როგორ წაშალეს ტროლებმა ზღვარი სატირასა და Fake news-ს შორის
რა შედეგი აქვს დეზინფორმაციას? — ამ კითხვის პასუხად მომხმარებლის ან მკითხველის შეცდომაში შეყვანა გვახსენდება და ხშირად ყალბი ამბების მთავარი პრობლემაც ეს გვგონია, თუმცა ეს ერთადერთი შედეგი არ არის. როცა დეზინფორმაცია კამპანიის ხასიათს იღებს და პროპაგანდისტული მოტივებით კეთდება, უფრო საშიში ხდება და შეიძლება, კონკრეტული პირების დისკრედიტაციაში, აგრესიის გაღვივებაში ან ქვეყნის პოლიტიკური კურსის განსაზღვრაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს.
საქართველოში დეზინფორმაციული კამპანიები არახალია. ჩვენ ვხედავთ, როგორ ესხმიან თავს არაიდენტიფიცირებადი და თუნდაც იდენტიფიცირებადი პროფილები უმცირესობებს, აქტივისტებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, არასამთავრობო სექტორს. მათი ხშირი სამიზნეა სახალხო დამცველიც.
"უწყინარი" ხუმრობა
ანტილიბერალური, ულტრამემარჯვენე ჯგუფები და ფეისბუქგვერდები სახალხო დამცველის აპარატს და თავად ნინო ლომჯარიას ქვეყნის მტრად, "ერის გადაშენების" მსურველად და "სოროსის გეგმის" შემსრულებლად წარმოაჩენენ. ესეც არახალია და თავის დამოკიდებულებას ისინი არც საჯარო გამოსვლებისას მალავენ. სოციალურ ქსელებში ხშირია მათი ორგანიზებული კამპანიები, როცა რამდენიმე ფეისბუქგვერდი ერთდროულად ავრცელებს ლომჯარიას სახელით ან მის შესახებ არაზუსტ, კონტექსტიდან ამოგლეჯილ ან ცრუ ინფორმაციას. მსგავსი ტაქტიკით მოქმედებენ სახელისუფლებო და პროსახელისუფლებო ტროლებიც, თუმცა ძირითადად მაშინ, როცა ომბუდსმენი სამთავრობო გუნდის გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს. ამჯერად ლომჯარია ორივე ამ ჯგუფის თავდასხმის სამიზნე გახდა, მაგრამ სანამ მათი ქმედება კოორდინირებულ ხასიათს მიიღებდა, ყველაფერი "უწყინარი" ხუმრობით დაიწყო.
ფეისბუქმომხმარებელმა, მრისხანე ბაბუაწვერამ, რომელსაც არაიდენტიფიცირებადი პროფილი აქვს, On.ge-ს ვებგვერდიდან ნამდვილი ნიუსის სქრინები აიღო და "დააკორექტირა".
სატირული წარწერები მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებოდა და არარეალურ ან რეალურ ამბებს ირონიულად წარმოაჩენდა. პოსტების ნაწილი სექსისტურ, რასისტულ და შეურაცხმყოფელ ქვეტექსტსაც ატარებდა.
ფოტოებზე, სადაც ჩვენი გამოცემის ლოგო ჩანს, წაშლილი იყო ორიგინალი სათაურები და ისინი განსხვავებული შრიფტითა და ფორმატით იყო დაწერილი, თუმცა ამისთვის განსაკუთრებული ყურადღება ყველას არ მიუქცევია და მათი რეალური სქრინებისგან გარჩევა ბევრს გაუჭირდა. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ აღნიშნული ფეისბუქმომხმარებელი, მანამდე საკუთარ კედელზე რეალური ნიუსების სქრინებსაც აზიარებდა.
სატირული პოსტები საფრთხედ იქცა მაშინ, როცა ომბუდსმენის გაყალბებულმა ციტატამ და ფაქტობრივად "მზა მასალამ" ვიზუალური კონტენტის სახით, დაინტერესებული ჯგუფების ყურადღება მიიქცია. სქრინი, რომელშიც ომბუდსმენი თითქოსდა ამბობდა, რომ ვეფხისტყაოსანი უნდა აიკრძალოს, რადგან "მონა ზანგი" ხშირად არის ნახსენები, სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა.
