ირანში "შავი წვიმა" წამოვიდა — როგორ დაფარა თეირანი ტოქსიკურმა ნალექმა
ფოტო: Sasan / Middle East Images / AFP via Getty Images
თეირანში, ირანის დედაქალაქში, ვითარება აპოკალიფსის სცენარს მოგაგონებთ. დამანგრეველ საჰაერო იერიშებს, მტვრის ქარიშხლებსა და ექვსწლიან გვალვას უკვე ისიც დაემატა, რომ ციდან ტოქსიკური ნალექი წამოვიდა.
შაბათ-კვირას ინტერნეტში აქტიურად ვრცელდებოდა ცნობები იმაზე, რომ თეირანში "შავი" მჟავა წვიმა მოვიდა. Time-ის თანახმად, მოვლენა იმის შედეგია, რომ ისრაელმა ახლომახლო ნავთობის საცავები დაბომბა. ამან ცეცხლის ალები წარმოქმნა, შავი კვამლი კი ცაში კილომეტრებზე გავრცელდა.
Time წერს, რომ ადგილობრივები სუნთქვის გაძნელებას, თავის ტკივილს, კანის დაზიანებასა და თვალების ან ყელის გაღიზიანებას უჩიოდნენ.
"თითქოს შავმა ურჩხულმა ჩაყლაპა თეირანის ცა", — გამოცემასთან საუბრისას თქვა ლეილამ, თეირანის მცხოვრებმა — "ყველა მანქანა და გზის საფარი თითქოს შავმა საღებავმა დაფარა".
ბლანტი მასა ცაში გაიფანტა, შედეგად კი მიმდებარე რეგიონში წვიმა წამოვიდა, რომელიც მუქი ქიმიური მინარევებით იყო გაჯერებული. ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ წვიმა, სავარაუდოდ, "უკიდურესად სახიფათო და მჟავური" იქნებოდა; შეიძლებოდა გამოეწვია "კანის ქიმიური დამწვრობა და ფილტვების სერიოზული დაზიანება".
ფრედ პლეიტგენმა, CNN-ის უფროსმა საერთაშორისო კორესპონდენტმა თეირანიდან, სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც იგი შავი ნალექის მოსვლის შედეგებს გვაჩვენებს.
"ხედავთ, რომ წვიმის წყალი მართლა შავია, ასევე გაჯერებულია, როგორც ჩანს, ნავთობით", — განმარტა პლეიტგენმა და ნალექის საჩვენებლად ძირს ფეხი მოუსვა — "აი, რა მოდის დღეს დილით, ნავთობით გაჯერებული ერთგვარი წვიმა".
AirQualityNews-ის მიხედვით, წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ განაცხადა ისიც, რომ ასეთი ნალექის pH შეიძლება 4.0-ამდეც დაეცეს, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია — თევზების უამრავი სახეობისათვის ლეტალურ მაჩვენებელზე კიდევ უფრო დაბალი. ასეთი მჟავიანობა ხანგრძლივ პერსპექტივაში მცენარეთა ბიომასასაც უქმნის საფრთხეს.
დამაბინძურებელი ნივთიერებების რაობას თუ გავითვალისწინებთ, წყაროს მიხედვით, მჟავა წვიმაში ტოქსინებიც მრავლად იქნება, თუნდაც: ნახშირწყალბადები, კანცეროგენური პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები, გოგირდის დიოქსიდი და აზოტის ოქსიდები.
ნალექი მას შემდეგ წამოვიდა, რაც ისრაელმა სარაკეტო თავდასხმებით ოთხი ნავთობსაცავი და ბენზინის ლოგისტიკური ცენტრი გაანადგურა. საჰაერო იერიშებმა მასშტაბური ხანძარი გამოიწვია; კვამლის უზარმაზარი სვეტები ცაში მრავალ კილომეტრზე გავრცელდა. თავდასხმას მოჰყვა მსხვერპლიც.
ერთმა ირანელმა ჟურნალისტმა სიტუაციას "აპოკალიფსურიც" უწოდა.
"უკვე ნიღბების შოვნაც კი რთულია", — ანონიმურად უთხრა ჟურნალისტმა The Guardian-ს — "მოვუწოდებ ყველას, ვისაც კი შეუძლია, განსაკუთრებით უცხოურ მედიას, ამ სიტუაციაზე დაფიქრდნენ. როგორ უნდა მოიქცეს ხალხი ამ პირობებში? ნამდვილი დანაშაულია კაცობრიობის წინაშე".
კომენტარები