5 უკრაინული ფილმი, რომელიც რუსეთის ოკუპაციაზე გვიყვება
უკრაინული კინოსამყარო ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გარშემო ტრიალებს. რუსეთის სამხედრო აგრესია და ის ადამიანური, ეკონომიკური თუ მორალური ზარალი, რომელიც ქვეყანას რუსეთის აგრესიამ მიაყენა, უკრაინელი რეჟისორების მუდმივ ფოკუსშია. თანამედროვე უკრაინის ცხოვრება მიმდინარე კონფლიქტის ფონზე არაერთი მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმის თემად იქცა. თითოეულმა რეჟისორმა განსხვავებულად გადმოსცა და აღწერა ის ადამიანური ტრაგედიები, რომლებიც უკრაინაში 2014 წლის შემდეგ ყოველდღიურობად იქცა, 2022 წელს კი კულმინაციას მიაღწია.
მიუხედავად არაერთი ფილმისა, რომელთა საშუალებითაც რეჟისორები ცდილობდნენ საერთაშორისო ყურადღება მიექციათ მიმდინარე კონფლიქტისთვის, დაინტერესება მაინც დაბალი იყო. კონფლიქტის თემაზე შექმნილი ფილმები იმარჯვებდნენ პრესტიჟულ კინოფესტივალებზე, თუმცა მათი ჩვენება საერთაშორისო მასშტაბით და მსოფლიოს არტ-ჰაუს კინოთეატრებშიც კი ნაკლებად ხდებოდა.
სანამ შონ პენი უკრაინაში ახალ დოკუმენტურ ფილმს იღებს და ომის ქრონიკებს აღწერს, მანამდე შეგვიძლია ის ხუთი ფილმი გავიხსენოთ, რომლებიც უკრაინის უახლეს ისტორიას მსოფლიოს აცნობს. ამ არაერთგზის პრიზიორმა ფილმებმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენა რუსეთის დამპყრობლური / აგრესორული ხასიათი. გვაჩვენა კონფლიქტის ის მხარეები, რომლებიც საინფორმაციო გამოშვებებში არ ხვდება და გაგვაცნო ის ადამიანები, რომელთაც რუსეთის აგრესია უშუალოდ და ყველაზე მტკივნეულად შეეხოთ. ზოგმა კინოდოკუმენტალისტიკისთვის დამახასიათებელი თხრობით, ზოგმაც კი გროტესკის ენით გვაჩვენა ის, რაზეც არ ვფიქრობთ ან ხშირად საკუთარი ქვეყნის ტრავმული წარსულიდან გამომდინარე ფიქრს გავურბივართ.
1. დონბასი — რეჟისორი სერგეი ლოზნიცა
პირველი ამ ჩამონათვალში უკრაინელი რეჟისორის, კანის კინოფესტივალის პრიზიორის სერგეი ლოზნიცას დონბასია. ფილმის, რომელიც აშიშვლებს რუსული პოლიტიკისა და ჯარის სახეს. სერგეი ლოზნიცა დასავლეთში აღიარებული რეჟისორია, რომელსაც რუსეთში რუსოფობს უწოდებენ. კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ ის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია, რომელსაც შესწევს ძალა, რუსეთის რეალური სახე, რუსული განწყობები შეულამაზებლად და ბრუტალური სიზუსტით ასახოს. რუსული იმპერიალისტური განწყობები რეჟისორმა გროტესკულად გადმოსცა დონბასით და მსოფლიო კინოსამყაროც აალაპარაკა.
სერგეი ლოზნიცამ დონბასში მიმდინარე რუსული აგრესია ასახა. პრორუსულმა გამოცემებმა რეჟისორი, რა თქმა უნდა, სუბიექტურობაში დაადანაშაულეს. სერგეი ლოზნიცასთვის კი მათი ეს სიტყვები გასაკვირი არაა. მან ყველაზე შეულამაზებელი გზით აჩვენა რუსული ჯარის რეალური სახე. არაობიექტურობაში დამადანაშაულებელი კრიტიკოსებისთვის კი ერთი პასუხი აქვს: ომი უკრაინას არ დაუწყია. ფილმის ყურებისას მაყურებელს ზღვარი ეშლება რეალობას და გამოგონილ სამყაროს შორის. თუმცა ამ ფილმში გამოგონილი არაფერია. რუსეთის სახე იმდენად ამაზრზენია, რომ რთულია დაიჯერო მისი რეალურობა. თუმცა ვისაც ერთხელ მაინც უგრძნია რუსეთის აგრესია საკუთარ თავზე ან ოკუპირებული სოფლებიდან მოპარული უნიტაზებისა და ჩანგლების კადრები უნახავს, მათ ეჭვიც კი არ შეეპარებათ, რომ ის, რასაც სერგეი ლოზნიცას ფილმში ვხედავთ, აბსოლუტური სიმართლეა.