მომხდარს ნინო ლომჯარია საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოეხმაურა და უარყო, რომ ეს სიტყვები მას ეკუთვნოდა, თუმცა ყალბი ამბავი უფრო სწრაფად გავრცელდა, ვიდრე ომბუდსმენის განცხადება. კოორდინირებულმა კამპანიამ ათეულობით ჯგუფი მოიცვა, სადაც მკითხველებს არწმუნებდნენ, რომ ეს სიტყვები სიმართლეა. რიგი მომხმარებლებისთვის ამბავს დამაჯერებლობა შემატა იმ ფაქტმაც, რომ აშშ-ში მიმდინარე ანტირასისტული პროტესტის ფონზე შეიზღუდა იმ ფილმების ჩვენება და წიგნების გამოცემა, რომლებიც რასისტული შინაარსის პასაჟებს შეიცავს.
დეზინფორმაციული კამპანიის შედეგად, ომბუდსმენის მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მოსპობის მუქარები გაჟღერდა. აგრესიულად განწყობილი მომხმარებლები სახალხო დამცველის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ მას, როგორც ქალს და სექსუალური ძალადობის მოწოდებით გამოდიოდნენ.
აგრესიის ტალღა ამ "ციტატას" გასცდა. იყო შემთხვევებიც, როდესაც ლომჯარიას არა ამ "განცხადების", არამედ ლიბერალურ ღირებულებებს გამო ესხმოდნენ თავს და იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ ადამიანის უფლებებს იცავდა, რაც მათი აზრით "ქვეყნის გადაგვარებას" გამოიწვევდა. ამის გამო მის გადადგომასაც ითხოვდნენ.
მკითხველებს, რომლებიც აგრესიას ავლენდნენ, არ უცდიათ გადამოწმება, მართლა ეწერა თუ არა On.ge-ს მსგავსი სიახლე.
როგორც ჩანს, ეს "საკმარისი" აღმოჩნდა ვებგვერდებისთვის, რომლებიც პოზიციონირებენ, როგორც ონლაინმედიები — ორმა საიტმა ყალბ სქრინზე დაყრდნობით ნიუსები მოამზადა. მათი მასალები არ შეიცავდა არანაირ დამატებით ინფორმაციას, გარდა ამ ყალბი პოსტისა, რომელიც სხვადახვა ჯგუფში ზიარდებოდა.
ე.წ. საინფორმაციო სააგენტოების დაინტერესებამ ყალბი ამბების გავრცელების არეალი უფრო გაზარდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამაში ტროლები აქტიურად ჩაერთნენ.
მითების დეტექტორმა გამოიკვლია, რომ ყალბი სქრინი გამოაქვეყნეს და ნამდვილ ინფორმაციად წარმოაჩინეს პროსამთავრობო ფეისბუქ პროფილმა Tamazi Tamaziko-მ და ფეისბუქ გვერდებმა: სოხუმი საქართველოა ალექსანდრე ჩარგეიშვილი, ანტილიბერალური დოქტრინა, Liberastuli seni და საქართველო. მედიის განვითარების ფონდის (MDF) ფაქტების გადამოწმების პორტალმა ასევე გამოიკვლია, რომ ataka.ge-ს ყალბი სტატია 6-მა ფეისბუქ გვერდმა გააზიარა: ტროლები, მთავარი გვერდი, საინტერესო გვერდი, LoLo.Ge, Filmebi-Qartulad.Net და კრეატივი.
ორგანიზაციის განცხადებით, სქრინს სამთავრობო ჯგუფებში აზიარებდა პრორუსული გამოცემა News Front Georgia-ს და tvalsazrisi.ge-ს სტატიების ერთ-ერთი ავტორი ირაკლი ჯანყარაშვილი, ფეისბუქ ანგარიშით — ირაკლი ირაკლი. მათივე ინფორმაციით, ყალბი სქრინი გაზიარდა ჯგუფებში: კახა კალაძე თბილისის მერი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ამხილე პორტირებული ნაცები.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია On.ge-სთან აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ მიმართული კამპანიები ხშირია და ახლაც, როგორც წინა შემთხვევებში, გამოჩნდა, რომ ეს არ არის მოქალაქეების მიერ ატაცებული ინფორმაცია და ის მიზანმიმართულად, ორგანიზებულად იყო გაზიარებული.
"ჩემთან მიმართებაში არ ყოფილა პირველი შემთხვევა. ტაქტიკა ძირითადად ერთგვაროვანია: იღებენ ფოტოს, აწერენ წარწერას, რომელიც არასდროს მითქვამს და ეს ინფორმაცია ვრცელდება სხვადასხვა ჯგუფში, ორგანიზებულად. შემდეგ ამ ინფორმაციას იტაცებს სხვადასხვა მომხმარებელი, რაც მათ აღშფოთებას იწვევს", — აცხადებს ის.
