მე-20 საუკუნის დასაწყისში გერმანიაში ცნობილი ცხენი, ჭკვიანი ჰანსი, ცხოვრობდა. მისი მწვრთნელი მაყურებელს ცხოველის გასაოცარი უნარებით, გერმანული ენის გაგებით, დროის თქმითა და მათემატიკური ამოცანების ამოხსნით, აკვირვებდა.

ჭკვიანი ჰანსი

ფოტო: Wikipedia

მოგვიანებით, როცა დამოუკიდებელმა გუნდმა ჭკვიანი ჰანსი გამოიკვლია, აღმოჩნდა, რომ მასზე ყველა წარმოდგენა მცდარი იყო. დადგინდა, რომ ცხოველი უბრალოდ მწვრთნელის სხეულის ენაზე რეაგირებდა და რეალურად არც ადამიანური ენა ესმოდა და ვერც არითმეტიკულ მოქმედებებს ასრულებდა.

ჭკვიანი ჰანსის შემთხვევამ აჩვენა, ცხოველის მიერ ადამიანური ენის გაგება რამდენად რთულია. მიუხედავად ამისა, მეცნიერები დღესაც იკვლევენ, ამის მცირე შესაძლებლობა მაინც არსებობს თუ არა.

პრიმატებთან, ფრინველებთან, დელფინებთან და სხვა ცხოველებთან ენის კვლევები 1960-1970-იან წლებში დაიწყო. სკეპტიკოსები ამ კვლევას კრიტიკით შეხვდნენ, ამტკიცებდნენ, რომ ცხოველები მხოლოდ საკუთარი მწვრთნელის მოქმედებებს იმეორებენ, როგორც ჭკვიანი ჰანსი. მრავალი ცხოველი ისეთ კონტექსტურ მინიშნებებს, როგორიცაა სხეულის ენა და ხმის ტონი, კარგად აღიქვამს. მიუხედავად ამისა, ნაკლებად ცნობილია, თუ რამდენად ესმით მათ სიტყვების მნიშვნელობა ან ენის უფრო რთული ელემენტები, როგორიცაა გრამატიკა.

თანამედროვე კვლევა აჩვენებს, რომ სწავლების მეშვეობით ზოგიერთ ცხოველს შეიძლება კონკრეტული სიტყვების მნიშვნელობა მართლა ესმოდეს.

"ადამიანები ბევრი რამით არიან განსაკუთრებულები და ენა, რა თქმა უნდა, უნიკალურია მათთვის", — განუცხადა ციურიხის უნივერსიტეტის ევოლუციური ანთროპოლოგიის პროფესორმა საიმონ თაუნსენდმა Live Science-ს. "მაგრამ ვფიქრობ, მსგავსებებს ცხოველთა და ადამიანთა კომუნიკაციის სისტემებს შორის სულ უფრო და უფრო ვპოულობთ".

შეუძლიათ პრიმატებს ადამიანური ენის სწავლა?

ენასთან დაკავშირებული ყველაზე ცნობილი ექსპერიმენტი გორილას, სახელად კოკოს, ეხება. მან ამერიკული ნიშანთა ენა შეისწავლა. კოკო, რომელიც 2018 წელს მოკვდა, დაახლოებით 1 000 ჟესტს იყენებდა და 2 000-ზე მეტი ინგლისური სიტყვა ესმოდა.

გორილა კოკო

ფოტო: National Post

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რამდენიმე შეცვლილი ჟესტის სწავლასა და ნამდვილი ნიშანთა ენის სრულფასოვნად ფლობას შორის დიდი განსხვავება არსებობს. მათ ასევე თქვეს, რომ კოკო ჟესტების ენაზე თავისუფლად არასოდეს საუბრობდა. კრიტიკოსების თქმით, გორილა ზოგჯერ უაზროდ ჟესტიკულირებდა, ხოლო მწვრთნელები ცდილობდნენ, მისი ნიშანთა სისტემა საკუთარი ინტერპრეტაციებით გაეგოთ.

