პარტნიორის კონტენტი

კაროსა და ავთანდილის ისტორია – როგორ ამოვიცნოთ ტროლი

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება
სტატიას წარმოგიდგენთ

ყალბი ანგარიშები დღითიდღე მრავლდება და იხვეწება, თუმცა მათი ამოცნობა სინამდვილეში არც ისე რთულია.

ვინ არიან ტროლები და ბოტები?

ტროლი არის პიროვნება, რომელიც ონლაინ სივრცეში (სოციალურ ქსელებში, ფორუმებზე თუ საიტებზე) არაადეკვატურ და პროვოკაციულ ინფორმაციას აქვეყნებს, რათა მომხმარებელთა შორის ჯანსაღ დისკუსიას ხელი შეუშალოს.

ტროლები მალავენ საკუთარ რეალურ სახელს და სხვის იდენტობას არიან ამოფარებული. მათი უმრავლესობა დემოკრატიული პროცესების დისკრედიტაციას ემსახურება, ნაწილი კი პრორუსულ და სიძულვილის ჯგუფებს წარმოადგენს. ისინი სხვადასხვა სივრცის კომენტარების სექციაში აგრესიულ თუ არათემატურ კომენტარებს წერენ და ისეთ გარემოს ქმნიან, სადაც ჩვეულებრივ მომხმარებელს აქტიურობა აღარ სურს.

"ტროლებთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა ამ საკითხზე ბევრი საუბარია. ორი წლის წინ საქართველოში ამ პრობლემაზე მხოლოდ პროფესიული ორგანიზაციები თუ საუბრობდნენ და ახლა აშკარაა, რომ ტროლების არსებობის შესახებ ცნობიერება გაზრდილია. ტროლის გამოაშკარავება და იდენტიფიცირება მას სანდოობას უკარგავს, ამიტომ მათთვის სახელის დარქმევა მისი განეიტრალების ყველაზე ეფექტური გზაა"

მედიის განვითარების ფონდის მკვლევარი სოფო გელავა

მედიის განვითარების ფონდმა მიმდინარე წელს 32 სახელისუფლებო ტროლი გამოავლინა, რომელთაგან 18 სხვის სახელს იპარავს, 14 კი საკუთარ იდენტობას მალავს.

რაც შეეხება ბოტებს, ისინი რეალური პიროვნების პროფილისთვის მიმსგავსებული ავტომატიზებული პროფილებია. ხშირად ათეულ ათასობით ანგარიშს ერთი რეალური მომხარებელი მართავს. ბოტები ხშირად გამოიყენება, როდესაც დამკვეთს სურს კონკრეტული გზავნილის გავრცელება, სხვა მომხმარებლების თუ ორგანიზაციების შევიწროვება და დისკრედიტაცია ან ხელოვნური მოწონებების (Like-ების) და გამომწერების (Follower-ების) გაზრდა.

ამის საილუსტრაციოდ კარგი მაგალითია მოცემული სოციალური რგოლი:

როგორ ამოვიცნოთ ტროლი?

ფოტო: John W. Tomac

ტროლების ამოცნობა სინამდვილეში რთული სულაც არ არის და როგორც კი თვალს გაიწაფავთ, უფრო და უფრო ადვილი ხდება. ამისათვის საკმარისია რამდენიმე მთავარი კომპონენტის ცოდნა:

მივაქციოთ ყურადღება კომენტარს – ტროლების მიერ დაწერილი კომენტარები ხშირად კონტექსტიდან ამოვარდნილია. ამასთან, ისინი ხშირად ვრცელია, რათა ტროლმა დისკუსიის არასაჭირო ინფორმაციით გადატვირთვა შეძლოს; ან პირიქით - შეიცავს მხოლოდ რამდენიმე სიტყვას ან არასანდო წყაროების ბმულს. ამავდროულად მათი რეპლიკები ხშირად აგრესიულია და დისკუსიაში შესვლის ნაცვლად საკუთარი აზრის აფიშირება აქვს მიზნად. ყველაფერთან ერთად, ტროლის კომენტარი რიგ შემთხვევებში შეიცავს ენობრივ და გრამატიკულ შეცდომებს.

გავაანალიზოთ პროფილი – ტროლები სახელდახელოდ, კონკრეტული მიზნით შექმნილი პროფილებია; შესაბამისად რეალური ინფორმაცია მათ დაბადების ადგილზე, თარიღზე, პროფესიულ საქმიანობაზე, ოჯახზე და ა.შ. არ არსებობს. აქედან გამომდინარე მათ პროფილზე არსებული About Me (ჩემ შესახებ) სექციები ან ცარიელია ან სავსეა ყალბი ინფორმაციით, როგორიცაა მაგალითად: ვაშინგტონი დაბადების ადგილად, ან Google - დამსაქმებლად.
ამავდროულად, თვალშისაცემია მათი პროფილისა და Cover ფოტოებიც – ისინი იშვიათადაა პერსონალური (ნამდვილი ადამიანების პროფილებისაგან განსხვავებით), ან სულაც მოპარული ფოტოებითაა ჩანაცვლებული, რომელთა გამოვლენაც მარტივად შეგვიძლია Google Image Search–ის მეშვეობით. პერსონალურობისაგან დაცლილია მათი გაზიარებული ვიდეოებიც, ვინაიდან ტროლები ძირითადად კონკრეტული იდეოლოგიისა და გზავნილის მატარებელ კონტენტს აზიარებენ. მათი სიახლეების ველი კი მეტწილად მედია საშუალებების ბმულებს მოიცავს.

