ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად 2016 წლის 24 ოქტომბერს სამწლიანი ვადით აირჩიეს. უფლებამოსილების შესრულებას ის ამავე წლის 21 დეკემბრიდან შეუდგა.

აჭარის ტელევიზიას დღეს აფასებენ, როგორც ყველაზე ნეიტრალურ ტელევიზიად, რომელიც არც ერთი მხარის მიმართ არ არის მიკერძოებული. ამას ადასტურებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ანგარიში, სადაც წერია, რომ არჩევნების პერიოდში აჭარის ტელევიზია იყო "ერთადერთი ტელესადგური, რომელმაც მაყურებელს არჩევნებში მონაწილეთა ზოგადი შედარება შესთავაზა".

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანი განსხვავებაა იმაში, როგორი იყო აჭარის ტელევიზია ნათია კაპანიძის დირექტორობამდე და როგორია დღეს. ისინი თანხმდებიან, რომ აჭარის ტელევიზია გახდა მოსახლეობისთვის ერთ-ერთი და ხშირ შემთხვევაში, ერთადერთი საშუალება, საიდანაც შეუძლიათ დაბალანსებული და მიუკერძოებელი ინფორმაცია მიიღონ.

ნინო დანელია

ფოტო: ნინო დანელია / Facebook

მედიაკოალიციის წევრის, ნინო დანელიას ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის კვოტით არჩეული წევრი, რომელიც კაპანაძის იმპიჩმენტს ითხოვს, დღეს ქართული ოცნების მხარდამჭერია. დანელია ამბობს, რომ სწორედ ამიტომ, აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

"ცალსახად, ეს არის მმართველი პარტიის შეტევა დამოუკიდებელ ტელევიზიაზე და თუ მმართველ პარტიაში ახლა ვინმეს ჭკუა მოეკითხება, ეს პროცესი სასწრაფოდ უნდა გააჩეროს. სხვანაირი ახსნა ამ საქმეს არ ექნება, თუ არა ხელისუფლების ზეწოლა დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებელზე", — ამბობს დანელია.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც კაპანაძე ტელევიზიის დირექტორი გახდა, აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა მკაფიოდ გამოჩნდა. დანელია ამბობს, რომ ტელევიზია პოლარიზებულ მედიაგარემოში მიუკერძოებლობით გამოირჩევა და ორიენტირებულია საკუთარ მაყურებელზე, რაც სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების დასკვნებითაც დასტურდება.

"ნათია კაპანაძე და მისი გუნდი იმის მაგალითს იძლევა, როგორ შეიძლება ამ რთულ პოლიტიკურ გარემოში შეინარჩუნო სარედაქციო დამოუკიდებლობა და ეცადო, რომ განვითარდე, წინ წახვიდე, სტანდარტი გააუმჯობესო და არა პირიქით, გახდე ლოიალური რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მიმართ", — დასძენს დანელია.

ნინია კაკაბაძე

ფოტო: ლიბცენტრი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ნინია კაკაბაძე აცხადებს, რომ იმ დროს, როცა აჭარის ტელევიზიას ასეთი პოზიტიური ცვლილებები აქვს, ბორდის წევრების მოთხოვნა დირექტორის იმპიჩმენტზე, წარმოუდგენელია. კაკაბაძე ამბობს, რომ ერთადერთი, რასაც ახლა ბორდი უნდა ფიქრობდეს, არის ის, რომ აუცილებლად გაუხანგძლივდეს მას ვადა, რადგან ის ამ პოსტზე ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე წარმატებულია. კაკაბაძე აცხადებს, რომ აჭარის ტელევიზია ერთ-ერთ საუკეთესო ტელევიზიად ყალიბდება და ასეთ დროს კაპანაძის გადაყენება დამღუპველი იქნება.

"როდესაც ასლან აბაშიძის ხელისუფლება შეიცვალა, ის იყო ერთ-ერთი სახელისუფლო, სამთავრობო არხი, რომელიც წლების განმავლობაში ატარებდა ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს. შემდეგ, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება, ატარებდა ქართული ოცნების ინტერესებს. პირველად არის, როდესაც ამ ტელევიზიაზე ვერაფრით ვერ იტყვი, რომ ის რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესებს ატარებს", — ამბობს კაკაბაძე.

კაკაბაძის თქმით, წარმოუდგენელია, ქართულ ოცნებას დღეს აჭარის ტელევიზიის დირექტორად ნათია კაპანაძე უნდოდეს, რადგან ეს ტელევიზია არ არის მმართველი პარტიის "გალამაზებით" დაკავებული.

ეკა გიგაური

ფოტო: ეკა გიგაური / Facebook

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაურიც ხაზს უსვამს იმას, რომ აჭარის ტელევიზიის ხარისხი ბოლო პერიოდში გაუმჯობესებულია, რაშიც დიდი წვლილი ნათია კაპანაძესა და მის გუნდს მიუძღვის.