ომბუდსმენი განმარტავს, რომ პირველწყაროსთან, ანუ სქრინის ავტორთან პრეტენზია არ აქვს და სატირის, როგორც გამოხატვის ფორმის, შეზღუდვას არ ემხრობა. მისი თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად უცილებელია მედიაწიგნიერების გაზრდა და მომხმარებლამდე იმ ინფორმაციის მიტანა, როგორ გაარჩიონ ყალბი ამბები ნამდვილისგან.
"ასეთი სატირა ამ გვერდმა შექმნა არაერთი საჯარო პირის მიმართ, რომელზეც ყველამ გაიცინა, არ გადაქცეულა ეს ამბები რეალურ ნიუსად. მაგრამ ჩემს შემთხვევაში ხუმრობად დაწერილი ამბავი შეფუთეს რეალურ ინფორმაციად.
პრობლემა ის არ არის, რომ ვიღაცამ იხუმრა, ან ვინმე უწმაწურად გამოეხმაურა, პრობლემა იმაშია, რომ არიან ჯგუფები, რომლებიც სპეციალურად, ორგანიზებულად ამახინჯებენ და აძლევენ ამას დეზინფრომაციის ფორმას. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ასეთ ჯგუფებს და უნდა ვებრძოლოთ, პირველ რიგში მხილებით", — აცხადებს ის.
ომბუდსმენი მიმართავს მოქალაქეებს, მეტი ყურადღება გამოიჩინონ და თავად სცადონ ინფორმაციის გადამოწმება:
"ყველამ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ გაარჩიოს მომხმარებელმა რეალური ინფორმაცია ყალბი ამბისგან. ამ უნარების ნაკლებობა არის საზოგადოებაში და სოციალური ქსელის მომხმარებელი ხშირად ვერ არკვევს, რომელ წყაროს ენდოს და რა ტიპის ინფორმაციაში შეიტანოს ეჭვი. უნდა ავუხსნათ მომხარებელს რამდენად სანდო გამოცემაა, როგორი შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს, უთითებს თუ არა წყაროს. თუ წყარო არ ახლავს, ბმული არ აქვს მითითებული და ვიღაცის ნათქვამს ავრცელებს ისე, რომ არ უთითებს ოფიციალურ ვებგვერდს ან ვიდეო ჩანაწერს, ადამიანებმა კრიტიკულად უნდა იფიქრონ და დასვან შეკითხვა, ხომ არ არის ეს ამბავი დეზინფორმაცია".
როგორ ავირიდოთ დეზინფორმაცია
ფოტო: Julie Beck
სატირული პოსტი რომ მთავარი პრობლემა არ არის, ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ყალბი ამბები სხვადასხვა მედიის სახელით არაერთხელ გავრცელებულა. უმეტეს შემთხვევებში მათი ჩანაფიქრი არა ხუმრობა, არამედ დეზინფორმაციაა. ასე მოხდა სხვა ონლაინ გამოცემების, რადიო თავისუფლებისა და ბათუმელების შემთხვევაში, როდესაც ანტილიბერალურმა და პროსახელისუფლებო გვერდებმა მათი ნიუსი და პოსტი მიზანმიმართულად შეცვალეს და პროპაგანდისთვის გამოიყენეს. სწორედ ამიტომ, მედიის მკვლევრები განმარტავენ, რამდენად მნიშვნელოვანია მედიაწიგნიერების ამაღლება.
ფოტო: ფოტო მითების დეტექტორის ანაგარიშიდან
ეთიკის ქარტიის თავმჯდომარე, მარიამ გოგოსაშვილი On.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საჭიროა უფრო მეტი მუშაობა, რათა მოხმარებლებს ჰქონდეთ ცოდნა, როგორ გადაამოწმონ ინფორმაცია.
"როდესაც მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია, კონტექსტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. არჩევენ ამბავს, რომელიც ასე თუ ისე მიმსგავსებულია გარკვეულ საკითხთთან და უფრო ნაკლებად უჩენს მომხმარებელს განცდას, რომ დეზინფრომაცია იქნება. ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდი როლი ითამაშა კონტექსტმა.
