რატომ შემცირდა 2026 წელს დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობა ერთდროულად?

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

2026 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა და უმუშევრობა ერთდროულად შემცირდა. ეს ერთი შეხედვით პარადოქსული მდგომარეობა, სინამდვილეში ერთმა ჩვეულებრივმა, თუმცა ნეგატიურმა მოვლენამ — სამუშაო ძალისა და დასაქმების დონის კლებამ გამოიწვია. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანებმა შრომის ბაზარი დატოვეს. განმარტების მიხედვით, ვინც არ მუშაობს, ის ავტომატურად უმუშევრად არ ითვლება, უმუშევრად რომ ჩაითვალოს ადამიანი, უნდა ეძებდეს და ვერ ნახულობდეს სამსახურს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნული სოციალურად დაუცველებისთვის სახელმწიფოს მიერვე შექმნილ ფიქციური სამუშაო ადგილების გაუქმებას დაუკავშირა, თუმცა დასაქმებულთა რაოდენობის კლება 2025 წელსაც დაფიქსირდა, სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე აღნიშნულს ემიგრაციასა და არაინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას უკავშირებს.

უმუშევრობა და მისი გამოთვლის მეთოდოლოგია

უმუშევრობა საქართველოსთვის ერთ-ერთი სერიოზული სოციალური და ეკონომიკური პრობლემაა. ძალიან მაღალი ემიგრაციისა და მის შედეგად დამდგარი დემოგრაფიული კრიზისიც დიდწილად უმუშევრობითაა გამოწვეული. დასაქმების მსურველი სამსახურს ან საერთოდ ვერ ნახულობს, ან მწირი ანაზღაურების გამო თავად ამბობს მასზე უარს.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ILO მეთოდოლოგიის მიხედვით, რომლითაც საქსტატი ხელმძღვანელობს, უმუშევარია 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც გამოსაკვლევი პერიოდის (გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღე) განმავლობაში არ იყო დასაქმებული, წინა 4 კვირის განმავლობაში აქტიურად ეძებდა სამუშაოს და პოვნის შემთხვევაში მზად იყო მუშაობის დასაწყებად უახლოესი 2 კვირის განმავლობაში.

ამ განმარტების თანახმად, 15 წლამდე პირები, ასევე მაღალკლასელების უმრავლესობა, სტუდენტთა და პენსიონერთა ის ნაწილი, რომლებიც არ ეძებენ სამსახურს, უმუშევრებად არ ითვლებიან. უმუშევრად არ ითვლება არც ის 25 თუ 30 წლის პირი, რომელიც აქტიურად არ ეძებს სამსახურს.

საქსტატის მიხედვით, 15+ ასაკის მოსახლეობა სულ 3 მილიონს შეადგენს, საიდანაც სამუშაო ძალა (დასაქმებული და უმუშევარი) 1.6 მლნ-ია, 1.4 მლნ კი სამუშაო ძალის გარეთაა დარჩენილი[1], ანუ სწავლის, ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, იმედგაცრუების, სიზარმაცისა თუ რაიმე სხვა მიზეზით არ, ან აღარ ეძებს სამსახურს.

სამუშაო ძალიდან 1.370 მლნ დასაქმებულია, 230 ათასი უმუშევარი. დასაქმებულთაგან 922 ათასი დაქირავებით დასაქმებულია, 445 ათასი თვითდასაქმებული, 3 ათასი გაურკვეველი.

თვითდასაქმებულთა ნაწილი ინდივიდუალურ მეწარმედაა რეგისტრირებული, მაგრამ არა ყველა. დაურეგისტრირებელი თვითდასაქმებულები არ იხდიან საშემოსავლოს და სესხის აღებისას მეტი პროცედურის გავლა უწევთ.

დაქირავებით დასაქმებულებიც საკუთრების ფორმის მხრივ ორ კატეგორიად იყოფა, სახელმწიფო და არასახელმწიფო — ძირითადად კერძო სექტორი. საქსტატი დეტალურ კვარტალურ სტატისტიკას არ აქვეყნებს, 2025 წლის მდგომარეობით კი დაქირავებით დასაქმებულთა 35% საჯარო სამსახურში მუშაობდა.

რა გახდა დასაქმებულთა რაოდენობის კლების მიზეზი?

