არსებობს ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც სიცოცხლის ადრეული ფორმები სხვა პლანეტებზე აღმოცენდა. ამ მოსაზრებას პანსპერმია ეწოდება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ მარსი ოდესღაც ოკეანეებით, ტბებითა და მდინარეებით იყო დაფარული. პანსპერმიის მომხრეების აზრით სიცოცხლე სწორედ წითელ პლანეტაზე უნდა წარმოშობილიყო.

ლითოპანსპერმიის მიხედვით კი სხვა პლანეტებზე ასტეროიდების შეჯახებამ ზედაპირზე არსებული მასალა ორბიტაზე დააბრუნა, ამ მტვერში მოქცეული მიკროორგანიზმები კი საბოლოოდ დედამიწაზე აღმოჩნდა.

ეს ძალიან საინტერესო იდეაა, თუმცა მისი დამტკიცება რთულია. სწორედ ამ საქმეს შეეჭიდნენ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევრები: მათ ექსპერიმენტული მონაცემები შეაგროვეს იმაზე, თუ რამდენად გაუძლებდა ბაქტერია პლანეტებს შორის მოგზაურობას.

გუნდმა დაადგინა, რომ მიკროორგანიზმს, სახელად Deinococcus radiodurans, ნამდვილად შეუძლია "კონტროლირებულ ექსტრემალურ წნევებს" გაუძლოს. ამ წნევებში ასტეროიდის შეჯახების სიმულაცია იგულისხმება. ატმოსფერულ წნევაზე 24 000-ჯერ უფრო დიდ წნევას მიკროორგანიზმების 60% გადაურჩა, 30 000-ჯერ დიდს კი — 10%.

ზოგადად, D. radiodurans თვითრეგენერაციის, ექსტრემალური გაუწყლოებისა და რადიაციის პირობებში გადარჩენის უნარებითაა ცნობილი, თუმცა ზემოაღნიშნულმა რიცხვებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

"არ ვიცოდით, რისი მოლოდინი უნდა გვქონოდა", — განმარტა კვლევის თანაავტორმა, ლილი ჭაომ New York Times-თან ინტერვიუში — "გულწრფელად რომ ვთქვა, გადარჩენის 1%-იანი მაჩვენებელიც კი ჩვენში აღფრთოვანებას გამოიწვევდა".

გუნდმა ზუსტად ვერ დაადგინა, წნევის რა მაჩვენებელზე მოკვდებოდა ყველა მიკროორგანიზმი. ამის მიზეზი ექსპერიმენტის აპარატთან დაკავშირებული შეზღუდვები იყო. როგორც ჭაო იხსენებს, უჯრედებზე ადრე მეტალები იშლებოდა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, დღემდე უცნობია, იყვნენ თუ არა ოდესმე მარსზე მიკროორგანიზმები. ისიც კი არ ვიცით, დღეს არსებობენ თუ არა. მეცნიერებს სურთ, მსგავს პირობებში სხვა მიკროორგანიზმებიც მოახვედრონ, მათ შორის, სოკოები.

კვლევა მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ მიკრობებს პლანეტებს შორის მოგზაურობის მხოლოდ ერთ ნაწილს შეუძლიათ გადაურჩნენ, თუმცა სხვა ფაქტორების შესახებ (კოსმოსური რადიაცია და ხანგრძლივი მოგზაურობა) მსგავსი დასკვნების გამოტანა ნაადრევია.

კვლევა გამოცემაში The Proceedings of the National Academy of Sciences NEXUS გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.