"ევროკავშირი არ თმობს საქართველოს", "ევროკავშირი არ თვლის საქართველოს დაკარგულად", “აბსოლუტურად არ ვაპირებთ დანებებას" — ეს იყო მთავარი მესიჯები, რაც ევროკომისიაში გამართულ დახურულ შეხვედრებზე გვესმოდა. თუმცა, ანგარიში ბევრად უფრო მწვავე აღმოჩნდა, ვიდრე ამის მოლოდინი არსებობდა.

ის ადამიანები, ვინც გაფართოების ანგარიშზე მუშაობდნენ ჩვენთან საუბრისას ამბობდნენ, რომ "სურთ ხალხთან ახლოს იყვნენ" და უვიზო რეჟიმის შესაძლო ამოქმედების სანქციით საქართველოს მოქალაქეები არ დასაჯონ, რადგან, მათივე თქმით, "ხალხი ამას არ იმსახურებს". თუმცა, ჯერჯერობით არ არიან ბოლომდე ჩამოყალიბებული და შეჯერებული — როგორ მოხდება თუნდაც მიზნობრივი ჯგუფებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება, რომლის შესახებაც განცხადება, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს უნდა გაკეთდეს.

გაფართოების ანგარიშის წარდგენა

გაფართოების ანგარიშის წარდგენა

ფოტო: News.On.ge

რა წერია ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშში?

ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშში 10 კანდიდატ ქვეყანას შორის ყველაზე უარყოფითი შეფასება საქართველოს აქვს. როგორც ევროკომისიის ანგარიშს წარდგენისას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა თქვა, "შეფასება დიდწილად პოზიტიურია ალბანეთის, მონტენეგროს, მოლდოვისა და უკრაინისთვის. პერსპექტივა არაერთგვაროვანია: სერბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, კოსოვოს, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და თურქეთისთვის და უარყოფითია — საქართველოსთვის".


ევროკომისიამ გაფართოების ანგარიში 4 ნოემბერს გამოაქვეყნა, სადაც პირდაპირ მმართველი პარტიაა დადანაშაულებული საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის "შერყევაში". დოკუმენტში წერია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხშია შესული და კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხშია შესული და კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა"

"სანამ საქართველოს ხელისუფლება არ შეცვლის თავის ქმედებებს, კომისიამ, თავის მხრივ, საბჭოსთან ერთად, შეამცირა მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტები, შეაჩერა ორმხრივი დახმარება, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველოს ხელისუფლებას, ასევე გააძლიერა ძალისხმევა სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად", — წერია ანგარიშში.

დოკუმენტის დასაწყისში ევროკომისია იხსენებს გასული წლის მოვლენებს, როცა 2024 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, შეჩერდა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე.

რეპრესიული კანონმდებლობა

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მას შემდეგ სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა. საქართველომ განიცადა სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების სწრაფი ეროზიით. ხელისუფლების რეპრესიული ქმედებები განახორციელა, მათ შორის კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო სივრცეს და ფუნდამენტურ უფლებებს, დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირებას და მიზანში ირებს ლგბტქ პირებს. სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გადაჭარბებულ გამოყენებას სრული დაუსჯელობის პირობებში და ევროკავშირის წინააღმდეგ მტრული რიტორიკა, მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოსალოდნელ ქმედებებს.

საქართველომ განიცადა სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა"

"კანონის უზენაესობის დასაცავად შექმნილი ინსტიტუტები გამოყენებული იქნა პარტიული მიზნებისთვის, რითაც შეირყა მათი მთლიანობა. ხელისუფლებას არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს მოქმედების კურსის შესაცვლელად და ქვეყნის ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად.

ოპოზიციის წამყვანი ფიგურების დაპატიმრება, მმართველი პარტიის მიერ გარკვეული ოპოზიციური პარტიებისა და მათთან დაკავშირებული პირების აკრძალვის განზრახვის შესახებ განცხადებასთან ერთად, დემოკრატიული პლურალიზმის წინააღმდეგ პირდაპირ თავდასხმას წარმოადგენს", — წერია დოკუმენტში.

გაფართოების ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ "საქართველოში მიღებული და აღსრულებული შემზღუდავი კანონები, რომლის სამიზნე არიან აქტივისტები, სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია, საფრთხეს უქმნის დემოკრატიული საფუძვლების გადარჩენას და უპრეცედენტოა კანდიდატ ქვეყნებს შორის.