და ბოლოს, დავეხმაროთ სხვებს მათ ამოცნობაში – თუ ზემოთ აღწერილი გზით გადამოწმების შემდგომ ტროლს ამოიცნობთ, აუცილებლად დატოვეთ კომენტარი, რათა სხვა მომხმარებლებსაც შეუწყოთ ხელი ტროლის იდენტიფიცირებაში.

როგორ ქმნიან ტროლებს? - კარო და ავთანდილი

ამ ყველაფრის შემდეგ ალბათ გაინტერესებთ, რა მექანიზმით იღებენ სათავეს ტროლები და როგორ ახერხებენ ისინი რეალური ფეისბუქ ანგარიშის ილუზიის შექმნას. სინამდვილეში ტროლების შექმნა არც ისე რთულია. ამისათვის დაინტერესებული ჯგუფები Facebook-სა და Vkontakte–ზე არსებული უცხოური პროფილებიდან სხვადასხვა ადამიანის ფოტოებს იპარავენ, რომლის მეშვეობითაც ახალ, ქართული სახელისა და გვარის მქონე ყალბ პროფილებს ქმნიან.

მეტი დამაჯერებლობისთვის ისინი ქართულ კომპანიებსა თუ სასწავლებლებსაც უთითებენ მუშაობისა თუ განათლების მიღების ადგილად. თუმცა, მედიის განვითარების ფონდმა ეს უკანასკნელი ტროლებთან საბრძოლველ იარაღად გამოიყენა და გადამოწმების მიზნით მითითებულ სასწავლებელში დარეკა. ერთ–ერთი აქტიური ტროლის, Marika Wveraidze–ის შემთხვევაში სამუშაო ადგილად თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი იყო მითითებული, სასწავლებლად კი – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მედიის განვითარების ფონდი ორივე ზემოთ მოცემულ დაწესებულებას დაუკავშირდა და გაიგო, რომ აღნიშნული პირი “თავისუფალი ჟურნალისტთა სახლის” თანამშრომელი არასოდეს ყოფილა და არც შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირიცხებოდა რამე ეტაპზე.

სწორედ მსგავსად შევსებული ფეისბუქ პროფილი აქვს ერთ–ერთ აქტიურ ტროლს, ავთანდილ კერესელიძესაც, რამაც შეიძლება ერთი შეხედვით გვაფიქრებინოს რომ ეს სულაც არ არის ყალბი პროფილი; თუმცა საძიებო სისტემების მეშვეობით გადამოწმების შედეგად ამის დადგენა საკმაოდ მარტივია.

გამორკვევის პროცესში ერთ–ერთი გასაღები ავთანდილ კერესელიძის პირის ფოტო აღმოჩნდა, რომელშიც წარწერა Schüco–ს ვაწყდებით. Schüco ფანჯრებისა და კარების სისტემების გერმანული კომპანიაა. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც Karo Manukyan მუშაობს.

ვინ არის Karo Manukyan? – კერესელიძის მიერ ატვირთული სხვა ფოტოების yandex.people-ში გადამოწმებისას სისტემამ იდენტური ფოტოები სხვადასხვა რუსულ პლატფორმებზე იპოვნა. როგორც აღმოჩნდა, ეს ფოტოები რეალურ პიროვნებას Karo Manukyan-ს ეკუთვნის, რომელიც ერევანში ცხოვრობს და კომპანია Schüco–ს თანამშრომელია. მან, რა თქმა უნდა, არ იცის, რომ მისი ფოტოს გამოყენებით ავთანდილ კერესელიძე სიძულვილის შემცველ კომენტარებს წერს.

ფოტო: MDF

ფოტო: M

ამასთან, ავთანდილ კერესელიძის პროფილი მხოლოდ აგრესიული კომენტარებით არ შემოიფარგლება. იგი ამავდროულად მართავს რიგ სპამ ჯგუფებს და მათში მოხვედრილი პოსტების ქვეშაც ტოვებს სასურველ კომენტარებს.

როგორ ვრცელდება მადისკრედიტირებელი პოსტები?

ყალბი ანგარიშები, როგორც წესი, არაერთ ფეისბუქ გვერდს ქმნიან, რომელსაც ათასობით გამომწერი ჰყავს. გვერდების ადმინისტრატორები კი ე.წ. სპამ ჯგუფებს ქმნიან, რათა მეტი პლატფორმა შექმნან მოქმედბისათვის. მსგავს გვერდებზე განთავსებული პოსტების აუდიტორია კი გვერდისვე ადმინისტრატორები და სხვა ტროლები არიან, რომელთა აქტივობაც რეალური დისკუსიის ილუზიას უნდა ქმნიდეს.

