გამოავლინეს ჰორმონები, რომლებსაც კანის დაბერებასთან შეწინააღმდეგება შეუძლია

ფოტო: Getty
დაბერების პროცესი მთელს ორგანიზმში მიმდინარეობს, მაგრამ ამის ყველაზე მკაფიო ვიზუალური გამოხატულება ჩვენს კანზეა ხოლმე. ასაკის მატების პარალელურად ნაოჭების რაოდენობაც იზრდება, ასევე კანი თხელდება და მასზე ლაქები ჩნდება. ამას გარე ფაქტორებიც იწვევს, როგორიც ულტრაიისფერი გამოსხივება და ჰაერის დაბინძურებაა. საბოლოოდ, ჩვენი სხეულის საფარველის ცვლილება დაზიანებისა და ინფექციების რისკს ზრდის, ამიტომ ეს მხოლოდ კოსმეტიკურ პრობლემად არ უნდა აღვიქვათ.
მაშ, როგორ შეგვიძლია, რომ კანი დაბერებისგან დავიცვათ?
ახალმა კვლევამ ჰორმონების პოტენციალი გამოავლინა არა მხოლოდ ნაოჭების, არამედ ჭაღარების წინააღმდეგაც. ზოგიერთი ასეთი მოლეკულა იმავე მიზნით უკვე გამოიყენება, მაგრამ ისინი ძირითადად ესტროგენებითა და რეტინოიდებით შემოიფარგლება.
მეცნიერებმა ჰორმონებისა და მათთან დაკავშირებული ნივთიერებების უფრო დიდი რაოდენობა შეისწავლეს, რათა კანის დაბერებაზე მათი გავლენა გაეანალიზებინათ. გაითვალისწინეს ისიც, რომ ამგვარ მოლეკულებს ყველაზე უხვად სწორედ კანი წარმოქმნის (რა თქმა უნდა, ჯირკვლების შემდეგ). ამის გამო ის მნიშვნელოვან ენდოკრინულ ორგანოდ მიიჩნევა, რომლის ფუნქციონირებაშიც არამხოლოდ კანის ყველა ფენა, არამედ თმის ფოლიკულებიც მონაწილეობს. მათ ნეიროენდოკრინულ "მინიორგანოებსაც" უწოდებენ.
კანისა და ჰორმონების ურთიერთკავშირის უკეთ გასაგებად სპეციალისტებმა აქამდე ჩატარებული კვლევები შეისწავლეს. მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან მოლეკულებზე, როგორიც IGF-1, ესტროგენები, რეტინოიდები, მელატონინი და ზრდის ჰორმონებია. ზოგიერთმა მათგანმა თმისა და კანის დაბერებაზე დიდი გავლენა აჩვენა, რაც მათ კლინიკურ პოტენციალზე მიანიშნებს.
ავტორები ამბობენ, რომ ეს ჰორმონები შემაერთებელი ქსოვილის დეგრადაციას, ღეროვანი უჯრედების შენარჩუნებასა და პიგმენტის დაკარგვას აკონტროლებს. პირველი სწორედ ნაოჭების წარმოქმნას იწვევს, ბოლო კი გაჭაღარავებას განაპირობებს. შესაბამისად, ზოგიერთ ჰორმონს ანტიასაკობრივი თვისებები აქვს, რომლის გამოყენებაც პრევენციისთვის შეგვიძლია.
მეცნიერების თქმით, ამ მხრივ მელატონინი ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელია, რადგან ის მცირე ზომისაა, ბიუჯეტურია და მას სხეულიც მარტივად ეგუება. ის პირდაპირი და არაპირდაპირი ანტიოქსიდანტის სახით მოქმედებს და მიტოქონდრიულ მეტაბოლიზმს არეგულირებს. ასევე, მელატონინი დნმ-ის დაზიანებას, ანთებით პროცესებსა და უჯრედების თვითგანადგურებას ეწინააღმდეგება.
თერაპიული პოტენციალის მქონე სხვა ჰორმონები და კომპონენტებია: α-MSH (პეპტიდური ჰორმონი), ოქსიტოცინი, ენდოკანაბინოიდები და PPARs რეცეპტორები.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Endocrine Reviews გამოქვეყნდა.
კომენტარები