არიან ადამიანები, რომლებთან ურთიერთობაც ჩვენს განწყობაზე დადებითად ზემოქმედებს, მაგრამ ცხოვრებაში ხშირად სხვაგვარ ინდივიდებსაც გადავაწყდებით ხოლმე. მათთან კონტაქტი თითქოს მენტალურად "გვამძიმებს" და ჯანმრთელობაზეც უარყოფითი გავლენა აქვს. ახალი კვლევის მიხედვით, შეიძლება სულაც არ გეჩვენებოდეთ — არაა გამორიცხული, ეს უფრო სწრაფად გვაბერებდეს კიდეც.

მეცნიერებმა "რთულ" ადამიანებთან (იქნება ეს მეგობარი, ოჯახის წევრი თუ სხვა) ურთიერთობა განსაზღვრეს, როგორც კონფლიქტური, დამძაბველი და ზედმეტ ტვირთთან ასოცირებული, რომელიც ცხოვრებას გვირთულებს. მათ ივარაუდეს, რომ ახლო წრეში ასეთი გამოცდილება ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ცუდად აისახება. ისიც უნდა ითქვას, რომ დიდი ხნის განმავლობაში მსგავსი კავშირები სოციალური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად მიიჩნეოდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასე არაა: თავად ვწყვეტთ, ვისთან გვქონდეს ურთიერთობა და ვისთან — არა.

კვლევის თანახმად, ასეთი ადამიანებისგან დისტანცირება შეიძლება არამხოლოდ მენტალური, არამედ ფიზიკური ჯანმრთელობისთვისაც კარგი იყოს. სპეციალისტებმა 18-103 წლის ასაკობრივი კატეგორიის 2000-ზე მეტ ინდივიდს "რთულ" ნაცნობებთან დაკავშირებული გამოცდილებების შესახებ გამოჰკითხეს. მონაწილეთა დაახლოებით 29%-მა განაცხადა, რომ სულ მცირე ერთ ასეთ პირთან მაინც ჰქონდა კონტაქტი, ხოლო 10%-ს — ორთან ან მეტთან (მათი სოციალური წრე საშუალოდ 5 ადამიანს მოიცავდა, მაქსიმუმ კი 25-ს შეადგენდა).

ბიოლოგიურ და ქრონოლოგიურ ასაკში სხვაობის განსასაზღვრად ავტორებმა ორი ინდიკატორი გამოიყენეს: GrimAge2 და DunedinPACE. უკანასკნელი მათგანი დაბერების ტემპის დასადგენად დნმ-ის მეთილირებას ეყრდნობა (დნმ-თან მომცრო მოლეკულების მიერთდება). ეს ეპიგენეტიკური ცვლილებაა, ანუ უჯრედის მიერ დნმ-ის "წაკითხვაზე" ისე ზემოქმედებს, რომ ფუნდამენტურ გენეტიკურ მიმდევრობებს არ ცვლის.

უფრო გასაგებად რომ ავხსნათ, მეცნიერებს სურდათ გაეგოთ, რამდენად შეესაბამებოდა მონაწილეთა ბიოლოგიური ასაკი მათ ქრონოლოგიურ ასაკს. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო მეტ "რთულ" ადამიანთან ჰქონდათ ურთიერთობა, მათი ბიოლოგიური დაბერება უფრო მეტად იყო აჩქარებული. PACE კრიტერიუმით, სოციალურ წრეში ყოველი მსგავსი პიროვნების ყოლა დაბერების პროცესის 1.5%-იან დაჩქარებასთან დააკავშირეს, ანუ 10 წელში "ზედმეტ" 1.8-თვიან დაბერებასთან.

მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი ამგვარი კავშირის მქონე ადამიანებმა მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის უარესი მდგომარეობა აღწერეს, ვიდრე სხვებმა. ამის მიუხედავად, კვლევით პირდაპირი მიზეზ-შედეგობრიობა არ დასტურდება, მხოლოდ ასოციაცია. შეიძლება ეს სტრესს უკავშირდებოდეს, რადგან მისი უარყოფითი გავლენის შესახებ კარგადაა ცნობილი.

ნაშრომი გამოცემაში PNAS გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.