ინტერნეტში ირანის ომზე ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიდეოები ვირუსულად ვრცელდება. ასეთი ვიდეოებიდან ბევრს მილიონობით ნახვა აქვს. მსგავსი ვიდეოების ნაწილი ვიდეო თამაშებიდან არის ამოღებული, ზოგი კი სრულად ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული.

ამ სტატიაში რამდენიმე ისეთ მასალას განვიხილავთ, რომლებიც გამოიყენება კონფლიქტის შესახებ ცრუ და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გასავრცელებლად.

თელ-ავივზე "შეტევა"

ფოტო: @a_abdulruhman

ეს ვიდეო ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა და მისი ნახვა თითქმის ყველა სოციალურ ქსელშია შესაძლებელი. ვიდეოს შემდეგი ტექსტი ახლავს: "თელ-ავივი ირანული ბალისტიკური რაკეტებით იბომბება."

თუ კარგად დააკვირდებით, შენიშნავთ, რომ ვიდეო ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული. შენობების სახურავები მეორდება, ვიდეოში კვამლი ნარინჯისფერი არაბუნებრივი ელფერისაა და ფონად სირენების ხმაც კი არ ისმის.

და რაც მთავარია, თელ-ავივი ასე მასშტაბურად არ დაბომბილა.

"დაზიანებული" ამერიკული ბაზა კატარში

ფოტო: BBC

ფოტო, რომელიც კატარში აშშ-ის საზღვაო ბაზის დაზიანებას კოსმოსიდან "ასახავს", ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი. მასალა სხვა ადგილიდან გადაღებულ ძველ თანამგზავრულ სურათს ეფუძნება.

სურათი, რომელიც ირანის სახელმწიფოსთან დაკავშირებულმა Tehran Times-მა X-ზე გამოაქვეყნა და ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა, "ამტკიცებს", რომ მასზე კატარში აშშ-ის განადგურებული რადარის აღჭურვილობაა გამოსახული.

ყალბი მასალა დაფუძნებულია ბაჰრეინში აშშ-ის ბაზის რეალურ თანამგზავრულ სურათებზე, რომლებიც 2025 წლის თებერვალს არის გადაღებული და საჯაროდ ხელმისაწვდომია Google Maps-სა და Google Earth-ზე.

BBC-ის მიხედვით, Google-ის SynthI-ის დეტექტორმა დაადასტურა, რომ სურათი გენერირებულია ან რედაქტირებულია Google AI-ის გამოყენებით.

მეტიც, ორივე ფოტოში ვხედავთ სამ ავტომობილს, რომლებიც ზუსტად ერთსა და იმავე ადგილებშია გაჩერებული. ეს მიუხედავად იმისა, რომ ფოტოები ერთი წლის ინტერვალით უნდა იყოს გადაღებული.

"განადგურებული" ბურჯ-ხალიფა

კიდევ ერთი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა დუბაის ცათამბჯენის ბურჯ-ხალიფას მასშტაბურად დაბომბვის შესახებ. ეს ვიდეო ათობით მილიონმა ადამიანმა ნახა და მასზე "ჩანდა" თუ როგორ იწვის ცათამბჯენი, ამ ყველაფრის ფონზე კი ხალხი მისკენ გარბის

ირანმა დუბაიზე შეტევა მართლაც მიიტანა, მაგრამ ასეთი მასშტაბის აფეთქება არ მომხდარა.

ფაქტების გადამოწმების პლატფორმამ (Thai PBS Verify) ვიდეო შეისწავლა და დაადასტურა რომ ის ხელოვნური ინტელექტით იყო გენერირებული.

ფოტო: thaipbs

მეტიც, Thai PBS Verify-მ შესამჩნევი განსხვავებები აღმოაჩინა სტრუქტურის ქვედა ნაწილში.

აბსურდი

გარდა ამისა, ვრცელდება იმდენად აბსურდული ვიდეოები რომ მათ დიდი გაანალიზებაც არ სჭირდება. მაგალითად, ერთ ვიდეოში, რომელსაც ასევე უამრავი გაზიარება აქვს, ჩანს თუ როგორ "უშვებენ" ირანელი სამხედროები რაკეტებს — და ეს მაშინ, როდესაც გამშვებ პუნქტთან თავად დგანან.

ზემოთ მოცემულ ვიდეოს ფეისბუქზე ხუთ მილიონამდე ნახვა აქვს. ასევე აბსურდულად გამოიყურება ეს ვიდეო, სადაც რაკეტები ფეიერვერკებს უფრო ჰგავს, ხოლო ადამიანების მოძრაობა ზედმეტად არადამაჯერებელია. როგორც ჩანს, ეს ხელს არ უშლის ვიდეოს გავრცელებას, რადგან მას მხოლოდ ფეისბუქზე 18 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

ვიდეო თამაშები

ფოტო: GFCN

მხოლოდ ეს არ არის, ვრცელდება ვიდეო თამაშების კადრები, რომლებიც თითქოსდა ირანის კონფლიქტს ასახავს. ამ მხრივ ვიდეოები კიდევ უფრო მრავალფეროვანია.

დამატებითი სიცხადის შესაქმნელად, GFCN-ის სამხედრო ექსპერტებმა გააანალიზეს მსგავსი ვიდეოები, რათა გამოევლინათ კადრებში არსებული ტექნიკური უზუსტობები.

ერთ-ერთი ვირუსული ვიდეოს მიხედვით, გამანადგურებელი თვითმფრინავი კინემატოგრაფიული მანევრით რაკეტებს გაურბის. GFCN-ის ექსპერტების თანახმად, ეს რეალური კადრები არ არის. კადრები Arma 3-ისა და Digital Combat Simulator (DCS) World-ის ვიდეო თამაშებს მოგაგონებთ.

და მაინც, დღეს დაკვირვებული თვალისთვის ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეოების დიდი ნაწილის ამოცნობა ჯერ კიდევ შესაძლებელია, მაგრამ ალბათ, მალე ამასაც ვეღარ შევძლოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.