როგორ აღიქვამენ ფსიქოპათები ტკივილს და რატომ განიცდიან ემპათიის ნაკლებობას

ფოტო: Showtime
ფსიქოპათია დიდი ხანია ასოცირდება მკვლელებთან, ცნობილ კრიმინალებთან და კრიმინალურ ისტორიებთან, რომლებზეც ბევრი დოკუმენტური თუ მხატვრული ფილმი არსებობს. მეცნიერები ამ ფენომენს აქტიურად სწავლობენ და ახლა ახალმა კვლევამ ფსიქოპათების ტკივილთან კავშირი შეისწავლა. კვლევის თანახმად, სწორედ ეს უნდა იყოს პასუხისმგებელი იმაზე, რომ ფსიქოპათებს ემპათიის სერიოზული ნაკლებობა აქვთ.
ფსიქოპათია სხვადასხვა დონის არსებობს. ეს მახასიათებლები შეიძლება არა ფსიქოპათ ადამიანსაც ჰქონდეს, ამიტომ მსგავსი დიაგნოზის დასასმელად საჭიროა პირს კონკრეტული თვისებები მწვავედ აღენიშნებოდეს.
როგორც წესი, ადამიანები, რომლებსაც მსგავსი თვისებები აქტიურად აღენიშნებათ, ტკივილისადმი უფრო ამტანები არიან. მეტიც, ეს ჩვეულებრივ აისახება მათ ფიზიოლოგიაზე.
მაგალითად, 2022 წელს ჩატარებულ კვლევაში იმ ადამიანებს, რომლებსაც ფსიქოპათიური თვისებები უფრო მეტად ჰქონდათ გამოხატული, ტკივილის აღქმისას ტვინში უფრო დაბალი აქტივობა აღენიშნებოდათ.
"როდესაც ჩვენ ჩავატარეთ ბოლო კვლევა ფსიქოპათიის სხვადასხვა დონის მქონე ადამიანებზე, შედეგებმა გაგვაოცა. ფსიქოპათიის მაღალი დონის მქონე მონაწილეები, როგორც ჩანს, განსხვავებულად აღიქვამდნენ ტკივილს", — ამბობენ ახალი კვლევის ავტორები.

შესაძლოა, ფსიქოპატები სხვის ტკივილსაც განსხვავებულად აღიქვამენ
ფოტო: Yurii Yurema/Canva
მკვლევრებმა ადამიანებისთვის ტკივილის მისაყენებლად სპეციალური ელექტრული სტიმულაცია გამოიყენეს. ამ მოწყობილობამ დაბალი წნევის ჰაერის საშუალებით მცირე მრგვალი ზონდი ნაზად მიაჭირა მონაწილეთა ფრჩხილებს. ამის შემდეგ მკვლევრებმა მონაწილეთა რეაქციები გაზომეს მათი ოფლიანობის მიხედვით, რაც ნერვული სისტემის აქტივობის ერთ-ერთი მაჩვენებელია. ოფლიანობის ცვლილებები ხშირად გამოიყენება ტკივილის ან სტრესზე რეაქციის შესაფასებლად.
ამას კანის გამტარობის რეაქცია (SCR) ეწოდება და აქტიურდება სტრესის დროს ან მაშინაც კი, როცა კონცენტრაცია გვჭირდება. ეს ჩვეულებრივ ზრდის ოფლის გამომუშავებას. სწორედ ეს ეფექტი გამოიყენეს მონაწილეთა პასუხის გასაზომად ექსპერიმენტში.
ექსპერიმენტისას მკვლევრებმა ნელ-ნელა გაზარდეს წნევის დონე და ეს გაგრძელდა მანამ, სანამ კვლევაში მონაწილეებმა არ თქვეს, რომ საკმარისად სტკიოდათ. ყოველი ზეწოლის შემდეგ, მონაწილეებს სთხოვდნენ, შეეფასებინათ ტკივილის დონე 0-დან 100-მდე სკალაზე.
ფსიქოპათიური ნიშნების მაღალი დონის მქონე მონაწილეებმა ტკივილი ბევრად ნაკლებად ძლიერად შეაფასეს. მიუხედავად ამისა, ორივე ჯგუფის ფიზიოლოგიური რეაქცია (SCR – Skin Conductance Response, ანუ ოფლიანობით განპირობებული ელექტროგამტარობა) ერთნაირი იყო.
