რას (არ) გვიყვება HBO-ს დოკუმენტური სერიალი ვუდი ალენზე
#MeToo მოძრაობის გაძლიერებასთან ერთად ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად იხსენებენ კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ამერიკელი რეჟისორის, ვუდი ალენის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდებას, რომელიც პირველად თითქმის 30 წლის წინ, 1992 წელს გავრცელდა.
ამ თემის ირგვლივ ყველას თავისი პოზიცია აქვს: ზოგს ვუდი ალენი პირადი შუღლის მსხვერპლი ჰგონია, ვიღაც მას ურჩხულად მიიჩნევს, სხვები კი ცდილობენ, მისი შემოქმედება მისივე ბიოგრაფიისგან გამიჯნონ. როგორც ხდება ხოლმე, ასეთ დროს კონკრეტული შემთხვევის დეტალები უმეტესად ბევრისთვის უცნობია და ადამიანები პოზიციას შინაგანი რწმენის, პირადი სიმპათიის მიხედვით იქმნიან. 2021 წლის 21 თებერვალს გამოსული სერიალი Allen v. Farrow კი ცდილობს, ქრონოლოგიური ფაქტებითა და კონკრეტული მტკიცებულებებით გვაჩვენოს, თუ როგორ მივიდა მია ფეროუსა და ვუდი ალენის ლამის უკვე მისტიკად ქცეული ურთიერთობა მათი შვილად აყვანილი ბავშვის, შვიდი წლის დილან ფეროუს სავარაუდო გაუპატიურების სკანდალამდე.
ამერიკულმა ტელეკომპანია HBO-მ ბოლო წლებში თავისი ცნობილი დოკუმენტური ფილმებითა თუ სერიალებით არაერთი გახმაურებული კრიმინალური საქმის გამოძიება ითავა, მათ შორის მაიკლ ჯექსონის პედოფილიასთან დაკავშირებული ბრალდებების შესახებ გადაიღეს Leaving Neverland, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. არანაკლებ ხმაურიანი აღმოჩნდა Allen v. Farrow, რომლის შექმნაზეც რეჟისორები კირბი დიკი და ემი ზირინგი სამი წლის განმავლობაში მუშაობდნენ: მათ შეისწავლოს 1990-იანებში ჩატარებული გამოძიების დოკუმენტები, შეაფასეს ექსპერტიზის დასკვნები, გამოჰკითხეს თვითმხილველები და გამოძიების საბოლოო შედეგები ოთხ საათზე ცოტა მეტი ხანგრძლივობის ოთხეპიზოდიანი სერიალით წარმოგვიდგინეს.
რიგითი მაყურებლისთვის ეს სერიალი მხოლოდ იმიტომ კი არ აღმოჩნდება საინტერესო, რომ ის სახელოვანი რეჟისორის შესახებ არსებული ბრალდებების გარემოებებს უკეთ გვაცნობს, არამედ ის ამავე ხელოვანის ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდის რეტროსპექტივასაც გვთავაზობს: როგორი იყო მისი ცხოვრება კარიერული წარმატების ზენიტში, რას საქმიანობდა მისი ყოფილი პარტნიორი მია ფეროუ იმავე პერიოდში და რაც მთავარია, როგორ გაიცნეს მათ, ჰოლივუდის ორმა ვარსკვლავმა, ერთმანეთი — ერთი საბედისწერო შემთხვევა, რომელმაც შემდეგ უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა.
დოკუმენტური სერიალის პირველ ეპიზოდში მია ფეროუ თავისი ხელით აწყობილ ხის პატარა სახლს გვაჩვენებს, რომელიც წვრილმან დეტალებამდე რეალური სახლის ანალოგს ჰგავს. ამ სცენამ შეიძლება ზოგიერთ მაყურებელს არი ასტერის შთამბეჭდავი ფილმი Hereditary მოაგონოს, რითიც საშინელებათა ჟანრის მოყვარულებისთვის ამ ოჯახის ტრაგედია თავიდანვე კიდევ უფრო ბნელით მოცულ ატმოსფეროში ეხვევა.
