რა ხდება

Facebook-მა 6 ქვეყანაში 8 კოორდინირებული ქსელი გამოავლინა და საინფორმაციო პოლიტიკის წესების დარღვევისთვის 732 ანგარიში, 793 გვერდი, 200 ჯგუფი და 162 ინსტაგრამანგარიში წაშალა. მათი აბსოლუტური უმეტესობა საქართველოში მოქმედ კოორდინირებულ ჯგუფებს ეკუთვნის, რომლებიც როგორც ქართულ ოცნებასთან აფილირებულ კოკა ყანდიაშვილთან, ასევე, ნაციონალურ მოძრაობასთან არის კავშირში.

კომპანია განმარტავს, რომ ორივე შემთხვევაში არაავთენტური და ავთენტური ანგარიშების მფლობელები ცდილობდნენ შეენიღბათ თავიანთი ქმედებები, თუმცა მათ შეძლეს ოპოზიციურ პარტიასთან და Espersonas-სთან კავშირის გამოვლენა. ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული გვერდების წაშლისას კომპანია მომხმარებლების რეპორტებს დაეყრდნო, ყანდიაშვილის ქსელის გამოვლენისას კი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის ანგარიშებით იხელმძღვანელა.

ამავე მიზეზით Facebook-მა თავისი პლატფორმიდან წაშალა რუსული კრემლისტური მედიის News-Front-ის გვერდებიც, მათ შორის ქართულენოვანი News-Front Georgia, რომელიც ღიად პრორუსულ ნარატივს ატარებდა და კორონავირუსზე დეზინფორმაციას ავრცელებდა. ამის შესახებ ანგარიშის იმ ნაწილშია საუბარი, რომელიც რუსეთთან დააკავშირებულ კოორდინირებულ ქსელს ეხება.

რატომ "გაწმინდა" კომპანიამ თავისი პლატფორმები

Facebook ყალბ ინფორმაციას და დეზინფორმაციულ კამპანიებს უკვე რამდენიმე წელია ებრძვის. კომპანიამ არაერთხელ განმარტა, რომ კოორდინირებულად არაავთენტური ანგარიშებით პოსტებზე დისკუსიის გაზრდა, საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება, მოჩვენება თითქოს კონკრეტული აზრი პოპულარულია და მეტი მხარდამჭერი ჰყავს, მათ სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ამ შემთხვევაშიც, სწორედ ეს გახდა მიზეზი.

"ამგვარი ქსელების აღმოჩენისთვის ჩვენთვის მთავარია ის, თუ როგორ არის მოწყობილი ეს ქსელები. შესაძლოა, ამ ქსელის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აუცილებლად მცდარი არ იყოს, მაგრამ ფაქტი, რომ პირები, რომლებიც ამ ქსელებს მართავენ, საკუთარ იდენტობას მალავენ და მას სხვად წარმოაჩენენ, ჩვენთვის არაავთენტური კოორდინირებული ქმედების (CIB) კლასიფიცირების საშუალებას იძლევა", — განმარტავს Facebook-ის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იან საიჯიენი Forbes Georgia-სთან ინტერვიუში.

ენმ-სთან დაკავშირებული კოორდინირებული ჯგუფები

კომპანიის ანგარიშში ნათქვამია, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ინდივიდები იყენებდნენ ავთენტური და არაავთენტური ანგარიშების კომბინაციას ჯგუფებისა თუ გვერდების სამართავად და კონტენტზე კომენტარის გასაკეთებელად. მათი თქმით, გვერდების ნაწილი მოქმედებდა როგორც დამოუკიდებელი მედიასაშუალება.

კომპანია განმარტავს, რომ განთავსებული კონტენტი ეხებოდა ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებსა და პოლიტიკურ თემებს, როგორებიცაა: 2018 წლის არჩევნები, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, მოქმედი ხელისუფლების პანდემიის მართვის ტაქტიკის კრიტიკა და სხვა.

Facebook-ის მონაცემებით, პარტიასთან დაკავშირებულმა ანგარიშებმა რეკლამებში დაახლოებით $23 800 დახარჯეს.

