რა ხდება აჭარის ტელევიზიაში — მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა მოხდა?

აჭარის ტელევიზიაში გაურკვევლობა და ხმაური აპრილში დაიწყო, როდესაც მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე დირექტორ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი მოითხოვა. გაურკვევლობას უფრო ამძაფრდება ის ფაქტი, რომ ერთ აზრზე ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების კვოტით არჩეულები იყვნენ. ირაკლი დარცმელიძე და გიგა ჩხარტიშვილი დირექტორს პრიორიტეტების შეუსრულებლობას ედავებოდნენ.

ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო მაშინ 5 წევრისგან შედგებოდა და იმპიჩენტისთვის უმრავლესობა, ანუ 3 ხმა იყო საჭირო. ვინაიდან კაპანაძეს 2 მოწინააღმდეგე უკვე ჰყავდა, გადამწყვეტი 1 ხმა იყო.

საბჭოს კიდევ ერთი წევრი, ბეჟან გობაძე იმპიჩმენტის იდეას აბსურდად მიიჩნევდა, ამიტომ არ არსებობდა მოლოდინი იმისა, რომ კენჭისყრაზე ხმას კაპანაძის წინააღმდეგ მისცემდა. საზოგადოებდა ვარაუდობდა, რომ გადამწყვეტი საბჭოს თავმჯდომარის, ნატა იმედაიშვილის ხმა იქნებოდა. აღმოჩნდა, რომ კაპანაძის მმართველობა არც მას მოსწონდა.

დირექტორის იმპიჩმენტის სურვილში ტელევიზიაზე სახელისუფლებო გავლენის მოპოვების მცდელობა დაინახა ყველამ: კაპანაძემ, თანამშრომლების ნაწილმა, არასამთვრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმაც. ამის მიზეზი კი ის გზა იყო, რომელიც ტელევიზიამ კაპანაძესთან ერთად გაიარა.

რა როლი ჰქონდა კაპანაძეს ტელევიზიაში?

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად 2016 წლის 24 ოქტომბერს სამწლიანი ვადით აირჩიეს. უფლებამოსილების შესრულებას ის ამავე წლის 21 დეკემბრიდან შეუდგა.

მისი დირექტორობის პერიოდში ეთერში რამდენიმე სხვადასხვა გადაცემა გავიდა. მათ შორის, რადიო თავისუფლების პროექტები, რომელთა გაშვებაზეც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა უარი თქვა.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

მისი დირექტორობის დროს აჭარის ტელევიზიას აფასებდნენ, როგორც ყველაზე ნეიტრალურ ტელევიზიას, რომელიც არც ერთი მხარის მიმართ არ არის მიკერძოებული. ამას ადასტურებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ანგარიში, სადაც წერია, რომ არჩევნების პერიოდში აჭარის ტელევიზია იყო "ერთადერთი ტელესადგური, რომელმაც მაყურებელს არჩევნებში მონაწილეთა ზოგადი შედარება შესთავაზა".

2018 წელს კაპანაძემ, დირექტორის რანგში, ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიიღო.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ამბობდენ, რომ მნიშვნელოვანი განსხვავებაა იმაში, როგორი იყო აჭარის ტელევიზია ნათია კაპანიძის დირექტორობამდე და როგორია დღეს. ტელევიზიაში აზრი ორად გაიყო, თანამშრომლების ნაწილი ამ აზრს იზიარებდა, ნაწილი — პირიქით.

თავად კაპანაძე ამბობდა, რომ პრიორიტეტები, რომელთა შეუსრულებლობასაც ედავებოდნენ, მისი დირექტორობისას სრულდებოდა მაუწყებლის შესაძლებლობების ფარგლებში.

როგორ განვითარდა მოვლენები?

სარედაქციო დამოუკიდებლობაზე გაჩენილი კითხვებისა და ტელევიზიის წარმატების მიუხედავად, ოთხი ხმით ერთის წინააღმდეგ საბჭომ კაპანაძე გადააყენა. სხდომა ხმაურიანი იყო და ბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა.

