ინვესტირება სულ უფრო აქტუალური ხდება საქართველოს ბაზარზე. ადამიანები ცდილობენ, საკუთარი დანაზოგი არა მხოლოდ შეინახონ, არამედ, გაამრავლონ, საამისოდ კი, ერთადერთი გზა ფასიანი ქაღალდების შეძენაა.

დავით ალავიძე ინვესტირებით სულ ახლახან, ერთი წლის წინ დაინტერესდა და მიუხედავად ამისა, მას უკვე ჩამოყალიბებული სტრატეგია და კონკრეტული ხედვები აქვს. დავითს მიაჩნია, რომ “ინვესტირება განვითარების თანმხლები ნაწილია” და ჩვენთან ინტერვიუში არ დაიშურა რჩევები მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, ღირს თუ არა ამ საქმიანობით სერიოზულად დაინტერესება.

როგორია თქვენი დამოკიდებულება ინვესტირებასთან? როდის, როგორ და რატომ დაიწყეთ?

ძალიან მოკლედ ვიტყვი, ჩემი აზრით, ინვესტირება განვითარების თანმხლები ნაწილია. დიდი გამოცდილება არ მქონია, თავდაპირველად ინფორმაციას ისეთი ვიდეოებით ვეძებდი, რომელთა კონტენტი აღწერს ახალბედა ინვესტორების ისტორიებს. მოვაგროვე ინფორმაცია და ინვესტირებაც პირდაპირ ვიდეოებში განვახორციელე.

დავითის პირველი ნაბიჯები კარგად ნაცნობ ბრენდებთან ასოცირდება:

“პირველად ვიყიდე Google-ის და Nvidia-ს აქციები. გადავწყვიტე, რომ იმ კომპანიების აქციების ყიდვა, რომლებიც ტექნოლოგიური მიმართულებით ვითარდება, გრძელვადიან პერსპექტივაში მომგებიანი იქნებოდა.“

როგორია დღეს თქვენი ინვესტირების სტრატეგია?

ჩემი გადაწყვეტილებები ემყარება არა ტრენდებს, არამედ, პირად გამოცდილებას და ხედვას: ვცდილობ ისეთი კომპანიების აქციებში ჩავდო თანხა, რომელთა მომხმარებელიც თვითონ ვარ. ჩემთვის ეს ყველაზე უსაფრთხო მიდგომაა, გარდა ამისა, ემოციურადაც დაკავშირებული ვარ საქმესთან. მაგრამ, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ სხვა ტრენდებსაც ვაკვირდები.

როგორც ვხედავ, თქვენი სტრატეგია მაქსიმალურად დაცულია სარისკო ქმედებებისგან და მაინც: რა შეცდომები დაგიშვიათ ინვესტირებისას?

როგორც ყველა ახალბედას, მეც მქონია ისეთი მომენტები, როდესაც გადაწყვეტილების მიღება დამიგვიანია. შემდეგ როცა, რომელიმე კომპანიის აქციები, რომლებიც მე არ ვიყიდე, ძვირდებოდა, ვნანობდი, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ასე რომ, ჩემი ძირითადი შეცდომა ყოყმანი და დაგვიანებაა.

დამწყებთათვის დავითის რჩევაც საკმაოდ პრაქტიკულია:

“დაიწყეთ იმით, რაც თქვენთვის ნაცნობია. თუ ხართ სამსუნგის მომხმარებელი — ინვესტირება განახორციელეთ სამსუნგში. თუ ეფლის — ეფლში. შეიძლება ეს არ არის უცებ გამდიდრების გზა, მაგრამ საინტერესო პროცესია. ზოგადად, ინვესტირება ერთ დღეში შედეგს არ იძლევა. გრძელვადიან პერსპექტივაზე უნდა იყოს გათვლილი.”

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

მინდა მქონდეს მსუყე პორტფელი, სავსე ჩემი საყვარელი ბრენდების აქციებით და
მეც მათთან ერთად ვიზრდებოდე.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

თუ აქციებით ვაჭრობა გაინტერესებს და გსურს, იპოვო თანამოაზრეები, შემოგვიერთდი ჯგუფში ინვესტიციები.

გახსენი საინვესტიციო ანგარიში თიბისის მობაილბანკში და შეიძინე ამერიკული აქციები და ფონდები საკომისიოს გარეშე.