11 მარტს დედამიწაზე ჩამოვარდა NASA-ს ხელოვნური თანამგზავრი, რომელიც პლანეტის ორბიტაზე თითქმის 14 წელი მოძრაობდა. ეს იყო 600-კილოგრამიანი სატელიტი Van Allen Probe A, რომელიც კოსმოსში 2012 წლის აგვისტოში გაუშვეს.

მასთან ერთად კიდევ ერთი ანალოგიური აპარატიც გაგზავნეს — Van Allen Probe B. მათი მიზანი დედამიწის გარშემო არსებული ვან ალენის რადიაციული სარტყლების შესწავლა იყო. სწორედ ამიტომ შეურჩიეს მათ იგივე სახელი, რომელიც ამ ფენომენის აღმწერი მეცნიერისაა. ორივე თანამგზავრი ექსპლუატაციიდან 2019 წელს გამოვიდა.

აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა დაადასტურა, რომ Van Allen Probe A წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილის თავზე ატმოსფეროში ადგილობრივი დროით 06:37-ზე შემოვიდა. ის ამ დროს დაახლოებით 2° სამხრეთ განედსა და 255.3° აღმოსავლეთ გრძედზე გადაადგილდებოდა.

NASA-ს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ატმოსფეროში შემოჭრისას სატელიტი მეტწილად დაიწვებოდა, მაგრამ შეიძლება მისი ფრაგმენტები ჩამოცვენილიყო. ის ოკეანის თავზე შემოვიდა, ამიტომ დასახლებულ ადგილებს საფრთხეს ვერ შეუქმნიდა. სააგენტოში აქამდეც ივარაუდეს, რომ ასეთი ფრაგმენტების გამო ადამიანის დაშავების შანსი 4200-ისან 1 იყო, რისი გამოთვლისასაც ისიც გაითვალისწინეს, რომ დედამიწის ზედაპირის დაახლოებით 70% წყლითაა დაფარული.

ეს სატელიტები ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობდა. ამის გამო ისინი დედამიწას ხან 30 400-ზე მეტი კილომეტრით შორდებოდა, ხან კი დაახლოებით 600 კილომეტრ დისტანციაზე გადაადგილდებოდა. მისია მხოლოდ 2 წელი უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ B-მ 2019 წლის ივლისამდე იფუნქციონირა, ხოლო A-მ — იმავე წლის ოქტომბრამდე. მათ მიერ შეგროვებულ მონაცემებს მეცნიერები დღემდე აანალიზებენ.

ამ აპარატების მიერ მოპოვებული ინფორმაცია რადიაციული სარტყლების უკეთ შესწავლაში გვეხმარება. კერძოდ, იმის პროგნოზირებაში, თუ როგორ ზემოქმედებს მზის აქტიურობა ხელოვნურ თანამგზავრებზე, ასტრონავტებსა თუ დედამიწაზე არსებულ საკომუნიკაციო და სანავიგაციო სისტემებზე.

ეს სატელიტები ორბიტაზე 2034 წლამდე უნდა დარჩენილიყო, მაგრამ ბოლო წლებში მზის მომატებულმა აქტიურობამ ატმოსფეროს "გაფართოება" გამოიწვია, რამაც ზონდებზეც იმოქმედა. შედეგად, Van Allen Probe A-ს ორბიტა არასტაბილური გახდა და ის პლანეტაზე ჩამოვარდა. მისი "ტყუპისცალი" იმავე ბედს, წესით, 2030 წლამდე არ გაიზიარებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.