სანქციების გავლენა რუსეთზე — რატომ ვერ გამართლდა მოლოდინები?
რუსეთის უკრაინაში ღიად შეჭრის შემდეგ, მის წინააღმდეგ სანქციების მთელი წყება ამოქმედდა. ომის დაწყებიდან 51 თვის შემდეგ, პრაქტიკულად შეუძლებელია იმის გარკვევა თუ რამდენი სანქცია აქვს დაკისრებული ქვეყანას. ევროკავშირის ქვეყნებთან პირდაპირი ფრენები აკრძალულია, რუსი სპორტსმენები ოლიმპიადიდან და თითქმის ყველა საერთაშორისო სპორტული ტურნირიდან ჩახსნეს, რუსეთის ტერიტორიაზე მაკდონალდსი დაიკეტა, რუსეთსა და დასავლეთს შორის სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა სანქციებმა ვერც ომის გაჩერება შეძლეს და ვერც ქვეყნის ეკონომიკის ჩამოქცევა.
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები
რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წლის თებერვალ-მარტში მოახდინა, იმავე წლის აპრილში დონბასში სეპარატისტებს ამოფარებული შეიჭრა, დაახლოებით ისე, როგორც 1992 წელს აფხაზეთში. 2014-2015 წლებში რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დაახლოებით 35%-ის ოკუპაცია მოახდინა.
რუსეთს გარკვეული სანქციები 2014 წელსვე დაუწესდა. შინაარსობრივად ისინის განსაკუთრებული სიმკაცრის არ ყოფილა. 2018 წელს რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი მაინც ჩატარდა და არც ერთ მონაწილე ქვეყანას არ გამოუცხადებია პროტესტი.
2022 წლის 21 თებერვალს რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა, 24 თებერვალს კი ღიად დაესხა თავს უკრაინას.
2014 წელთან შედარებით, ახალი სანქციები გაცილებით მასშტაბური აღმოჩნდა, მაგრამ რუსეთიც ბევრად უფრო მომზადებული აღმოჩნდა. ომის დაწყებიდან პირველივე წელს რუსეთის წინააღმდეგ შემდეგი სანქციები ამოქმედდა:
1) "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის ფუნქციონირება შეჩერდა (22 თებერვალს);
2) რუსული ბანკები საერთაშორისო გადარიცხვის სისტემა SWIFT-დან გათიშეს;
3) რუსული აქტივები გაიყინა;
4) რუსულ ავიაკომპანიებს ცა ჩაუკეტეს;
5) რუსეთში გაცემული VISA და MasterCard ბარათები დაიბლოკა;
6) რუსეთში სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტვირთების ექსპორტი აიკრძალა;
7) რუსული სპორტული გუნდები საკლუბო და სანაკრებო ტურნირებიდან მოკვეთეს;
8) რუსულ ნავთობზე შესყიდვის 60-დოლარიანი ზედა ზღვარი დაწესდა;
9) Apple-მა, Microsoft-მა, Samsung-მა, Macdonald’s-მა და სხვა გლობალური კომპანიების უმეტესობამ რუსული ბაზარი დატოვა;
10) რუსეთის ტერიტორიაზე დოლარისა და ევროს კუპიურების რუსეთში შეტანა აიკრძალა;
შემდგომი 3 წლის მანძილზე სანქციები გაფართოვდა: თითქმის სრულად აიკრძალა ავტოექსპორტი. დამატებითი შეზღუდვები დაწესდა ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე. გაფართოვდა პერსონალური სანქციებიც.