მსახიობობის, კომიკოსობისა და მწერლობის მიუხედავად, ვუდი ალენს დღემდე ყველა როგორც ერთ-ერთ საუკეთესო რეჟისორს, ისე იცნობს. მია ფეროუ კი თავისი სამსახიობო კარიერითაა ცნობილი (ბედის ირონიით, მას ყველაზე ცნობილი როლი მოგვიანებით პედოფილიაში ბრალდებული და სექსუალურ ძალადობაში გასამართლებული რომან პოლანსკის 1968 წლის ფილმში როზმარის შვილი ერგო), თუმცა ამ ახალ სერიალში მის მიერ გადაღებულ სამოყვარულო ვიდეოებს ვეცნობით, მეტიც — თხრობა მეტწილად მის მიერ დაჭერილი ყოველდღიური სცენებითაა აწყობილი: მია სხვადასხვა დროს კამერით თავისი შვილების ცხოვრებას აღბეჭდავდა. ამის დახმარებით მაყურებელი წარსულის მოგონებებს კიდევ უფრო ცოცხლად აღიქვამს, მია ფეროუ კი ერთგვარ დოკუმენტალისტად გვევლინება.
ამ ვიდეოებს შორის ყველაზე მძიმე სანახავი ვუდი ალენისა და მია ფეროუს ნაშვილები ბავშვის, დილან ფეროუს 1992 წლის ჩანაწერია, რომელიც საჯაროდ პირველად გავრცელდა: შვიდი წლის დილანი დედასთან, მიასთან საუბარში აღწერს, თუ როგორ იძალადა ვუდიმ მასზე მანსარდაში. თითქმის შეუძლებელია, ამ კადრებს თვალი გაუსწორო, რადგან ძველი, უხარისხო გამოსახულებითაც კი მკაფიოდ შეიგრძნობ, როგორ უჭირს ამაზე საუბარი მცირეწლოვანს.
ამ შემთხვევის დეტალებს დილან ფეროუ უკვე ზრდასრულიც ხელახლა უამბობს მაყურებელს და ფინალისკენ მას კამერის წინ პანიკის შეტევა ემართება. რამდენადაც მხიარული და ლაღია ვუდი ალენის კომედიები, იმდენადვე მძიმე და დამზაფვრელია მის შესახებ მოგონებები, რომელთა საშუალებითაც ყოფილი პარტნიორი და შვილები რეჟისორის კინოკამერის მიღმიერ სახეს პაზლივით ნაწილ-ნაწილ აწყობენ.
დოკუმენტური სერიალის შემოქმედები ვუდი ალენთან დაკავშირებული კითხვების პასუხებს არა მხოლოდ მისი ოჯახის წევრების მოგონებებში, არამედ მის შემოქმედებაშიც ეძებენ: მათ რეჟისორის მრავალი ფილმიდან მოჰყავთ მაგალითი, რომლის სიუჟეტიც ახალგაზრდა ქალისა და გაცილებით ასაკოვანი კაცის ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს.
მათ შორის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი 1979 წლის კინოსურათი მანჰეტენია, რომელშიც ვუდი ალენი თავად თამაშობს და მის პერსონაჟს 17 წლის გოგოსთან აქვს რომანი, რომლის როლსაც ასევე არასრულწლოვანი მსახიობი მერიელ ჰემინგუეი ასრულებს.
კირბი დიკსა და ემი ზირინგს სჯერათ, რომ ფიქციურ, გამოგონილ მხატვრულ ნაწარმოებშიც შეიძლება იყოს არეკლილი ავტორის შინაგანი ბუნება, მისი პიროვნება. შესაბამისად, მათ ლოგიკას თუ გავყვებით, ასაკით გაცილებით ახალგაზრდა ქალებთან, მათ შორის არასრულწლოვანთან, ურთიერთობის თუნდაც ირიბი სურვილი ბიოგრაფიული დეტალების მიღმაც შეგვიძლია, ვუდი ალენის შემოქმედებაში ნათლად დავინახოთ.
