ომი "მანქანური სისწრაფით": როგორ გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტი ირანზე თავდასხმისას
აშშ-ის არმიამ გამოიყენა სისტემა, რომელშიც ინსტრუმენტი Claude-ია ჩაშენებული.
ფოტო: Getty/AFP/Atta Kenare
აშშ-ის არმიამ ირანზე თავდასხმისას, პირველი 24 საათის განმავლობაში, ათას სამიზნეს მიაყენა უეცარი დარტყმა. ამისათვის ყველაზე დახვეწილი ხელოვნური ინტელექტი (AI) გამოიყენეს, რაც კი ოდესმე ჩაურთავთ საომარ მოქმედებებში. AI სისტემას არმიის ფუნქციონირებაში უკვე დიდი წვლილი შეაქვს, ამიტომ პენტაგონს მასზე უარის თქმა შეიძლება გაუჭირდეს — იმის ფონზე, რომ მის შემქმნელ კომპანიასთან კავშირს წყვეტს.
არმიის მიერ გამოყენებულ ინსტრუმენტს Maven Smart System (მავენის ჭკვიანი სისტემა) ჰქვია. იგი Palantir-მა, მონაცემთა ანალიზის კომპანიამ, შექმნა. სისტემა სატელიტებიდან და სადაზვერვო საშუალებებიდან უამრავ გასაიდუმლოებულ მონაცემს იღებს, ამის საფუძველზე კი ანალიტიკურ მონაცემებს აგენერირებს. სისტემაში გარკვეული სამი ადამიანი The Washington Post-თან აცხადებს, რომ მას შეუძლია, რეალურ დროში შეარჩიოს სამიზნეები და მათი პრიორიტეტულობა განსაზღვროს.
სისტემაში Claude-ია ჩაშენებული — კომპანია Anthropic-ის ხელოვნური ინტელექტი. პენტაგონმა ეს ტექნოლოგია წინა კვირაში აკრძალა, რადგან ომში გამოყენების პირობებთან დაკავშირებით მხარეებს შორის მწვავე დაპირისპირება დაიწყო. ორი წყაროს ცნობით, გასული წლის განმავლობაში Maven-თან შეწყვილებული Claude საკმაოდ დახვეწილი ინსტრუმენტი გახდა; ამბობენ, რომ იგი ყოველდღიურად გამოიყენება უწყების სტრუქტურათა უმრავლესობაში.
ასევე იხილეთ: "აკრძალული AI" ირანის წინააღმდეგ: აშშ-ის არმიამ, სავარაუდოდ, იერიშისას Claude გამოიყენა
იერიშის დაგეგმვისას Claude-ზე მომუშავე Maven-მა არმიას ასობით სამიზნე შესთავაზა, მათი ზუსტი კოორდინატები გასცა და აღნიშნული სამიზნეები მნიშვნელოვნების მიხედვით დაალაგა. ამ ორის შეწყვილებით კამპანია დაჩქარდა და ირანსაც ნაკლები შანსი მიეცა საპასუხო დარტყმის განსახორციელებლად. ნაცვლად კვირობით დაგეგმვის შემდეგ მოქმედებისა, ოპერაციები რეალურ დროში ხორციელდება. ერთ-ერთი წყაროს თქმით, AI ხელსაწყოები დარტყმის შედეგებსაც აფასებს მისი განხორციელების შემდეგ.
სხვათა შორის, Claude-ს ტერორისტული გეგმების აღსაკვეთადაც იყენებდნენ; სწორედ ამ ინსტრუმენტის დახმარებით მოაწყვეს რეიდიც ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს, დასაკავებლად. მეორე მხრივ, The Washington Post-ის ორი წყაროს თანახმად, ეს პირველი შემთხვევაა, რომ ინსტრუმენტი ფართომასშტაბიანი საომარი ოპერაციების დროს გამოეყენებინოთ.