2022 წელს რუსეთის ეკონომიკა მხოლოდ 1.4%-ით შემცირდა, 2023 წლიდან კი ზრდა აღიდგინა. 2023-2024 წლებში რუსეთში მშპ-ის ზრდის ტემპმა წლიურად 4%-ს გადააჭარბა. წინასწარი მონაცემებით, 2025 წელს ზრდის ტემპი 1%-მდე შემცირდა, ამის მიუხედავად 2025 წელს, 2021 წელთან შედარებით, რუსეთის ეკონომიკა 8%-ითაა გაზრდილი. შეიძლება დავუშვათ, რომ მონაცემები შელამაზებულია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ აგრესორი სახელმწიფო მეხუთე წელია ომს აგრძელებს და არც ეკონომიკაა ჩამოქცეული და ვერც კოლაფსი დაიმალებოდა.
რატომ ვერ გამართლდა სანქციებთან დაკავშირებული პროგნოზი?
რატომ ვერ იმუშავა სათანადოდ სანქციებმა, ისე როგორი მოლოდინიც იყო? ეს რამდენიმე მიზეზით შეიძლება აიხსნას:
1) რუსეთი სანქციებს მომზადებული შეხვდა: ყირიმის ანექსიის შემდეგ, 2014-2015 წლებში მოსკოვმა დაჩქარებული წესით ეროვნული საგადახდო სისტემა НСПК და ბარათი Мир შექმნა, გაფართოვდა GPS-ის ალტერნატივა GLONASS, ასევე შეიქმნა SWIFT-ის გარკვეული ალტერნატივა SPFS. სხვადასხვა გამოთვლებით იგივე სანქციები 2014 წლიდან რომ აემოქმედებინათ, რუსეთის ეკონომიკა შესაძლოა, 10%-ზე მეტადაც შემცირებულიყო;
2) სანქციები არ ყოფილა ტოტალური. რუსეთთან ვაჭრობა შემცირდა, მაგრამ არ განულებულა. რუსეთისთვის სრული სავაჭრო ემბარგო არ გამოუცხადებიათ, SWIFT-დან ყველა ბანკი არ გაუთიშავთ;
3) სანქციები ბევრჯერ თავად სანქციის დამწესებლებმაც დაარღვიეს, ზოგჯერ საგამონაკლისო წესი დაუშვეს, დაფიქსირდა ფაქტები, როდესაც რუსული ნავთობი ინდოეთიდან იყიდეს. პირდაპირი აკრძალვის მიუხედავად, შუა აზიის ქვეყნებიდან დასავლური ავტომობილები რუსეთში დღემდე იყიდება და მის აღკვეთას სერიოზულად არავინ ცდილობს;
4) რუსულ ნავთობს ახალი მყიდველები გამოუჩნდა ჩინეთისა და ინდოეთის სახით. ფასდათმობის მიუხედავად, მასზე მოთხოვნა ნარჩუნდება;
5) უშუალო სამხედრო კომპონენტში რუსეთისთვის ირანის მიერ მიწოდებული შაჰიდის დრონები და ჩრდილო კორეის მიერ მიწოდებული საარტილერიო ჭურვები სერიოზული დახმარება აღმოჩნდა. რუსეთმა ომში 50 000-ზე მეტი შაჰიდი და მის ბაზაზე დაფუძნებული "გერან 2" გამოიყენა. ფხენიანმა კი მოსკოვს, სავარაუდოდ, იმაზე მეტი ჭურვი მიაწოდა, ვიდრე მთელმა დასავლურმა სამყარომ უკრაინას, რასაც ცოცხალი ძალით დახმარებაც დაემატა. დიქტატორ კიმის მიერ გახსნილ მემორიალზე 1144 გვარის ამოკითხვა შეძლეს, რეალური მსხვერპლი ჩრდილო კორეიდან შესაძლოა მეტიც ყოფილიყო.
ვაჭრობის სტრუქტურის ცვლილება
2021 წელს ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა €253 მლრდ-ს შეადგენდა, 2022 წელს ის €258 მლრდ-მდე გაიზარდა და 2023 წელს — €89 მლრდ-მდე. 2022 წლის ზრდა ნავთობზე ფასების ზრდით იყო გამოწვეული და ზრდა ომის დაწყებამდეც იანვარ-თებერვალშიც ფიქსირდებოდა.