2026 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ 15+ ასაკის მოსახლეობა 13 ათასით გაიზარდა, სამუშაო ძალა მაინც 34 ათასით შემცირდა. საერთო ჯამში, დასაქმებულთა რაოდენობა 25 ათასით შემცირდა. კლება მთლიანად დაქირავებით დასაქმებულებზე მოდის. 2026 წლის იანვარ-მარტში, 2025 წლის იანვარ-მარტთან შედარებით, 37 ათასით ნაკლები იყო დაქირავებით დასაქმებული. ეს კლება თვითდასაქმებულთა რაოდენობით 10 ათასიანმა ზრდამ ვერ გადაწონა.

უმუშევართა რაოდენობა 9 ათასით 230 ათასამდე შემცირდა და ეს მოცემულობა სამუშაო ძალის კლებით აიხსნება. ადამიანები სამუშაო ძალიდან გავიდნენ. სამუშაო ძალის გარეთ მყოფ მოსახლეობის რაოდენობა 47 ათასით გაიზარდა.

უმუშევრობის დონე ტექნიკურად 0.3 პროცენტული პუნქტით 14.7%-დან 14.3%-მდეა შემცირებული, მაგრამ ეს ტექნიკური კლებაა და არაფერი აქვს საერთო დასაქმების ზრდასთან.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე 15+ ასაკის მოსახლეობასთან ფარდობაში 1.4 პროცენტული პუნქტით 54.8%-დან 53.4%-მდე, ხოლო დასაქმების დონე 46.8%-დან 45.7%-მდე შემცირდა.

სამუშაო ძალის მაჩვენებელი (1000 ადამიანი)

სამუშაო ძალის მაჩვენებელი (1000 ადამიანი)

ფოტო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დასაქმებულთა კლება სოციალურად დაუცველებისთვის შექმნილი ფიქციური სამუშაო ადგილების გაუქმებას უკავშირდება. მისი თქმით პროგრამის გაუქმების შედეგად ტექნიკურად დასაქმებულთა რაოდენობა 29 000-ით შემცირდა. თუ ირაკლი კობახიძის ნათქვამი სიმართლეს შეესაბამება გამოდის, რომ პირველ კვარტალში დასაქმებულთა რეალური რაოდენობა 4 ათასით გაზრდილა, რაც 9.1%-იანი ეკონომიკური ზრდისთვის, უმნიშვნელო მატებაა. გარდა ამისა, ასეთ შემთხვევაშიც კი დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა მაინც მინუსში იქნება.

მთავრობის მეთაურის მიერ ნახსენები პროგრამა 2022 წელს, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს ამოქმედდა. სოცდაუცველები მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ მართლაც ფიქციურად დაასაქმეს. ეკონომიკაში ხელოვნურად შექმნილი სამუშაო ადგილი გამართულად ვერ იფუნქციონირებს. ბიუროკრატიას კი ზრდისკენ სწრაფვა მსგავსი პროგრამების გარეშეც ახასიათებს.

წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით ხელოვნური დასაქმების პროგრამა თავიდანვე მცდარი იყო და აჩენდა ეჭვს, რომ მის რეალურ მიზანს სინამდვილეში ელექტორატის გაზრდა წარმოადგენდა. იმ პროგრამაზე, რომელიც ირაკლი კობახიძემ მცდარად შეაფასა, სახელმწიფოსგან, ანუ გადასახადის გადამხდელებისაგან, ოთხ წელიწადში 350 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.

იმ პროგრამაზე, რომელიც ირაკლი კობახიძემ მცდარად შეაფასა, გადასახადის გადამხდელებისაგან, 4 წელიწადში 350 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა"

ბიუროკრატიული აპარატის მოცულობის ზრდა

2012 წელს საჯარო სექტორში 287 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, 2021 წელს 302 ათასი ადამიანი, ხოლო 2025 წელს 335 ათასი. თუ ამ რიცხვს 29 ათასს გამოვაკლებთ 306 ათასს მივიღებთ, რაც ბოლო 16 წლის რეკორდი იქნება (2022-2024 წლების გამოკლებით, სადაც სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამამ ხელოვნურად გაზარდა დასაქმების მაჩვენებელი).

საქსტატს მონაცემები ახალი მეთოდოლოგიით 2010 წლიდან აქვს გადაანგარიშებული, რის გამოც დღევანდელი რიცხვები 2010 წლამდელ მონაცემებს არ დარდება. თუ მაინც ვეცდებით შედარებას აღმოჩნდება, რომ 2010 წელს, 2009 წელთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა ერთბაშად 443 ათასით შემცირდა, რაც ცხადია არ შეესაბამება სიმართლეს. შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2025 წელს, საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, იმ დაშვებითაც კი თუ ოფიციალურ მონაცემს 29 ათასს გამოვაკლებთ. კვარტალური სტატისტიკა საკუთრების ფორმის მხრივ კვარტალურად არ ქვეყნდება და 2026 წლის ჯამური მაჩვენებელი მხოლოდ 2027 წლის მაისში გახდება ცნობილი.

