პლანეტა ნეპტუნი ახლოდან მხოლოდ ვოიაჯერ 2-ის მისიის განმავლობაში გვაქვს შესწავლილი. ზონდმა მასთან ჩავლისას ციალის (ავრორას) ნიშნები დააფიქსირა, მაგრამ აქამდე მისი გამოსახულება არ მოგვეპოვებოდა.

მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიის — ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის — მეშვეობით ახლა მზის სისტემის უშორესი პლანეტის ციალის შესწავლის შესაძლებლობა მოგვეცა. ასევე, დადგინდა, რომ ეს ციური სხეული ახლა იმაზე ცივია, ვიდრე 1989 წელს იყო.

მსგავსი ნათება მაშინ წარმოიქმნება, როცა დამუხტული ნაწილაკები პლანეტის ატმოსფეროსთან ურთიერთქმედებს. ეს ფენომენი მარსზე, იუპიტერზე, სატურნზე, მერკურიზე, ვენერასა და ურანზე უკვე დაფიქსირებული იყო (თავისთავად, დედამიწაზეც). ახლა კი მათ რიცხვს ნეპტუნიც შეუერთდა.

"ამით ოთხივე გიგანტური პლანეტის ავრორას ემისიებზე ინფრაწითელ სპექტრში დაკვირვებები შესრულებულია. ვიცოდით, რომ ციალი ნეპტუნზეც უნდა ყოფილიყო, რადგან საამისოდ ყველა სათანადო პირობა ჰქონდა, თუმცა ხმელეთზე განლაგებული ტელესკოპებით ის არასდროს დაფიქსირებულა.", — ამბობს კვლების ხელმძღვანელი, ჰენრიკ მელინი.

ფოტო: NASA, ESA, CSA, STScI

ეს შესაძლებელი სწორედ ვების ტელესკოპმა გახადა, კერძოდ კი მისმა ინსტრუმენტმა, რომელიც ახლო ინფრაწითელი სპექტრის მიმართაა მგრძნობიარე. მეცნიერებმა პლანეტის ტემპერატურა და ტრიწყალბადის კათიონები (H3+) გაზომეს, რომლებიც ხშირად (დანარჩენ სამ გიგანტურ პლანეტაზე) სწორედ ციალთან ასოცირდება.

მათი დიდი კონცენტრაცია იმ რეგიონშია, სადაც ნათებაა. დედამიწაზე ციალი პოლუსების მიმდებარედ შეინიშნება, მაგრამ ნეპტუნზე სხვაგვარადაა. ეს იმიტომ, რომ მისი მაგნიტური ველი ბრუნვის ღერძის მიმართ 47 გრადუსითაა დახრილი.

აღმოაჩინეს ისიც, რომ ნეპტუნის ატმოსფეროს ზედა შრეები ახლა ორჯერ ცივია, ვიდრე 1989 წელს, ვოიაჯერ 2-ის სტუმრობისას, იყო. ამ ცვლილებას ავრორას სიგნალი უნდა შეესუსტებინა, მაგრამ ვების ტელესკოპმა ის მაინც შენიშნა. ახალი მიგნება ცხადყოფს იმასაც, რომ ამ პლანეტის აირის გარსი საკმაოდ დინამიკურია.

დამატებითი დაკვირვებებით შეგვიძლია გავიგოთ, როგორ იცვლება ავრორა დროთა განმავლობაში და როგორ ურთიერთქმედებს ნეპტუნის მაგნიტური ველი გარემომცველ კოსმოსთან.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.