"ვა, სოფელო" ანუ ბოროტების იმპერიის ეპიტაფია
"შთამბეჭდავი" — ეს არის სიტყვა, რომელიც ზაირა არსენიშვილის რომანის, ვა, სოფელოს კითხვისას თავიდან არ მომშორებია. შთამბეჭდავი იმიტომ, რომ ყველა ის ემოცია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა გასული საუკუნის 20-50-იან წლებში განიცადეს და ყველა ის პირადი თუ საყოველთაო ტრაგედია, რომელიც ამ პერიოდში მოხდა, მძაფრად იბეჭდება მკითხველის გონებაში. ეს კი ზაირა არსენიშვილის საოცარი ქართულის დამსახურებაა.
ზაირა არსენიშვილი ის მწერალია, რომელმაც, სამწუხაროდ, გვიან მიიღო დამსახურებული ყურადღება და აღიარება, მიუხედავად იმისა, რომ მან მთელი თავისი ცხოვრება ლიტერატურის სიყვარულს მიუძღვნა. სწორედ მას ეკუთვნის კლასიკად ქცეული ქართული ფილმების — როცა აყვავდა ნუში (1972) და რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხზე (1986) — სცენარები, რომლებიც არსენიშვილმა რეჟისორ ლანა ღოღობერიძესთან ერთად შექმნა. გარდა ამისა, მას დაწერილი აქვს ისეთი წიგნებიც, როგორებიცაა კენჭები და რეკვიემი. ამის მიუხედავად, ქართველი მკითხველის ფართო აუდიტორიამ მწერალი გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ, 2019 წელს, გაიცნო, როცა ვა, სოფელო... ანუ კახური ქრონიკები მეორედ გამოიცა სულაკაურის გამომცემლობის მიერ.
ზაირა არსენიშვილი 1933 წელს დაიბადა. მან საკუთარ თავზე გამოსცადა საბჭოთა რეპრესიების სიმწარე, როცა ექვსი წლის ასაკში კომუნისტურმა მთავრობამ მამა დაუხვრიტა. ალბათ ესეცაა იმის მიზეზი, რატომ შეუძლია ვა, სოფელოს მკითხველთან ასე ღრმა ემოციურ დონეზე დაკავშირება — ის პირადი ტკივილით არის გაჯერებული.
თვითონ ტექსტს განსაკუთრებით საინტერესოდ ის აქცევს, რომ მასში მთხრობელები იცვლებიან. შედეგად, მკითხველს ამ პერიოდის სხვადასხვა თვალთახედვით გაცნობის შესაძლებლობა ეძლევა.
ნაწარმოების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მხარე ბავშვების თვალით დანახული საბჭოთა კავშირია: როგორ იდგამს ფესვებს პროპაგანდა პატარების უმწკივლო გონებაში და როგორია მათი ფანტაზიით გაჯერებული ბოროტების იმპერიის იდეოლოგია. მათ ჩაბეჭდილი აქვთ, რომ "ბედნიერი და საამური ოქტომბრელები" არიან. თუმცა ნამდვილი ტანჯვა მაშინ იწყება, როცა ბავშვები ამჩნევენ, რომ ის, რასაც განიცდიან, ბედნიერება სულაც არ არის; ისინი სასოწარკვეთილები ცდილობენ გაერკვნენ, რატომ დააპატიმრეს და რატომ არიან თავიანთი საყვარელი მშობლები "ხალხის მტრები", ასე კი გულგატეხილები ებღაუჭებიან კეთილი ძია სტალინის ხატებას, რომელმაც ისინი ამ გაუგებრობისგან უნდა იხსნას.
შეიძლება, წიგნი მხატვრულია, თუმცა მასში მონათხრობი ისტორიები ბოლომდე გამოგონილი მაინც არ არის — ჩვენი ბებია-ბაბუების თაობები სწორედ მსგავს ამბებს იხსენებენ ხოლმე. უფრო მეტიც, შსს არქივში დაცულია უამრავი მასალა, რომელიც დაგვარწმუნებს, რომ ვა, სოფელოს მსგავსი პერსონაჟები მართლაც ცხოვრობდნენ საბჭოთა ეპოქაში. მაგალითად, არქივში მოიძებნება 10 წლის კახი კავსაძის წერილი იოსებ სტალინისთვის, რომელშიც მას მამის ნაცისტებისგან დახსნას სთხოვს, რათა "ბედნიერ ბავშვთა შორის მეც ვიყო ბედნიერი სწავლისა და მუსიკის მოყვარე მოწაფე".
