"აკრძალული AI" ირანის წინააღმდეგ: აშშ-ის არმიამ, სავარაუდოდ, იერიშისას Claude გამოიყენა
იერიშამდე რამდენიმე საათით ადრე დონალდ ტრამპმა განკარგულება გასცა, რომ აშშ-ის მთავრობას Anthropic-თან და მის პროდუქტებთან ყველანაირი კავშირი გაეწყვიტა.
ფოტო: Canadian Press/Rex/Shutterstock
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის არმიამ ირანზე თავდასხმისას Claude გამოიყენა. ეს ხელოვნურ ინტელექტზე (AI) მომუშავე ინსტრუმენტია, რომელიც კომპანია Anthropic-მა შექმნა. იერიშამდე რამდენიმე საათით ადრე დონალდ ტრამპმა განკარგულება გასცა, რომ აშშ-ის მთავრობას Anthropic-თან და მის სერვისებთან ყველანაირი კავშირი გაეწყვიტა.
აშშ-მა და ისრაელმა ირანის დაბომბვა შაბათს დაიწყეს. პროცესში Claude-ის გამოყენებაზე გამოცემები The Wall Street Journal და Axios წერს. აშშ-ის არმიისთვის AI-ს გამოყენების შეწყვეტა რთულია, რადგან სამხედრო ოპერაციებში ტექნოლოგია საკმაოდ ჩახლართული მექანიზმით არის ინტეგრირებული.
WSJ-ს მიხედვით, აშშ-ის არმიის მეთაურობამ AI ინსტრუმენტები სადაზვერვო მიზნებით გამოიყენა; გარდა ამისა, მათი დახმარებით შეარჩია სამიზნეები და ჩაატარა ბრძოლის ველის სიმულაციები.
პარასკევს, ირანზე თავდასხმის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ტრამპმა განკარგულება გასცა, რომ ყველა ფედერალურ სააგენტოს Claude-ის გამოყენება დაუყოვნებლივ შეეწყვიტა. პლატფორმა Truth Social-ზე მან კომპანია Anthropic დაგმო. მას "რადიკალური მემარცხენე AI კომპანია" უწოდა, რომელსაც "მართავენ ადამიანები, რომელთაც რეალურ სამყაროზე წარმოდგენა არა აქვთ".
მწვავე დაპირისპირება იმას უკავშირდება, რომ აშშ-ის არმიამ იანვარში Claude გამოიყენა, რათა ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს, დასაჭერად რეიდი მოეწყო. Anthropic-მა ეს გააპროტესტა და თავიანთი სერვისების გამოყენების წესებს გაუსვა ხაზი; ამ უკანასკნელთა მიხედვით, Claude-ის გამოყენება არ შეიძლება ძალადობრივი მიზნებისთვის, იარაღების შესაქმნელად ან სადაზვერვოდ.
ამის შემდეგ ტრამპს, პენტაგონსა და კომპანია Anthropic-ს შორის ურთიერთობა თანდათანობით დაიძაბა. პარასკევს X-ზე პიტ ჰეგსეთმა, თავდაცვის მინისტრმა, კომპანია "ქედმაღლობასა და ღალატში" დაადანაშაულა; დაამატა, რომ "ამერიკის მებრძოლები არასოდეს იქნებიან Big Tech-ის იდეოლოგიური ახირებების მძევალნი".
ჰეგსეთმა სრული და შეუზღუდავი წვდომა მოითხოვა Anthropic-ის ყველა AI მოდელზე ყველა კანონიერი მიზნისთვის.
თავდაცვის მინისტრმა ასევე აღიარა, რომ სამხედრო სისტემებისთვის AI-ს სწრაფად ჩამოშორება რთული იქნება, იმდენად ფართოდ გამოიყენება ტექნოლოგია. განაცხადა, რომ Anthropic-მა სერვისების უზრუნველყოფა უნდა განაგრძოს "არაუმეტეს 6 თვის ვადით, რათა უკეთეს და მეტად პატრიოტულ სერვისზე შეუფერხებლად გადასვლა მოხერხდეს".
Anthropic-თან წარმოქმნილი განხეთქილების ფონზე საქმეში OpenAI, კონკურენტი კომპანია, ჩაერთო. სემ ალტმანმა, OpenAI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა, რომ პენტაგონთან შეთანხმებას მიაღწიეს. ეს უკანასკნელი თავის გასაიდუმლოებულ ქსელში კომპანიის სერვისებს გამოიყენებს, რომლებშიც ChatGPT-ც მოიაზრება.
კომენტარები