საერთო ჯამში, 2021-2025 წლებში ევროკავშირმა რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 77%-ით, 253-დან 58 მლრდ ევრომდე შეამცირა"
საერთო ჯამში, 2021-2025 წლებში ევროკავშირმა რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 77%-ით, 253-დან 58 მლრდ ევრომდე შეამცირა, მათ შორის ექსპორტი 66%-ით 89-დან 30 მლრდ-მდე და იმპორტი 83%-ით 164-დან 28 მლრდ-მდე. 2026 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ევროკავშირმა რუსეთიდან იმპორტი დამატებით 27%-ით შეამცირა, ექსპორტი კი უმნიშვნელოდ მაგრამ მაინც 0.4%-ით გაზარდა.
ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან (მლრდ ევრო)
ფოტო: Eorostat
იმავე პერიოდში რუსეთის სავაჭრო ბრუნვაც შემცირდა, თუმცა არა იმ დოზით რამდენითაც ევროკავშირთან. უფრო მეტიც, რუსეთმა რიგ ქვეყნებთან, ძირითადად ჩინეთთან და ინდოეთთან სავაჭრო ურთიერთობები გააფართოვა, მაგრამ მათ ევროპული ბაზრის ბოლომდე ჩანაცვლება ვერ შეძლეს. 2025 წელს 2021 წელთან შედარებით რუსეთის ექსპორტი 15%-ით, $491-დან $418 მლნ-მდე, იყო შემცირებული, იმპორტი — 5%-ით, $294-დან $279 მლრდ-მდე, ხოლო ბრუნვა — 11%-ით, $785-დან $697 მლრდ-მდე.
რუსეთის საგარეო ვაჭრობის ბრუნვა
ფოტო: რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახური
საინტერესოა სტრუქტურაც. 2021 წელს ევროკავშირისა და აშშ-ის წილი რუსეთისთვის სავაჭრო ბრუნვაში 40%-ს შეადგენდა, 2025 წელს — 11%-ს. სამაგიეროდ ჩინეთისა და ინდოეთის წილი 20%-დან 41%-მდე გაიზარდა. 12-დან 18%-მდეა გაზრდილი დსთ-ს ქვეყნების წილიც.
რუსეთის საგარეო ვაჭრობის სტრუქტურის ცვლილება
ფოტო: tadviser.com
სანქციების პირველადი ეფექტი და მდგომარეობა პანიკის ჩაცხრომის შემდეგ
მიუხედავად იმისა, რომ სანქციები თანდათან ფართოვდება, უფრო მეტი გავლენა მას პირველ კვირებში გააჩნდა. მეტწილად პანიკის საფუძველზე, რუბლი 50%-ზე მეტით გაუფასურდა და აშშ დოლარის ღირებულებამ 140 რუბლს გადააჭარბა. Bloomberg-ზე მცირე ხნით 154-ც დაფიქსირდა. ფასი უფრო მაღალი იყო სავაჭრო ჯიხურებში. კურსის დასარეგულირებლად და პანიკის ჩასაცხრომად საკმაოდ მკაცრი ზომები იქნა გატარებული. გადახურდავებაზე დაწესდა საკომისიო, რამაც დოლარის შეძენა კიდევ უფრო გააძვირა. მკაცრი ლიმიტები დაწესდა ბანკომატიდან თანხის გამოტანასა და ასევე საზღვარგარეთ გადარიცხვაზეც. რეფინანსირების განაკვეთი გაორმაგდა და 20%-ს გაუტოლდა. კურსი უკვე 2022 წლის აპრილ-მაისში ომამდელ მაჩვენებელს ჩამოსცდა, რაზეც გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკასთან ერთად ნავთობის გაძვირებამაც იმოქმედა, მან რუსეთს სავალუტო შემოსავლები გაუზარდა.