როდესაც ავრცელებენ მსგავს სქრინებს, სადაც მითითებულია გამოცემის ლოგო, შესაძლებელია ამ საიტზე შესვლა და გადამოწმება. რეალურად, ჩვენ ვერ ვიტყვით, კონკრეტულ საიტს უნდა ენდოს თუ არა მკითხველი, უნდა წაიკითხოს თუ არ წაიკითხოს. ჩვენ უნდა ავამაღლოთ მედიაწიგნიერება, იმისთვის, რომ მკითხველს ჩამოუყალიბდეს ცოდნა, როგორ გადაამოწმოს ინფორმაცია", — აცხადებს ის.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს მედია პროგრამის მენეჯერი, მამუკა ანდღულაძე განმარტავს, რომ დეზინფორმაცის წყაროდ შეიძლება რეალური ამბავიც იქცეს, რომელსაც კონტექსტიდან ამოგლეჯენ. აქედან გამომდინარე, მისი თქმით, პრობლემა არა სატირაში, არამედ, კოორდინირებულ ქმედებებშია.
"სატირა გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელოვანი ფორმაა, მისი შეზღუდვა არ უნდა მოხდეს. თუ სატირაა, სასურველია, რომ ეს მკაფიოდ იყოს მითითებული. თუმცა, რომც იყოს სატირა მითითებული, არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ბოროტად იქნება გამოყენებული მათ მიერ, ვისაც ასეთი განზრახვა აქვს. ამიტომ, ჩვენ უნდა ავუხსნათ მომხმარებელს, როგორ მოახერხოს ინფორმაციის გადამოწმება, თუ ის საეჭვოა. ჩვენს შემთხვევაში, ხშირად ხდება, რომ როგორც საერთაშორისო ასევე, ადგილობრივ სანდო და ობიექტურ მედიას იყენებენ დეზინფორმაციის მიზნით. მომხმარებელი ხედავს ნაცნობ ვიზუალს, იცის რომ გამოცემა სანდოა და მან თუ დაწერა, შესაძლოა, სიმართლე იყოს. დეზინფორმაციის წინააღმდეგ დაპირისპირების მთავარი გზაა, მოსახლეობამდე მივიდეს სწორი ინფორმაცია", — აცხადებს ის.
როგორ გადავამოწმოთ ყალბი ამბები
ფოტო: Lazaro Gamio / Axios
ყალბი ამბების გადასამოწმებლად რამდენიმე მარტივი ხერხი არსებობს. პირველ რიგში, მკითხველმა ყურადღება უნდა მიაქციოს ინფორმაციის გამავრცელებელი წყაროს სანდოობას. წყაროს სანდოობის შემოწმებისას მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სხვა დროს რა სახის ინფორმაციას ავრცელებს ის და შემჩნეულია თუ არა ყალბი ამბების გამოქვეყნებაში. ასევე, სკეპტიკურად შეხედეთ სიახლეებს, რომლებსაც მყვირალა და სენსაციური შინაარსის მატარებელი სათაურები აქვთ. მათი მიზანი ხალხის მიზიდვა და შეცდომაში შეყვანაა. ამიტომ, ყოველთვის გადაამოწმეთ მსგავსი სიახლეები სანდო წყაროებზე.
მნიშვნელოვანია, დააკვირდეთ ბმულს, რადგან ყალბი ამბების გამავრცელებელი ბევრი საიტი ახალი ამბების ნამდვილი წყაროების იმიტირებას ცდილობს. ყურადღება მიაქციეთ ვებგვერდსაც, რადგან ყალბი სააგენტოს ვებგვერდები ძირითადად გამოირჩევა ფორმატით და ხშირად შეგხვდებათ რეკლამები.
ყალბ ამბებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ ტროლების, ფოტოვიდეო მანიპულაციის ამოცნობა და გეოლოკაციის გადამოწმება. ტროლების ამოსაცნობად რამდენიმე მარტივი ხერხით უნდა იხელმძღვანელოთ:
- გააანალიზეთ მისი პროფილი — უნდა გახსოვდეთ, რომ ტროლების უმეტესობა სხვის იდენტობას იპარავს. შეგიძლიათ მისი ფოტოები გუგლის Image search-ში გაატაროთ და გაიგოთ, ვის ეკუთვნის რეალურად ფოტო. ან დააკვირდით მის გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოებზე აქტივობებს — ტროლების პოსტებზე იშვიათად შეამჩნევთ მეგობრებისა და ოჯახის წევრების კომენტარებს. გარდა ამისა, მათ პროფილზე ცარიელი გვხვდება ინფორმაციის ველი და დასაქმების ადგილად დიდი კორპორაციებია მითითებული.
- მიაქციეთ ყურადღება კომენტარებს, რადგან ისინი ძირითადად კონტექსტიდან ამოვარდნილია და სხვა მომხმარებლების დისკუსიაში ჩათრევას, მის დაბნევას ცდილობს.
დამატებითი ინფორმაციისთვის კი წაიკითხეთ სტატია — როგორ ამოვიცნოთ ტროლი.
სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
კომენტარები