მიკროპლასტმასებს ჩვენს ორგანიზმებში შეღწევა საკვებისა და სასმლის მეშვეობით მარტივად შეუძლია.

საუბარია პლასტმასის მიკრო და ნანონაწილაკებზე (MNP). პირველი მათგანის ზომა 0.001-დან 5 მილიმეტრამდე მერყეობს, მეორე კი 0.001 მილიმეტრზე მცირე ზომისაა.

ასევე, იხილეთ: ადამიანთა ტვინებში დიდი ოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს

2024 წელს მეცნიერებმა წყლიდან ამ ნაწილაკების მოშორების მარტივი და ეფექტური მეთოდი აღმოაჩინეს.

ჩინეთის გუანჯოუს სამედიცინო უნივერსიტეტისა და ძინანის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ჩაატარა ექსპერიმენტი როგორც რბილ, ისე ხისტ ანუ მინერალებით უფრო მდიდარ ონკანის წყალზე.

"ცენტრალიზებული წყლის გამწმენდი სისტემებიდან ონკანის წყალში მოხვედრილი MNP-ები სულ უფრო დიდ გლობალურ შეშფოთებას იწვევს, რადგან მათ გამო შეიძლება წყალი ჯანმრთელობისთვის საშიში გახდეს", — წერენ მკვლევრები თავიანთ ნაშრომში.

ფოტო: (Yu et al., Environmental Science & Technology Letters, 2024)

კვლევისას მეცნიერებმა წყალს დამატებითი ნაწილაკებიც შეურიეს, შემდეგ კი აადუღეს და ნალექების მოსაშორებლად გაფილტრეს. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ადუღებისა და გაფილტვრის პროცესმა ონკანის წყალში არსებული MNP-ების 90%-მდე გამოდევნა შეძლო, მაგრამ ეფექტიანობა დიდწილად მაინც წყლის ტიპზეა დამოკიდებული.

ამ მეთოდის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მისი გამოყენება თითქმის ყველა ადამიანს შეუძლია სამზარეულოში არსებული მოწყობილობებით.

"ეს მარტივი ადუღების სტრატეგია შესაძლებელია გამოვიყენოთ ონკანის წყლიდან მიკროპლასტმასების გამოდევნისთვის და ადამიანის ორგანიზმში მათი წყლით მოხვედრის ალბათობა შევამციროთ", — აღნიშნავს ბიომედიცინის ინჟინერი ძიმინ იუ.

კვლევამ აჩვენა, რომ ადუღების შემდეგ MNP-ების მოშორების მაჩვენებელი ხისტ წყალში უფრო მაღალი იყო, რადგან მასში არსებული კალციუმის კარბონატი (კირქვა) გაცხელებისას ნალექის სახით გამოიყოფა და ამ პროცესში პლასტმასის ნაწილაკებსაც გამოდევნის.

"ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ პლასტმასის ნანონაწილაკების ნალექის წარმოქმნის ეფექტურობა იზრდება წყლის სიხისტის მატებასთან ერთად. მაგალითად, წყალში 80 მგ/ლ კალციუმის კარბონატის შემცველობისას, ნაწილაკების გამოყოფის ეფექტურობა 34% იყო, ხოლო 180 მგ/ლ და 300 მგ/ლ შემთხვევებში — შესაბამისად 84% და 90%", — წერენ მეცნიერები.

ფოტო: (pcess609/Canva)

მაშინაც კი, როდესაც წყალი რბილია და მასში კალციუმის კარბონატი მცირე რაოდენობითაა გახსნილი, პლასტმასას მიკრონაწილაკების დაახლოებით მეოთხედი მაინც წარმატებით განიდევნება წყლიდან, რაც ნამდვილად კარგი შედეგია.

მკვლევართა თქმით, პლასტმასას ნაწილაკების მოცილება შესაძლებელია მარტივი ფილტრით, მაგალითად, ჩაის გასაშრობი უჟანგავი ფოლადის ბადით.

როგორც ჩანს, ადუღებული წყლის დალევა ნანო და მიკრონაწილაკების გლობალური ზემოქმედების შესამცირებლად გრძელვადიანი და ეფექტური სტრატეგიაა. მკვლევრები ასევე აღნიშნავენ, რომ ადუღებული წყლის დალევა ლოკალურ ტრადიციად მიიჩნევა და სამწუხაროდ მხოლოდ გარკვეულ რეგიონებშია გავრცელებული.

ადამიანზე MNP-ების ზემოქმედება სასმელი წყლის მოხმარების გზით.
(a) სასმელი წყლის სიხისტის მსოფლიო რუკა.
(b) ყოველდღიური MNP-ების მოხმარება ადუღებული და ონკანის წყლით 67 რეგიონში.

ფოტო: (Yu et al., Environmental Science & Technology Letters, 2024)

კვლევითი ჯგუფი იმედოვნებს, რომ პლასტმასას მოხმარების ზრდის ფონზე, ადუღებული წყლის სმის პრაქტიკა მსოფლიო მასშტაბით უფრო პოპულარული გახდება.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ზუსტად უცნობია რამდენად მავნეა ეს ნაწილაკები ჩვენი ორგანიზმისთვის, ცხადია, რომ სარგებელი ნამდვილად არ მოაქვს. პლასტმასას გავრცელებას უკვე უკავშირებენ ნაწლავების მიკრობიომის ცვლილებებსა და ორგანიზმის ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობის ზრდას.

ამ ბოლო ნაშრომის ავტორები იმედოვნებენ, რომ უფრო მეტი კვლევა ჩატარდება იმის გასარკვევად, თუ რამდენად შეუძლია ადუღებულ წყალს ხელოვნური ნაწილაკების ორგანიზმში მოხვედრის შემცირება. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ნაწილობრივ ანულირებაც კი შეიძლება მოხდეს იმ ვარაუდებისა, რომლებიც შემაშფოთებელი შედეგებს გვიწინასწარმეტყველებს.

"ჩვენმა შედეგებმა შემოგვთავაზა ეფექტური სტრატეგია მიკრონაწილაკებთან ბრძოლაში და საფუძველი ჩაუყარა შემდგომ, უფრო ფართომასშტაბიან კვლევებს", — წერენ ავტორები.

კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ Environmental Science & Technology Letters-ში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.