ასევე პირველ კვირებში სოციალური ქსელებით ხშირად ვრცელდებოდა დაცარიელებული დახლების ფოტოები, მაგრამ ეს პრობლემაც დროებითი აღმოჩნდა.
სანქციების შემდეგ, რუსეთში "კოკა-კოლა" Dobry Cola-მ ჩაანაცვლა, მაგრამ "კოკა-კოლა" ისევ შედის ქვეყანაში. "მაკდონალდის" ყოფილ რესტორნებში კი ახლა "ვკუსნა ი ტოჩკა" ფუნქციონირებს. რუსეთის მოქალაქეებს ევროპაში გასამგზავრებლად საქართველოს, თურქეთის, საამიროების ან რომელიმე სხვა მესამე ქვეყნის გავლით ტრანზიტული ფრენა უწევთ. ტრანზიტად ასევე გამოიყენება სერბეთიც. სერბულ ავიაკომპანიებს ევროკავშირის გავლით რუსეთში დაშვება და რუსეთიდან უკან დაბრუნება შეუძლიათ. აკრძალვა რუსულ და თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნების ავიაკომპანიებზე ვრცელდება.
სანქციებთან დაკავშირებით მდგომარეობა შეიძლება ასე შეფასდეს: სანქციებმა ომში რუსეთის დამარცხება ვერ უზრუნველყო, რუსეთის ეკონომიკა ვერ ჩამოაქცია, თუმცა ქვეყანაზე და განსაკუთრებით მოსახლეობაზე გარკვეული გავლენა მაინც იქონია.
სანქციებმა რუსეთის ეკონომიკა ვერ ჩამოაქცია, თუმცა ქვეყანაზე და განსაკუთრებით მოსახლეობაზე გარკვეული გავლენა მაინც იქონია"
საქართველო და სანქციები
ომის დაწყებიდან მეორე დღეს, იმდროინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო სანქციებს არ შეუერთდებოდა, გადაწყვეტილება მან ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ახსნა.
თუ გავითვალისწინებთ რა ზომის დამოკიდებულება აქვს საქართველოს რუსეთზე ადგილობრივ ექსპორტში და რამხელა — რუსეთს საქართველოზე, ნათელი ხდება, რომ რეალურად საქართველო მართლაც ვერ მიაყენებდა რუსეთის ეკონომიკას დიდ ზიანს. პრობლემა შემდგომ გაკეთებული ანტიუკრაინული პოლიტიკური განცხადებები გახდა და არა სანქციებზე უარის თქმა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პირდაპირ არ მიერთებია ევროპულ და ამერიკულ სანქციებს, მათთვის არც ბოლომდე აუვლია გვერდი. ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში რუსეთის მოქალაქეებზე გაცემული VISA და Master CARD ბარათები დაიბლოკა. საგანგებო რეჟიმზე გადავიდა VTB ბანკიც. მისი აქტივები 80%-ით შემცირდა. ბანკის საიტი ახლა ასე გამოიყურება და საწყის გვერდზე სარეალიზაციო ქონებაა გამოტანილი.
მომდევნო წლებში შეიზღუდა და პრაქტიკულად ნულამდე დავიდა პირდაპირი ავტოექსპორტი რუსეთში. 2024 წელს საქართველომ რუსეთში სულ 158 ათასი დოლარის ღირებულების 8 და 2025 წელს 148 ათასი დოლარის ღირებულების 9 ერთეული ავტომობილი გაყიდა, რაც შეიძლება ნულოვან ექსპორტადაც მივიჩნიოთ.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ლარსის გამშვებ პუნქტზე სანქციების დარღვევის მცდელობის 1700-ზე მეტი ფაქტია გამოვლენილი და აღკვეთილი. საუბარია ორმაგი დანიშნულების ტვირთზე და არა ტანკზე ან ქვემეხზე. შეიარაღებით რუსეთი საქართველოს ტერიტორიის გავლით არ მარაგდება. რამდენჯერმე გამოითქვა ბრალდება, რომ ირანი რუსეთს შაჰიდის დრონებს საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით აწვდიდა, მაგრამ ბრალდება არ დადასტურებულა.