ირანის სამხედრო კამპანიაში აშშ-ის არმია Anthropic-ის ინტრუმენტს იყენებს, თუმცა დარიო ამოდეისა (კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი) და ტრამპის ადმინისტრაციას შორის ურთიერთობა დაიძაბა. კომპანიამ გააპროტესტა, რომ ტექნოლოგიას არმია გამოყენების პირობებთან შეუსაბამოდ იყენებდა, კერძოდ მასობრივი საშინაო დაზვერვისა და სრულად ავტონომიური იარაღების შესაქმნელად.
ირანზე იერიშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ტრამპმა განკარგულება გასცა, რომ სამთავრობო სააგენტოებმა Anthropic-ის ხელსაწყოები ხმარებიდან ამოიღონ; ამისათვის მათ 6 თვე მიეცათ. ორი წყაროს ცნობით, არმია Claude-ის გამოყენებას განაგრძობს, სანამ თანდათანობით მას ალტერნატიული ტექნოლოგიით ჩაანაცვლებენ.
The Washington Post-თან ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ სამხედრო მეთაურები AI სისტემაზე ძალიან არიან დამოკიდებულნი — იმდენად, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ტექნოლოგიის დროებით შესანარჩუნებლად სახელმწიფოებრივ ბერკეტებს გამოიყენებდა, ამოდეის რომ არმიისათვის შეჩერება ებრძანებინა.
"მართალია მისი მორალური პრინციპები თუ არა, არ დავუშვებთ, რომ [ამოდეის] გადაწყვეტილებებმა ერთი ამერიკელის სიცოცხლე მაინც შეიწიროს", — თქვა წყარომ The Washington Post-თან საუბრისას.
ირანის კამპანიაში გენერაციული AI-ს გამოყენება შეგვიძლია პარადიგმის ცვლილებად მივიჩნიოთ — AI-მ ჰიპოთეზურიდან რეალურ ცხოვრებაში, ნამდვილ საბრძოლო ოპერაციებში, გადმოინაცვლა და გადაწყვეტილებების მიღებას "მანქანური სისწრაფით" უზრუნველყოფს. იგი სამიზნეების შერჩევის პროცესს მნიშვნელოვნად აჩქარებს, თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მონაცემები ადამიანებმა მაინც უნდა გადაამოწმონ, როცა საქმე სიკვდილსა და სიცოცხლეს ეხება.
Maven-სა და Claude-ს ერთად 2024 წლის ბოლოდან იყენებენ. აშშ-ის არმიას სისტემა ეხმარება როგორც შესაძლო სამიზნეების ამორჩევის კუთხით, ასევე ლოგისტიკის სამართავად და სადაზვერვო მონაცემების შესაჯამებლადაც. გასული მაისის მონაცემებით, სისტემით 20 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე სარგებლობს.
ცნობილია, რომ ირანის კამპანიის ხელმძღვანელი მეთაურები Maven-ს მანამდეც იყენებდნენ — 2021 წელს ავღანეთიდან ჯარების გაყვანის ოპერაციის დროს და ისრაელის მხარდასაჭერადაც. სისტემა ინფორმაციას 179 სხვადასხვა წყაროდან იღებს. ეფექტიანობას რაც შეეხება, Maven-მა 20-კაციან გუნდს მისცა საშუალება შეესრულებინათ სამუშაო, რომელსაც ორიათასი თანამშრომელი სჭირდებოდა.
მართალია, ბოლო დროს Anthropic-თან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, თუმცა სამხედრო ძალების მოდერნიზაცია გრძელდება. ილონ მასკის xAI და OpenAI ცოტა ხნის წინ დათანხმდა გასაიდუმლოებულ სამთავრობო სისტემებზე მუშაობას.
თავდაცვის ინდუსტრიის ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, გენერაციული AI ამჟამად მხოლოდ ძიებისა და შეჯამების მიზნებისთვის გამოიყენება — ჯერჯერობით უცნობია, როგორაა იგი ინტეგრირებული იარაღებში ან კრიტიკული მნიშვნელობის სისტემებში. მეორე მხრივ, ცხადია, აქტიურ ოპერაციებში მისი გამოყენება შესამჩნევი ცვლილებაა თანამედროვე საომარი მოქმედებების კუთხით.
კომენტარები