კაცობრიობამ მზის გარშემო ასტეროიდის ორბიტა შეცვალა
ფოტო: NASA DART team and LICIACube
2022 წელს NASA-მ ისტორიული მისია DART განახორციელა, რომლის ფარგლებშიც ასტეროიდ დიმორფოსს კოსმოსური ხომალდი განზრახ შეაჯახა. შედეგად, მეორე, უფრო დიდი ასტეროიდის გარშემო მისი ორბიტა ხელოვნურად შეცვალეს (33-წუთიანი სხვაობით), რაც პლანეტარული თავდაცვისთვის საჭირო ტექნოლოგიის დემონსტრირება იყო.
ახალმა დაკვირვებებმა ცხადყო, რომ ამ მისიამ უფრო მასშტაბური ცვლილებაც გამოიწვია: შეჯახებამ მზის გარშემო დიმორფოსისა და მის კომპანიონ დიდიმოსის საერთო ორბიტა შეცვალა. ეს ისტორიაში პირველი მსგავსი პრეცედენტია.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ობიექტები დედამიწას საფრთხეს არ უქმნიდა. რომელიმე სხვა ასტეროიდთან შეჯახების რისკი არც ახლა არსებობს, თუმცა შესაძლო საშიშროებისთვის მაინც მზად უნდა ვიყოთ. სწორედ ამას ემსახურებოდა DART, ხოლო რაც შეეხება მის სამიზნე სისტემას, ეს გრავიტაციულად შეკავშირებული ობიექტებია: 780-მეტრიანი დიდიმოსი და 160-მეტრიანი დიმორფოსი.
ვინაიდან მეორე უფრო პატარაა, ბიძგით მისი გადაადგილება და მეორე ობიექტის ირგვლივ ორბიტის ცვლილება ბევრად მარტივი იქნებოდა, ამიტომ აპარატი მას შეაჯახეს. მანამდე დიმორფოსის ორბიტალური პერიოდი 11 საათი და 55 წუთი იყო, მისიის შედეგად კი დიდიმოსის გარშემო შემოვლას ახლა ის უკვე 11 საათსა და 23 წუთს ანდომებს ( ±2 წუთი).
პირველ რიგში, გასათვალისწინებელია, რომ დიმორფოსი და დიდიმოსი გრავიტაციული კავშირის გამო მასის საერთო ცენტრს იზიარებს, რომელსაც ბარიცენტრი ეწოდება. ასევე, შეჯახებამ სივრცეში მატერიის გაფანტვაც განაპირობა, რის გამოც სისტემის იმპულსი შეიცვალა. ვარაუდობდნენ, რომ ეს ობიექტების მოძრაობაზე მცირედით, მაგრამ მაინც აისახებოდა.
მისიის შემდეგ მათ წლების განმავლობაში აკვირდებოდნენ. მეცნიერებმა სწორედ ეს ინფორმაცია გააანალიზეს: მზესთან ასტეროიდების 22 ჩავლა, მათი მდებარეობის შესახებ 5955 სახმელეთო დაკვირვება, თავად აპარატ DART-ის სანავიგაციო მონაცემები და დისტანციის 9 სახმელეთო გაზომვა. ამ ყველაფრის შესწავლის შედეგად დაასკვნეს, რომ სისტემის ორბიტალური სიჩქარე დაახლოებით წამში 11.7 მიკრომეტრით შემცირდა (საათში 42 მილიმეტრით).
ერთი შეხედვით, ეს მცირე მაჩვენებელია, მაგრამ ათწლეულის განმავლობაში დაახლოებით 3.69-კილომეტრიან ცვლილებას უტოლდება. ამგვარი შედეგი გვარწმუნებს, რომ პოტენციური პლანეტარული საფრთხის თავიდან აცილება შეგვიძლია, თუკი მის შესახებ დროულად შევიტყობთ.
ასტეროიდთა ამ სისტემის შესასწავლად ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ მისია Hera-ც გაუშვა, რომელიც იქამდე დეკადის მიწურულს მიაღწევს და უფრო მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის. ის მათ მასებსა და სტრუქტურას დეტალურად დააკვირდება.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.
კომენტარები