ენოტები თავსატეხებს უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გამოც ხსნიან — კვლევა
ფოტო: Hannah Griebling
ცნობილი ფაქტია, რომ ენოტებს ონავრობა ახასიათებთ. ახალი ნაშრომის ავტორებმა კიდევ ერთი "სფერო" აღმოაჩინეს, რომლითაც ენოტები ერთობიან. ეს თავსატეხების ამოხსნაა. კვლევას ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის (კანადა) მეცნიერები უძღვებოდნენ.
ასევე იხილეთ: ენოტი სასმელების მაღაზიაში შეიჭრა, გატყვრა, იქაურობა დალეწა და ტუალეტში მიიძინა (ვიდეო)
მკვლევრებმა სპეციალური ყუთი დაამზადეს, რომელსაც ცხრა გასაღები ჰქონდა. თითოეული მათგანი ენოტისთვის ერთგვარ თავსატეხს წარმოადგენდა, მაგალითად, ურდულს ან სახელურს. ყუთის ცენტრში ჯილდოს სახით ზეფირი მოათავსეს.
ენოტებს ყუთის გასახსნელად 20 წუთი მისცეს, გასაღებები კი სამ კატეგორიად დაახარისხეს: მარტივი, საშუალო და რთული. აღმოჩნდა, რომ ენოტებს თავსატეხის ამოხსნა ზეფირის გამო სულაც არ უცდიათ.
"არ ველოდით, რომ ისინი სამივე გასაღებს ერთი ცდით გახსნიდნენ", — აღნიშნა კვლევის თანაავტორმა, ჰანა გრიბლინგმა — "მათ ამოცანის ამოხსნა მაშინაც გააგრძელეს, როცა ზეფირი საერთოდ აღარ იყო დარჩენილი".
მიიჩნევა, რომ ჯილდოს არარსებობის შემთხვევაში დავალების შესრულება ცნობისმოყვარეობის ნიშანია.
მარტივი გასაღებებისთვის ენოტებმა უფრო ფართო პრინციპი აირჩიეს, მაგალითად, მიდგომების სხვადასხვა ტიპი და თანმიმდევრობა მოსინჯეს. ამოცანის გართულების შემდეგ ისინი კვლავ ნაცად ხერხებს მიუბრუნდნენ, თუმცა მარცხის შემთხვევაში მაინც შეძლეს, ალტერნატიული გამოსავალი ეპოვათ. მოკლედ რომ ვთქვათ, ენოტებმა ცნობისმოყვარეობა და მარცხის რისკი საკმაოდ კარგად დააბალანსეს.
როგორც გრიბლინგი განმარტავს, ეს მიდგომა ადამიანებისას ძალიან ჰგავს, მაგალითად, როცა რესტორანში რამეს ვუკვეთავთ. თუ რისკი მაღალია, ანუ კერძის ფასი მაღალია, თუმცა არასდროს გაგვისინჯავს და შეიძლება არ მოგვეწონოს, უფრო უსაფრთხო ვარიანტს ვირჩევთ.
ამ კვლევით დადგინდა, რომ ენოტების სიცელქესა და მოხერხებულობას კიდევ ერთი კომპონენტი განაპირობებს: ცნობისმოყვარეობა. ეს ყველაფერი განსაკუთრებით საინტერესოა იმის ფონზე, რომ ენოტების ინტელექტის შესახებ ბევრი კულტურა მოგვითხრობს, თუმცა ამ თემაზე ბევრი სამეცნიერო კვლევა არაა ჩატარებული.
ნაშრომი გამოცემაში Science Direct გამოქვეყნდა.
კომენტარები