"საქართველოში საკანონმდებლო ცვლილებებმა სერიოზულად შეარყია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მთლიანობა, რამაც გაამწვავა სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდების რისკები", — წერია ანგარიშში.

ამას გარდა ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ "საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიმართ".

გაფართოების ანგარიშში ნახსენებია 2024 წლის საპარლამენტო და 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებიც. დოკუმენტის ავტორები წერენ, რომ "არჩევნები აღინიშნა პოლარიზაციისა და დემოკრატიული უკუსვლის მაღალი დონით, ამომრჩევლებზე დაშინების, იძულებისა და ზეწოლის შესახებ ცნობებით".

ანგარიშის შედარებით პოზიტიური ნაწილი:

ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული ის, რომ საქართველო, კარგ ორმხრივ ურთიერთობებს ინარჩუნებს მეზობლებთან და სხვა გაფართოების ქვეყნებთან.

"საქართველოსა და თურქეთს სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ მაღალი დონის კონტაქტებით, მათ შორის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში", — წერია დოკუმენტში.

თუმცა, იმის მიუხედავად, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, უკრაინამ შეშფოთება გამოთქვა საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებთან შეუსაბამობისა და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის არარსებობის გამო.

საქართველოსა და მოლდოვას ტრადიციულად კარგი ორმხრივი ურთიერთობები აკავშირებთ.

"რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ შავი ზღვის რეგიონში უპრეცედენტო არასტაბილურობა მოიტანა, რაც ხაზს უსვამს მომავალზე ორიენტირებული ჩართულობის აუცილებლობას. 2025 წლის მაისში ევროკავშირმა შავი ზღვის რეგიონისთვის თავისი სტრატეგიული მიდგომა წარადგინა, რომლის მიზანია კავშირისა და ზრდის ხელშეწყობა ევროპის სამხრეთ კავკასიასთან და ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებით. სტრატეგია გააძლიერებს ევროკავშირის გეოპოლიტიკურ როლს, როგორც საიმედო აქტორის შავი ზღვის რეგიონში. სტრატეგია მიზნად ისახავს შავი ზღვის პარტნიორებისთვის (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი) და ევროკავშირისთვის ხელშესახები სარგებლის მოტანას ძირითადი ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის ინვესტიციებისა და გაღრმავების გზით და კავშირის სფეროში რეგიონული თანამშრომლობის წინსვლის გზით. შავი ზღვის რეგიონთან სამომავლო თანამშრომლობა სამი საყრდენის ქვეშ არის სტრუქტურირებული: უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადობის გაძლიერება; მდგრადი ზრდისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა; და გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობისა და მზადყოფნის, ასევე სამოქალაქო დაცვის ხელშეწყობა, — წერია ანგარიშში.

დასკვნები და რეკომენდაციები:

მიუხედავად ამისა, "კომისია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და მზადყოფნას, გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერას ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე".

კომისია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ"

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ "ფუნდამენტური პრინციპების სერიოზული უკუსვლა დაფიქსირდა კანდიდატის სტატუსის შესახებ კომისიის რეკომენდაციაში მოცემულ ცხრა საფეხურთან დაკავშირებით, რაც ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირის გზას. ხელისუფლებას არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს მოქმედების კურსის შესაცვლელად და ქვეყნის ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად".

ანგარიშში ნათქვამია, რომ "2024 წლის ნოემბერში, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, შეეწყვიტა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება, ცალსახად დაადასტურა მათი გადახვევა წინა მთავრობების პოლიტიკისგან, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული მისწრაფებებისგან და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალდებულებისგან, უზრუნველყოს საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირში".

"2025 წლის იანვარში, კომისიის წინადადების საფუძველზე, საბჭომ გადაწყვიტა ევროკავშირ-საქართველოს შორის ვიზების გამარტივების შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერება საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის. საქართველომ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს დემოკრატიული უკუსვლა და განახორციელოს ყოვლისმომცველი და ხელშესახები ძალისხმევა, რათა მოაგვაროს პრობლემები და ძირითადი რეფორმები პარტიებს შორის მხარდაჭერით და სამოქალაქო სექტორის ეფექტური მონაწილეობით, კანდიდატის სტატუსისთვის დადგენილი ცხრა ნაბიჯის შესაბამისად, ევროკავშირის ღირებულებებისა და პრინციპების სრული პატივისცემით, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული. 2024 წლის დეკემბრის ევროპული საბჭოს დასკვნების შემდეგ, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა ფაქტობრივად გამოიწვია გაწევრიანების პროცესის შეჩერება და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მას შემდეგ ფუნდამენტურ პრინციპებთან დაკავშირებით უკუსვლას განაგრძობს, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი შერჩა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოავლინოს მტკიცე ერთგულება კურსის შეცვლისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნების მიმართ", — წერია დოკუმენტში.