შუა აზიაში ასტრონომიულად გაზრდილი ექსპორტი ბუნებრივად აჩენს კითხვებს. ყირგიზეთი, რომელიც ომამდე ათეულში არასდროს ხვდებოდა 2024-2025 წლებში #1 საექსპორტო პარტნიორი გახდა. ავტოექსპორტი მკვეთრად გაიზარდა ყაზახეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთშიც. თუ საქართველოდან ყირგიზეთში გატანილი ავტომობილი, ყირგიზეთიდან რუსეთში გაიტანეს, გამოვა თუ არა საქართველო სანქციების დამრღვევი? პასუხია არა, რადგან ყირგიზეთში ავტოექსპორტი არავის აუკრძალავს.
თუ საქართველოდან ყირგიზეთში გატანილი ავტომობილი, ყირგიზეთიდან რუსეთში გაიტანეს, გამოვა თუ არა საქართველო სანქციების დამრღვევი?"
2023 წლის სექტემბერში ე.წ. ფარცხალაძის ქეისმა საბანკო სექტორი რისკის წინაშე დააყენა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საკუთარ ბრძანებულებაში ცვლილება შეიტანა და ბანკებს საქართველოს მოქალაქის დასანქცირების შემთხვევაში ქმედების ვალდებულება მოუხსნა. წამყვანმა ბანკებმა ოფიციალური განცხადებები გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ ისინი სანქციებს იცავდნენ. ბანკი სპეციფიკური ბიზნესია. მას მეანაბრის ფული აბარია. ქართული ბანკის, განსაკუთრებით კი რომელიმე წამყვანი ბანკის დასანქცირება მძიმე და შესაძლოა სავალალო შედეგის მომტანიც ყოფილიყო. რისკები არ რეალიზდა, თუმცა პანიკის ჩასაცხრომად ეროვნულ ბანკს რეზერვებიდან $67 მლნ-ის გაყიდვა მაინც მოუწია.
მეორე შემთხვევა ყულევის ტერმინალს ეხება. ტერმინალი უკვე იყო სასანქციო სიაში, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე იქიდან ამოიღეს. საქართველომ ნავთობპროდუქტების ექსპორტის ზრდა 2025 წლის ნოემბრიდან დაიწყო და ის 2026 წელსაც გაგრძელდა. 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ ექსპორტზე $32 მლნ-ის ნავთობი და ნავთობპროდუქტი გაიტანა, 2026 წლის იანვარ-აპრილში — 922%-ით მეტი, $324 მლნ-ის.
დამატებით კითხვებს გაურკვევლობა აჩენს. ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ოფიციალური გახსნა არ ყოფილა, თუმცა Reuters-ის ცნობით, 2025 წლის ოქტომბერში "რუსნეფტისგან" ნავთობის პირველი პარტია მიიღო და ნოემბრიდან ექსპორტი დაიწყო.
მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მდგომარეობით საექსპორტო პარტნიორებში მეცხრე ადგილზე $97 მლნ-ით ტოგო აღმოჩნდა. 1995-2025 წლებში საქართველომ ტოგოში ექსპორტზე სულ $572 000-ის პროდუქცია გაიტანა, 2026 წლის პირველ ოთხ თვეში კი მასზე 170-ჯერ მეტი — $97 მლნ. ტოგო დასავლეთ აფრიკაში მდებარეობს. ქვეყნებს შორის საზღვრიდან საზღვრამდე უმოკლესი საჰაერო მანძილი 5100 კმ-ია, საზღვაო კი დაახლოებით 8500 კმ.