ტროლები მხოლოდ საქართველოში არ გვყავს

ფოტო: Zarracina/Vox

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანა არ არის მსგავსი პრობლემით და თავიანთი ავთანდილ კერესელიძეები სხვა ქვეყნებსაც ჰყავთ.

ჯესიკა არო ფინელი გამომძიებელი ჟურნალისტია, რომელმაც 2014 წელს კრემლის ტროლების შესახებ დაიწყო წერა. ამით განაწყენებულმა ჯგუფებმა ტროლების, ფეიკ-პროფილებისა და პრო-რუსული პროპაგანდისტების მეშვეობით მის წინააღმდეგ საკმაოდ მასშტაბური ინტერნეტკამპანია ააგორეს. ჟურნალისტს შეტყობინება გარდაცვლილი მამის ანგარიშითაც მიუვიდა, თითქოს ის თვალყურს ადევნებდა შვილს. 2018 წლის ოქტომბერში ფინეთის სასამართლომ ჟურნალისტზე ონლაინ თავდასხმისთვის პრო-კრემლინური ტროლები გაასამართლა. ნაწილს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ნაწილს კი დიდი ოდენობით ფულადი კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

გაიგეთ მეტი ამ ისტორიის შესახებ

რა ვიღონოთ ტროლებისა და ბოტების წინააღმდეგ?

ფოტო: John W. Tomac

როგორც აღვნიშნეთ, ტროლებისა და ბოტების წინააღმდეგ პირველი ნაბიჯი მათი ამოცნობაა, ვინაიდან მათი მიზანი სწორედ შეფარულად მოქმედებაა, რის საშუალებასაც ამოცნობის შემთხვევაში ვუზღუდავთ.

თუმცა, ეს არ არის ერთადერთი ბერკეტი რომელიც მათ წინააღმდეგ გაგვაჩნია. იმისათვის რომ სოციალური სივრცე გავათავისუფლოთ ბოტების, ტროლებისა და მათ მიერ გამოყენებული სიძულვილის ენისაგან, გვაქვს Facebook-ის დამხმარე ხელსაწყო – ე.წ. რეპორტი.

ტროლის დასარეპორტებლად შევდივართ მის პროფილზე და ვირჩევთ გრაფას Find Support or Report Profile (დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს ან დაარეპორტეთ ანგარიში)

შემდგომ Facebook ამოგვიგდებს პატარა ფანჯარას, რომელშიც ჩამოთვლილია მიზეზები რის გამოც შესაძლოა ვარეპორტებდეთ აღნიშნულ პროფილს. მათგან ვირჩევთ Fake account (ანუ ყალბი ანგარიში) და ჩვენს არჩევანს ვადასტურებთ ღილაკით გაგზავნა, ბოლოს კი – მზადაა.

თუ მსგავს პროცედურას ანგარიშგასაწევი რაოდენობის მომხმარებელი გაივლის, Facebook კონკრეტულ შემთხვევას გადახედავს და საჭიროების შემთხვევაში მოცემულ ტროლს ანგარიშით სარგებლობის შესაძლებლობას შეუზღუდავს.

ამავე პრინციპით შეგვიძლია დავარეპორტოთ მადისკრედიტირებელი პოსტები თუ კომენტარები, რომლებიც სიძულვილის ენას შეიცავს. სიძულვილის ენის შემთხვევაში მიზეზად ვირჩევთ Hate speech (სიძულვილის ენა), შემდგომ კი – ასპექტს, რა ნიშნითაც მისი გამოყენება მოხდა ვინმეს მიმართ. მაგ.: რასა, წარმომავლობა, სექსუალური ორიენტაცია და სხვა.

თუმცა, ამ პროცესში უმთავრესი ნაბიჯი მაინც ტროლის სწორად ამოცნობა და იმის გაცნობიერებაა, რომ მათი ნარატივი აუცილებლად საზოგადოებაში გავრცელებულ აზრს არ უდრის.

სოციალური მედია ამ მომენტში ბრძოლის ველია და ჩვენ თვითონ ვირჩევთ, რა როლი მოვირგოთ: გულგრილი მაყურებლების თუ მამაცი მეომრების.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. საახალწლო საჩუქრები — ქართული სოციალური საწარმოები, რომელთა პროდუქტებითაც ნებისმიერს გაახარებთ
  2. ოქსფორდის წლის სიტყვად "ტვინის ლპობა" დასახელდა — აი, რას ნიშნავს ეს
  3. მითია თუ რეალობა? — ქვიზი 1956 წლის რეპრესიებზე
  4. ნინო ხარატიშვილი: აუცილებლად მოვა ახალი წელი და გაიმარჯვებს თავისუფლება
  5. ქვიზი: მოგვიყევი შენს მეგობარზე და გეტყვით, რა აჩუქო ახალ წელს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