მეცნიერებმა ამოხსნეს, როგორ ეშვებიან კატები ოთხ თათზე
ფოტო: The Anatomical Record
კატები, როგორც წესი, დაცემისას თათებით ეშვებიან. მეცნიერებს დიდი ხანია აინტერესებთ, როგორ ახერხებენ ისინი ამას. იამაგუჩის უნივერსიტეტის (იაპონია) მკვლევრებმა სწორედ ამის დადგენა გადაწყვიტეს.
ჰაერში გასწორების რეფლექსი რთული მანევრია, რომელიც კატებს დაცემის დროს მძიმედ დაშავებისგან იცავს. ვარდნის დროს ხერხემალი იგრიხება. ერთი შეხედვით, ეს ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგება, რადგან ჰაერში მყოფი საგანი გარეგანი ჩარევის ან საყრდენის გარეშე, წესით, ვერ უნდა შემობრუნდეს.
ამ ყველაფრის გასაგებად მეცნიერებმა ჯერ ხუთი მკვდარი კატის ხერხემალი გამოიკვლიეს. მათ გულმკერდის ნაწილი (ზურგის ზედა და შუა ნაწილი) წელის ნაწილისგან განაცალკევეს. ამის შემდეგ ისინი მგრეხი ძალების ქვეშ გამოცადეს, რათა მოქნილობა, ძალა და ბრუნვისადმი წინააღმდეგობა გაეზომათ.
გარდა ამისა, გუნდმა მაღალი სიჩქარის კამერებით ორი ჯანმრთელი კატის ბალიშზე დაცემა აღბეჭდა. კატებს მხრებსა და ბარძაყის მიდამოებზე სპეციალური მარკერები დაამაგრეს, რათა სხეულის ნაწილების მოძრაობისთვის თვალყური მიედევნებინათ.
აღმოჩნდა, რომ კატების ხერხემალი თანაბრად მოქნილი არაა. სხვადასხვა ნაწილი სხვადასხვაგვარად მოძრაობს, რათა ცხოველმა უსაფრთხოდ დაშვება შეძლოს. ხერხემლის გულმკერდის ნაწილი ძალიან მოქნილია. მას ასევე ნეიტრალური ზონა აქვს, ანუ შუალედი, სადაც 50 გრადუსზე დაგრეხა უმარტივესად შეუძლია. მეორე მხრივ, ხერხემლის წელის ნაწილი უფრო მყარია და სტაბილიზატორის, ერთგვარი მყარი საყრდენის, როლს ასრულებს.
ჰაერში გასწორების დროს კატა თავსა და წინა თათებს ჯერ მიწისკენ აბრუნებს, რადგან ხერხემლის გულმკერდის ნაწილი მოქნილია, სხეულის წინა ნაწილი კი — უფრო მსუბუქი. ამის შემდეგ უკანა ნახევარსაც აბრუნებს.
კვლევის შედეგები იმას მოწმობს, რომ დაცემისას კატებში ტანის შემობრუნება რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს.
მკვლევრები ამბობენ, რომ ეს მიგნება შეიძლება ცხოველთა მოძრაობის მათემატიკური მოდელირების დახვეწისთვის, კატებში ხერხემლის პრობლემების უკეთ მკურნალობისა და უფრო მოქნილი რობოტების შესაქმნელად გამოიყენონ.
ნაშრომი გამოცემაში The Anatomical Record გამოქვეყნდა.
კომენტარები