უმუშევრობის სიდიდე სხვა ქვეყნებთან შედარებით

რეალური სტატისტიკის წარმოების სირთულის გამო, უმუშევრობის დონის შედარება სხვადასხვა ქვეყნებთან მთლად ზუსტ სურათს არ იძლევა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით კამბოჯაში უმუშევრობის დონე 0.3%-ია, ბურუნდიში — 0.9%, ბენინში —1.6%, უგანდაში — 2.7%. ეს მაშინ, როცა ფინეთში უმუშევრობის დონე 9.5%-ს შეადგენს და ესპანეთში —10.4%-ს.

მხოლოდ უმუშევრობის დონით პირდაპირ ერთმანეთთან ვერც ის ქვეყნები შედარება, რომლებიც სტატისტიკას მეტ-ნაკლებად სწორად აწარმოებენ. გარდა უმუშევრობის დონისა, აუცილებელია დასაქმების დონის ცოდნაც.

შეერთებულ შტატებში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე 61.9%-ს შეადგენს, საქართველოსთან შედარებით 8.5 პროცენტული პუნქტით მეტს, დასაქმების დონე — 59.2%-ს, საქართველოსთან შედარებით 13.5 პროცენტული პუნქტით მეტს.

დასაქმებულთა რაოდენობის კლება 2025 წელს

14.4%-იანი უმუშევრობა თავისთავად დიდი პრობლემაა, თუმცა კიდევ უფრო დიდ პრობლემად შეიძლება 45.7%-იანი დასაქმების დონე მივიჩნიოთ. სამუშაო ასაკის მქონე ადამიანთა ნახევარზე ნაკლებია ფორმალურად თუ არაფორმალურად დასაქმებული.

ირაკლი კობახიძემ მხოლოდ 2026 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკაზე გააკეთა კომენტარი. რეალობა კი ასეთია: 2025 წელს არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 25 ათასით, 1.080 მლნ-დან 1.055 მლნ-მდე, შემცირდა.

სამუშაო ძალის მაჩვენებელი (1000 ადამიანი)

სამუშაო ძალის მაჩვენებელი (1000 ადამიანი)

ფოტო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2025 წელს, იმ დროს, როცა ჯერ კიდევ მოქმედებდა ფიქციური დასაქმების პროგრამა, სამუშაო ძალის, არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის, სამუშაო ძალის მონაწილეობისა და დასაქმების დონის მაჩვენებლები მაინც შემცირდა.

მაღალი უმუშევრობის მიზეზები და შედეგები

დაბალი ხელფასის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ მაღალი უმუშევრობაა. ფასი მოთხოვნა-მიწოდებით დგინდება. ეს წესი ვრცელდება ვაშლზეც, ნავთობზეც, ოქროზეც, ვალუტაზეც და შრომის ბაზარზეც. რაც უფრო მეტი მსურველია ერთ ვაკანტურ ადგილზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ პოზიცია სპეციფიკურ უნარების ფლობას არ მოითხოვს, დამსაქმებელს მეტი ბერკეტი ექნება თავად განსაზღვროს პირობები.

დაბალი ხელფასის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ მაღალი უმუშევრობაა"

მემარცხენე პოლიტიკოსებში მინიმალური ხელფასისა და სამსახურიდან გათავისუფლების წესების გამკაცრება პოპულარული იდეებია. ეკონომისტები ამ საკითხს სხვანაირად უყურებენ. დაბალი ხელფასი პრობლემის შედეგია და არა მიზეზი. თუ შრომის ბაზარზე მოთხოვნა გაიზრდება, გაიზრდება ფასიც. დამსაქმებელს რაციონალური თვალსაზრისითაც გაუჭირდება ვინმეს უბრალოდ გათავისუფლება, თუ ეცოდინება, რომ ახალი კადრის ასაყვანად მეტი დრო და ფინანსები დასჭირდება.