ეს ნიშნავს, რომ ფსიქოპათიის მაღალი მაჩვენებლის მქონე ადამიანებს სუბიექტურად ნაკლებად მძიმედ ეჩვენებოდათ ტკივილი, თუმცა მათი სხეულის ფიზიოლოგიური პასუხი იგივე იყო, რაც დანარჩენების. ეს შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ ისინი სხვაგვარად ამუშავებენ ტკივილს, მაგრამ მათი სხეული მაინც რეაგირებს მასზე.
რას ნიშნავს ეს?
ეს ნიშნავს, რომ ფსიქოპათიის მქონე ადამიანები ტკივილს განსხვავებულად აღიქვამენ. შესაძლოა, ეს ხსნის, თუ რატომ უკავშირდება ფსიქოპათია უფრო დიდ რისკს და სხვების მიმართ ძალადობის ან აგრესიის მომატებულ დონეს — ფსიქოპატები არ განიცდიან ტკივილს ისევე, როგორც სხვა ადამიანები.
ჩვეულებრივ, ფსიქოპათია დაკავშირებულია ფიზიოლოგიური რეაქციების დაბალ დონესთან სახიფათო სიტუაციებში, რადგან ისინი არ აკავშირებს ტკივილს შიშთან ან შესაბამის სასჯელთან.
"ჩვენი კვლევის შედეგები მიანიშნებს, რომ ტკივილის აღქმაში განსხვავება შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური და არა ფიზიოლოგიური. ამით შეიძლება აიხსნას, თუ რატომ იყო განსხვავებები უშუალოდ ტკივილის შეფასებაში, მაგრამ არა ოფლის შემთხვევაში", — ამბობენ მკვლევრები.
თანაგრძნობა სხვა ადამიანების ტკივილის მიმართ
მკვლევრებმა მონაწილეების რეაქციები სხვა ადამიანების ტკივილის მიმართაც გამოცადეს. მათ აჩვენებდნენ ისეთ გამოსახულებებს, როგორიცაა კარში მოყოლილი ხელი, ან მინაზე დადგმული შიშველი ფეხი. წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ფსიქოპათიის ნიშნების მქონე ადამიანები ნაკლებად რეაგირებენ სხვა ადამიანის ტკივილის მიმართ.
მაგალითად, 2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ფსიქოპათიით დაავადებული ადამიანების ტვინი ნაკლებად აქტიურდებოდა, როდესაც ხედავდნენ სხვა ადამიანების ტკივილს. და, აი, ახლა ახალ კვლევაში აღმოაჩინეს, რომ ფსიქოპათიით დაავადებული ადამიანები არა მხოლოდ გამოხატავდნენ ნაკლებ თანაგრძნობას, არამედ სხვა ადამიანებთან შედარებით ოფლიც ნაკლებად გამოეყოფოდათ.
ეს ეფექტი ფიქსირდება ასევე ფსიქოპათიური თვისებების მქონე პატიმარ კაცებში. ამით შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი ადამიანები სხვის ტკივილზე ფიზიკურადაც ნაკლებად რეაგირებენ.
"კვლევა აჩვენებს, რომ სხვების მიმართ თანაგრძნობის ნაკლებობა შეიძლება არ იყოს შეგნებული არჩევანი. ეს ნიშნავს, რომ ფსიქოპათია უკავშირდება ტვინის აქტივობის დაბალ დონეს სხვა ადამიანების ტკივილის საპასუხოდ", — ამბობენ მკვლევრები.
რეალურად, ემპათიაც ეს არის. როდესაც ადამიანი ნაკლებად გრძნობს ტკივილს, მას ასევე გაუჭირდება აღიქვას სხვა ადამიანის ტკივილი.
ასევე, 2020 წლის კვლევებმა აჩვენა, რომ ტვინის ქსელები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის დასამუშავებლად, ასევე გამოიყენება თანაგრძნობის აღსაქმელად.
მეორე მხრივ, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ აღგენიშნებათ ფსიქოპათური თვისებები, სულაც არ ნიშნავს, რომ სერიული მკვლელი გახდებით. ბოლოდროინდელმა კვლევებმა, მათ შორის 2022 წლის კვლევამ, აჩვენა, რომ ფსიქოპათიური თვისებები შეიძლება იყოს დადებითი და დაეხმაროს ადამიანებს ემოციების დარეგულირებაში.
მაგალითად, ქირურგებსა და სხვა მედიკოსებში ფსიქოპათიური თვისებების სიჭარბე შეინიშნება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სტრესის დაძლევაა საჭირო. ალბათ, სწორედ ეს არის ის, რაც ექიმებს (ზოგ შემთხვევაში) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას (ოპერაციისას) სწრაფი და რთული გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას აძლევს.
კომენტარები