რატომ არ უნდა აჭამოთ 1 წლამდე ბავშვს თაფლი — როგორია მოსალოდნელი საფრთხე

ფოტო: Business Insider
ალბათ, ბევრ ახალბედა მშობელს მიუღია რჩევა, რომ ბავშვისთვის თაფლის ან მისი შემცველი პროდუქტების ჭამა 1 წლამდე არ შეიძლება. პირველ რიგში, გეტყვით, რომ ეს მითი სულაც არაა, არამედ ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ინფორმაციაა, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ.
მაშ, რა საფრთხეს უქმნის ჩვილს ეს ერთი შეხედვით ჯანსაღი და ნატურალური საკვები?
საქმე ისაა, რომ თაფლს ბავშვებში ბოტულიზმის გამოწვევა შეუძლია, რომელიც მწვავე ინფექციურ-ტოქსიკური დაავადებაა. უფრო კონკრეტულად, პატარას ჯანმრთელობას რისკის წინაშე ბაქტერია Clostridium botulinum აყენებს, რომლის სპორებიც მომწამლავია.
ბოტულიზმს სწორედ ამ მიკროორგანიზმის მიერ გამოყოფილი ტოქსინი იწვევს, რომელსაც, სხვათა შორის, ბოტოქსი შეიცავს. ამითაა განპირობებული, რომ ნაოჭების გასასწორებლად მის არასათანადო ინიექციას ან სამედიცინო მიზნით გამოყენებას ზოგჯერ ე.წ. დაღმავალი პარალიზი მოჰყვება. ამ დროს კუნთების ფუნქციის დაკარგვა სხეულის ზედა ნაწილში იწყება და ნელ-ნელა ქვემოთ მიიწევს. დაუყოვნებლივი მკურნალობის გარეშე ეს ფატალური შეიძლება აღმოჩნდეს.
C. botulinum დამცავ სპორებს მაშინ გამოყოფს, როცა მისთვის არახელსაყრელ პირობებში უწევს ყოფნა. მათი მეშვეობით ის წლების განმავლობაში "მიძინებულია", რაც ბუნებაში საკმაოდ გავრცელებულია. ერთ-ერთი ადგილი, სადაც ეს ბაქტერიები გვხვდება, სწორედ თაფლია.
არააქტიური ბაქტერიის სპორები, ჩვეულებრივ, ზრდასრული ადამიანისთვის უსაფრთხოა. ამის მიუხედავად, მათთან ასოცირებული ტოქსინები ბავშვებისთვის საშიშია, რომელთა იმუნური და საჭმლის მომნელებელი სისტემაც ჯერ ბოლომდე არაა ჩამოყალიბებული. ეს 1 წლამდე პატარებს C. botulinum-ის მიმართ მოწყვლადს ხდის.
შესაძლებელია, სპორები ნაწლავებში გავრცელდეს და იქ ტოქსინები გამოათავისუფლოს. ამის შედეგად ვითარდება სიმპტომები, რომელთა შორისაცაა: სუნთქვის გაძნელება, თავის მოძრაობაზე კონტროლის დაკარგვა და კვების გართულება. თუკი დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა დროული იქნება, მდგომარეობა გამოსწორებადია. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ექიმს საეჭვო ნიშნების აღმოჩენისთანავე მიმართოთ. ასევე, მაშინაც, თუ ბავშვი ამ მხრივ საფრთხის შემცველ პროდუქტს მიიღებს.
რა თქმა უნდა, ბოტულიზმის ყველა შემთხვევა თაფლს სულაც არ უკავშირდება. მსგავსი რამ ზრდასრულებსაც შეიძლება დაემართოთ, რაც დაკონსერვებული საკვების ჭამას უკავშირდება. ასეთ კონტეინერებში ჟანგბადის დაბალი შემცველობაა, რაც ბაქტერიის ზრდას უწყობს ხელს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ მიკროორგანიზმის სპორები ცხელ ტემპერატურასაც უძლებს, თუმცა ასე ტოქსინების განადგურება შესაძლებელია.
საბოლოოდ, მაინც უმჯობესი იქნება, თუ ასეთი საკვების მიღებისგან თავს შეიკავებთ.
კომენტარები