საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები: ახალგაზრდული პერსპექტივა
მცირე ბიზნესის მხარდაჭერა, გარემოსდაცვითი საკითხები, ახალგაზრდული შესაძლებლობები — აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ, ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა სფეროს ექსპერტებთან ერთად საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.
აღმოსავლეთ პარტნიორობა წარმოადგენს ერთობლივ პოლიტიკურ ინიციატივას, რომლის მიზანია ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებს და მის ექვს აღმოსავლეთ მეზობელს შორის, ესენია: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა და უკრაინა. ამ ჩარჩოს ფარგლებში არსებობს ერთობლივი ვალდებულება, რომლის მიხედვითაც რეგიონში მცხოვრებმა თითოეულმა მოქალაქემ რეალური შედეგები საკუთარ თავზე უნდა იგრძნოს.
რატომ არის ევროკავშირთან თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისათვის მნიშვნელოვანი? — ამ კითხვას Formula-ს, On.ge-ისა და EU NEIGHBOURS east-ის საერთო ლაივსტრიმში პასუხობდნენ ახალგაზრდა ევროპელი ელჩები: ეთერ გლურჯიძე და ვახტანგ გაბუნია, "ბაიას ღვინოს" დამაარსებელი ბაია აბულაძე და საზოგადოებრივი მოძრაობა "მწვანეების" თავმჯდომარე სოფო შუბითიძე.
ეთერ გლურჯიძე და ვახტანგ გაბუნია ასობით სხვა ახალგაზრდასთან ერთად "ახალგაზრდა ევროპელი ელჩების" მოხალისეობრივი ინიციატივის წევრები არიან: ეს მიმართულება ევროკავშირის რეგიონულმა საკომუნიკაციო პროგრამამ EU NEIGHBOURS east პროგრამამ ახალგაზრდების გაძლიერების მიზნით წამოიწყო.
ქსელი წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც ევროკავშირის შესახებ საერთო იდეებისა და ინფორმაციის გაცვლის გაადვილებას ისახავს მიზნად. სწორედ ახალგაზრდა ევროპელი ელჩების მიერ იგეგმება და ხორციელდება სხვადასხვა აქტივობები აღმოსავლეთ პარტნიორობისა თუ ევროკავშირის ქვეყნებში, რომლებიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა ადამიანების ჩართულობის ზრდას და მათ ინფორმირებას ევროკავშირის, მისი შექმნის მიზნების, ღირებულებებისა თუ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ახალგაზრდული ინიციატივების შესახებ.
დისკუსიის ერთ-ერთი საკვანძო თემა მდგრადი ეკონომიკური განვითარება იყო: გეგმის მიხედვით, სულ მალე 80 000 მცირე და საშუალო მეწარმე შეძლებს, რომ სრულად ისარგებლოს ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფალი ვაჭრობის ბენეფიტებით.
ბაია აბულაძე "ბაიას ღვინოს" დამაარსებელია. კომპანია მეღვინეობისა და მევენახეობის მეოთხე თაობის საოჯახო ტრადიციას აგრძელებს. ბაიას პროდუქცია 2015 წლიდან გამოდის, უკვე არა მარტო საქართველოში, არამედ ევროკავშირშიც იყიდება. ხოლო, სამეწარმეო მხარდაჭერა, რომელიც ბაიამ ევროკავშირისგან მიიღო, არაფორმალური განათლების მიღებას, კონტაქტების, გაყიდვებისა და პროდუქციის რეკლამირების გაუმჯობესებას გულისხმობდა.
გარემოს დაცვა სამიტის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი პუნქტია. მომდევნო წლების განმავლობაში, ევროკავშირი იმუშავებს ჰაერის ხარისხის მონიტორინგზე, რომლის ფარგლებშიც დაინსტალირდება ჰაერის მონიტორინგისთვის საჭირო ტექნოლოგიები. ასევე, ევროკავშირი მხარს დაუჭერს მწვანე და მდგრადი საქალაქო ტრანსპორტის განვითარებას თბილისში, რომელიც, მათ შორის, საბაგიროს ორი ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს.
სოფო შუბითიძე უკვე წლებია, გარემოსდაცვით საკითხებზე მუშაობს. ის ამჟამად საზოგადოებრივი მოძრაობა "მწვანეების" თავმჯდომარეა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეექვსე სამიტი 15 დეკემბერს გაიმართა. ევროკავშირის ლიდერებთან ერთად მასში მონაწილეობა მიიღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა. სამიტი 5 ძირითად თემაზე იყო ფოკუსირებული. ესენია: ეკონომიკა, მმართველობა, გარემოს დაცვა, ციფრული ტექნოლოგიები და საზოგადოება.
ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის ახალი ამბიციური საინვესტიციო გეგმაც დააანონსა, რომლის მიხედვითაც ჩამოთვლილი სფეროების განვითარებას სოლიდური თანხები მოხმარდება. სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები უახლოეს წლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თითოეული მოქალაქის ცხოვრებაზე აისახება.
გაიგეთ მეტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე
სტატია მომზადდა პროექტის "EU NEIGHBOURS east" თანამშრომლობის ფარგლებში.
კომენტარები