  • ამ გვერდებიდან ერთს მაინც ჰყავდა დაახლოებით 785 000 გამომწერი;
  • ამ ჯგუფებიდან ერთ–ერთში მაინც გაწევრიანებული იყო დაახლოებით 6 300 ანგარიში;
  • მოცემულ ინსტაგრამანგარიშებს ჰყავდა დაახლებით 26 000 გამომწერი.

ფოტო: კადრები Facebook-ის ანგარიშიდან

საპასუხოდ, ნაციონალურმა მოძრაობამ თქვა, რომ ისინი არაიდენტიფიცირებულ გვერდებს არ მართავენ და მსგავსი ფორმით პოლიტიკის კეთება მათთვის მიუღებელია. პარტიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიესალმებიან ყალბი და არაიდენტიციფირებადი გვერდების, ფეიქ-ინფორმაციების გავრცელების აღკვეთას. ოპოზიციური პარტია მიუთითებს იმაზეც, რომ სწორედ ისინი არიან მსგავსი გვერდების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე.

კოკა ყანდიაშვილთან დაკავშირებული ქსელი

უფრო მასშტაბურ ციფრებთანაა დაკავშირებული კოკა ყანდიაშვილის საინფორმაციო ბაზა, რომელსაც ამჯერად დანიიდან კი არ უსმენდნენ, საქართველოში კითხულობდნენ. ყანდიაშვილის გვერდების რეკლამირებაში, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებს მანიპულაციურად წარმოაჩენდა და კორონავირუსის პანდემიაზე დეზინფორმაციას ავრცელებდა, $30 000 დაიხარჯა.

  • ამ გვერდებიდან ერთს მაინც ჰყავდა დაახლოებით 973 000 გამომწერი;
  • ამ ჯგუფებიდან ერთ–ერთში მაინც გაწევრიანებული იყო დაახლოებით 1 508 000 ანგარიში;
  • მოცემულ ინსტაგრამანგარიშებს ჰყავდათ დაახლოებით 26 000 გამომწერი.

"ამ ჯგუფების ნაწილი შეძენილი ჩანს, ისინი დროდადრო იცვლიდნენ სახელსა და ადმინისტრატორებს. ამ ქსელის მიღმა არსებული ადამიანები ასევე მართავენ გვერდებს, რომელთა დიზაინიც გაფიქრებინებთ, რომ ისინი ნამდვილი პიროვნებები არიან, სინამდვილეში კი გამოგონილი სახელები და სურათების საიტებიდან აღებული ფოტოები ჰქონდათ გამოყენებული. ისინი საკუთარ კონტენტის შესანიღბად სხვადასხვა გზას იყენებდნენ, რათა წაშლის რისკი შეემცირებინათ", — წერია ფეისბუქის განცხადებაში.

გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა თავად ყანდიაშვილიც და "სიყალბით სავსე განცხადებები" უწოდა. მისი მტკიცებით, არათუ ფეიქ ნიუსების გავრცელებაშია ჩართული, თავადაც ებრძვის დეზინფორმაციას. მისივე თქმით, თანამშრომლობას გააგრელებს არამხოლოდ ფეისბუქთან, არამედ გუგლთან და სხვა სოციალურ ქსელებთანაც, რომ ფეიკ ნიუსებთან ბრძოლა ნამდვილად ეფექტური იყო.

"რაც შეეხება ფეისბუქის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, დარწმუნებული ვარ, რომ ადგილობრივ, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ორგანიზაციებს, რომლებმაც მიაწოდეს "კვლევის" მასალები ფეისბუქს, თავად "კვლევის" სამიზნედ პირადად მე და ეS პერსონა ჰქონდათ ამოღებული, რომ რამენაირად მოეყენებინათ ჩვენთვის ზიანი. რასაც ამ ეტაპზე მიაღწიეს კიდეც, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ფეისბუქთან და დარწმუნებული ვარ, რომ ამათ ტყუილებს მალე მოეღება ბოლო", — განაცხადა მან.