სხდომის პარალელურად ხმაური იყო ტელევიზიის ეზოშიც. ოპერატორები სამუშაო პირობებსა და ხელფასს აპროტესტებდნენ და დირექტორს აკრიტიკებდნენ. კაპანაძის გადაყენების შემდეგ მათ თქვენს, რომ გაფიცვა შეწყდა ერთ კვირაში კი ეს ინფორმაცია უარყვეს.

ფოტო: სალომე ცეცხლაძე

კაპანაძემ გადაყენება სასამართლოში გაასაჩივრა. პარალელურად ტელევიზიაში ახალი დირექტორის კონკურსი გამოცხადდა, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა კაპანაძის მოთხოვნა და კონკურსი არ შეაჩერა. ახალი დირექტორის არჩევამდე მოვალეობის შესრულება მის მოადგილეს, ნათია ზოიძეს დაევალა, რომელიც ასევე ადანაშაულებდა საბჭოს პოლიტიკურად მართულობაში.

რა ხდებოდა ტელევიზიაში კაპანაძის გადაყენების შემდეგ?

იმპიჩენტის შემდეგ აჭარის ტელევიზიამ დირექტორის არჩევა 8 თვის განმავლობაში ვერ შეძლო. სოციალურ ქსელში ხუმრობენ კიდეც, რომ კაპანაძემ ტელევიზია დაწყევლა, რადგან დირექტორის არჩევის 3 მცდელობა ჩაფლავდა, მეოთხე კი სასამართლომ შეაჩერა.

შეუსრულებელი მისია #1

დირექტორობის სურვილი პირველ კონკურსზე ცხრა ადამიანმა გამოთქვა. მათ შორის ერთ-ერთი თორნიკე მჟავანაძე წარსულში ქართული ოცნების აქტივისტი იყო და არსებობდა ვარაუდი, რომ დირექტორად სწორედ მას აირჩევდნენ.

მის გარდა, იყვნენ კანდიდატები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მაუწყებლის სათავეში "ტელევიზიის ჰაერით ნასუნთქი" ადამიანი უნდა მოსულიყო, ზოგი ფიქრობდა, რომ არხის გადაცემების ხარისხი და რეიტინგი "პლინტუსზე დაბლაა" და გამოსწორება მხოლოდ მათ ძალუძთ, ზოგი კი გადაცემებს მხოლოდ იმიტომ არ აკრიტიკებდა, რომ მძიმე მარხვის ბოლო 10 დღეს მიმტევებლი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ გასაუბრებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა და ამ მრავალფეროვანი აზრების ფონზე ბევრი კრიტიკული კითხვა დაისვა, საბჭომ არჩევანი ვერ გააკეთა. პირველ და მეორე კენჭისყრაზე ხმები ერთნაირად გადანაწილდა, ხმათა უმრავლესობა ვერავინ აიღო და კონკურსი ჩაიშალა.

ხმები ასე გადანაწილდა:

  • მერაბ წულუკიძე — 2;

  • შოთა გურაბანიძე — 1;

  • ირმა ზოიძე — 1;

  • ნათია ზოიძე — 1.

კონკურსის ჩაშლა სამეურვეო საბჭომ თავის შესაქებად გამოიყენა. ნატა იმედაიშვილმა განაცხადა, რომ დაიმსხვრა მითები საბჭოს მართულობის შესახებ, რადგან ყველა ელოდა, რომ პირველივე კენჭისყრაზე მჟავანაძეს აირჩევდნენ.

შეუსრულებელი მისია #2

მეორედ გამოცხადებულ კონკურსში 12 კანდიდატი მონაწილეობდა. მათგან 7 დირექტორობის მსურველთა პირველ სიაშიც იყო.

კენჭისყრა, ამჯერადაც, ორჯერ ჩატარდა და ხმებიც ორივე კენჭისყრაზე თითქმის იდენტურად გადანაწილდა, მცირედი სხვაობით.

