიდევ უფრო მეტად დასუსტება. გასული რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ერთ გრძედზე (71.5°W) ნაკადმა ჩრდილოეთისკენ 133 კილომეტრით გადაინაცვლა, სულ რაღაც 2 წელიწადში კი 219 კილომეტრით გადანაცვლებას უნდა ველოდოთ. ეს ძალიან დიდი და სწრაფად მიმდინარე ცვლილებაა.
ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯერჯერობით უცნობია, გარანტირებულად ემუქრება თუ არა AMOC-ს კოლაფსი. ნაშრომი გამოცემაში Communications Earth & Environment გამოქვეყნდა.
კომენტარები