ვინ და როგორ მართავდა დეზინფორმაციულ გვერდებს

როგორც ანტიოპოზიციური, ასევე, პროსახელისუფლებო და პრორუსული გვერდების შესახებ არაერთი ანგარიში აქვთ გამოქვეყნებული ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიის განვითარების ფონდსა და სამართლიან არჩევნებს.

ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორია DFRLab-მა კი ვრცელი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც კოკა ყანდიაშვილის ქსელის მოქმედებას განმარტავს. DFRLab-ს ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული წაშლილი გვერდების შესწავლის საშუალება არ მისცემია, ამიტომ მათ კვლევაში ეს ნაწილი ასახული არ არის.

ამ ორგანიზაციების ანაგრიშებზე დაყრდნობით, ვცადეთ გაგვერკვია, ვინ და როგორ მართავდა ქსელს.

კოკა ყანდიაშვილის სახელი Espersona-ს შექმნამდეც არ იყო უცხო. წლების განმავლობაში ის მუშაობდა როგორც მედიასფეროში, ასევე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. კერძოდ, ხელმძღვანელობდა ქართული ოცნების მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს, შემდეგ კი ამ საკითხებში მთავრობის კონსულტანტი გახდა. სამთავრობოს სტრუქტურების პრესსამსახურებში იყო დასაქმებული მისი ყოფილი ცოლი ნონა ყანდიაშვილიც. ფეისბუქმა ორივე მათგანის პირადი ანგარიშები დაბლოკა.

დღეს, 6 მაისს გამართულ ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მათ ყანდიაშვილთან ოფიციალური კავშირი აღარ აქვთ. იგივე აღნიშნა თავის განცხადებაში ყანდიაშვილმაც, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ პარტიის წევრებთან ხშირი კონტაქტი აქვს.

"2014 წლიდან, აღარ ვარ საჯარო სამსახურში. მე არ ვყოფილვარ და არ ვარ «ქართული ოცნების» თანამშრომელი, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ საჯაროდ ვაქტიურობ ყველა საარჩევნო კამპანიის დროს, მე ვიყავი ქართული ოცნების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი შექმნის დღიდან და ასე იქნება მომავალშიც. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ამ გუნდში და პარტიასაც ხშირად ვსტუმრობ".

კოკა ყანდიაშვილის პერსონალური და ოფიციალური ფეისბუქგვერდები, რომელთაგანაც ახლა ორივე წაშლილია

ფოტო: Facebook

საზოგადოების ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციები ყანდიაშვილს ხშირად უკავშირებდნენ "ტროლების ქარხანას", თუმცა ის ამტკიცებდა, რომ ტროლისა და ბოტის მნიშვნელობაც კი არ იცოდა. DFRLab-ის კლევა საპირისპირო ინფორმაციას გვაძლევს.

მათი ინფორმაციით, ესპერსონას სახელით მინიმუმ რვა გვერდი არსებობდა, რომელთაც სიტყვა ესპერსონას სხვადასხვა ვარიაცია ერქვათ. ამ გვერდების ჯამური გამომწერების რაოდენობა დაახლოებით 40 ათასს შეადგენდა. ზოგი გვერდი აზიარებდა კონტენტს ესპერსონას საიტიდან, თუმცა ზოგიერთს მინიმალური აქტივობები ჰქონდა.

ესპერსონას მინიმუმ რვა ფეისბუქ გვერდი ჰქონდა სახელის სხვადასხვაგვარი ვარიაციებით

ფოტო: Facebook

როგორც DFRLab-მა დაადგინა, ესპერსონას დასახელების გვერდებიდან შვიდი მართავდა ფეისბუქ ჯგუფებს, რომლებიც შესწავლის შემდეგ ფეისბუქმა წაშალა. ასევე, ორგანიზაცია აცხადებს, რომ ესპერსონასთან დაკავშირებული იყო ოპოზიციის მადისკრიდიტირებელი გვერდები, რომელთა პოსტები რეგულარულად ზიარდებოდა ჯგუფებში. ამ გვერდების მოქმედების პრინციპი ჩვენს სტატიებში უკვე განვიხილეთ.