პირველ ჯერზე მერაბ წულაძემ 2 ხმა მიიღო, თინათინ ცისკარიძემ — 2 და შოთა გურაბანიძემ — 1. განმეორებით კენჭისყრისას შოთა გურაბანიძემ ხმა დაკარგა და მის ნაცვლად ბიულეტენზე გადაყენებული დირექტორის, ნათია კაპანაძის სახელი და გვარი გაჩნდა.

კონკურსი ისევ ჩაიშალა. თუმცა, სანამ მესამე უშედეგო მცდელობაზე გადავიდოდნენ მრჩეველთა საბჭოს წევრებმა გადაწყვიტეს საკუთარი თავებისთვის ხელფასები გაეზარდათ.

ფოტო: ბათუმელები

ჰონორარების გაზრდამდე, მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ხელფასი 2 900 ლარი იყო, მოადგილის — 2 700, ხოლო წევრების — 2 625. ახალი გადაწყვეტილებით კი თავმჯდომარის ხელფასი თვეში 3 300 ლარით, თავმჯდომარის მოადგილის — 3 100, ხოლო წევრების — 3 025 განისაზღვრა. საბჭოს წევრები ამბობდნენ, რომ ხელფასის ზრდას კანონი და ახალი ბიუჯეტი ავალდებულებდათ, თუმცა საზოგადოების კრიტიკის შემდეგ სიტუაცია რატომღაც შეიცვალა.

გადაწყვეტილება ძალაში 11 ივლისიდან შევიდა და დიდხანს არ გასტანა. 9 დღეში მათ ხელფასები ისევ შეიმცირეს.

შეუსრულებელი მისია #3

მესამე ცდაზე რვა კანდიდატი დარეგისტრირდა. ეს კონკურსი წინა ორისგან გამოირჩეოდა იმით, რომ ხმათა უმრავლესობა მიიღო კანდიდატმა, გიორგი კოხრეიძემ, რომელსაც წინა მცდელობებზე არცერთი მეურვე არ უჭერდა მხარს.

კოხრეიძე წარსულში თავადაც იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის (ცენტრალური) სამერუვეო საბჭოს წევრი და ის კანდიდატია, რომელიც მძიმე მარხვის ბოლო 10 დღეში მიმტევებლობით ხსნიდა გადაცემებისთვის დაწერილ მაღალ შეფასებას.

ვინაიდან მესამე კონკურსის კენჭისყრას მხოლოდ 4 მეურვე ესწრებოდა და ერთმა, ბეჟან გობაძემ მონაწილეობაზე უარი თქვა. დარჩენილი სამი ხმა ასე გადანაწილდა: გიორგი კოხრეიძე — 2, თინა ცისკარიძე — 1.

კონკურსი მესამედაც ჩაიშალა.

შესრულდება თუ არა მისია #4?

მეოთხე მცდელობაც არ გამოდგა მარტივი. დაწყებიდან მალევე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით კონკურსი შეჩერდა.

სასამართლოს გიორგი კოხრეიძემ მიმართა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ის კონკურსის გამარჯვებულია, რადგან ხმების ნახევარზე მეტი მიიღო. კერძოდ, კოხრეიძე ამბობდა, რომ რადგან ბეჟან გობაძემ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა ის არა საბჭოს წევრად, არამედ დარბაზში დამსწრედ უნდა განეხილათ. ამ შემთხვევაში მას საბჭოს წევრების ხმათა ნახევარზე მეტი, ანუ სამი მონაწილე მეურვიდან 2-ის ხმა ექნებოდა და გაიმარჯვებდა.

ფოტო: პირველი არხი

სასამართლოს გადაწყვეტილებას კონკურსის შეჩერების შესახებ აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებმა და არასამთვრობო ორგანიზაციებმა მთავრობის მხრიდან გავლენის მოპოვების კიდევ ერთ მცდელობად მიიჩნიეს.

