რა როლი აქვს ძილს მენტალურ ჯანმრთელობაში — ახალი კვლევა

ფოტო: ScienceAlert
ადამიანებს, რომლებიც გვიან იძინებენ და იღვიძებენ, დეპრესიის განვითარების მაღალი რისკი აქვთ. სარის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი კვლევა ჩაატარეს, რომელშიც განიხილეს, რატომ ხდება ასე და როგორ უნდა მოვიქცეთ.
კვლევამ ონლაინ კითხვარის საშუალებით 546 სტუდენტის ქრონოტიპი განსაზღვრა. ეს ტერმინი ადამიანების ძილისა და სიფხიზლის ციკლების ცვლილების დასახასიათებლად გამოიყენება.
"გვიანი ქრონოტიპი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც "საღამოს" ან "ღამის ბუს" ტიპი, ბიოლოგიური მიდრეკილებაა. ამ დროს ადამიანები აქტიური საღამოს საათებში არიან, ამიტომ ისინი გვიან იძინებენ და იღვიძებენ", — განუცხადა ნეირომეცნიერმა საიმონ ევანსმა BBC Science Focus-ს — "ქრონოტიპს გენეტიკური საფუძველი აქვს, ამიტომ ეს ბუნებრივი ბიოლოგიური ტენდენციაა".
მონაწილეთაგან "დილის ტიპს" მხოლოდ 38 მიეკუთვნებოდა. 252 მონაწილეს საღამოს ქრონოტიპი ჰქონდა, ხოლო დარჩენილ 256-ს — შუალედური ძილისა და სიფხიზლის ციკლი. მონაწილეების საშუალო ასაკი დაახლოებით 20 წელი იყო, ამიტომ ამ გამოკითხვის შედეგი გასაკვირი არ ყოფილა. საქმე ისაა, რომ მოზარდებს უფრო ხშირად საღამოს ქრონოტიპი აქვთ, ხოლო დილის ქრონოტიპი ცხოვრების შედარებით გვიან ეტაპზე ყალიბდება.
მონაწილეებმა ასევე ძილის ხარისხის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხეს. პასუხები ისეთი შეკითხვებსაც გასცეს, რომლებიც რუმინაციას (ნეგატიურ ფიქრებსა და გრძნობებზე გამუდმებით ფიქრს), დეპრესიას, ცნობიერებასა და ალკოჰოლის მოხმარებას ეხებოდა.
ადრე ჩატარებულმა კვლევებმა გვიანი ქრონოტიპი და დეპრესია უკვე დააკავშირა, ახალმა კვლევამ კი კავშირი კიდევ ერთხელ დაადასტურა. აღმოჩნდა, რომ "ღამის ბუებს" დეპრესიის სიმპტომები უფრო გამოხატული ჰქონდათ, ვიდრე შუალედური ქრონოტიპის მქონეებს. შესაძლოა, სწორედ დეპრესიამ უბიძგოს ადამიანს გვიანი ქრონოტიპისკენ. ეს დილით გაღვიძებისთვის მოტივაციის პოვნას ართულებს, საღამოს კი ადამიანს ნეგატიური ფიქრების უწყვეტი ნაკადის ფონზე ჩაძინება უწევს.
კვლევამ დაადგინა, რომ ადამიანები, რომლებიც უპირატესობას გვიან დაძინებას ანიჭებენ, მაღალი დონის რუმინაციას განიცდიდნენ. მუშაობის, სწავლისა და სოციალური ცხოვრების მოთხოვნები ამ "ღამის ბუებს" აიძულებს, რომ ძილის ბუნებრივ რეჟიმს შეეწინააღმდეგონ. ამგვარი სოციალური ცხოვრება და ძილის დეფიციტი, საბოლოოდ, შეიძლება მენტალურ ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახოს.
დამატებითი სტატისტიკური ანალიზი მიუთითებს, რომ არსებობს გზები, რომლებიც დეპრესიის რისკსა და ქრონოტიპს შორის კავშირის შესუსტებაში დაგვეხმარება. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამაზე ცნობიერების გარკვეულმა თვისებებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. "გაცნობიერებულად მოქმედება" განსაკუთრებულად დილის ქრონოტიპის მქონე პირებში გამოიკვეთა. შესაძლოა, ეს უნარი მათ მეტ ენერგიასა და სიცოცხლისუნარიანობას აძლევდეს.
ეს ყველაფერი ისევ ძილის ხარისხთან არის დაკავშირებული, რადგან უკეთესი ძილი დაღლილობას, უყურადღებობასა და უაზრო ფიქრებს ამცირებს. ამგვარად ადამიანები აწმყოზე უფრო მეტად კონცენტრირდებიან.
ვიცით, რომ მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ალკოჰოლის მოხმარებაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. არსებობს ტენდენცია, რომ ღამის ქრონოტიპის მქონე პირები სასმელს უფრო აქტიურად იღებენ. მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლი დეპრესიის ცნობილი რისკ-ფაქტორია, ამ კვლევაში საპირისპირო რამ დაფიქსირდა. სტუდენტები, რომლებიც "ღამის ბუს" ტიპს მიეკუთვნებოდნენ, ზომიერად სვამდნენ და ეს დეპრესიის რისკს ამცირებდა.
კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ამ სტუდენტებს ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება სოციალური კავშირების განმტკიცებაში ეხმარებოდა, რაც მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახებოდა. გარდა ამისა, მათ მიერ მიღებული სასმლის რაოდენობა სერიოზული ნეგატიური გავლენის მოსახდენად საკმარისი არ იყო.
"ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ცნობიერების ამაღლების სტრატეგიები, როგორიცაა მედიტაცია და ცნობიერების ვარჯიშები, სასარგებლო იქნება. ძილის ხარისხის გაუმჯობესებაზე კონცენტრირება და ალკოჰოლის მოხმარების შემცირებაც მნიშვნელოვანია", — განუცხადა საიმონ ევანსმა BBC-ს.
"უკანასკნელი შედეგები მიუთითებს, რომ გაცნობიერებულად მოქმედება ყველას პრიორიტეტი უნდა იყოს, რათა ეფექტიანობა გაიზარდოს", — აცხადებენ კვლევის ავტორები.
კვლევა გამოცემაში PLOS One გამოქვეყნდა.
კომენტარები