უმუშევრობა და დაბალი ხელფასებია მაღალი ემიგრაციის უმთავრესი მიზეზიც. ევროპის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებში მძიმე პირობებში სამუშაოზე თანხმობა სიზარმაცით ნამდვილად ვერ აიხსნება. მათ საქართველოში ან ვერ ნახეს სამსახური, ან იმდენად დაბალი იყო ანაზღაურება, რომ ვალის აღება, რისკზე წასვლა და ახლობლებისგან წლობით მოშორებით ცხოვრება არჩიეს.

2025 წელს ნომინალურმა საშუალო ხელფასმა 2283 ლარი შეადგინა. იმის გათვალისწინებით, რომ დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა საშემოსავლოს იხდის და დიდი ნაწილი საპენსიო შენატანსაც, ეს თანხა ხელზე ასაღებ 1790-1826 ლარამდე მცირდება. რეგიონებში და ცალკეულ სექტორებში ეს თანხა კიდევ უფრო ცოტაა.

საქსტატს 2025 წლის მონაცემები ჩაშლილად არ გამოუქვეყნებია. 2024 წელს, როცა საშუალო დასაბეგრი ხელფასი 1971 ლარს შეადგენდა განათლების სექტორში ხელფასი ყველაზე დაბალი 1233 ლარი იყო, სოფლის მეურნეობაში — 1282 ლარი და ვაჭრობაში — 1710 ლარი.

ანალოგიური მდგომარეობაა რეგიონების მიხედვით. იმავე 2024 წელს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში საშუალო ხელფასი 978 ლარს შეადგენდა, სამცხე-ჯავახეთში — 1226 ლარს და შიდა ქართლში — 1235-ს. რეგიონებში ეკონომიკური აქტივობა უფრო დაბალია და ეს ხელფასის ოდენობაზეც აისახება.

მიუხედავად იმისა, რომ 1994 წლის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა მინუსში მხოლოდ ორჯერ 2009 და 2020 წლებში გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ მშპ-ის ზრდის ტემპით საქართველო უსწრებს როგორც ევროკავშირის, ასევე მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს, საქართველოში მშპ ერთ სულ მოსახლეზე მაინც უფრო ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირის ყველაზე ღარიბ წევრ ბულგარეთში. ეს მოცემულობა ყველა სფეროზე აისახება, მათ შორის შრომის ბაზარზეც.

რომან გოცირიძის შეფასება

ერთია ჩამორჩენა და მეორე მდგომარეობის გაუარესება. მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება, მაინც უცნაურად გამოიყურება.

რომან გოცირიძე, ეკონომისტი, სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი

რომან გოცირიძე, ეკონომისტი, სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი

სებ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ეკონომისტისა და მეათე მოწვევის დეპუტატ რომან გოცირიძის შეფასებით, აღნიშნულის მიზეზი არაინკლუზიური ეკონომიკური ზრდა და მაღალი ემიგრაციაა. რომან გოცირიძემ NEWS.ON.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ "უმუშევრობა მცირდება არა მხოლოდ სამუშაო ადგილების შექმნით, არამედ უმუშევართა ქვეყნიდან გასვლის გზით".

მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირების მიზეზი არაინკლუზიური ეკონომიკური ზრდა და მაღალი ემიგრაციაა"

"მცირდება სამუშაო ძალა, იცლება ქვეყანა ენერგიული ხალხისაგან, იზრდება პენსიონერთა რიცხვი მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით, ანუ ხდება მოსახლეობის დაბერება.

— თუ წინათ ოჯახიდან ან ქალი ან კაცი მიდიოდა უცხოეთში სამუშაოდ, ბოლო წლებში მთელი ოჯახების ემიგრირებამ მასობრივი ხასიათი მიიღო.

2020-2025 წლებში 23 ათასმა ბავშვმა შეწყვიტა სწავლა, ამოეწერა სკოლიდან უცხოეთში ემიგრირების გამო.

კლებულობს შობადობა, იზრდება სიკვდილიანობა და ბუნებრივი მატება უარყოფითი ნიშნითაა. 2013 წელს თუ 60 ათასი ბავშვი დაიბადა, 2025 წელს მხოლოდ 37 ათასი გაჩნდა. კატასტროფული მაჩვენებელია.

იცლება ქვეყანა. მილიონზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში, ძირითადად ახალგაზრდებმა. ამავე პერიოდში უკან დაბრუნდა დაახლოებით 700 ათასი კაცი. ემიგრანტის სტატუსით იქ დარჩა საცხოვრებლად 315 ათასი ჩვენი მოქალაქე. კახეთის მოსახლეობაზე მეტი ადამიანი ფაქტობრივად გაქრა ქვეყნიდან ოცნების მმართველობის პერიოდში.