Allen v. Farrow არა მხოლოდ მიას, დილანის ან მათთან დაახლოებული პირების პირად გამოცდილებას გვაცნობს, არამედ ვუდი ალენის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი გამოძიების პროცესსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება. მაგალითად, ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, დილანმა "ყველაფერი გამოიგონა ან დედამ, მია ფეროუმ შთააგონა" და ვუდი ალენს მასზე არ უძალადია, ეჭვქვეშ აყენებს, რადგან ამ ექსპერტიზის ხელმძღვანელი დაწესებულების დირექტორი, სავარაუდოდ, ვუდი ალენთან დაახლოებული პირი იყო (რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ საბოლოო დასკვნა მედიას ოფიციალური პირის ნაცვლად თავად ბრალდებულმა, ვუდი ალენმა წარუდგინა). ასევე გამქრალია პირადი ჩანაწერები, რომლებსაც ექსპერტები ბავშვზე დაკვირვებისას აწარმოებდნენ.
სანაცვლოდ სერიალში შეგვიძლია მოვუსმინოთ გამომძიებელს, რომელმაც ვუდი ალენის წინააღმდეგ საქმე აღძრა, თუმცა მალე თავადვე დახურა, რადგან ბრალეულობის ნიშნების მიუხედავად, მიიჩნევდა, რომ შვიდი წლის დილან ფეროუს ფსიქიკისთვის შემდგომი დამატებითი დაკითხვები და სასამართლოზე გამოსვლა გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იქნებოდა.
ვიგებთ კიდევ ერთი სამართალდამცავის ისტორიას, რომელიც სერიალის ნარატორების თქმით, იმის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან, რომ ვუდი ალენის შესახებ მაშინ გაბატონებულ მხარდამჭერ მოსაზრებებს არ იზიარებდა. ეს მხოლოდ ნაწილია იმ უამრავ შეხედულებას / მტკიცებულებას შორის, რომლებიც ოთხსაათიანი ქრონომეტრაჟის მქონე სერიალში მრავლადაა წარმოდგენილი.
მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტური სერიალი, ერთი მხრივ, თითქოს ყველაფერს ნათელს ჰფენს, როგორც აღმოჩნდა, ბევრი მაყურებლისთვის მაინც კიდევ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა. კრიტიკოსების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სერიალში ისტორია მხოლოდ ერთი კუთხითაა გაშუქებული და თუ რეჟისორებს ობიექტური სიმართლის დადგენა სურდათ, ორივე მხარის პასუხები უნდა მოესმინათ.
ამასთან დაკავშირებით სერიალის ფინალურ ტიტრებშიც აღნიშნულია და შემდგომშიც დააზუსტეს, რომ ვუდი ალენს და მის ცოლს, სუნ ი პრევინს პროექტში მონაწილეობის მისაღებად დაუკავშირდნენ, თუმცა ისინი არ გამოეხმაურნენ. ალენმა და პრევინმა განაცხადეს, რომ მათ გადაღების ბოლო ეტაპზე გაიგეს დოკუმენტური სერიალის შესახებ და მხოლოდ რამდენიმე დღე ჰქონდათ მოსაფიქრებლად, რასაც სერიალის რეჟისორები უარყოფენ და ამბობენ, რომ მათ წარმომადგენლებს ჯერ კიდევ 2018 წელს მიწერეს ორჯერ პირადად, თუმცა უშედეგოდ.
ზედმეტი გაურკვევლობის თავიდან ასარიდებლად, კირბი დიკი და ემი ზირინგი მათ სთავაზობენ, რომ დამატებით მეხუთე ეპიზოდი გადაიღონ, რომელშიც, ახლა მაინც თუ აქვთ სურვილი, თავიანთ პოზიციაზე ვუდი ალენმა და სუნ ი პრევინმა პირადად ისაუბრონ. ისინი, დიდი ალბათობით, ამ შეთავაზებას არ დასთანხმდებიან, რადგან HBO-ს სერიალი უკვე როგორც "ცილისწამება", ისე შეაფასეს.