საქართველო და ტოგო სფერულ რუკაზე
ფოტო: Google earth
26 მაისს ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთმა საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია დაასანქცირა. სანქციების მიზეზი უკანონო კრიპტოტრანზაქციებით რუსეთის დახმარება გახდა. კომპანიების დასახელებები: "არვიქს", "რაპირა გრუპ" და "ეიაფორი" ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. სამიდან ერთი 2022 წელს, ხოლო ორი 2023 წელს დაარსდა. ეროვნული ბანკის განმარტებით კომპანიები სების რეგულირების სუბიექტებს არ წარმოადგენდნენ. განცხადება გაავრცელა ფინანსთა სამინისტრომაც და აღნიშნა, რომ კომპანიებს საქართველოში ფიქციური რეგისტრაცია გააჩნდათ და რეალურად რუსეთში ოპერირებდნენ.
საქართველო რუსეთისთვის სანქციების თავიდან არიდებაში ე.წ. შავი ხვრელი არაა, ყოველ შემთხვევაში ეს დადასტურებული არაა. შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა საგანგაშო არაა. ამ ეტაპზე ყველაზე მეტ კითხვას ნავთობპროდუქტების ექსპორტი იწვევს.
ამ ეტაპზე ყველაზე მეტ კითხვას ნავთობპროდუქტების ექსპორტი იწვევს"
მოლოდინები
დიქტატორულ რეჟიმებს პროტესტი აკრძალული აქვთ. ეს შემთხვევა მოსკოვს სიტუაციის მართვაში მნიშვნელოვნად ეხმარება. დასავლური სანქციები რომც გამკაცრდეს, მას აღარ ექნება უეცარი დამანგრეველი ეფექტი. რუსეთი ჯერ მთელი 8 წელი ემზადებოდა სანქციებისთვის, შემდეგ კი აზიურ ბაზრებზე გადაეწყო. ომის დაწყებისთანავე ევროკავშირს, სრული სავაჭრო ემბარგო რომ გამოეცხადებინა, ეს რუსეთს მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებდა, მაგრამ თავად ევროკავშირსაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებდა.
რა ეფექტი ექნება სანქციებს გრძელვადიან პერიოდში, რამდენად გახდება ეკონომიკურად და პოლიტიკურად რუსეთი ჩინეთზე დამოკიდებული, ცალკე კვლევის საგანია და მასზე კონსენსუსი არ არსებობს.
მაღალი ალბათობით რუსეთში ეკონომიკურ კრიზისს უფრო აიტანენ, ვიდრე ომში დამარცხებას. იმის შანსი, რომ მაღალმა ინფლაციამ ან სხვა ეკონომიკურმა პრობლემებმა მოსკოვში რეჟიმს საფრთხე შეუქმნას, მინიმალურია, მსგავსი შანსი სავარაუდოდ გაიზრდება მაშინ, თუ რუსულმა არმიამ ფრონტზე მასობრივი უკანდახევა დაიწყო. 2023 წელს პრიგოჟინის აჯანყების მიზეზი რუსული ჯარის წინსვლის დაბალი ტემპი გახდა. უკრაინის კონტრშეტევა, რომ წარმატებული აღმოჩენილიყო, შესაძლოა პრიგოჟინს ჯარის ნაწილები მიმხრობოდნენ და მასაც მოსკოვთან მიყენებული არმია უკან აღარ გაებრუნებინა. 2026 წელს რუსეთის წინსვლა კიდევ უფრო შენელდა და გარკვეულ უბნებზე უკან დახევაც მოუწია, თუმცა ფრონტის ჩამოშლაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა.
მსჯელობისას აბსოლუტურად დასაშვებია, რომ შესაძლოა სტრუქტურული რეფორმები ჯერ კიდევ არ ჩანს. საბჭოთა კავშირში 80-იან წლების ეკონომიკური კრიზისი უფრო მეტად 80-იანი წლების მეორე ნახევარში გამოჩნდა, მაგრამ რეალური პრობლემები ბევრად ადრე იყო დაწყებული. საშუალოვადიან პერიოდში, რამდენიმე წელიწადში კიდევ ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი.
კომენტარები