საყოველთაო არჩევნები დემოკრატიული სახელმწიფოს შენების უმთავრესი კომპონენტია. არჩევნების საშუალებით ხალხი განსაზღვრავს იმ პოლიტიკური ჯგუფის ვინაობას, რომელიც ქვეყნის მართვის სადავეებს ჩაიბარებს და ამომრჩევლის საჭიროებებზე ზრუნვასთან ერთად, თითოეული მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებს დაიცავს.

მოსახლეობის ინტერესები არაერთგვაროვანია და მნიშვნელოვანად იცვლება სხვადასხვა სოციალური თუ ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით. სწორედ ამიტომ არის საჭირო, ყველა მოქალაქემ საკუთარი ხმა დააფიქსიროს.

არჩევნებში ახალგაზრდების აქტივობა, როგორც წესი, დაბალია. ამ ფაქტს შაკო ჩხეიძე, ევროპულ ქართული ინსტიტუტის თანადამფუძნებელი, რამდენიმე მიზეზით ხსნის. მათ შორის ერთ-ერთ მიზეზად პარტიების საარჩევნო პროგრამებში ახალგაზრდების საჭიროებების ნაკლებად გათვალისწინებას ასახელებს.

ფოტო: EGI

"ახალგაზრდების პასიურობას მხოლოდ ერთი მიზეზი არ განსაზღვრავს. ერთ-ერთი ფაქტორი ისაა, რომ პოლიტიკოსები და პარტიები ვერ აინტერესებენ მათ, არ სთავაზობენ მათზე მორგებულ პროგრამებს; მეორე — ახალგაზრდები ვერ იაზრებენ ხმის დაფიქსირების მნიშვნელობას, ნიჰილისტურად არიან განწყობილნი და მესამე — განათლების სისტემის ხარვეზი, რომელიც სამოქალაქო თვითშეგნების ნაწილს ახალგაზრდებში ვერ ავითარებს. შესაბამისად, მათ არ იციან, თუ რატომ არის პოზიციის დაფიქსირება უმნიშვნელოვანესი" — გვიხსნის შაკო ჩხეიძე.

არჩევნებში ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას ემსახურებოდა EGI-ის 2016 წლის კამპანია — "შენი ხმა ჩვენი მომავალია", რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით ჩატარდა და ქართველი ახალგაზრდები გააერთიანა.

შენი ხმა ჩვენი მომავალია — კამპანია 2016 წელს და ახლა

კამპანიის "შენი ხმა ჩვენი მომავალია" შესახებ გიორგი მელაშვილი, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი გვესაუბრა. მან აღნიშნა, რომ პროცესში, აქტივობის ზრდასთან ერთად, აქცენტს ამომრჩევლის ინფორმირებაზეც აკეთებდნენ.

"2016 წლის კამპანია მოხალისეობრივ ჩართულობასა და პირდაპირ კომუნიკაციაზე იყო ორიენტირებული. საზაფხულო სკოლებმა ყველა რეგიონში, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში 500 ახალგაზრდა გააერთიანა. კამპანია სხვადასხვა სახის აქტივობას ითვალისწინებდა. საზაფხულო სკოლების ფარგლებში ახალგაზრდები ეცნობოდნენ იმას, თუ რა არის დემოკრატია; რატომ არის დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის უმთავრესი ელემენტი ხმის დაფიქსირება; როგორ უნდა დავიცვათ დემოკრატია, განსაკუთრებით საქართველოს მსგავს ქვეყანაში, რომელშიც ინსტიტუტები ჯერ კიდევ მშენებლობის ეტაპზეა. ასევე ჩატარდა არჩევნების სიმულაციები და ა.შ.", — გვეუბნება გიორგი.

