მემფისში მცხოვრებ (აშშ) 12 წლის ბიჭს სახლში FBI-დან ეწვივნენ. ამის მიზეზი მისი გენიალურობაა — მან ბირთვული რეაქტორის შექმნა საკუთარ საძინებელში შეძლო. ჯექსონ ოსვალტმა თავისი მიღწევის შესახებ ინფორმაცია პლატფორმა X-ზე გააზიარა. ბიჭის შთაგონება TED-ის ვიდეოდან მოდის, რომელშიც 2008 წელს ტეილორ ვილსონი საუბრობს, თუ როგორ შექმნა ბირთვული რეაქტორი 14 წლის ასაკში.

ასევე: როგორ მუშაობს ბირთვული რეაქტორი — ყველაფერი ატომური ენერგიის შესახებ

ჯექსონმა ბირთვული შერწყმის მისაღებად თავიდან "დემო ფუზორი" შექმნა. ეს იყო პირველი ნაბიჯი ფუნქციური შერწყმის რეაქტორის მისაღებად. ბუნებრივია, ამ პროექტის დასაფინანსებლად ის მშობლების ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროებდა.

ჯექსონის თქმით, თავდაპირველი ვერსია შორს იყო სრულყოფილი რეაქტორისგან — თუ ის რამდენიმე წუთზე მეტ ხანს იმუშავებდა, ცენტრში არსებული "ბადე" გადნებოდა და განადგურდებოდა. ამიტომ, დემო ვერსიის შემდეგ მას კიდევ ბევრი სამუშაო ჰქონდა.

ბიჭმა თავიდან ააშენა ვაკუუმური კამერა, eBay-დან შეიძინა ტურბომოლეკულური ტუმბო და მიიღო დეიტერიუმი საწვავისთვის.

ბიჭის თქმით, მან თავისი რეაქტორის ნაწილების უმეტესი ნაწილი eBay-დან შეიძინა და ამ ყველაფრისთვის ერთი წელი დასჭირდა.

ფოტო: Jackson oswalt

"ჩემს 13-ე დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე, მნიშვნელოვანი ტესტების შემდეგ, მე წარმატებით მივიღე ბირთვული შერწყმა", — თქვა მან მედიასთან ინტერვიუში.

ჯექსონის შესანიშნავმა მიღწევამ სწრაფად მიიპყრო ფართო ყურადღება. ის გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნშიც მოხვდა, როგორც ადამიანი, რომელმაც ყველაზე პატარა ასაკში შეძლო ბირთვული რეაქტორის შექმნა. მისი მიღწევა დაადასტურა Fusor.net-მა და ცნობილმა ექსპერტმა რიჩარდ ჰულმა.

მედიის ფართო ყურადღების შემდეგ, ჯექსონს FBI-ს აგენტები ეწვივნენ და რადიაციის დონე შეამოწმეს. მათ ჯექსონის სახლში რადიაციის სახიფათო დონე ვერ დაადგინეს და მისცეს ბიჭს უფლება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გაეგრძელებინა სამეცნიერო ექსპერიმენტები.

"მე მოვხვდი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში. ასევე მივიპყარი FBI-ს ყურადღება, რა დროსაც შაბათ დილით ორმა აგენტმა გამაღვიძა. საბედნიეროდ გადავრჩი და ახლა კვლავ თავისუფალი ადამიანი ვარ", — ამბობს ჯექსონი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.