თანამშრომელთა ნაწილმა სპეციალური განცხადებით აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა. მათში ეჭვს იწვევდა ის ფაქტი, რომ სასამართლომ არ შეაჩერა კონკურსი კაპანაძის მიმართვისას, მაგრამ გაითვალისწინა კოხრეიძის ინტერესები. კითხვებს აჩენდა ის ფაქტიც, რომ საბჭოს უფლებამოსილების ვადა გასდიოდა და ახალი წევრები ქართული ოცნების უმრავლესობის კვოტით დაკომპლექტდებოდნენ.

ფოტო: აჭარის ტელევიზია

რა ხდება დღეს?

მორიგი კონკურსი

საბჭოს იმ წევრებიდან, რომლებმაც კონკურსი სამჯერ ჩააგდეს ოთხს უფლებამოსილების ვადა ოქტომბერში ამოეწურა. საბჭოში მხოლოდ ერთი მრჩეველი, გიგა ჩხარტიშვილი დარჩა, რომელიც ბორდის წევრი 2018 წლის ნოემბრიდანაა.

აჭარის ტელევიზიაში მორიგი კონკურსი გამოცხადდა. ამჯერად, საბჭოს წევრების შესარჩევად. გასაუბრების ეტაპის შემდეგ კომისიამ 13 წევრი გამოავლინა, რომელთაგანაც მხოლოდ 3 შეარჩია. ესენი არიან: თამილა დოლიძე, სოსო სტურუა და თამარ წილოსანი. დოლიძე და სტურუა ქართული ოცნების კანდიდატები იყვნენ, წილოსანი კი, დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტით გავიდა.

თამილა დოლიძე

თამილა დოლიძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო რადიოს მიმართულებით. დოლიძე იმ თანამშრომელს შორის იყო, რომლებმაც კაპანაძის წინააღმდეგ საბჭოში განცხადება შეიტანეს და იმპიჩმენტის განხილვის წინა დღეს მის წინააღმდეგ ბრიფინგი გამართეს.

თამარ წილოსანი

თამარ წილოსანი აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელია. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ის მაუწყებლის ყოფილი დირექტორის მოადგილის და დეპუტატის, ცოტნე ანანიძის თანაშემწეა.

სოსო სტურუა

ფოტო: media.ge / გელა ბოჩიკაშვილი

რაც შეეხება სოსო სტურუას, ის აჭარის ტელევიზიის დირექტორი იყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის სახელმწიფო არხი იყო და ერთ-ერთი სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსი ჰქონდა. სახელმწიფო ტელევიზიის დირექტორობის შემდეგ სტურუა მალევე აირჩიეს საზოგადოებრივი მაუწყებლად ქცეულ აჭარის ტელევიზიაშიც. ამ სტატუსის მატარებელი არხის დირექტორი ის სამი წლის განმავლობაში იყო, ხელახალ კონკურსში კი მხარი აღარ დაუჭირეს და მის ნაცვლად კაპანაძე აირჩიეს. სწორედ ამ დროიდან გაჩნდა აჭარის ტელევიზია ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში როგორც დამოუკიდებელი არხი.

სტურუა ყოფილმა თანამშრომელმა, ირინა ყურუამ ხელისუფლების იდეების გატარების მცდელობაში დაადანაშაულა. ყურუა ამბობდა, რომ სტურუას დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის დროს ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ურეკავდნენ და საინფორმაციო გამოშვებებში გასული მასალების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. თავად სტურუა კი მას საყვედურობდა, რომ არ აშუქებდა მთავრობისთვის პოზიტიურ სიახლეებს.

"მძაფრი რეაქცია ჰქონდა ხოლმე, როდესაც ვეუბნებოდი, რომ, ნახე, მონიტორინგში დადებითი შეფასებები გვაქვს. ამბობდა ახლა ეს არის მნიშვნელოვანი, თუ მთავრობის კეთილგანწყობა? ის, რომ მე არ ვცვლიდი გადაწყვეტილებებს, მას საქმეს უფუჭებდა", — ამბობს ყურუა On.ge-სთან საუბრისას.