ზაირა არსენიშვილის რომანშიც შეხვდებით პატარა ჩიკოს პერსონაჟს, რომელსაც ილია ჭავჭავაძე უნდა რომ გამოვიდეს და, ამავდროულად, ძია სტალინს ეთაყვანება. ამიტომაც ის ბავშვური მიამიტობით გაჯერებულ წერილს უწერს ბელადს და სთხოვს, გადასახლებულ მშობლებთან თავადაც გაგზავნოს.
საბჭოთა წარსულის გათვალისწინებით, წიგნის კითხვისას ხვდები, რომ აღწერილი ამბები სულაც არ არის გადაჭარბებული. აქ მოთხრობილი თითოეული ისტორია ბუნებრივად მძიმე და მძაფრია, რადგან ის რეალობა, რომელშიც ვა, სოფელოს პერსონაჟების პროტოტიპები ცხოვრობდნენ, თავად იყო ასეთი შავბნელი.
ახალი სისტემის შენების პროცესი ასეთი იყო: მტრის ახალ-ახალი ხატების შექმნა, სახელმწიფო მმართველების ღმერთებად ქცევა, უტოპიური იდეების აგიტაცია, საყოველთაო უნდობლობის გავრცელება. ეს ყველაფერი კომუნისტური და ზოგადად ტოტალიტალური რეჟიმისთვის დამახასიათებელი ნიშნებია. წიგნის პერსონაჟები სწორედ ამ მექანიზმში ცდილობენ ცხოვრებას.
რომანი სამი ქალის, ევას, მაკასა და რუსუდანის მაგალითზე, მთელი ეპოქის ისტორიას გვიყვება. თავად მოქმედების სივრცეც მრავლისმთქმელია: მთლიანობაში ეს სქელტანიანი წიგნი მოხუცი ევას ცხედართან გამთენებლების, მთხრობელისა და თავისი ბებიის საუბარია. პერსონაჟთა ენა კი ისეთი მდიდარი, და თან უშუალოა, რომ კითხვის პროცესსაც ამ ძველი სარდაფის, ჭუჭყის, ძლივს მბჟუტავი ცეცხლისა და, იქვე დასვენებული ცხედრის წყალობით, სიკვდილის სუნი გასდევს.
ამ პატარა სივრცეში ბებიას ტკბილი ენით გახსენებული მწარე ამბები რეპრესიებსა და საბჭოთა კავშირზე, ტრაგიზმს ცხადად გადმოსცემს, მაგრამ თან ძველი დროის ნოსტალგიაც შემოაქვს საყვარელ თელავსა და ძველ ვნებათაღელვებზე. მტკივნეული, პირდაპირი და ნამდვილი — სწორედ ასეთია რომანის თხრობის სტილი.
ნაწარმოების სათაური შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანთანაა გადაძახილი. ზაირა არსენიშვილმა ამ პოემის მთელი ავლა-დიდება ისე დახვეწილად ჩააქსოვა თავის წიგნში, რომ არ შეიძლება სიამაყე და პატივისცემა არ იგრძნო იმ დროის მიმართ, როცა ვინმე მესხი მელექსე ლეგენდარულ ამბავს თხზავდა. ამავდროულად კი იმ ადამიანების მიმართაც ივსები თანაგრძნობით, რომლებიც მოგვიანებით ევას, რუსუდანისა და მაკას მსგავსად, ბოროტების იმპერიის კლანჭებისგან ამ კულტურული განძის დაცვას, პოემის მთავარი ღირებულებების შენარჩუნებას ცდილობდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირში ვეფხისტყაოსანი აკრძალული არ ყოფილა, რომანში კარგად ჩანს, რომ ეს ბევრს არაფერს ცვლიდა, რადგან იმ დროს ტექსტის ბრმად წაკითხვა უფრო ხშირი იყო, ვიდრე გააზრება და პოემის მთავარი ღირებულებების მიხედვით ცხოვრება. აღმოჩნდა, რომ საბჭოთა რეალობაში ვეფხისტყაოსნის შეგონებებით არსებობა ძალიან რთული ამოცანა იყო. ამას კი რომანის პერსონაჟებიც იაზრებენ.
წიგნში მოთხრობილი ამბავი სიუჟეტურ დონეზეც ჰგავს ჩვენს საკულტო პოემას: ტანჯული მიჯნურები და მუხთალი წუთისოფელი, რომელთან ბრძოლაც თითოეულ გმირს საკუთარი ძალებით უწევს. ამის მაგალითია ევას პერსონაჟი, რომლის სიყვარულის ისტორიაც აუცილებლად მოგხვდებათ გულზე. ის თანამედროვე ნესტან-დარეჯანია, ოღონდ კიდევ უფრო მეტად ტრაგიკული. მოხუცი ევას ცხოვრება, მტანჯველი საწუთროს წყალობით, ნაადრევად დაემსგავსა ქაჯეთის ციხეში გამოკეტილად ყოფნასა და ხსნის — სატრფოს ლოდინს, რომელიც, საუბედუროდ, არასდროს მოვა.
ეს პირადი ტრაგედიები პირდაპირ გადახლართულია იმ დიდ ბოროტებასთან, რომელიც მეოცე საუკუნეში მილიონობით ადამიანმა საბჭოთა კავშირის სახით გადაიტანა. იქიდან გამომდინარე, რომ სიუჟეტი 20-იანი და 50-იანი წლების შესახებაა, ძალიან კარგად ჩანს, როგორი იყო რეჟიმის საწყისი ეტაპი და რა სახე მიიღო მან დროის სვლათან ერთად: თანასწორობის იდეებით შეპყრობილი ადამიანები ბოლოს პირდაპირ თუ ირიბად მაინც თავიანთი "საოცნებო" სისტემის მსხვერპლები ხდებიან. ხელოვნურად ჩაჭედილი იდეების წყალობით ისინი იქცევიან პროპაგანდის პროდუქტებად, რომლებისთვისაც თავისუფლება და საზღვრებს მიღმა აზროვნება უცხო და შემზარავია. "იმ საშინელმა აზრმაც კი გაურბინა გონებაში, ვინ იცის, სული მართლაც არსებობსო… ვინ იცის, არსებობს სული დამოუკიდებელი... თავისუფალი... შენდა მოულოდნელად, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით რომ შეგატყობინებს თავის არსებობასო, ვსუფევო, ვსუფევო..." — სწორედ ამ თავისუფალი სულის შებოჭვას ცდილობდა საბჭოთა კავშირი და ეს ავტორმა მოურიდებლად წარმოაჩინა.
ვა, სოფელო არის ისტორია გადარჩენილებზე; ადამიანებზე, რომლებიც ბევრჯერ მოკვდნენ და ფენიქსივით თავიდან გაცოცხლდნენ; ბავშვებზე, რომელთა დიდი ოცნებებიც დიდი სისტემის შენებას შეეწირა და მათი ფერადი ფანტაზიები ნაშენი კედლების აგურების ღრიჭოებში მოაქცია; ეს არის ისტორია შიშის მანქანაზე, "ახალი ადამიანის" წარმოქმნის მექანიზმსა და ძლივს მბჟუტავ იმედზე, რომელმაც ისინი განადგურებისგან იხსნა.
ზაირა არსენიშვილის დახვეწილი ქართულის წყალობით, რომელიც თხრობისას ბუნებრივად, ნარნარით მიედინება, სიუჟეტს ნოსტალგიური გემო ეპარება ბავშვობის ადგილებზე, სახლ-კარსა და ოჯახურ სითბოზე. მაგრამ, ამავდროულად, მას სასტიკი რეალობის ჩრდილიც გასდევს, რაც ამ საამო მოგონებების თავზე შავი ღრუბელივით ჩნდება. ავტორი თითოეულ პერსონაჟსა და თითოეულ ემოციას საოცარი ოსტატობით, გაბედული პირდაპირობით აცოცხლებს.
სწორედ ამიტომაა ეს წიგნი შემზარავი და შეუვალი ეპიტაფია ბოროტების იმპერისაა, რომელიც, საბედნიეროდ, განადგურდა, რადგან "არ შეიძლება არ დაინგრეს ქვეყანა, ადამიანის დამდაბლებასა და გაჩანაგებაზე აგებული, უზნეო, გაველურებული ქვეყანა, რომელსაც საშვილიშვილოდ გაყვება თავისი ცოდვები".
თუ მსგავსი ლიტერატურული სიახლეები არასდროს გყოფნის და თან ყოველთვის ეძებ ახალ საკითხავს, შემოგვიერთდი ჯგუფში – რა წავიკითხო?
კომენტარები