— ქვეყნიდან ხდება "ტვინების გადინება" და "ტვინების დაკარგვა". ეს უკანასკნელი იმას ნიშნავს, როცა კვალიფიცირებული ადამიანი არაკვალიფიციური შრომით დაკავდება. თავიდან უნდა აითვისო პროფესია, თავიდან უნდა ისწავლო ცხოვრება (უმეტეს შემთხვევაში უცხო ენობრივ გარემოში)", — განაცხადა რომან გოცირიძემ.

უმუშევრობა მცირდება არა მხოლოდ სამუშაო ადგილების შექმნით, არამედ უმუშევართა ქვეყნიდან გასვლის გზით"

მან დამატებითი განმარტება მაღალი ეკონომიკური ზრდის მიზეზებზეც გააკეთა და ის ძირითადად რუსულ კაპიტალს, კერძოდ რუსეთის მოქალაქეების IT სექტორში დასაქმებასა და რუსული ნავთობის ყულევის ტერმინალის გავლით ექსპორტს დაუკავშირა. მისივე შეფასებით, ეს ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე ვერ აისახება.

"მაღალი ეკონომიკური ზრდა სპეციფიკურია. ნაწილობრივ ფიქციაა, მონაცემების გაყალბებასაც ეწევიან. მაგალითად, 800 მილიონი დოლარის ოდენობის ბრუნვა განხორციელდა გასულ წელს, საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში — 20 ათასზე მეტი, ძირითადად რუსეთის მოქალაქეა ამ სექტორში დასაქმებული. ცხოვრობენ აქ და მუშაობენ დისტანციურად. ეს ზრდის მშპ-ს, მაგრამ მათი წვლილი საქართველოს ეკონომიკაში შემოიფარგლება ბინების დაქირავებით და სუპერმარკეტებში პროდუქტის შეძენით, რომლის უდიდესი ნაწილი იმპორტირებულია და მათ მიერ გადახდილი ფული ფაქტობრივად უცხოეთში გადის. ბიუჯეტში შენატანი "მიზერი" — 500 ათას ლარამდე ბრუნვა ფაქტობრივად არ იბეგრება (მხოლოდ 1%), ასევე ამ სფეროს დაბეგვრა სხვა კუთხითაც შეღავათიანია.

მეორე მაგალით: 397 მილიონი დოლარის მზა ნავთობპროდუქტები გავიდა ექსპორტზე ბოლო ექვს თვეში. ეს ზრდის მშპ-ს. სინამდვილეში მისი დიდი ნაწილი რუსეთიდან შემოტანილი საწვავის სანქციების გვერდის ავლით გატანაა, რის გამოც ყულევი ძლივს გადაურჩა დასანქცირებას.

კორუფცია ცალკე თემაა — იზრდება მშპ, მის პროდუქტს კი ოცნების კლანი ითვისებს. ეკონომიკური ტერმინით თუ ვიტყვით, ეს ზრდა არაინკლუზიურია, მოქალაქემდე ვერ აღწევს.

— ქაღალდზე მშპ იზრდება, რადგან ეს ადამიანები [სოცდაუცველები] ხომ "დასაქმდნენ"?, 400 მილიონი ლარი ხელფასის სახით მშპ-ში აისახა, სინამდვილეში რაიმე დოვლათი არ შექმნილა", — განაცხადა გოცირიძემ.

გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდა მთლიანი მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობას აუმჯობესებს, ოღონდ სხვადასხვა დოზით და არა პირდაპირპროპორციულად. მოკლევადიან პერიოდში აცდენები შეიძლება უფრო მაღალი იყოს. შუა აზიაში რეექსპორტის, ტოგოში ნავთობპროდუქტების გატანის დაწყებისა და IT სფეროში გენერირებული თანხების ზრდამ, როგორც ჩანს შრომის ბაზარი ვერ "დაბუსტა".



[1] მოსახლეობის აღწერის საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, რიცხვები შესაძლოა შეიცვალოს


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
  2. რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
  3. 15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
  4. თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
  5. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

საქართველოში #1 დეველოპერი არქი და პირველი საერთაშორისო დეველოპერი საქართველოდან NEXT-ი, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ს ააშენებენ

საქართველოს წამყვანი დეველოპერული კომპანია არქი, საერთაშორისო გამოცდილების მქონე დეველოპერი NEXT-ი და მსოფლიოში ცნობილი…