თავად სტურუა ამ ბრალდებას უარყოფს და პირიქით, ირწმუნება, რომ რეპუტაციიდან გამომდინარე ვერავინ გაბედავდა მისთვის სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით დაერეკა. მისი თქმით, დისკომფორტს იწვევს ის ფაქტი, რომ მეურვეების კანდიდატებს პარტიები ასახელებენ, თუმცა ამის მიუხედავად, კონკურსში მაინც მონაწილეობდა.

ამ ეტაპზე საბჭოს ოთხი წევრი ჰყავს, მათგან ერთი ქართული ოცნების კვოტით არჩეული გიგა ჩხარტიშვილია, რომელიც იმპიჩმენტის ინიციატორი იყო. ვინაიდან საბჭოში მმართველი პარტიიის კვოტით წარდგენილებს უმრავლესობა აქვთ, გაღრმავდა ეჭვი იმაზე, რომ მთავრობა საკუთარი კანდიდატის გაყვანას შეეცდება.

ამ ეჭვებს ამტკიცებდა მმართველი პარტიის წარმომადგენლების დამოკიდებულებაც არხის მიმართ:

მეოთხე მცდელობის მეორე შანსი

18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დირექტორის ასარჩევი კონკურსის შეჩერების შესახებ. კონკურსი განახლდა, თუმცა მხოლოდ ორი დღით, ვინაიდან დასრულებამდე სწორედ ორი დღით ადრე დაკმაყოფილდა კოხრეიძის სარჩელი შეჩერების შესახებ.

განვითარებულ მოვლენებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშ დგას. ქარტიის საბჭო მოუწოდებს ყველას, ვისაც მცირედი წვლილის შეტანა შეუძლია ტელევიზიის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა არ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც დამოუკიდებლად მუშაობის შანსს მოუსპობს იქ დასაქმებულ ჟურნალისტებს და გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ამ ტელევიზიის აუდიტორიას.

"უფრო მეტიც, საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ ერთ წელზე ნაკლებ დროში მნიშვნელოვანია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა გახდეს უფრო სიღრმისეული, კრიტიკულად მოდარაჯე ხელისუფლების ყველა შტოს მიმართ. სწორედ ასეთი მედიის არსებობაა მნიშვნელოვანი და აუცილებელი ჩვენი საზოგადოებისთვის", — აცხადებენ საბჭოში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ვადა დღეს, 20 ნოემბრის 18 საათზე ამოიწურა. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი მსურველი დარეგისტრირდა. მიუხედავად მართულობაზე ვარაუდებისა უცნობია ისიც, შეძლებს თუ არა ახალი საბჭო დირექტორის შერჩევას, თუ "კაპანაძის წყევლა" ისევ იმოქმედებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მთავარეპისკოპოსი ზენონი: კათალიკოსმა იცოდა დიდი ხნის წინათ თქმა: მღვდელი ხმაურით თუ მაღლა იჭრება, ხელი სტაცე და მიწაზე დაანარცხეო
  2. რუსთავში აიღეს ძეგლი "სამოთხის კარიბჭე", რომელმაც საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა
  3. თეა წულუკიანი: "აცე ვიროს" შანტაჟი უნდა შეწყდეს. ეს ხელისუფლება არსად მიდის
  4. თეა წულუკიანი: ახალგაზრდებს აქვთ ბრაზი, ამ ბრაზის საფუძველია გამოსარკვევი, მათთან საგნობრივი დისკუსიაა საჭიროა
  5. ლარი ისევ გაუფასურდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სალომე ზურაბიშვილი: ქართველები არ გაჩერდებიან, სანამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება

ქართველები არ გაჩერდებიან, სანამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება, რადგან ეს ამ სიტუაციიდან ერთადერთი,…