მართალია, ამ თანამედროვე დოკუმენტურ გამოძიებას იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ის თანაბრად არ წარმოაჩენს ორივე მხარის შეხედულებებს, თუმცა სერიალის ერთ-ერთი მთავარი სათქმელიც სწორედ ის არის, რომ წლების განმავლობაში აქამდე ისედაც "ვუდი ალენის ვერსია" ტრიალებდა ყველგან: ის მართავდა პრესკონფერენციებს, ჰყავდა მრჩევლებისა და პიარკამპანიის ექსპერტების გუნდი, როგორც ჰოლივუდის გავლენიან პირს და ა.შ. მია ფეროუ კი აქამდე საჯაროდ არც კი საუბრობდა. რაც შეეხება დილანს, მან მხოლოდ 2014 წელს გამოაქვეყნა პირველი წერილი, სადაც ღიად ისაუბრა თავის გამოცდილებაზე. თუმცა მაშინ ამას სათანადო ყურადღება მაინც არავინ მიაქცია და მხოლოდ 2018 წელს წამოიწია ეს თემა ხელახლა, როცა ჰოლივუდში სექსუალური ძალადობის ტრადიციად ქცეული მახინჯი პრაქტიკის შესახებ ერთბაშად ყველა ალაპარაკდა.
დოკუმენტური სერიალის ერთ-ერთ მთავარ კრიტიკოსებს შორის აღმოჩნდა The Guardian-ის ჟურნალისტი ჰედლი ფრიმენი, რომელმაც ვრცელ მიმოხილვაში HBO-ს წარმომადგენლები მიკერძოებაში, ფაქტების დამახინჯებასა და მია ფეროუს "პიარ კამპანიაში" დაადანაშაულა. სიახლე არ არის, რომ ვუდი ალენის წინააღმდეგ არსებულ მძიმე ბრალდებებს მია ფეროუს პირად შურისძიებად მიიჩნევენ: თითქოს მან ვერ მოინელა, რომ ალენმა მას სუნ ი პრევინთან უღალატა, რომელიც მიას ნაშვილები შვილი იყო. ამ შეხედულების საწინააღმდეგოდ, სერიალის შემოქმედები ამტკიცებენ რომ პირიქით, გადაღებებში მონაწილეობისთვის მია ფეროუს დათანხმება გაუჭირდათ: "მის დასათანხმებლად თვეები დაგვჭირდა და ინტერვიუში მხოლოდ იმიტომ მიიღო მონაწილეობა, რომ ეს მას დილანმა სთხოვა".
რონან ფეროუ, ცნობილი ჟურნალისტი და მია ფეროუს შვილი, რომელსაც ასევე ამ თემით მანიპულაციაში ადანაშაულებენ, რადგან ბოლო წლებში ის ხშირად საჯაროდ საუბრობს მამამისის სექსუალური ძალადობის ბრალდებაზე და თავის დას უჭერს მხარს, სერიალშივე აღნიშნავს, რომ როცა დილანმა ამაზე საჯაროდ საუბარი გადაწყვიტა, თავიდან მისი გაჩუმება სცადა, რადგან არ სურდა, წარსული ხელახლა გაეცოცხლებინა და თავისი კარიერა ამ ფაქტთან დაეკავშირებინა. რონანსაც კი დიდი დრო დასჭირდა, რომ თავისი დისთვის დაეჭირა მხარი და მამის წინააღმდეგ აემაღლებინა ხმა.
მათ, ვისაც სერიალში გაჟღერებული ფაქტების ნაკლებად სჯერათ (მათ შორისაა ზემოთ ხსენებული ჟურნალისტი ჰედლი ფრიმენი), ხაზს უსვამენ იმას, რომ დოკუმენტალისტებმა არ წარმოაჩინეს მია ფეროუს ორი შვილის — სუნ ისა და მოზეს ფეროუს პოზიცია. დილან ფეროუზე სავარაუდო ძალადობის ფაქტი მას შემდეგ გახდა ცნობილი, როცა 1992 წელს მია ფეროუმ სუნ ი პრევინის ეროტიკული ფოტოები იპოვა: მიამ აღმოაჩინა, რომ თავის ნაშვილებ შვილს ვუდი ალენთან ჰქონდა რომანი. სუნ ი იმ დროს 21 წლის იყო, თუმცა მია ფეროუს მიაჩნია, რომ ალენმა მასთან, მია ფეროუს შვილთან, რომელსაც თხუთმეტი წლიდან იცნობდა, გაცილებით ადრე დაიწყო ინტიმური ურთიერთობა.