დონბასი 13 მოკლე ისტორიას აერთიანებს. რეჟისორმა ფილმი იმ სამოყვარულო ვიდეოების მიხედვით შექმნა, რომლებიც კონფლიქტის ზონაში მოქალაქეებმა გადაიღეს და YouTube-ზე განათავსეს. ქაოსური სატირა ომის რეალობას და კონფლიქტის ფონზე მოსახლეობის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდს ასახავს. კორუფცია, ბიუროკრატია, ოკუპაცია და ყოველდღიური გაუსაძლისი ყოფა კონფლიქტის ეპიცენტრში, რომლისგანაც გამოსავალი არ ჩანს. რომლითაც არავინ ინტერესდება. ზოგი ისტორია სასაცილოა, მაყურებელი, რომელსაც ეკრანზე ნანახისგან პირველი შოკი გადაუვლის, უკვე სიმწრით იცინის. უკვე ხვდება, რომ ეს არაა რეჟისორის ფანტაზია და ეს შეულამაზებელი რეალობაა, რომელზეც დასავლეთში არაფერი იციან, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით რუსეთისგან არაერთგზის დაჩაგრულ ქვეყანაში, საქართველოში. ამ ანტირუსულ სატირაში, სადაც რუსული ჩექმა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ჩანს, ბევრ საინტერესოს გაიგებთ და გაიხსენებთ ამ აგრესორი ქვეყნის რეალურ სახეს, განსაკუთრებით კი ჩვენი თანამემამულეთა ნაწილი, დღემდე დიდებულ საბჭოთა იმპერიას რომ მისტირის.
2. ანარეკლი — რეჟისორი ვალენტინ ვასიანოვიჩი
2021 წელს უკრაინელმა რეჟისორმა ვალენტინ ვასიანოვიჩმა საკუთარი სრულმეტრაჟიანი ფილმი ანარეკლი ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენა. ფილმი მაშინვე იქცა იმ წლის ჟიურის ფავორიტად. მთავარი გმირი უკრაინელი ქირურგია, რომელიც კონფლიქტის ზონიდან მოშორებით ცდილობს უკრაინელი ჯარისკაცების დახმარებას: სწორედ ის უტარებს დაჭრილ ჯარისკაცებს ოპერაციებს. კოლეგების დასახმარებლად დონბასის მახლობლად მოხალისედ ჩასული კი დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტყვე ხდება. მას რუსულად მოსაუბრე ჯარისკაცები მოტყუებით იტაცებენ. ეუბნებიან, რომ უკრაინელები არიან, სინამდვილეში კი რუსი ოკუპანტები მას ციხეში ამწყვდევენ, სადაც არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ხდება. ოკუპანტის უკიდურესი დასჯის ფორმა კი ქირურგისთვის მისი მომაკვდავი თანამემამულეების ყურებაა.
ანარეკლი მაყურებელს ოკუპაციის სისასტიკეზე და იმ უკიდეგანო ბოროტებაზე დააფიქრებს, რომელსაც აგრესორი სჩადის. ვალენტინ ვასიანოვიჩის ფილმი არაჩვეულებრივი ოსტატობით, შთამბეჭდავი კადრებითაა გადაღებული და ოკუპაციის თემაზე ერთ-ერთ ყველაზე სევდიან და გულშიჩამწვდომ ისტორიას ჰყვება.
3. სამყარო ისეთივე ცისფერია,როგორც ფორთოხალი — რეჟისორი ირინა ცილიუკი
როდესაც სანდენსის კინოფესტივალზე ირინია ცილიუკის ფილმი სამყარო ისეთივე ცისფერია, როგორც ფორთოხალი აჩვენეს, ფილმმა მქუხარე ოვაციები და იმ წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმის წოდება დაიმსახურა. ირინა ცილიუკი პირველი უკრაინელი დოკუმენტალისტი გახდა, რომელმაც ეს პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა. რა ხდება, როდესაც ტყვიების წვიმასა და ნაღმების აფეთქების ხმის ფონზე ბავშვები იზრდებიან? დოკუმენტური ფილმი მარტოხელა დედის, ანასა და მისი ოთხი შვილის კონფლიქტის ზონაში ცხოვრებაზე გვიყვება.
