ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტებმა ქვეყნები ყველაზე მნიშვნელოვანი საბრძოლო ტექნოლოგიის, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების, დაცვის აუცილებლობაში დაარწმუნა. აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ამჟამინდელი სამხედრო ოპერაციები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ამგვარი იარაღის გამოსაყენებლად, პირველ რიგში, მათი უსაფრთხოდ შენარჩუნებაა საჭირო.

სარაკეტო სისტემებს სხვადასხვა მეთოდით იცავენ, რის მაგალითადაც ირანის არსენალს განვიხილავთ. ეს სტრატეგიები ქვეყანას საშუალებას აძლევს, რომ რაკეტები დამალოს და მათი განადგურების რისკი აიცილოს თავიდან.

1. მიწისქვეშა სარაკეტო ბაზები

ფოტო: Getty Images

ირანი ბალისტიკური რაკეტების უსაფრთხოდ შესანახად ლანდშაფტურ შესაძლებლობებს იყენებს და იარაღს მთების შიგნით მალავს, ასობით მეტრი ქვიანი მასის სიღრმეში. ეს მათ სპეციალურად ბუნკერების ასაფეთქებლად განკუთვნილი იარაღისგანაც კი იცავს.

ამ მიწისქვეშა ბაზებს "რაკეტების ქალაქებსაც" უწოდებენ. ისინი გვირაბების ქსელისგან შედგება, რომელიც სათანადოდაა გამაგრებული. იქ რამდენიმე სივრცეა გამოყოფილი, რომლებიც ერთმანეთთანაა დაკავშირებული; ცალკეა ქობინების, საწვავისა და სამართავი სისტემების საწყობები.

აღნიშნული ბაზები ისეა მოწყობილი, რომ რომელიმე შესასვლელზე დარტყმის შემთხვევაშიც კი გვირაბების ქსელი გადარჩეს. ასევე, "რაკეტების ქალაქები" ისე ღრმადაა განლაგებული, რომ სატელიტებით კონტროლირებადი აფეთქებების გამო მთლიანი კომპლექსის განადგურება ან ჩამოშლა აიცილონ თავიდან.

2. გამძლე შესასვლელები

ირანის ამ მიწისქვეშა სარაკეტო ბაზების შესასვლელები ცალკე აღსანიშნია. ასეთ გვირაბებს, რა თქმა უნდა, სათანადო დაცვაც უნდა, ამიტომ მათში მარტივად შეღწევა არ უნდა იყოს შესაძლებელი. შესაბამისად, შესასვლელები ხშირად ქვაში ძალიან ღრმადაა გაჭრილი და ბუნებრივ ლანდშაფტშია დამალული. ისინი ფოლადით დაფარული ბეტონის ერთგვარი გარსებითაა გამაგრებული და გარეთა მხრიდან განსაკუთრებით სქელია.

თავად გვირაბებში ხშირად კონსტრუქცია ჩიხურ შახტებსაც მოიცავს, რომლებიც აფეთქების ტალღას აკავებს. ისინი შესასვლელების ღერძის გასწვრივაა განლაგებული, დარტყმისას კი ტალღა სწორედ იქ მოძრაობს და მთავარ სტრუქტურაში ვერ აღწევს. გვირაბებში დამატებით ჩაშენებულია აფეთქების მიმართ გამძლე კარები და სექციური შიდა სივრცეები, რომლებიც წნევის შემცირებას უწყობს ხელს.

3. კამუფლაჟი, მოჩვენებითი სამიზნეები და მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანა

ბალისტიკური რაკეტების დასაცავად ირანი სხვა მეთოდებსაც იყენებს. მაგალითად, სტრატეგია სათვალთვალო სისტემების (ხელოვნური თანამგზავრები, სადაზვერვო აპარატები) მოტყუებასაც მოიცავს. საამისოდ ინფრაწითელი კამუფლაჟის ტექნოლოგია, მოჩვენებითი სამიზნეები და ყალბი გამშვები მოწყობილობები გამოიყენება, რათა მტერმა არასწორი ობიექტები ამოიღოს მიზანში და რესურსიც ტყუილად დახარჯოს.