არჩევნებამდე 1 თვეზე ნაკლები რჩება და პანდემიის პირობებში მაღალი აქტივობის უზრუნველყოფა ბევრად რთული ამოცანაა. EGI როგორც ყოველთვის მიზნად ისახავს მოქალაქეების საარჩევნო პროცესში ჩართულობის ზრდას და კონკურსს აცხადებს. კონკურსი ქართველ ახალგაზრდებს გააერთიანებს, რათა ლოკალურ დონეზე, საკუთარ თემში, მოუწოდონ ხალხს, არჩევნებზე მივიდნენ.

"კონკურსი დაეფუძნება ლოკალურ აქტივობებს, იმ წრეს, რომელშიც ადამიანი არსებობს —სკოლა, უნივერსიტეტი, სოფელი. ჩვენ მონაწილეებს განზრახ არ ვეუბნებით, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ, რადგან გვგონია, რომ ადამიანმა, რომელიც ცხოვრობს კონკრეტულ თემში, უკეთ იცის ადგილობრივების გამოწვევების შესახებ; უკეთ შეუძლია განსაზღვროს გზები, რომლითაც ადამიანებს მოუწოდებს არჩევნებზე მისვლისკენ. მთავარია შემოქმედებითი მიდგომა და ჩვენც სწორედ კრეატიულ იდეებს ვეძებთ", — აღნიშნავს გიორგი მელაშვილი.

ფოტო: Mariam Ghibradze / Facebook

მარიამ ღიბრაძე, EGI-ს წარმომადგენელი, კორონავირუსის პირობებში კონკურსის ჩატარების გზებზე გვესაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტების შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი სწორედ პანდემიისას არსებული რეგულაციების გათვალისწინება იქნება.

"წელს კრიტიკულ პირობებში გვიწევს კონკურსის ჩატარება, უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია და შემოსული აპლიკაციებიც უნდა ითვალისწინებდეს პანდემიური სიტუაციის შეზღუდვებს. ვირტუალური სივრცის მეტად ათვისების საჭიროებაც გაჩნდა. ჩვენი პროექტის მონაწილეების ასაკი 16-დან 22 წლამდეა, ანუ იმ ასაკიდან იწყება თანამონაწილეობა, როდესაც ჯერ კიდევ არ გაქვს ხმის უფლება, რაც შორსმიმავალი ამოცანების შესრულებისკენ არის მიმართული. ასე მოზარდები უკეთ გაიაზრებენ საარჩევნო პროცესში მონაწილეობის და ამისკენ მოწოდების მნიშვნელობას", — განმარტავს მარიამი.

ვინ არის ღონისძიების პარტნიორი

კონკურსი — "შენი ხმა ჩვენი მომავალია" წელს IRI-ს — საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის თანამონაწილეობით წარიმართება, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით დემოკრატიის ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

დავით შერვაშიძე, IRI-ს ახალგაზრდული პროგრამების მენეჯერი, ორგანიზაციის მიერ საქართველოში წამოწყებული აქტივობების შესახებ გვიყვება.

"საქართველოში ჩვენ გვაქვს პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის და გაძლიერების პროგრამა. ვცდილობთ, დავეხმაროთ მათ სტრუქტურის ჩამოყალიბებაში; რეგიონული თუ ცენტრალური ორგანიზაციის განვითარებაში; ასევე, კონსულტაციებს ვუწევთ პროგრამების და პლატფორმების შექმნაში. გარდა ამისა, გვაქვს ახალგაზრდული პროგრამები, რომლებიც 2010 წლიდან მიმდინარეობს. დავიწყეთ ახალგაზრდული პოლიტიკური დებატები, რომელშიც ათი წლის განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან თუ ორგანიზაციიდან 700-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა", — ამბობს დავითი და ორგანიზაციის კიდევ ერთი ინიციატივის — დემოკრატიის თაობის ქსელის შესახებ გვიამბობს.