თუმცა თავად სუნ ი პრევინი, რომელიც დღემდე ვუდი ალენის ცოლია, ამას უარყოფს და მია ფეროუს ვერსიას ტყუილს უწოდებს: ის მიიჩნევს, რომ დედამისმა ვუდი ალენს ღალატი ვერ აპატია და ასე ცდილობს სამაგიეროს გადახდას. მეტიც, 2018 წელს გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში მან მია ფეროუ შვილებზე სასტიკ მოპყრობაშიც დაადანაშაულა:
"[ინგლისური ენის სწავლისას] მია სიტყვებს ხელებზე მაწერდა, რისიც ძალიან მრცხვენოდა და გრძელმკლავიან მაისურებს ვიცვამდი სულ. ის ასევე ფეხებით მკიდებდა, რათა სისხლი ტვინს მიწოდებდა. ღმერთმა უწყის რატომ, მაგრამ მიაჩნდა, რომ ასე უფრო გამიადვილდებოდა აზროვნება".
ის ასევე ამბობს, რომ მია ფეროუ უკეთესად ექცეოდა ბიოლოგიურ და თეთრკანიან შვილებს, ვიდრე ნაშვილებ, არათეთრკანიან შვილებს:
"მია ყოველთვის აფასებდა გონიერებას და ასევე გარეგნობას — ქერა თმასა და ცისფერ თვალებს ანიჭებდა უპირატესობას".
სუნ ის პოზიციას იზიარებს მია ფეროუს კიდევ ერთი შვილი, მოზეს ფეროუ. 2018 წელს გამოქვეყნებულ ბლოგში ის წერს, რომ ბავშვობაში მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა დედამ აიძულა, ვუდი ალენს დამნაშავედ არ მიიჩნევს და მია ფეროუს ბავშვებზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს:
"ჩემთვის მტკივნეულია იმ შემთხვევების გახსენება, როცა ჩემს და-ძმებს, მათ შორის ზოგიერთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონეს, როგორ აგორებდა კიბიდან, ან საძინებელსა და საკუჭნაოში კეტავდა. მან ერთხელ ჩემი ძმა, თადეოზი, რომელსაც გადატანილმა პოლიომიელიტმა მოძრაობის პრობლემა დაუტოვა, უმნიშვნელო დანაშაულის გამო მთელი ღამით გარეთ დატოვა".
მოზესი უფრო სერიოზულ პრობლემებზეც საუბრობს: მისი აზრით, მია ფეროუს ორმა შვილმა, ტამმა და თადეოზმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს. მიას კიდევ ერთი შვილი, სახელად ლარკი კი, რომელიც ნარკოდამოკიდებული იყო, გაუსაძლის სიღარიბეში დაიღუპა. მოზესის თქმით, დედამისს სურს, სრულყოფილ მშობლად წარმოაჩინოს თავი და ამ ფაქტებზე საუბარს ყოველთვის გაურბის, მათ შორის არ ახსენებს იმას, რომ მისი ძმა, სახელად ჯონი, არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის გამო დააპატიმრეს.
HBO-ს დოკუმენტურ სერიალს ვუდი ალენის ირგვლივ არსებული უსიამოვნო ბურუსისთვის ნათელი უნდა მოეფინა, თუმცა, სამწუხაროდ, ბევრისთვის ეს ასე არ მომხდარა. თუ სერიალს ნახავთ და შემდეგ ამ თემის ირგვლივ არსებულ განხილვას მიადევნებთ თვალს, რომელიც ათწლეულების შემდეგ კი არ მიინავლა, უფრო გაცხარდა, შესაძლოა, მხოლოდ ერთ დასკვნამდე მიხვიდეთ: მარტო ამ ამბის უშუალო მონაწილეებმა იციან სიმართლე, ჩვენ კი მას ბოლომდე ეჭვშეუტანლად, ალბათ, ვერასდროს გავიგებთ.
კომენტარები