ასტრონომებმა ოთხი ვარსკვლავისგან შემდგარი სისტემა აღმოაჩინეს, რომელშიც ერთ-ერთი ობიექტი დანარჩენი სამი მნათობის ჯგუფს უვლის გარშემო. ისინი ერთმანეთთან საკმაოდ ახლოსაა, მათ ირგვლივ მოძრავი ვარსკვლავი კი შედარებით შორსაა. ამგვარი კონფიგურაცია ძალზე იშვიათია, თანაც ეს სისტემა თავისი კომპაქტურობითაც გამოირჩევა.

მას TIC 120362137 ეწოდება, რომელსაც მეცნიერებმა კოსმოსურ ტელესკოპ TESS-ის მეშვეობით მიაკვლიეს. შიდა სამი ვარსკვლავი დაახლოებით იმხელა რეგიონშია მოქცეული, რომელიც მზის გარშემო მერკურის ორბიტას ემთხვევა. მათი შორეული კომპანიონის დისტანცია იუპიტერის ორბიტაზე ოდნავ მცირე არეალს მოიცავს.

უნდა აღინიშნოს, რომ მრავალწევრიანი სისტემები, როგორც წესი, არასტაბილურია. ამის მიუხედავად, TIC 120362137 ჯერჯერობით სტაბილურობას ინარჩუნებს, რაც ამ უჩვეულო გრავიტაციული ურთიერთქმედებების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. ასეთ განლაგებას 3+1 იერარქიას უწოდებენ და უკანასკნელი მაგალითი ერთადერთია, რომელშიც ოთხივე ვარსკვლავის სპექტრული სიგნალები განირჩევა.

ამ მნათობების ინდივიდუალურად გამოკვლევის შედეგად სპეციალისტებმა მათი ასაკი, მასა, რადიუსი, ტემპერატურა და ორბიტალური პერიოდი დაადგინეს. ყველაზე შიდა ორი ვარსკვლავი ერთმანეთის ირგვლივ მოძრაობას 3.28 დღეს ანდომებს, ერთ-ერთი მათგანი მზეზე 75%-ით მასიურია, ხოლო მეორე — 3%-ით; მესამე ობიექტის მასა მზისას 48%-ით აჭარბებს და ორბიტაზე ერთხელ შემოსავლელად 51.3 დღე სჭირდება; რაც შეეხება მეოთხე ვარსკვლავს, მისი ორბიტალური პერიოდი 1045.5 დღეა და იგი მასით მზეს ჰგავს.

კომპიუტერული სიმულაციებით გაარკვიეს, რა ელის ამ სისტემას მომავალში. აღმოჩნდა, რომ სამწევრიანი ჯგუფი წითელ გიგანტად გადაქცევის ფაზებისა და მასის დაკარგვის შემდეგ, სავარაუდოდ, ერთმანეთს შეერწყმება და თეთრ ჯუჯას წარმოქმნის. ამას დაახლოებით 300 მილიონი წელი დასჭირდება და ეს ობიექტი სხვა თეთრი ჯუჯის გარშემო 44-დღიანი ორბიტალური პერიოდით იმოძრავებს. მსგავსი რამ 9.39 მილიარდ წელშია მოსალოდნელი, ანუ იქამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი ბინარული თეთრი ჯუჯის ადრეული კონფიგურაციაც სწორედ ასეთი შეიძლება ყოფილიყო.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.