ფოტო: David Shervashidze / Facebook

დემოკრატიის თაობის ქსელი (Generation Democracy Network) არის ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც IRI, ევროპულ-ქართულ ინსტიტუტთან ერთად, კონკურსს "შენი ხმა ჩვენი მომავალია" ატარებს. GenDem სხვადასხვა ორგანიზაციასა და აქტივობას აერთიანებს. მისი მთავარი მიზანი მოტივირებული ახალგაზრდების შეკრებაა, რათა მათ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაზე ერთობლივად იზრუნონ.

"საქართველოს GenDem ქსელი აერთიანებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, სტუდენტურ კლუბებს, სამოქალაქო აქტივიზმში ჩართულ ახალგაზრდებს, რათა მათ ერთობლივად შეძლონ ერთი მიზნისკენ სვლა, საერთო პროექტების და ინიციატივების განხორციელება. ქსელის მიზანი სწორედ ეს არის, მოტივირებული, მონდომებული, განათლებული ახალგაზრდები ერთმანეთთან დააკავშიროს, რათა მათ შეძლონ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საკითხებზე ერთად მუშაობა. სწორედ ასეთი აქტივობაა კონკურსი, რომელსაც ევროპულ-ქართულ ინსტიტუტთან ერთად ვაკეთებთ", — განმარტავს დავით შერვაშიძე.

დავითი კონკურსის მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს: "კონკურსი მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ ახალგაზრდებს მოვუწოდებთ, თვითონ დაგეგმონ, მოიფიქრონ პროექტი და ის ჩვენი დახმარებით განახორციელონ. ახალგაზრდებმა უნდა აუხსნან თანატოლებს და არა მხოლოდ მათ, რატომ არის არჩევნებზე მისვლა მნიშვნელოვანი. ინიციატივა, აგრეთვე, ხელს შეუწყობს ამომრჩევლის ცნობიერების ზრდას საარჩევნო პროცედურების თუ პოლიტიკური პარტიების შესახებ".

როგორ მივიღოთ მონაწილეობა კონკურსში

კონკურსმა 28 სექტემბერს აიღო სტარტი და განაცხადების მიღება 10 ოქტომბრამდე გაგრძელდება; 11-12 ოქტომბერს მომდევნო საფეხურზე გადასული პროექტები გამოვლინდება; 13-15 ოქტომბერს სემინარებია ჩანიშნული, რომლის შემდეგაც, 29 ოქტომბრის ჩათვლით, მონაწილეები პროექტებს განახორციელებენ. პროცესის ამსახველი ფოტომასალა და აღწერა EGI-ის ფეისბუქ გვერდზე აიტვირთება, რათა საზოგადოებამ კონკურსანტები გაიცნოს და ინიციატივები შეაფასოს.

არჩევნების შემდგომ პერიოდში ჟიური პროექტებზე იმსჯელებს და შეირჩევა 30 გუნდი, რომელიც, ეპიდსიტუაციის პირობების სრული დაცვით, ბაკურიანში, ზამთრის დემოკრატიის სკოლაში მიიღებს მონაწილეობას.

პროექტის ორგანიზატორები უკვე არსებული ჩართულობის საფუძველზე ამბობენ, რომ მასშტაბურ კონკურსს ელოდებიან, ხოლო იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღიათ, სთხოვენ, აქტიურად ჩაერთონ მასში.


კარს მომდგარი არჩევნების წინ EGI-ის და IRI-ის წარმომადგენლები მოქალაქეებს საკუთარი ხმის დაფიქსირებისკენ მოუწოდებენ, რადგან "როდესაც ჩვენ გარკვეული მოთხოვნილებები, სურვილები და მისწრაფებები გვაქვს, მაგრამ არ მივდივართ არჩევნებზე, საბოლოოდ, ჩვენგან სრულიად განსხვავებული ფასეულობების მქონე ხალხის ხმა უფრო ისმის (რადგან მეტად მობილიზებულნი არიან), ვიდრე ჩვენი, ადამიანების, რომელთაც ქვეყნის სწორი მიმართულებით — დასავლური კურსით განვითარება გვსურს", — დასძენს გიორგი მელაშვილი.