"ამ ყველაფრის ფონზე ტელევიზიისთვის პრობლემების შექმნა იქნება თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გაბრძოლება და არ შეიძლება ეს რეაგირების გარეშე დარჩეს იმ ადამიანებისა და ჯგუფების მხრიდან, ვინც დემოკრატიას ემსახურებიან. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ის თავისუფალი სიტყვა, რომელიც მოაქვს აჭარის ტელევიზიას, ერთად დავიცვათ", — აცხადებს გიგაური.

ის ამბობს, რომ ეს ყველაფერი მცდელობაა, ბორდის წევრები აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერიონ. გიგაურის თქმით, კაპანაძისა და მისი გუნდისთვის არის გზავნილი, რომ მათ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი აჭარის ტელევიზია არ მოსწონთ.

"ეს არის საგანგაშო. ეს, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური ჩარევების მცდელობა, მით უფრო, ეს ადამიანები, ვინც მის იმპიჩმენტს ითხოვენ, არიან პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილები. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ტელევიზია დავიცვათ და არ დავუშვათ პრეცედენტი, რომ პოლიტიკური პარტიები ასე ჩაერიონ ტელევიზიის საქმიანობაში", — ამბობს გიგაური.

თამარ კინწურაშვილი

ფოტო: თამარ კინწურაშვილი / Facebook

მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ კინწურაშვილი ფიქრობს, რომ ნათია კაპანაძის დირექტორობის შემდეგ აჭარის ტელევიზია უფრო პლურალისტური გახდა და ის სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესს უწყობს ხელს, რასაც საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს.

"აჭარის ტელევიზია ფოკუსირებულია ისეთ თემებზე, როგორიცაა დეზინფორმაცია და პროპაგანდა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმ საკითხების აქტუალიზაციაში, რომელიც ჩვენი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, განსხვავებით სხვა ტელევიზიებისგან... გენერალურ დირექტორს ექვსი თვე აქვს დარჩენილი და ვერ ითმენენ და სურთ, რომ ჩანაცვლება არჩევნების წინ მოხდეს. ეს არის პრობლემატური და სიმპტომატური, რომ თავისუფალი მედიასივრცე თანდათანობით უფრო ვიწროვდება და ამის მცდელობაა", — აცხადებს კინწურაშვილი.

მისივე თქმით, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ხელისუფლების წნეხი ყოველთვის ძლიერდება იმ მედიაზე, სადაც არის თავისუფალი სივრცე. შესაბამისად, კინწურაშვილი ფიქრობს, რომ ეს პროცესი წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება.

"სხვანაირად ლოგიკას ვერ ვხედავ. რა ხდება ექვსი თვის განმავლობაში ისეთი, რაც იმპიჩმენტის საფუძველს იძლევა, როცა აქამდე მსგავსი მცდელობები არ ყოფილა", — ამბობს კინწურაშვილი.

მისი თქმით, სამწუხაროა, თუ ოპოზიციის კვოტით არჩეული ადამიანი გარიგებაში შევიდა სახელისუფლებო ჯგუფთან. მისივე თქმით, პირიქით, ოპოზიცია წინასაარჩევნო პერიოდში პლურალისტური პლატფორმის შენარჩუნებით უნდა იყოს დაკავებული.

"თუ ოპოზიციას არ მოსწონს ეუთოს მიერ აღიარებული მედიასაშუალება, რომელიც თანაბრად უზრუნველყოფს პარტიას საეთერო დროით და აძლევს ამომრჩეველთან კომუნიკაციის საშუალებას, ეს, თავისთავად, საეჭვო გარემოებაა", — ამბობს კინწურაშვილი.

თეონა ბაკურიძე

ფოტო: კადრი აჭარის ტელევიზიის ვიდეოდან

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების წამყვან თეონა ბაკურაძისთვის ბორდის ორი წევრის მიერ კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეა. ის ამბობს, რომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები ნათია კაპანაძის დირექტორობიდან დღემდე აკეთებენ დაბალანსებულ, მიუკერძოებელ და სტანდარტების შესაბამის პროდუქტს, თავისუფალ გარემოში.

"ორ წელზე მეტია საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიასა და რადიოში ვმუშაობ, დაახლოებით მას შემდეგ, რაც ნათია კაპანაძე აირჩეს დირექტორად და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ეს იყო სარედაქციო დამოუკიდებლობის ყველაზე მაღალი ხარისხი, აბსოლუტურად დამოუკიდებელი და თავისუფალი რედაქცია, ეს აღიარებულია საერთაშორისო სადამკვირვებლო და ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ", — ამბობს ბაკურიძე.

ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არც კომუნიკაციის ნაწილში და არც სარედაქციო ნაწილში ნათია კაპანაძესთან არანაირი პრობლემა არ ყოფილა. ის ამბობს, რომ ასეთი პოზიტიური დასკვნების არსებობის პირობებში, შეუძლებელია, აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობაში ვინმემ ეჭვი შეიტანოს.