რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 200 წლის პირამიდულ სტრუქტურაში — იუდეის უდაბნოს საიდუმლო

ფოტო: Emil Aladjem/Israel Antiquities Authority
არქეოლოგებმა მკვდარი ზღვის მახლობლად, იუდეის უდაბნოში ნაპოვნი პირამიდული სტრუქტურის მიმდებარედ გათხრები ჩაატარეს და 2000-ზე მეტი წლის წინანდელი არტეფაქტები აღმოაჩინეს. ისინი დღემდე ძალიან კარგადაა შემონახული.
თავად პირამიდა ხელით დამუშავებული ქვებითაა აშენებული, რომელთაგანაც თითოეული ასობით კილოგრამს იწონის. პირამიდული ნაგებობის დანიშნულება ამ დრომდე უცნობია. შესაძლოა, ის ისტორიული მონუმენტის, საფლავის ან ერთგვარი საგუშაგოს ფუნქციას ასრულებდა, საიდანაც მკვდარი ზღვის სანაპიროზე გამავალი სავაჭრო გზა კონტროლდებოდა.
ეს ადგილი პტოლემეების დინასტიისა და სელევკიდების სამეფოს დროინდელია. ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ იმპერია სწორედ პტოლემემ და სელევკემ გაინაწილეს. პირველი ეგვიპტესა და მიმდებარე ტერიტორიებს მართავდა (მათ შორის ისრაელს), მეორეს კი შუა აღმოსავლეთის ჩრდილოეთ რეგიონი ხვდა წილად. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 200 წლისთვის სელევკიდებმა დღევანდელი ისრაელის არეალი მიიერთეს, შესაბამისად უცნობია, კონკრეტულად რომელმა დინასტიამ ააშენა პირამიდული ნაგებობა.
არქეოლოგები ფიქრობენ, რომ არტეფაქტების დღემდე მოღწევას დაბალმა ტენიანობამ შეუწყო ხელი, რადგან ეს სოკოს გაჩენასა და ორგანული მატერიის (ხე, ბოჭკო) დაშლას უშლის ხელს. ამ გზით შემონახულ ობიექტებს შორისაა პაპირუსის ფრაგმენტები, კალათები, ხის ნივთები, თოკები და სხვა. მეცნიერთა თქმით, ასეთი ნიმუშები "ქვეყნის მასშტაბით არსად გვხვდება".
პაპირუსის ზოგიერთი ფრაგმენტი ძველბერძნულ ტექსტებს შეიცავს. ამ ენაზე საუბრობდნენ როგორც პტოლემეების, ისე სელევკიდების სამეფოებში. სხვა არტეფაქტებს შორისაა ბრინჯაოს მონეტები და ჭურჭელი, ძველი ავეჯის ნარჩენები, მძივები, იარაღი, ქსოვილები და მცენარეთა თესლები.
"პაპირუსზე მკაფიოდ იკითხება ასოები, რომლებიც, სავარაუდოდ, ძველბერძნულია. გასაოცარია, რომ არტეფაქტები ასე კარგად შემონახულ მდგომარეობაში აღმოვაჩინეთ", — აცხადებს გათხრებში მონაწილე ევა ბალბინ ბრაფმენი.
ის და მისი კოლეგები ექსპედიციის გაგრძელებას აპირებენ და იმედოვნებენ, რომ კიდევ ბევრ საინტერესო ნივთს მიაკვლევენ, პირამიდული სტრუქტურის შესახებ კი მეტს გაიგებენ.
კომენტარები