ასეთი ტაქტიკა რეალური სამიზნეების დაფიქსირებასა და იდენტიფიცირებას ართულებს, რის გამოც მათზე შეტევაც ძნელდება. "სატყუარები" სატელიტების მიერაცაა გადაღებული, მათ შორის რაკეტების გამშვებები, გასაბერი რეპლიკები და ხისგან დამზადებული მოდელები, რომლებიც ღია სივრცეებშია განთავსებული და ყურადღებას იქცევს/დასაზვერ სისტემებს აბნევს. ასევე, ზოგიერთი სასაწყობო შენობა ისეა მოხატული, რომ საზოგადოებრივი დანიშნულების სტრუქტურას დაემსგავსოს, ზოგი კი თერმულად შემნიღბავი ბადეებითა და მიწის ბარიერებითაა დაფარული. ასე მათ რადარებს უმალავენ.

4. განაწილების ტაქტიკა

ფოტო: Wikimedia Commons

ირანი დიდწილადაა დამოკიდებული მოძრავ სარაკეტო სისტემებზე, რომელთაც სატრანსპორტო ამწევ-გამშვები დანადგარები (TEL) ეწოდება. ისინი ერთ ადგილზე ფიქსირებული ჩვეულებრივი გამშვები პლატფორმებისგან განსხვავებულია, რადგან მათი გადაადგილება შესაძლებელია.

ამგვარი მოქნილობის გამო სატრანსპორტო ამწევ-გამშვები მოწყობილობების ტვირთის ერთი ადგილიდან მეორეში გადატანაა შესაძლებელი. შესაბამისად, ისინი სხვადასხვა არეალში ინახება, რაც მთლიანი ბალისტიკური არსენალის განადგურებას ართულებს.

მათ შესანახად ხშირად ასობით მიწისქვეშა "გარაჟი" და სპეციალური საწყობი გამოიყენება. TEL მოსახერხებელია უდაბნოს გზებზე, ავტომაგისტრალებსა და იზოლირებულ ხეობებში ტრანსპორტირებისთვისაც, სანამ იქიდან რაკეტას სამიზნემდე გაუშვებენ. ამ ყველაფრის გამო სადაზვერვო აპარატებისგან მათი დამალვა იოლია.

5. ფიზიკური სიმტკიცე

ირანი მნიშვნელოვანი სტრუქტურების ზემოდან ბეტონისა და მიწის საფარველს ამატებს, შემდეგ კი მათ ღრმად "მარხავს". ასე ისინი ბუნებრივ ლანდშაფტს ერწყმის და როცა ამ ადგილებს ოპტიკური ან სინთეზური აპერტურის სატელიტებით აკვირდებიან, მათ ვერ ხედავენ.

თეირანთან ახლომდებარე და სხვა რეგიონებში არსებულ სარაკეტო ზონებში ზოგი შენობა მთლიანად ბეტონისა და მიწის სახურავქვეშაა მოქცეული, რაც მათ საჰაერო თავდასხმისგან და მაღალი სიზუსტით მართული ბომბებისგან იცავს. ადრინდელი შეტევების შემდეგ ირანმა დაზიანებული არეალები აღადგინა: გვირაბებში შესასვლელები ამოავსო, დამცავი კედლები ხელახლა ააშენა და სამუშაოების გასაგრძელებლად (ასევე, ხილული ზიანის დასაფარად) დროებითი სახურავები დაამონტაჟა.

ეს მეთოდები გვარწმუნებს, რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე შეიარაღებაში უსაფრთხო და ეფექტიანი ინჟინრული გადაწყვეტილებები, მოქნილობა და შენიღბვა. ფაქტობრივად, ამჟამინდელ კონფლიქტებში მსგავსი სისტემების შენარჩუნება და დაცვა სტრატეგიულად ისეთივე აუცილებელია, როგორც თავად იარაღის გამოყენება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.