ანა მომღერალია და ცდილობს, თავის შვილებს ქაოსისა და ბომბების ხმაურში შეძლებისდაგვარად უდარდელი ბავშვობა შეუქმნას. ფილმების სიყვარული ოჯახის თითოეული წევრს აერთიანებს. ანა და მისი შვილები საკუთარი ცხოვრების შესახებ ფილმს იღებენ. ტრავმის ხელოვნებად ქცევა მათთვის ერთადერთი გზაა, ადამიანებად დარჩნენ. კინოდუკუმენტალისტმა ირინა ცილიუკმა გადაიღო ფილმი იმის შესახებ, თუ როგორ იღებს ოჯახი ფილმს. ომის სევდით გაჟღენთილმა დრამამ გულგრილი სანდენსის კინოფესტივალის ჟიურის არცერთი წევრი არ დატოვა.
4. ალტანტისი — რეჟისორი ვალენტინ ვასიანოვიჩი
უკრაინელი რეჟისორების მიერ კონფლიქტის თემაზე შექმნილი საუკეთესო ფილმების ხუთეულში ვალენტინ ვასიანოვიჩის კიდევ ერთი ფილმი — ატლანტისი იკავებს ადგილს. ფილმი 2019 წელს ვენეციის კინოფესტივალის ერთ-ერთი პრიზიორი გახდა. რეჟისორი ამჯერად აღმოსავლეთ უკრაინის ილუზორულ მომავალს გვაჩვენებს. მოვლენები ფილმში წარმოსახვით 2025 წელს რუსეთზე გამარჯვების შემდეგ ვითარდება. თუმცა ომის დასასრული ყოველთვის ბედნიერ ფინალს არ უდრის. ფილმი იმ ჯარისკაცის პერსპექტივითაა მოყოლილი, რომელიც პოსტტრავმული სინდრომით ცხოვრობს, რომელიც ომის დროს არაერთი უმძიმესი ფაქტის მოწმე თუ მონაწილე გახდა.
ნაომარი ტერიტორია ომის დასრულების შემდეგ საცხოვრებლად უვარგისია: ეკოლოგიურ კატასტროფას თან უდიდესი ადამიანური ტრაგედიები ერთვის. ფილმმა ვალენტინ ვასიანოვიჩი მსოფლიო კინემატოგრაფის ყურადღების ცენტრში მოაქცია. მძიმე, მაგრამ ადამიანური ისტორია — ასე შეფასდა ატლანტისი ვენეციაში.
5. სახლისკენ — რეჟისორი ნარიმან ალიევი
ამ ჩამონათვალში მეხუთე ფილმი კიდევ ერთი დრამატული მხატვრული ისტორიაა კონფლიქტის ზონიდან. კინოსურათი კონფლიქტის ყველაზე მძიმე ასპექტს აჩვენებს. ახალგაზრდა უკრაინელი რეჟისორი ნარიმან ალიევი ფილმით სახლისკენ ერთი ოჯახის დრამატულ ისტორიას ჰყვება. მამა რუსეთთან ბრძოლაში უკრაინის დასაცავად წასულ უფროს შვილს კარგავს. ოჯახი წარმოშობით ყირიმიდანაა და მამას სურს შვილი მიწას მშობლიურ მხარეში მიაბაროს. ფილმის მთავარი გმირი უმცროს შვილთან ერთად სახიფათო მოგზაურობაში ერთვება. უამრავი დაბრკოლების მიუხედავად მიზნისკენ სვლა და შვილის წინაპრების მიწაზე დაკრძალვა ომისგან გამწარებული ოჯახის ერთადერთი არჩევანია.
მამა-შვილის ეს ფილმად ქცეული ტრაგიკული მოგზაურობა კანის კინოფესტივალზე იქნა ნაჩვენები. ფილმის რეჟისორმა კრიტიკოსებისგან არაერთი შექება და კარგი გამოხმაურება დაიმსახურა. სწორედ ამ ფილმის წყალობით მიენიჭა ნარიმან ალიევს მსოფლიო კინოს ამომავალი ვარსკვლავის სტატუსი.
კომენტარები