ზვიგენები თავიანთ მსხვერპლებს ჩუმად უახლოვდებიან და თავს ისე ესხმიან, მაგრამ მათ "დუმილი დაარღვიეს" — მეცნიერებმა ამ საშიში თევზების მიერ გამოცემული ხმა პირველად დააფიქსირეს.

Mustelus lenticulatus-ის სახეობის წარმომადგენელთა ხმები მაშინ გაიგონეს, როცა ახალ ზელანდიაში კვლევას ატარებდნენ. ეს პატარა ზვიგენები სწორედ ამ ქვეყნის სანაპირო წყლებში არიან გავრცელებულნი. სმენით შესაძლებლობებზე ორიენტირებულ ტესტებს შორის ამ ცხოველთა გადაადგილებისას სპეციალისტებმა შენიშნეს, რომ ისინი მაღალი სიხშირის ბგერებს გამოსცემდნენ, რომლებიც ტკაცუნის ხმას მოგვაგონებს. ეს მოულოდნელი იყო, რადგან მათ არ აქვთ ე.წ. საცურაო ბუშტი, რომლის ვიბრაციაც სხვა თევზების ხმიანობას განაპირობებს.

მეტის გასაგებად მეცნიერებმა 10 ახალგაზრდა ზვიგენი ხმის ჩამწერი მოწყობილობებით აღჭურვილ ავზში რიგრიგობით მოათავსეს. თითოეული მათგანი იქ 20 წამით დააყოვნეს. ჩანაწერების ანალიზმა აჩვენა, რომ ყველა შემთხვევაში მათ მაღალი სიხშირის ხმები გამოსცეს, რომელთა ხანგრძლივობაც 1 წამზე ნაკლები იყო. ამასთან, ეს ხმიანობა პირველ 10 წამს უფრო აქტიურად ისმოდა, რასაც ავტორები თევზების დაფრთხობას უკავშირებენ.

საინტერესოა, რომ ამ ბგერების დიდი ნაწილი Mustelus lenticulatus-ის აღქმადი დიაპაზონის მიღმა იყო. შესაბამისად, ვარაუდობენ, რომ ეს მათში კომუნიკაციის საშუალება არაა. სამაგიეროდ, ასეთი ხმების გაგონება ზოგიერთ ვეშაპს შეუძლია, რომელიც ამ ზვიგენებს ესხმის თავს.

იმის გასაგებად, თუ როგორ გამოსცემენ წყლის ეს პატარა ბინადრები მსგავს ხმებს, მკვლევრებმა მათი ყბებისა და კბილების სამგანზომილებიანი ციფრული მოდელი შექმნეს. მათ ბრტყელი ფორმის კბილების რამდენიმე წყება აქვთ, რისი მეშვეობითაც კიბორჩხალას ჯავშანს აცლიან. ვარაუდობენ, რომ ტესტებისას დაფიქსირებულ ბგერებს სწორედ კბილების ერთმანეთზე მიბჯენა იწვევს, როცა ზვიგენები ყბებს ხურავენ.

ახლა მეცნიერებს აინტერესებთ, რატომ გამოსცემს მსგავს ხმებს ეს სახეობა და ხდება თუ არა ეს ბუნებრივ გარემოში. ამისთვის დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.