შედარებითი ფსიქოლოგისა და ლინგვისტი მაიკლ ტომასელოს მიხედვით, პრიმატებს შორის ენის ყველაზე განვითარებული უნარები კანზის, მამრ ბონობოს ეკუთვნის, რომელიც 1980-2025 წლებში ცხოვრობდა. კანზი კომუნიკაციას ლექსიგრამების დაფის მეშვეობით ამყარებდა — ეს კლავიატურა დაახლოებით 200 შემთხვევით სიმბოლოს შეიცავდა, რომლებიც მის გარემოში არსებულ საგნებს შეესაბამებოდა.

ბონობო კანზი

ფოტო: Scientific American

თაუნსენდი, რომელიც კანზისთან მუშაობდა, აღნიშნავს, რომ ბონობოს თავისი ლექსიგრამების დაფის სიმბოლოები კარგად ესმოდა და მათი მეშვეობით მწვრთნელებთან კომუნიკაციას ამყარებდა. კანზი სიმბოლოებს ადამიანთა სახელებისთვის, ზოგადი ობიექტებისთვის, მოქმედებებისა და ადგილებისთვის იყენებდა. ასევე სიტყვებს "დიახ" და "არა" განსაკუთრებული ხმებით გამოხატავდა. ლექსიგრამების დაფის საშუალებით ის ობიექტებს ან კონკრეტული ქმედებების შესრულებას ითხოვდა.

"მან სიმბოლური კომუნიკაცია ისწავლა, რაც სხვა სახეობის კომუნიკაციის სისტემის მახასიათებელია", — ამბობს თაუნსენდი.

მან ასევე აღნიშნა, რომ ადამიანური ენა მხოლოდ სიმბოლოების გამოყენებას არ გულისხმობს. ის ამ სიმბოლოების უფრო რთული მნიშვნელობების შესაქმნელად ერთმანეთთან კომბინირებას მოიცავს, რასაც სინტაქსი ეწოდება. თუ კანზის სინტაქსის გააზრება შეეძლო, ეს მიუთითებდა ადამიანური ენის უფრო ღრმა გაგებაზე.

მიმდინარე კვლევებმა აჩვენა, რომ კანზი სიმბოლოებს შემთხვევითობის პრინციპზე უკეთ მიჰყვებოდა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი კრიტიკოსი მის გრამატიკულ უნარებს ეჭვქვეშ აყენებს. თაუნსენდი და სხვა მკვლევრები კანზის სინტაქსურ შესაძლებლობებს მისი სიცოცხლის ბოლომდე იკვლევდნენ, თუმცა მათი კვლევა ჯერ კიდევ არ გამოქვეყნებულა.

კანზის გარკვეულწილად ინგლისური სიტყვებიც ესმოდა. 1993 წლის კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც ბონობო ახალ, უცნობ წინადადებებს ისმენდა, მაგალითად: "გაიკეთე მონსტრის ნიღაბი და შეაშინე ლინდა", ის მოთხოვნილ მოქმედებას დაახლოებით ოთხიდან სამჯერ ასრულებდა, რითაც 2.5 წლის ბავშვსაც კი ჯობდა.

შეუძლიათ თუ არა ძაღლებს ადამიანური ენის გაგება?

ცხოველების უმეტესობას ევოლუციურად ჩამოყალიბებული შესაძლებლობა არ აქვს, რომ ადამიანის ენას მოუსმინოს და გაიგოს. ძაღლებს, რომლებიც ადამიანებთან ერთად სულ მცირე 14 000 წელია ცხოვრობენ, განსაკუთრებული მოტივი აქვთ, რომ თავიანთ პატრონებს მოუსმინონ და შესაბამისი რეაქცია ჰქონდეთ.

ძაღლები მგრძნობიარეები განსაკუთრებულად იმ კონკრეტული ბგერებისა და ხმის ტონების მიმართ არიან, რომლებსაც ადამიანები კომუნიკაციისას იყენებენ. ფაქტობრივად, ისინი ინტერესს ადამიანის ხმებისა და ჟესტების მიმართ 8 კვირის ასაკიდან იჩენენ. ისინი არასწორად დალაგებულ წინადადებებსაც არჩევენ. ნეირომეცნიერების კვლევები იმაზე მიანიშნებს, რომ მათ ენის ადამიანის მსგავსად აღქმის უნარი აქვთ.