მიზნობრივი სანქციები:

მარტა კოსი

მარტა კოსი

ფოტო: News.On.ge

რაც შეეხება სანქციებს, გაფართოების ანგარიშის წარდგენის შემდეგ, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ცდილობენ სანქციების დაწესებას მთავრობის იმ წარმომადგენლების მიმართ, ვინც ძალადობას მიმართავს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ საქართველოში, მაგრამ ამ საკითხისადმი ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერა არ აქვთ, თუმცა მუშაობას აგრძელებენ.

"ჩვენ ასევე ვცდილობთ სანქციების დაწესებას მთავრობის იმ წარმომადგენლების მიმართ, ვინც ძალადობას მიმართავს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ საქართველოში. ჯერჯერობით, ყველა წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერა არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამ საკითხების გადაჭრის სხვადასხვა გზების საპოვნელად", — თქვა კაია კალასმა.

კაია კალასი და მარტა კოსი გაფართოების ანგარიშის წარდგენაზე

კაია კალასი და მარტა კოსი გაფართოების ანგარიშის წარდგენაზე

ფოტო: News.On.ge

ევროკომისიაში გამართულ პრესკონფერენციაში მწვავე განცხადებები გააკეთა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა. მან მმართველ პარტიას მიმართა, რომ არ მიჰყავს ქართველი ხალხი ევროკავშირისკენ, პირიქით ისინი აშორებენ საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირისგან.

ამას გარდა, მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ "ნოემბერში მიიღებენ ვიზების შეჩერების ახალ მექანიზმს, რაც საშუალებას მისცემთ, გადადგან შემდგომი ნაბიჯები".

"ნოემბერში, იმედია, მივიღებთ ვიზების შეჩერების ახალ მექანიზმს, რაც საშუალებას მოგვცემს, გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები. მე მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მთავრობა ეუბნება ხალხს, რომ მათ ისინი ევროკავშირისკენ მიჰყავს. საქართველოს მთავრობა, თქვენ არ მიგყავთ თქვენი ხალხი ევროკავშირში. თქვენ აშორებთ თქვენი ხალხს ევროკავშირს. თუ სერიოზულად ხართ განწყობილი ევროკავშირის მიმართ, მაშინ მოუსმინეთ თქვენს ხალხს და შეწყვიტეთ ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების იმ ადამიანებზე ზეწოლა, რომლებიც თქვენგან განსხვავებულად ფიქრობენ. შემდეგ შეგვიძლია საუბარი", — თქვა მარტა კოსმა ევროკომისიაში გამართულ ბრიფინგზე.


2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმ დათქმით, რომ ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციით გათვალისწინებული 9 ნაბიჯი გადაიდგმებოდა. იმის მაგივრად, რომ ოცნების ხელისუფლებას ევროკავშირის წინაშე არსებული ვალდებულებები შეესრულებინა, 2024 წლიდან ადამიანის უფლებების შემზღუდველი კანონების მიღება დაიწყო: მარტში ხელახლა დააინიციირა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი და 28 მაისს მისი მიღების შემდეგ, 17 სექტემბერს, "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" კანონიც მიიღო.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 28 ნოემბერს, "ოცნების" ხელისუფლებამ უარი თქვა 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე, რასაც ქვეყანაში მწვავე საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, რომელიც ამ დრომდე არ შეწყვეტილა — უწყვეტი პროტესტის 341 დღეს აფხაზეთიდან დევნილი 71 წლის აზა ჩილაჩავა, ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილის ოჯახის 4 წევრი და ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე დააკავეს. ბოლო 1 წლის განმავლობაში ოცნების ხელისუფლებამ პროტესტის 250-მდე მონაწილე დააპატიმრა, მათ შორის არიან ჟურნალისტები, ცნობილი მწერლები, მხატვრები, მეცნიერები, ექიმები, მასწავლებლები და ა.შ.

პირველი გამოხმაურებები: