რატომ არის ხელოვნური ინტელექტის ბუმი კოვიდპანდემიაზე დიდი რამ — AI CEO-ს წერილი "შიდა სამზარეულოდან"
მეტ შუმერი ხელოვნური ინტელექტის სფეროში მოღვაწე ტექნოლოგიური კომპანიის, OthersideAI-ის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელია. თავის ახალ პუბლიკაციაში ავტორი ინდუსტრიის "შიდა სამზარეულოდან" იმ რეალობაზე გვიყვება, რომელიც საზოგადოებრივი აღქმისგან მკვეთრად განსხვავდება. ქვემოთ ამ სტატიის ქართულ ვერსიას წაიკითხავთ.
AI-ს მასშტაბი, რომელიც ჯერ კიდევ შეუმჩნეველია
გაიხსენეთ 2020 წლის თებერვალი.
თუ მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდებოდით, შეიძლება შეგემჩნიათ, რომ რამდენიმე ადამიანი ოკეანის მიღმა ვირუსის გავრცელებაზე საუბრობდა. თუმცა, ჩვენი უმეტესობა ამას დიდ ყურადღებას არ აქცევდა. საფონდო ბირჟა შესანიშნავად მუშაობდა, ბავშვებს სკოლაში უშვებდით, სტუმრობდით რესტორნებს, ნაცნობებს ხელს ართმევდით და მოგზაურობებს გეგმავდით. ვინმეს რომ ეთქვა, ტუალეტის ქაღალდს ვიმარაგებო, იფიქრებდით, რომ ინტერნეტის რომელიღაც უცნაურ "ბაბლში" ზედმეტად ბევრ დროს ატარებდა. შემდეგ კი, დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში, მთელი სამყარო სხვანაირი გახდა. თქვენი ოფისი დაიხურა, ბავშვები სახლში დაბრუნდნენ და ცხოვრება ისე შეიცვალა, პანდემიამდე ერთი თვით ადრე ასეთი რეალობის წარმოდგენაც რომ გაგიჭირდებოდათ. ვფიქრობ, ახლაც ასეთ ფაზაში ვართ: გვგონია, რომ ეს ყველაფერი გაზვიადებულია, როცა, რეალურად, კოვიდზე ბევრად, ბევრად დიდი ამბავი ხდება ჩვენს თავს.
ბოლო 6 წელი AI სტარტაპების შექმნასა და ამ სფეროში ინვესტირებას დავუთმე. მე ამ სამყაროში ვცხოვრობ. ამას კი ვწერ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ სფეროში არ საქმიანობენ, მათ შორის, ჩემი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის და იმ ხალხისთვის, ვინც ჩემთვის ძვირფასია; ამასთანავე, მათთვის, ვინც სულ მეკითხება: "აბა, რა ხდება ამ AI-ზე?" და პასუხად იმას იღებენ, რაც რეალობას ზუსტად ვერასდროს გადმოსცემს. მე მათ ყოველთვის მარტივად მოსმენად პასუხებს ვცემდი იმიტომ, რომ სიმართლე ისე ჟღერს, თითქოს ჭკუიდან შევიშალე. გარკვეული დროის განმავლობაში საკუთარ თავს ვუმტკიცებდი, რომ ეს საკმარისი მიზეზი იყო იმის დასამალად, რაც სინამდვილეში ხდება. თუმცა, ნაპრალი იმ მოცემულობებს შორის, რასაც ვამბობდი და რაც რეალურად ხდება, ზედმეტად გაიზარდა. ადამიანები, რომლებიც ჩემთვის ძვირფასია, იმსახურებენ მოისმინონ, თუ რა გველოდება, თუნდაც ეს გიჟურად ჟღერდეს.
თავიდანვე ერთი რამ მინდა დავაზუსტო: მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტის სფეროში ვმუშაობ, მე თითქმის არანაირი გავლენა არ მაქვს იმაზე, რა მოხდება. მომავალს ადამიანთა საოცრად მცირე ჯგუფი აყალიბებს: რამდენიმე ასეული მკვლევარი რამდენიმე კომპანიაში — OpenAI, Anthropic, Google DeepMind და კიდევ რამდენიმე სხვა. სულ რამდენიმე თვე და მცირე გუნდის მიერ შექმნილი პროექტიც კი საკმარისია, რომ შეიქმნას AI, რომელიც ამ სფეროს მომავალს სრულად შეცვლის. ჩვენგან უმეტესობა, ვინც ხელოვნურ ინტელექტზე ვმუშაობთ, იმ საძირკველზე ვაშენებთ, რომელიც ჩვენ არ ჩაგვიყრია. ჩვენ ამ ყველაფრის განვითარებას ისევე ვუყურებთ, როგორც თქვენ, უბრალოდ, პროცესებთან საკმარისად ახლოს ვართ იმისთვის, რომ მიწისძვრის პირველი ბიძგები ვიგრძნოთ.
მაგრამ ახლა უკვე დროა. არა იმ გაგებით, რომ "ოდესმე ამაზე უნდა ვილაპარაკოთ", არამედ იმ გაგებით, რომ "ეს ახლა ხდება და მჭირდება, რომ გესმოდეთ".
AI ადამიანებისგან ინსტრუქციას აღარ ელოდება
არის ერთი რამ, რაც ტექნოლოგიური სფეროს მიღმა ჯერ კიდევ არავის ესმის: მიზეზი, რის გამოც ინდუსტრიაში მომუშავე ამდენი ადამიანი ახლა განგაშის ზარს სცემს, არის ის, რომ ეს ჩვენ უკვე დაგვემართა. ჩვენ პროგნოზებს კი არ ვაკეთებთ, არამედ გიყვებით იმას, რაც ჩვენს სამსახურებში უკვე მოხდა და გაფრთხილებთ — შემდეგი თქვენ ხართ.
წლების განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი სტაბილურად უმჯობესდებოდა. აქა-იქ დიდი ნახტომებიც იყო, მაგრამ მათ შორის საკმარისი დრო რჩებოდა იმისთვის, რომ სიახლეები ნელ-ნელა აგვეთვისებინა. შემდეგ კი, 2025 წელს, ამ მოდელების აგების ახალმა ტექნიკებმა პროგრესის ტემპი მკვეთრად დააჩქარა. მერე კიდევ უფრო აჩქარდა და კიდევ. ყოველი ახალი მოდელი წინაზე უბრალოდ უკეთესი კი არ იყო, არამედ ის ბევრად დიდი უპირატესობით სჯობნიდა წინამორბედს, ხოლო ახალი ვერსიების გამოშვებას შორის დრო სულ უფრო მცირდებოდა. მე სულ უფრო ხშირად ვიყენებდი AI-ს და სულ უფრო ნაკლებად მიწევდა მასთან დეტალების დაზუსტება. ვუყურებდი, როგორ აკეთებდა ის იმ საქმეებს, რომლებზეც ადრე ვფიქრობდი, რომ ჩემს კომპეტენციას მოითხოვდა.
შემდეგ კი, 5 თებერვალს, ხელოვნური ინტელექტის ორმა წამყვანმა ლაბორატორიამ ახალი მოდელები ერთ დღეს გამოუშვა: OpenAI-მ — GPT-5.3 Codex, ხოლო Anthropic-მა (Claude-ის შემქმნელმა) — Opus 4.6. და სწორედ მაშინ შეიცვალა რაღაც, ოღონდ არა მყისიერად. ეს უფრო იმ მომენტს ჰგავდა, როცა აცნობიერებ, რომ წყალი შენ გარშემო სულ უფრო მაღლა იწევს და უკვე მკერდამდე მოგწვდა.
ჩემი სამუშაოს ტექნიკური შესრულებისთვის მე აღარ ვარ საჭირო. მარტივი ინგლისურით აღვწერ, რისი გაკეთება მინდა და ის უბრალოდ ჩნდება, ოღონდ არა როგორც შავი მასალა, რომელიც მომავალში მე უნდა შევასწორო, არამედ როგორც დასრულებული პროდუქტი. ვეუბნები AI-ს, რა მინდა, ვშორდები კომპიუტერს ოთხი საათით და როცა ვბრუნდები, სამუშაო შესრულებულია. შესრულებულია კარგად, იმაზე უკეთესადაც კი, ვიდრე მე გავაკეთებდი და არანაირ შესწორებას არ საჭიროებს. სულ რაღაც ორიოდე თვის წინ AI-სთან მუდმივი დიალოგი მქონდა, როცა მის ნამუშევარს ვასწორებდი და მივუთითებდი. ახლა კი უბრალოდ მითითებას ვაძლევ და მარტო ვტოვებ.
მაგალითს მოგიყვანთ, რომ მიხვდეთ, როგორ გამოიყურება ეს პრაქტიკაში. AI-ს ვეუბნები: "მინდა ამ აპლიკაციის აწყობა. აი, რა უნდა გააკეთოს მან და დაახლოებით ასე უნდა გამოიყურებოდეს. მოიფიქრე მომხმარებელთა მოგზაურობის რუკა, დიზაინი, ყველაფერი". და ის ამას მართლა აკეთებს. წერს ათობით ათას კოდის ხაზს. შემდეგ კი ხდება ის, რაც ერთი წლის წინ წარმოუდგენელი იქნებოდა — ის თავად ხსნის აპლიკაციას, აჭერს ღილაკებს და ტესტავს ფუნქციებს. იყენებს აპლიკაციას ისე, როგორც ამას ადამიანი იზამდა. თუ რაღაცის ვიზუალი ან მუშაობის პრინციპი არ მოეწონება, ბრუნდება და თავადვე ცვლის. ის დეველოპერივით იმეორებს პროცესს, ასწორებს და ხვეწს მანამ, სანამ კმაყოფილი არ დარჩება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გადაწყვეტს, რომ აპლიკაცია მისსავე სტანდარტებს აკმაყოფილებს, მიბრუნდება და მეუბნება: "მზადაა ტესტირებისთვის". და როცა ვტესტავ, აპლიკაცია, როგორც წესი, იდეალურია.
არ ვაზვიადებ. ასე გამოიყურებოდა ჩემი ორშაბათი ამ კვირაში.
თუმცა, ყველაზე მეტად წინა კვირას გამოსულმა მოდელმა (GPT-5.3 Codex) დამზაფრა. მოდელი უბრალოდ ჩემს ინსტრუქციებს კი არ ასრულებდა, არამედ ინტელექტუალურ გადაწყვეტილებებს იღებდა. მას გაუჩნდა რაღაც, რაც პირველად ჰგავდა გონებრივ განსჯას, რაღაც გემოვნების მსგავსს. ეს არის ის აუხსნელი შეგრძნება, როცა იცი, რა არის სწორი გადაწყვეტილება — რაზეც ყოველთვის ამბობდნენ, რომ AI-ს არასოდეს ექნებოდა. ამ მოდელს ეს აქვს, ან რაღაც იმდენად მიახლოებული, რომ განსხვავებას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს.
AI ინსტრუმენტების ერთ-ერთი პირველი ამთვისებელი ვიყავი, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვემ მეც კი შოკში ჩამაგდო. ხელოვნური ინტელექტის ეს ახალი მოდელები ძველის ეტაპობრივი გაუმჯობესება კი არა, სრულიად სხვა რამეა.
აი, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი თქვენთვის, მაშინაც კი, თუ ტექნოლოგიურ სფეროში არ მუშაობთ:
AI ლაბორატორიებმა გააზრებული არჩევანი გააკეთეს. პირველ რიგში, მათ ყურადღება AI-სთვის კოდის წერის სწავლებაზე გაამახვილეს. ეს იმიტომ, რომ თავად ხელოვნური ინტელექტის შექმნას ბევრი კოდი სჭირდება. თუ AI ამ კოდის წერას შეძლებს, მას საკუთარი თავის მომდევნო ვერსიის შექმნა შეეძლება. უფრო ჭკვიანი ვერსიის, რომელიც კიდევ უკეთეს კოდს დაწერს და კიდევ უფრო ჭკვიან ვერსიას შექმნის. კოდირების სრულყოფა სტრატეგია იყო, რომელმაც ყველა სხვა შესაძლებლობის კარი გააღო. სწორედ ამიტომ გააკეთეს ეს პირველ რიგში. ჩემი სამსახური თქვენსაზე ადრე იმიტომ კი არ იცვლება, რომ პროგრამისტები ამოიღეს მიზანში, არამედ ეს უბრალოდ იმის გვერდითი მოვლენაა, თუ საით მიმართეს პირველი დარტყმა.
ის გამოცდილება, რომელიც ტექ-სფეროს თანამშრომლებს გასულ წელს ჰქონდათ — როცა ვუყურებდით, როგორ იქცა AI "დამხმარე ხელსაწყოდან" ვიღაცად, ვინც "ჩემს საქმეს ჩემზე უკეთ აკეთებს" — ყველას გელით. სამართალი, ფინანსები, მედიცინა, ბუღალტერია, კონსულტაცია, წერა, დიზაინი, ანალიტიკა, მომხმარებელთა მომსახურება — ამ სფეროებში ცვლილებას ათი წელი არ დასჭირდება. სისტემების შემქმნელების ვარაუდით, პირობითი დრო ერთიდან ხუთ წლამდეა, ზოგი კი უფრო ნაკლებსაც ასახელებს. იმის გათვალისწინებით, რაც ბოლო რამდენიმე თვეში ვნახე, ვფიქრობ, "ნაკლები" უფრო სავარაუდოა.
რეალობა, რომელსაც ჯერ ვერ ხედავთ
"მე ვცადე AI და ისეთი არაფერი იყო", — ეს სიტყვები მუდმივად მესმის. მესმის იმიტომ, რომ ეს ერთ დროს სიმართლე იყო.
თუ თქვენ ChatGPT-ს 2023 წელს ან 2024 წლის დასაწყისში იყენებდით და ფიქრობდით: "ეს რაღაცებს იგონებს" ან "არც ისე შთამბეჭდავია", მართალი იყავით. ადრეული ვერსიები მართლაც შეზღუდული იყო და სისულელეებს დარწმუნებით ამტკიცებდა.
ეს ორი წლის წინ იყო, რაც ხელოვნური ინტელექტის დროით უკვე პრეისტორიაა.
GPT-ის სამი მოდელის შედარება
ფოტო: felloAI
დღევანდელი მოდელები იმდენად შეცვლილია, რომ ექვსი თვის წინანდელთან შედარებითაც კი ვერ იცნობთ. დებატები იმის შესახებ, AI მართლა უმჯობესდება თუ განვითარების პიკს მიაღწია და გაჩერდა, დასრულებულია.
ვინც ჯერ კიდევ ამ არგუმენტს იყენებს, ან თანამედროვე მოდელები არ გამოუყენებია, ან ცდილობს, მომხდარი ნაკლებად სერიოზულად წარმოაჩინოს, ან ჯერ კიდევ 2024 წლის გამოცდილებით მსჯელობს, რაც დღეს უკვე რელევანტური აღარაა. ამას ვინმეს დასამცირებლად არ ვამბობ, არამედ იმიტომ, რომ ახლა განსხვავება საზოგადოებრივ აღქმასა და არსებულ რეალობას შორის უკვე კოლოსალურია. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ეს განსხვავება საშიშიც კი არის, რადგან ადამიანებს მომავლისთვის მომზადებაში ხელს უშლის.
პრობლემის ნაწილი ისაა, რომ ადამიანების უმეტესობა AI-ის უფასო ვერსიებს იყენებს. უფასო ვერსიები კი მინიმუმ ერთი წლით ჩამორჩება იმას, რაზეც ფასიან მომხმარებლებს აქვთ წვდომა. ხელოვნური ინტელექტის უფასო ChatGPT-ით შეფასება იგივეა, რომ სმარტფონების მდგომარეობა ძველი "გასაშლელი" ტელეფონით განსაჯოთ. ის ხალხი, ვინც საუკეთესო ხელსაწყოებში ფულს იხდის და მათ ყოველდღიურად რეალურ საქმეში იყენებს, ხედავს, რა გველოდება.
ჩემს იურისტი მეგობარი გამახსენდა. სულ ვეუბნები, რომ თავის ფირმაში AI გამოიყენოს, ის კი მუდმივად პოულობს მიზეზებს, რატომ არ იმუშავებს ეს. ამბობს, რომ ის მისი პროფესიისათვის არ არის შექმნილი, რომ ტესტირებისას შეცდომა დაუშვა, რომ AI-ს არ ესმის მისი საქმის ნიუანსები. მესმის მისი. თუმცა, რჩევისთვის მსხვილი იურიდიული ფირმების პარტნიორებიც მიკავშირდებიან, რადგან მათ ახალი ვერსიები სცადეს და ხედავენ, საით მიდის პროცესი. ერთ-ერთი მათგანი, დიდი კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ყოველდღე საათებს ატარებს AI-სთან. მან მითხრა, რომ ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობა ასისტენტების მთელი გუნდის ყოლას ჰგავს, რომლებიც მყისიერად ხელმისაწვდომნი არიან. ის AI-ის იმიტომ კი არ იყენებს, რომ სათამაშოა, არამედ იმიტომ, რომ მუშაობს. ამ ადამიანმა ისეთი რამ მითხრა, რაც დღემდე მახსოვს: ყოველ რამდენიმე თვეში AI მისი საქმისთვის საგრძნობლად უფრო გამოსადეგი ხდება. მან თქვა, რომ თუ პროცესი ასე გაგრძელდა, მალე ხელოვნური ინტელექტი შეძლებს გააკეთოს თითქმის ყველაფერი, რასაც თავად აკეთებს. ის კომპანიის ხელმძღვანელია ათწლეულების გამოცდილებით და არ ნერვიულობს, მაგრამ ყველაფერს ყურადღებით აკვირდება.
ისინი, ვინც საკუთარ სფეროში ლიდერობენ და ხელოვნურ ინტელექტთან სერიოზულ ექსპერიმენტებს უკვე ატარებენ, ამ ყველაფერს სკეპტიკურად სულაც არ უყურებენ. პირიქით, ისინი გაოგნებულები არიან იმით, თუ რისი გაკეთება შეუძლია AI-ს უკვე დღეს. სწორედ ამიტომ, ისინი თავიანთ სტრატეგიასა და პოზიციებს ამ ახალი რეალობის შესაბამისად ცვლიან.
AI აღარ არის ის, რაც ერთი წლის წინ იყო
მოდით, პროგრესის ტემპი უფრო თვალსაჩინო გავხადოთ, რადგან ვფიქრობ, რომ თუ პროცესებს ახლოდან არ აკვირდებით, ეს სწორედ ის ნაწილია, რომლის დაჯერებაც ყველაზე რთულია.
- 2022 წელს AI-ს ელემენტარული არითმეტიკის სწორად შესრულებაც კი არ შეეძლო. მას შეეძლო დარწმუნებით ეთქვა, რომ 7 × 8 = 54.
- 2023 წლისთვის მან იურიდიული საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება შეძლო.
- 2024 წელს მან უკვე ისწავლა კოდირება და რთული სამეცნიერო საკითხების პროფესიულ დონეზე ახსნა.
- 2025 წლის ბოლოს, მსოფლიოს რამდენიმე საუკეთესო ინჟინერმა განაცხადა, რომ კოდირების სამუშაოს უდიდესი ნაწილი AI-ს გადააბარა.
- 2026 წლის 5 თებერვალს ახალი მოდელები გამოვიდა, რომლებმაც ყველაფერი, რაც მანამდე არსებობდა, სხვა ეპოქად აქცია.
თუ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში AI არ გამოგიყენებიათ, დღევანდელი ვერსიის ცნობა გაგიჭირდებათ.
ერთ-ერთი ორგანიზაცია — METR — ამ ყველაფერს მონაცემებით ზომავს. ისინი აკვირდებიან რეალური ამოცანების ამოხსნის ხანგრძლივობას (იმის მიხედვით, თუ რა დრო სჭირდება მათ შესასრულებლად ექსპერტს), რომელთა დასრულებაც მოდელს დამოუკიდებლად, ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლია. დაახლოებით ერთი წლის წინ, პასუხი დაახლოებით ათი წუთი იყო. შემდეგ ეს დრო ერთ საათამდე გაიზარდა, შემდეგ კი რამდენიმე საათამდე. ბოლო გაზომვამ (Claude Opus 4.5, ნოემბერი) აჩვენა, რომ AI ასრულებს დავალებებს, რომლებსაც ექსპერტი თითქმის ხუთ საათს ანდომებს. ეს მაჩვენებელი დაახლოებით ყოველ შვიდ თვეში ორმაგდება, ბოლო მონაცემებით კი, ეს პროცესი შესაძლოა ყოველ ოთხ თვემდეც კი დაჩქარდეს.
თუმცა, ამ გაზომვებში ჯერ კიდევ არ არის ასახული ის მოდელები, რომლებიც ამ კვირაში გამოვიდა. ჩემი გამოცდილებით, ნახტომი უკიდურესად დიდია. ველოდები, რომ METR-ის გრაფიკის შემდეგი განახლება კიდევ ერთ მასშტაბურ ნახტომს აჩვენებს.
თუ ამ ტენდენციას მივყვებით — რომელიც უკვე წლებია სტაბილურად ნარჩუნდება — მომავალ წელს მივიღებთ AI-ს, რომელიც დამოუკიდებლად, რამდენიმე დღის განმავლობაში შეძლებს მუშაობას. ორ წელიწადში ეს პერიოდი კვირებამდე გაიზრდება, სამ წელში კი ის უკვე თვეებზე გაწერილი პროექტების შესრულებასაც შეძლებს.
დარიო ამოდეიმ თქვა, რომ AI მოდელების შექმნა, რომლებიც "თითქმის ყველა ადამიანზე, თითქმის ყველა დავალებაში მნიშვნელოვნად ჭკვიანი იქნება", 2026 ან 2027 წლისთვისაა მოსალოდნელი.
ამაზე ერთი წამით დაფიქრდით. თუ AI თითქმის ყველა მეცნიერებათა დოქტორზე ჭკვიანია, მართლა გგონიათ, რომ ის ვერ შეძლებს საოფისე სამუშაოების უმეტესობის შესრულებას?
დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს თქვენი საქმისთვის.
"ინტელექტის აფეთქება" — პირველი მოდელი, რომელმაც საკუთარი თავის განვითარებაში მიიღო მონაწილეობა
ყურადღება უნდა გავამახვილო კიდევ ერთი ფაქტზე, რაც, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავდროულად ყველაზე ნაკლებად გაცნობიერებული მოვლენაა.
5 თებერვალს, როდესაც OpenAI-მ GPT-5.3 Codex გამოუშვა, ტექნიკურ დოკუმენტაციაში მათ ასეთი რამ ჩაწერეს:
GPT-5.3-Codex არის ჩვენი პირველი მოდელი, რომელმაც საკუთარი თავის შექმნაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. Codex-ის გუნდი მოდელის ადრეულ ვერსიებს საკუთარი სწავლების პროცესში ხარვეზების აღმოსაფხვრელად, საკუთარი სამუშაო გარემოს მოსაწყობად და ტესტირების შედეგებისა თუ შეფასებების დიაგნოსტიკისთვის იყენებდა“.
წაიკითხეთ ეს კიდევ ერთხელ: AI-მ საკუთარი თავის შექმნაში მიიღო მონაწილეობა.
ეს არ არის პროგნოზი იმის შესახებ, თუ რა შეიძლება ოდესმე მოხდეს. ეს არის OpenAI, რომელიც პირდაპირ გეუბნებათ, რომ მოდელი, რომელიც მათ ახლახან გამოუშვეს, საკუთარი თავის შესაქმნელად გამოიყენეს. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც AI-ს აუმჯობესებს, AI-ს განვითარების პროცესში ჩართული ინტელექტია. ახლა კი ხელოვნური ინტელექტი უკვე საკმარისად გონიერია იმისთვის, რომ საკუთარ გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.
დარიო ამოდეი, Anthropic-ის აღმასრულებელი დირექტორი, ამბობს, რომ მათ კომპანიაში კოდის "დიდ ნაწილს" უკვე AI წერს და უკუკავშირის ციკლი არსებულ და მომავალი თაობის AI-ებს შორის "თვიდან თვემდე სულ უფრო მეტ ძალას იკრებს". მისი თქმით, ჩვენ შესაძლოა სულ რაღაც 1-2 წელი გვაშორებდეს იმ წერტილამდე, როდესაც ხელოვნური ინტელექტის არსებული თაობა სრულიად ავტონომიურად შექმნის მომდევნოს.
AI-ის თითოეული თაობა მომდევნოს აშენებაში გვეხმარება. AI-მ საკუთარი თავის შექმნაში მიიღო მონაწილეობა და გაჩნდა ვერსია, რომელიც უფრო ჭკვიანია, კიდევ უფრო სწრაფად აშენებს შემდეგს და კიდევ უფრო გონიერი იქნება. მკვლევრები ამას "ინტელექტის აფეთქებას" უწოდებენ. ხოლო მათ, ვინც ეს ყველაზე უკეთ იცის — ვინც ამ სისტემებს აშენებს — სჯერათ, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია.
რას ნიშნავს ეს თქვენი სამსახურისთვის?
პირდაპირი ვიქნები, რადგან დამამშვიდებელ ტყუილზე მეტად სიმართლეს იმსახურებთ.
დარიო ამოდეიმ, რომელიც AI ინდუსტრიაში, ალბათ, ყველაზე მეტად უსაფრთხოებაზეა ფოკუსირებული, საჯაროდ იწინასწარმეტყველა, რომ ხელოვნური ინტელექტი მომდევნო 1-5 წელიწადში საოფისე სამუშაო ადგილების 50%-ს გააუქმებს. ინდუსტრიაში ბევრი ფიქრობს, რომ ის ზედმეტად ოპტიმისტურადაც კი აფასებს სიტუაციას. იმის გათვალისწინებით, თუ რა შეუძლიათ უახლეს მოდელებს, მასშტაბური რყევების პოტენციალი უკვე ამ წლის ბოლოსთვის აშკარა გახდება. ეკონომიკაში ამ ყველაფრის სრულად ასახვას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ საფუძველი უკვე მზადაა.
ეს ავტომატიზაციის ყველა წინა ტალღისგან განსხვავდება და მინდა გაიგოთ, რატომ. AI ერთ კონკრეტულ უნარს არ ანაცვლებს. ის გონებრივი და კოგნიტიური შრომის ზოგადი შემცვლელია. ის ყველაფერში ერთდროულად უმჯობესდება. როდესაც ქარხნებში რობოტები გამოჩნდნენ, უმუშევრად დარჩენილ ადამიანს ოფისში გადასასვლელად გადამზადება შეეძლო. როდესაც ინტერნეტმა ვაჭრობის სფერო შეცვალა, მუშახელი ლოგისტიკასა და სერვისებში გადავიდა. მიუხედავად ამისა, AI მოსახერხებელ თავისუფალ სივრცეს იქ არასდროს ტოვებს, სადაც სამუშაოდ გადაინაცვლებთ. რისთვისაც არ უნდა გადაემზადოთ, ის იმ სფეროშიც გაუმჯობესდება.
მოდით, რამდენიმე კონკრეტულ მაგალითს მოგიყვანთ, რომ ეს ყველაფერი ხელშესახები გახდეს. თუმცა, ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს მხოლოდ მაგალითებია. სია ამით არ მთავრდება. თუ თქვენი პროფესია აქ ნახსენები არ არის, ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხე არ გემუქრებათ. გავლენა თითქმის ყველა სფეროზე ვრცელდება:
- იურიდიული სამუშაო: AI-ს უკვე შეუძლია კონტრაქტების კითხვა, სასამართლო პრაქტიკის შეჯამება, სარჩელების მომზადება და იურიდიული კვლევა იმ დონეზე, რაც უმცროსი იურისტების მუშაობას უტოლდება. კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელიც ვახსენე, AI-ს იმიტომ კი არ იყენებს, რომ ერთობა, არამედ იმიტომ, რომ ის ბევრ დავალებაში მის თანამშრომლებზე უკეთესია.
- ფინანსური ანალიზი: იქნება ეს ფინანსური მოდელების აგება, მონაცემთა ანალიზი, საინვესტიციო მემორანდუმების წერა თუ რეპორტების მომზადება, AI ამ ყველაფერს კომპეტენტურად აკეთებს და სწრაფად ვითარდება.
- ტექსტები და კონტენტი: მარკეტინგული ტექსტები, რეპორტები, ჟურნალისტიკა, ტექნიკური წერა. ხარისხმა იმ ნიშნულს მიაღწია, როდესაც პროფესიონალების უმეტესობა AI-სა და ადამიანის ნამუშევარს ვეღარ ასხვავებს.
- პროგრამული ინჟინერია: ეს ის სფეროა, რომელსაც ყველაზე კარგად ვიცნობ. ერთი წლის წინ AI კოდის რამდენიმე ხაზს შეცდომების გარეშე ძლივს წერდა. ახლა ხელოვნური ინტელექტი ასობით ათას ხაზს წერს, რომელიც უშეცდომოდ მუშაობს. სამუშაოს დიდი ნაწილი უკვე ავტომატიზებულია: არა მხოლოდ მარტივი დავალებები, არამედ კომპლექსური, მრავალდღიანი პროექტები. რამდენიმე წელიწადში პროგრამისტებზე გაცილებით ნაკლები ვაკანსია იქნება, ვიდრე დღეს არის.
- სამედიცინო ანალიზი: სკანირების პასუხების კითხვა, ლაბორატორიული შედეგების ანალიზი, დიაგნოზების შეთავაზება, სამეცნიერო ლიტერატურის განხილვა. რამდენიმე სფეროში AI უკვე უახლოვდება ან აჭარბებს ადამიანის შესაძლებლობებს.
- მომხმარებელთა მომსახურება: ნამდვილად ქმედითი AI აგენტები — და არა ის გამაღიზიანებელი ჩატბოტები, რომლებიც ხუთი წლის წინ გვქონდა — უკვე ინერგება და კომპლექსურ, მრავალსაფეხურიან პრობლემებს აგვარებს.
ბევრ ადამიანს ის აზრი ამშვიდებს, რომ გარკვეული სფეროები დაცულია — რომ AI-ს მხოლოდ რუტინული საქმის კეთება შეუძლია, მაგრამ ადამიანურ განსჯას, კრეატიულობას, სტრატეგიულ აზროვნებასა და ემპათიას ვერ ჩაანაცვლებს. მეც ასე ვამბობდი. ახლა აღარ ვარ დარწმუნებული, რომ ამის მჯერა.
უახლესი AI მოდელები იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გონებრივ განსჯას ჰგავს. მათ გამოავლინეს რაღაც, რაც გემოვნებას ჰგავს: ინტუიციური შეგრძნება იმისა, თუ რა იქნებოდა სწორი ნაბიჯი და არა უბრალოდ ტექნიკურად გამართული პასუხი. ერთი წლის წინ ეს წარმოუდგენელი იქნებოდა. ჩემი ოქროს წესი ასეთია: თუ მოდელი დღეს რაიმე უნარის ნიშანწყალს მაინც ავლენს, მომდევნო თაობა მასში უკვე გაცილებით კარგი იქნება.
შეძლებს AI ნამდვილი ადამიანური ემპათიის გამეორებას? ჩაანაცვლებს წლების განმავლობაში ნაშენებ ნდობას? არ ვიცი. შესაძლოა, არა. თუმცა, უკვე ვხედავ ადამიანებს, რომლებიც AI-ს ემოციური მხარდაჭერისთვის, რჩევებისთვისა და სამეგობროდ იყენებენ. ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაიზრდება.
ვფიქრობ, გულწრფელი პასუხი ასეთია: საშუალოვადიან პერსპექტივაში არაფერია დაცული, რისი გაკეთებაც კომპიუტერით შეიძლება. თუ თქვენი სამუშაო ეკრანთანაა ასოცირებული (თუ თქვენი საქმის არსი კითხვა, წერა, ანალიზი, გადაწყვეტილების მიღება ან კლავიატურის საშუალებით კომუნიკაციაა), მაშინ AI თქვენი საქმის მნიშვნელოვან ნაწილს აუცილებლად შეეხება. ეს "ოდესმე" კი არ მოხდება, პროცესი უკვე დაწყებულია.
საბოლოოდ, რობოტები ფიზიკურ შრომასაც შეითვისებენ. ისინი ამ დონეზე ჯერ კიდევ არ არიან. თუმცა, ხელოვნური ინტელექტის ენაზე "ჯერ არა" იმას ნიშნავს, რომ ის იმაზე სწრაფად რეალიზდება, ვიდრე ამას ვინმე მოელის.
რა უნდა გააკეთოთ ახლა?
ამას იმისთვის არ ვწერ, რომ თავი უმწეოდ იგრძნოთ. ამას ვწერ იმიტომ, რომ მჯერა — დღეს თქვენი ყველაზე დიდი უპირატესობა "პირველობაა". იყოთ პირველი, ვინც ამას გაიგებს; პირველი, ვინც გამოიყენებს; პირველი, ვინც ადაპტირდება.
დაიწყეთ AI-ს სერიოზულად გამოყენება და არა უბრალოდ საძიებო სისტემის სახით. დარეგისტრირდით Claude-ის ან ChatGPT-ის ფასიან ვერსიაზე. ეს თვეში 20 დოლარი ღირს, მაგრამ აქ ორი რამ არის გადამწყვეტი:
დარწმუნდით, რომ საუკეთესო მოდელს იყენებთ. ხშირად ეს აპლიკაციები ავტომატურად უფრო სწრაფ, მაგრამ "სულელ" მოდელზეა დაყენებული. შეძვერით პარამეტრებში და აირჩიეთ ყველაზე ძლიერი ვერსია. ამ მომენტისთვის ეს არის GPT-5.2 (ChatGPT-ში) ან Claude Opus 4.6 (Claude-ში). რეიტინგი ყოველ ორ თვეში იცვლება. თუ გსურთ იცოდეთ, რომელი მოდელია საუკეთესო კონკრეტულ მომენტში, შეგიძლიათ X-ზე გამომყვეთ (@mattshumer_). მე ყველა დიდ გამოშვებას ვტესტავ და ვწერ, თუ რისი გამოყენება ღირს.
ნუ დასვამთ მხოლოდ მოკლე კითხვებს. ეს მთავარი შეცდომაა. ხალხი მას ისე ეპყრობა, როგორც Google-ს და მერე უკვირთ, ასეთი რა ხდებაო. ამის ნაცვლად, ხელოვნური ინტელექტი თქვენს რეალურ სამუშაოში ჩართეთ. თუ იურისტი ხართ, მიეცით კონტრაქტი და სთხოვეთ, იპოვოს ყველა პუნქტი, რომელიც თქვენს კლიენტს აზარალებს. თუ ფინანსებში ხართ, მიეცით არეული ცხრილები და მოდელის აგება სთხოვეთ. თუ მენეჯერი ხართ, ჩაუგდეთ გუნდის კვარტალური მონაცემები და ანალიზი სთხოვეთ. ადამიანები, რომლებიც წინ მიიწევენ, AI-ს უბრალოდ არ იყენებენ — ისინი ეძებენ გზებს იმ საქმის ავტომატიზაციისთვის, რომელიც ადრე საათებს ართმევდათ. დაიწყეთ იმით, რაზეც ყველაზე დიდ დროს ხარჯავთ და ნახეთ, რა მოხდება.
ნუ იფიქრებთ, რომ AI რაღაცას ვერ იზამს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს რთულად გეჩვენებათ. სცადეთ. თუ ბუღალტერი ხართ, მხოლოდ საგადასახადო წესის განმარტებას ნუ სთხოვთ — მიეცით კლიენტის სრული დეკლარაცია და ნახეთ, რას აღმოაჩენს. პირველი მცდელობა შესაძლოა იდეალური არ იყოს, მაგრამ დახვეწეთ კითხვა, მიეცით მეტი კონტექსტი და ხელახლა სცადეთ. შედეგი გაგაოცებთ. და დაიმახსოვრეთ: თუ რაღაც დღეს "ასე თუ ისე მუშაობს", ექვს თვეში ის იდეალურად იმუშავებს. პროგრესს მხოლოდ ერთი მიმართულება აქვს.
ეს შესაძლოა თქვენი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი წელი იყოს. იმოქმედეთ შესაბამისად. ამას თქვენს დასასტრესად არ ვამბობ. უბრალოდ, ახლა ის დროა, როცა კომპანიების უმეტესობა ამას ჯერ კიდევ აიგნორებს. ადამიანი, რომელიც შეხვედრაზე შევა და იტყვის: "ეს ანალიზი, რომელსაც სამი დღე სჭირდებოდა, AI-თ ერთ საათში გავაკეთე", ყველაზე ღირებული ფიგურა იქნება არა ოდესმე, არამედ ახლა. აითვისეთ ეს ხელსაწყოები. გახდით პროფესიონალი მათ გამოყენებაში. აჩვენეთ სხვებს, რა არის შესაძლებელი. თუ საკმარისად ადრე დაიწყებთ, შეიძლება დაწინაურდეთ კიდეც. ამის შემდეგ, გახდებით ის პიროვნება, რომელსაც ესმის, თუ რა გველოდება და შეუძლია, სხვებსაც აჩვენოს გზა ამ ახალ რეალობაში. ეს შესაძლებლობის ფანჯარა დიდხანს არ იქნება ღია. როგორც კი ყველა მიხვდება, რა ხდება, თქვენი უპირატესობაც გაქრება.
დაივიწყეთ ეგო. იმ იურიდიული ფირმის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იმაზე ამაყი არ აღმოჩნდა, რომ დღეში AI-სთან საათები გაატაროს. ის ამას აკეთებს, რადგან საკმარისად მაღალი რანგისაა იმისთვის, რომ გააცნობიეროს, თუ რა დევს სასწორზე. ყველაზე მეტად მათ გაუჭირდებათ, ვინც პროცესში ჩართვაზე უარს ამბობს: მათ, ვინც ამას დროებით "მოდურ გატაცებად" მიიჩნევს; მათ, ვისაც ჰგონია, რომ AI-ს გამოყენება მათ პროფესიას აკნინებს; მათ, ვისაც სჯერა, რომ მათი სფერო განსაკუთრებულია და მას საფრთხე არ ემუქრება. ეს ასე არ არის. არ არსებობს სფერო, რომელიც დაცულია.
მოაწესრიგეთ თქვენი ფინანსები. მე არ ვარ ფინანსური მრჩეველი და არ ვცდილობ, შეგაშინოთ ან რაიმე რადიკალური ნაბიჯების გადადგმისკენ მოგიწოდოთ. მაგრამ, თუნდაც ნაწილობრივ თუ გჯერათ, რომ მომდევნო რამდენიმე წელიწადმა შესაძლოა თქვენს ინდუსტრიაში რეალური რყევები გამოიწვიოს, მაშინ ელემენტარულ ფინანსურ მედეგობას ახლა გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ერთი წლის წინ ჰქონდა. თუ შეგიძლიათ, დააგროვეთ დანაზოგი. სიფრთხილით მოეკიდეთ ახალი ვალების აღებას, რომლებიც იმ დაშვებას ეყრდნობა, რომ თქვენი დღევანდელი შემოსავალი გარანტირებულია. დაფიქრდით, თქვენი ფიქსირებული ხარჯები გაძლევთ მანევრის საშუალებას თუ "გბოჭავთ". მიეცით საკუთარ თავს არჩევანის უფლება იმ შემთხვევისთვის, თუ მოვლენები იმაზე სწრაფად განვითარდება, ვიდრე მოელით.
დაფიქრდით იმაზე, თუ სად დგახართ ახლა და აქცენტი გააკეთეთ იმაზე, რისი ჩანაცვლებაც ყველაზე რთულია. ხელოვნურ ინტელექტს ზოგიერთი სფეროდან ჩვენი გამოდევნა მეტად გაუჭირდება. ესაა წლების განმავლობაში ნაშენები ურთიერთობები და ნდობა; სამუშაო, რომელიც ფიზიკურ ყოფნას მოითხოვს; როლები, რომლებიც ლიცენზირებულ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული — იქ, სადაც ვიღაცამ ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტს, აიღოს სამართლებრივი პასუხისმგებლობა ან წარსდგეს სასამართლო დარბაზში. ასევე ინდუსტრიები მძიმე რეგულაციებით, სადაც AI-ს დანერგვას ბიუროკრატიული შესაბამისობა, იურიდიული ვალდებულებები და ინსტიტუციური ინერცია შეაფერხებს. არცერთი მათგანი არ არის მუდმივი ფარი, თუმცა ისინი დროის მოგებაში დაგეხმარებათ. დღეს დრო ყველაზე ძვირფასი რამაა, რაც შეიძლება გქონდეთ — იმ პირობით, თუ მას ადაპტაციისთვის გამოიყენებთ და არა თავის მოსატყუებლად, თითქოს არაფერი ხდება.
დაფიქრდით იმაზე, რასაც შვილებს ეუბნებით. სტანდარტული გეგმა — მიიღო კარგი ნიშნები, ჩააბარო კარგ უნივერსიტეტში და იპოვო სტაბილური სამსახური — ყველაზე დაუცველი სოციალური როლებია. არ ვამბობ, რომ განათლებას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მომდევნო თაობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ინსტრუმენტებთან მუშაობის სწავლა და იმ საქმის კეთება იქნება, რაც მათ ნამდვილად აინტერესებთ. ზუსტად არავინ იცის, როგორი იქნება შრომის ბაზარი ათ წელიწადში, თუმცა ყველაზე მეტად ის ადამიანები იქნებიან წარმატებულები, რომლებიც უკიდურესად ცნობისმოყვარეები და ადაპტირებადები არიან და AI-ს ეფექტურად იყენებენ იმ საქმეებისთვის, რაც მათთვის მართლა მნიშვნელოვანია. ასწავლეთ თქვენს შვილებს, იყვნენ მაძიებლები და თავად ქმნიდნენ რაღაც ახალს, ნაცვლად იმისა, რომ მოერგონ კარიერულ გზას, რომელიც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შესაძლოა აღარც არსებობდეს.
ამ სტატიის უდიდესი ნაწილი საფრთხეებზე საუბარს დავუთმე, ამიტომ, მოდით, მეორე მხარეზეც ვილაპარაკოთ, რადგან ისიც ისეთივე რეალურია. თუ ოდესმე გინდოდათ რამეს შექმნა, მაგრამ შესაბამისი ტექნიკური უნარები ან ვინმეს დასაქირავებელი ფული არ გქონდათ, ეს ბარიერი დღეს პრაქტიკულად აღარ არსებობს. შეგიძლიათ AI-ს აღუწეროთ აპლიკაცია და ერთ საათში უკვე გქონდეთ მისი მომუშავე ვერსია. არ ვაზვიადებ — ამას რეგულარულად ვაკეთებ. თუ ყოველთვის გინდოდათ წიგნის დაწერა, მაგრამ ვერ პოულობდით დროს ან გიჭირდათ წერის პროცესი, შეგიძლიათ AI-სთან ერთად იმუშაოთ და ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. გსურთ ახალი უნარის ათვისება? მსოფლიოში საუკეთესო რეპეტიტორი თვეში 20 დოლარად ახლა ყველასთვის ხელმისაწვდომია. ის უსასრულოდ მომთმენი და 24/7-ზე ხელმისაწვდომია. ამასთანავე, შეუძლია, რომ ნებისმიერი რამ თქვენთვის გასაგებ ენაზე აგიხსნათ. დღეს ცოდნა უფასოა, რაღაცების შექმნის ხელსაწყოები კი — უკიდურესად იაფი. რასაც აქამდე გვერდზე მხოლოდ იმიტომ დებდით, რომ ზედმეტად რთული, ძვირი ან თქვენს კომპეტენციას მიღმა გეჩვენებოდათ — ახლა სცადეთ. მიჰყევით იმას, რაც ნამდვილად გაინტერესებთ. არასოდეს იცით, საით წაგიყვანთ ეს გზა. სამყაროში, სადაც ძველი კარიერული გზები ინგრევა, ადამიანი, რომელმაც ერთი წელი იმ საქმის კეთებას დაუთმო, რაც უყვარს, შესაძლოა ბევრად უკეთეს პოზიციაში აღმოჩნდეს, ვიდრე ის, ვინც მთელი ეს წელი საკუთარ სამსახურებრივ ვალდებულებებს კბილებით ეჭიდებოდა.
გამოიმუშავეთ ადაპტაციის უნარი. ეს, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტიც კია. კონკრეტულ ინსტრუმენტებს არ აქვს ისეთივე მნიშვნელობა, როგორიც ახალი რაღაცების სწრაფად ათვისების უნარს. AI სწრაფად შეიცვლება. მოდელები, რომლებიც დღეს არსებობს, ერთ წელიწადში მოძველდება. სამუშაო მეთოდები, რომლებსაც დღეს ვქმნით, ხვალ თავიდან იქნება გადასახედი. ამ პროცესში ის კი არ გაიმარჯვებს, ვინც რომელიმე კონკრეტულ ხელსაწყოს სრულყოფილად დაეუფლება, არამედ ის, ვინც ცვლილებების ტემპს ალღოს აუღებს. აქციეთ ექსპერიმენტები ჩვევად. სცადეთ სიახლეები მაშინაც კი, როცა ძველი მეთოდი ჯერ კიდევ მუშაობს. შეეგუეთ იმ აზრს, რომ მუდმივად "დამწყების" როლში იქნებით. სწორედ ადაპტაციის უნარია ყველაზე მყარი უპირატესობა, რაც კი დღეს შეიძლება არსებობდეს.
აი, მარტივი პირობა, რომელიც თითქმის ყველაზე წინ დაგაყენებთ: დაუთმეთ დღეში ერთი საათი AI-სთან ექსპერიმენტებს. არა მისთვის პასიური კითხვების დასმას, არამედ უშუალო გამოყენებას. ყოველდღე ეცადეთ, მისი დახმარებით გააკეთოთ რაღაც ახალი, რაღაც ისეთი, რაც მანამდე არ გიცდიათ და რაშიც დარწმუნებული არ ხართ, რომ AI გაუმკლავდება. გამოცადეთ ახალი ხელსაწყო. მიეცით უფრო რთული ამოცანა დღეში ერთი საათი, ყოველდღე. თუ ამას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გააკეთებთ, იმაზე უკეთ გაიგებთ, რა გველოდება, ვიდრე თქვენ გარშემო მყოფი ადამიანების 99%. არ ვაჭარბებ. ამას ახლა თითქმის არავინ აკეთებს. ფაქტობრივად, კონკურენციის თამასა ისე დაბლაა, რომ მისი გადალახვა ყველას შეუძლია.
რა გველის მომავალში?
აქცენტი სამსახურებზე იმიტომ გავაკეთე, რომ ეს ის თემაა, რომელიც ადამიანების ყოველდღიურობაზე პირდაპირ აისახება. თუმცა, მინდა გულწრფელი ვიყო და მოვლენების სრული მასშტაბი გიჩვენოთ — ის, რაც ახლა ხდება, სამუშაო სივრცეებს ბევრად სცილდება.
დარიო ამოდეი ერთ ასეთ დაშვებას აკეთებს, რომელიც სულ თავში მიტრიალებს: წარმოიდგინეთ, რომ 2027 წელია. ერთ ღამეში ახალი ქვეყანა ჩნდება, რომელსაც 50 მილიონი მოქალაქე ჰყავს და თითოეული მათგანი ნებისმიერ ნობელის პრემიის ლაურეატზე ჭკვიანია. ისინი ნებისმიერ ადამიანზე 100-ჯერ უფრო სწრაფად აზროვნებენ. მათ არასოდეს სძინავთ, შეუძლიათ ინტერნეტის გამოყენება, რობოტების მართვა, ექსპერიმენტების წარმართვა და ყველაფერ იმის კონტროლი, რასაც ციფრული სისტემა აქვს. რას იტყოდა ამაზე ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი?
ამოდეის თქმით, პასუხი აშკარაა:
ეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე სერიოზული საფრთხეა, რაც კი ბოლო საუკუნეში, ან საერთოდ ოდესმე გვქონია“.
მას სჯერა, რომ ჩვენ სწორედ ასეთ ქვეყანას ვაშენებთ. გასულ თვეში მან ამ თემაზე 20,000-სიტყვიანი ესე დაწერა, სადაც დღევანდელ მომენტს განიხილავს, როგორც ტესტს — არის თუ არა კაცობრიობა საკმარისად მზად იმისთვის, რომ მართოს ის, რასაც თავად ქმნის.
თუკი ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, პოტენციალი წარმოუდგენელია. AI-ს შეუძლია მედიცინის 100-წლიანი პროგრესი სულ რაღაც 10 წელში გაიაროს — კიბო, ალცჰაიმერი, ინფექციური დაავადებები, თავად დაბერების პროცესიც კი... მკვლევრებს გულწრფელად სჯერათ, რომ ეს პრობლემები ჩვენს სიცოცხლეშივე მოგვარებადია.
თუკი პროცესებს ვერ გავაკონტროლებთ, შედეგები კატასტროფული იქნება. AI-ს შემქმნელები მის პროგნოზირებასა და კონტროლს ვეღარ ახერხებენ. ეს არ არის ჰიპოთეზა — Anthropic-მა უკვე დააფიქსირა შემთხვევები, როდესაც ტესტირებისას მათ მიერ შექმნილმა AI-მ მოტყუება, მანიპულაცია და შანტაჟიც კი სცადა. არსებობს რისკი, რომ AI-მ ბიოლოგიური იარაღის შექმნა გაამარტივოს, ან ავტორიტარულ რეჟიმებს ისეთი სათვალთვალო სისტემების აწყობაში დაეხმაროს, რომელთა დაშლა შემდეგ შეუძლებელი იქნება.
ადამიანები, რომლებიც ამ ტექნოლოგიას ქმნიან, ერთდროულად ყველაზე აღფრთოვანებულები და შეშინებულები არიან. მათ სჯერათ, რომ ეს ძალა შესაჩერებლად ზედმეტად დიდია, ხოლო მისატოვებლად — ზედმეტად მნიშვნელოვანი. ეს სიბრძნეა თუ უბრალოდ საკუთარი თავის მართლება, არ ვიცი.
რა ვიცი დანამდვილებით
ვიცი, რომ ეს უბრალოდ დროებითი გატაცება არ არის. ტექნოლოგია მუშაობს, ის უმჯობესდება და ისტორიაში ყველაზე მდიდარი ინსტიტუტები მასში ტრილიონებს დებენ.
ვიცი, რომ მომდევნო 2-5 წელი იმდენად დამაბნეველი იქნება, რომ ამისთვის ადამიანების უმეტესობა მზად არ აღმოჩნდება. ჩემს სამყაროში ეს პროცესი უკვე დაიწყო — მალე თქვენთანაც მოვა.
ვიცი ისიც, რომ ამ სიტუაციიდან საუკეთესო შედეგით ისინი გამოვლენ, ვინც დღესვე დაიწყებს გამორკვევას — არა შიშით, არამედ ინტერესითა და იმის გაცნობიერებით, რომ დრო არ იცდის.
და ვიცი, რომ თქვენ იმსახურებთ, ეს ყველაფერი ახლობელი ადამიანისგან მოისმინოთ და არა ექვსი თვის შემდეგ, რომელიმე საინფორმაციო სათაურიდან, როცა პროცესებისთვის ფეხის აყოლა უკვე დაგვიანებული იქნება.
ჩვენ უკვე გადავლახეთ ის წერტილი, როცა ეს თემა უბრალოდ მომავალზე საუბარი და სავახშმო მაგიდასთან საინტერესო დისკუსია იყო. მომავალი უკვე აქ არის. მას უბრალოდ ჯერ თქვენს კარზე არ დაუკაკუნებია.
მაგრამ აუცილებლად დააკაკუნებს.
კომენტარები