მეცნიერებმა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ უხილავი ეკოსისტემის გლობალური რუკა შეადგინეს. კვლევამ აჩვენა, რომ მიწისქვეშა სოკოვანი ქსელები იმდენად ვრცელია, რომ ერთ ხაზზე გადაბმულად განლაგების შემთხვევაში სიგრძით ირმის ნახტომის გალაქტიკის დიამეტრის დაახლოებით 10%-ს გაუტოლდება.

საუბარია არბუსკულარულ მიკორიზულ სოკოებზე, რომლებიც ხმელეთის მცენარეთა უმეტესობასთან სიმბიოზურ კავშირშია. ისინი მათ აზოტითა და ფოსფორით ამარაგებს, სანაცვლოდ კი ნახშირბადს იღებს. სოკოები ნიადაგში განტოტვილი მიკროსკოპული ძაფების, ე.წ. ჰიფების, ქსელს ქმნის, რომლის მეშვეობითაც მცენარეებსა და გარემოს შორის ნივთიერებები მიმოიცვლება.

ასევე, იხილეთ: ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, როგორ "იღებს გადაწყვეტილებებს" ლორწოვანი სოკო ტვინის გარეშე

ახალი რუკის მიხედვით, ასეთი ქსელები ყველაზე მჭიდროდ მდელოებშია თავმოყრილი, განსაკუთრებული სიმკვრივე კი მაღალმთიან და დატბორილ ადგილებში ფიქსირდება. მკვლევრების შეფასებით, ასეთი მდელოების ზედაპირის 15-სანტიმეტრიანი ფენა სოკოების მთლიანი ბიომასის დაახლოებით 40%-ს შეიცავს.

ეს მნიშვნელოვანია, რადგან ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ისინი ყოველწლიურად დაახლოებით 3.9 მილიარდ ტონა ნახშირორჟანგის ეკვივალენტს შთანთქავს. აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წლის წიაღისეული საწვავის გლობალური ემისიების დაახლოებით 11%-ს შეესაბამება.

მიწისქვეშა სოკოვანი ქსელის მაგალითი.ფერთა სპექტრით სხვადასხვა რადიუსის მქონე განტოტებებია მონიშნული.

ფოტო: SPUN

აქამდე უცნობი იყო, როგორ ნაწილდებოდა ეს სოკოვანი ქსელები მსოფლიოს მასშტაბით. ახლა მეცნიერებმა 322 სხვადასხვა კვლევის ფარგლებში შეგროვებული ნიადაგის 16 669 ნიმუშის შესახებ ინფორმაცია გააანალიზეს. შემდეგ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გამოთვალეს, როგორაა განაწილებული მიკორიზული სოკოები ამა თუ იმ რეგიონში.

ანალიზმა აჩვენა, რომ ხმელეთის ზედა ფენაში ჰიფების საშუალო სიმკვრივე კუბურ სანტიმეტრზე დაახლოებით 4.4 მეტრს აღწევს. ავტორების გამოთვლით, ყველა ჰიფი ერთ სწორ ხაზზე რომ განვალაგოთ, მათი საერთო სიგრძე დაახლოებით 110 კვადრილიონი კილომეტრი იქნება. ეს დედამიწასა და მზეს შორის მანძილს თითქმის მილიარდჯერ აღემატება.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მდელოებში ჰიფების სიმკვრივე ყველაზე მაღალია, ხოლო სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზე — გაცილებით დაბალი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი შეიძლება სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები და აზოტისა თუ ფოსფორის შემცველი სასუქები იყოს.

მეცნიერების თქმით, ტროპიკული ტყეებიდან და უდაბნოებიდან დამატებითი მონაცემებია საჭირო, რათა რუკამ მათ მიმდებარედ არსებული სიტუაცია უკეთ ასახოს. ახალი კვლევები მიწისქვეშა სოკოვანი ქსელების განაწილებისა და ეკოსისტემებში მათი როლის უკეთ გაგებაში დაგვეხმარება.

ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.