ზოგიერთი განსაკუთრებულად ნიჭიერი ძაღლი შესაძლოა ელემენტარულ გრამატიკასაც კი ფლობდეს. ერთ-ერთი ასეთი იყო ჩეიზერი, გაწვრთნილი ბორდერ კოლი, რომელსაც "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ძაღლი" უწოდეს.

ჩეიზერი

ფოტო: The New York Times

მან 1 000-ზე მეტი სიტყვა ისწავლა. 2011 წლის კვლევის მიხედვით, ჩეიზერს ისეთი ბრძანებების გარჩევა შეეძლო, როგორიცაა "მიუტანე წინდა ბურთს" და "მიუტანე ბურთი წინდას". ეს მისი სინტაქსური გაგების უნარზე მიუთითებდა.

ფედერიკო როსანო, კალიფორნიის უნივერსიტეტის კოგნიტიური მეცნიერების ასოცირებული პროფესორი, ძაღლების ენასთან დაკავშირებული შესაძლებლობების შესასწავლად ღილაკების დაფებს იყენებს. მათზე დაჭერისას იქამდე ჩაწერილი სიტყვის ჩართვით მკვლევრებს საშუალება ეძლევათ, დააკვირდნენ, ძაღლებს მათთან კომუნიკაცია რამდენად შეუძლიათ.

2024 წელს როსანომ აჩვენა, რომ ძაღლები რეალურად სიტყვების ჟღერადობაზე რეაგირებენ და არა კონტექსტზე. კვლევაში 59 ძაღლი მონაწილეობდა. მეცნიერებმა ცხოველებს ისეთი სიტყვები მოასმენინეს, რომლებიც "გარეთ გასვლას", "თამაშსა" და "საკვებს" უკავშირდებოდა. შედარებისთვის კი უაზრო სიტყვა გამოიყენეს. ამ დროს მეცნიერი ყურსასმენებს ატარებდა, რათა მისი სხეულის ენის ან რეაქციების გავლენა ძაღლების პასუხებზე გამოერიცხათ.

მიუხედავად კონტექსტური მინიშნებების არარსებობისა, გუნდმა დაადგინა, რომ როდესაც ძაღლები "გარეთ გასვლასთან" და "თამაშთან" დაკავშირებულ ჩანაწერებს ისმენდნენ, ისინი შესაბამის ქცევას ავლენდნენ — კარს უახლოვდებოდნენ ან სათამაშოს იღებდნენ.

ამ კვლევამ იმედი გააჩინა, რომ ძაღლებს ადამიანის მეტყველების გაგება კონტექსტური მინიშნებების გარეშეც შეუძლიათ. მიუხედავად ამისა, სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ ძაღლები ისეთ სიტყვებს ვერ არჩევენ, რომლებიც მხოლოდ ერთი ბგერით განსხვავდება. შესაბამისად, შეიძლება მათ მიერ ენის გაგებაში ზღვარი არსებობდეს.

როსანომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი კვლევები მიზნად იმის დამტკიცებას არ ისახავს, რომ ძაღლებს "მეტყველება" შეუძლიათ.

როგორც სხვა მკვლევრებს, როსანოსაც უამრავი კითხვა აქვს. ამჟამად ის სწავლობს, ძაღლები ღილაკებს მათთვის უცნობი ობიექტების გამოსახატად იყენებენ, თუ არარსებული სხეულების.

ფედერიკო აღიარებს, რომ კვლევა გარკვეული სკეპტიციზმით დაიწყო, მაგრამ შემდეგ მისი აზრი ძაღლების ენის შესაძლებლობებზე 100%-ით შეიცვალა.

"შესაძლოა, ისინი უფრო მეტს ფიქრობენ, ვიდრე ჩვენ გვგონია", — თქვა მან.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.