ქართული გვერდები, რომლებიც აქტივისტებისა და ოპოზიციური ძალების დისკრედიტაციას ემსახურებოდნენ

ფოტო: Facebook

DFRLab-მა ყანდიაშვილთან დაკავშირებული 269 გვერდი გამოიკვლია, მათ შორის 14 ე.წ. მედიაპორტალების საკომუნიკაციო არხი იყო და ჯამურად 8 400-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა. ეს "მედიაგამოცემები" პროსახელისუფლებო სიახლეებს აზიარებდნენ, ოპოზიციის მისამართით კი კრიტიკულ დამოკიდებულებას აჟღერებდნენ.

კონტენტი წაშლილი გვერდებიდან, რომელთაგანაც ნაწილი პატარა მედიასაშუალებებთან იყო კავშირში. ზედა რიგში ხედავთ ოპოზიციის ლიდერების შესახებ ყალბ ამბებს, ქვემოთ კი — სტატიებს, რომლებიც მთავრობის პოპულარიზაციას ემსახურება

ფოტო: Facebook

ამ გვერდების უმრავლესობა ერთ დღეს, 2019 წლის 27 მაისსაა შექმნილი, ზოგი კი მოგვიანებით — ივნისში. DFRLab-მა ასევე შეამოწმა ვებსაიტების დომენების ინფორმაცია და აღმოაჩინა, რომ მათი უმრავლესობაც ერთ დღეს, 12 მაისს იყო შექმნილი.

წაშლილი გვერდების უმრავლესობა ერთსა და იმავე დღეს იყო შექმნილი. ასევე ერთსა და იმავე დღეს იყო დარეგისტრირებული მათი დომენები

ფოტო: GGigitashvili_/DFRLab / Facebook / Whois.com

აღნიშნული ცრუ მედია გვერდები მოხვდა სამართლიანი არჩევნების (ISFED) ანგარიშშიც. ორგანიზაციის განცხადებით, მათი სტატიების ნაწილი შერჩევითად ვრცელდებოდა მრავალათასიან ჯგუფებში და ამ გზით აღწევდა მომხმარებლების ფართო აუდიტორიამდე. მათივე ინფორმაციით, კონტენტის გასავრცელებლად ცრუ მედიები რამდენიმე რეალურ ანგარიშთან ერთად, ყალბ პერსონალურ პროფილებს ან სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილ ფეისბუქგვერდებს იყენებდნენ, რომლებსაც ბმულების ჯგუფებში გაზიარების გარდა არავითარი დანიშნულება/აქტივობა არ ჰქონდათ.

მათი მთავარი მიზანი ამ ეტაპზე არის კონკრეტული პოსტების გაზიარება სამიზნე აუდიტორიაში. ერთი მხრივ, ეს ემსახურება ფეისბუქ მომხმარებლებს შორის კონკრეტული პოლიტიკური განწყობების გავრცელებას და, მეორე მხრივ, ცრუ მედიის გვერდების აუდიტორიის გაზრდას

აცხადებს ISFED

ISFED-ი ამბობს, რომ ცრუ მედიის გვერდების პოსტების კომენტარებში შეინიშნებოდა ყალბი ფეისბუქგვერდები, რომლებიც სხვადასხვა ადამიანის სახელით პოზიციონირებდნენ. მათ მიერ იდენტიფიცირებული ერთ-ერთი ასეთი ანგარიში აშშ-ის გარდაცვლილ მოქალაქეს ეკუთვნოდა, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოდან მიითვისეს და 14 მარტიდან 13 აპრილის ჩათვლით, ცრუ მედიების გვერდების პოსტების გასავრცელებლად გამოიყენებოდა.

iSFED-ის ინფორმაციით, რეალურ ანგარიშის მფლობელი აშშ-ის შტატ ტეხასისიდან იყო და ამ ანგარიშის აქტივობა მისი გარდაცვალების შემდეგ, 2012 წელს შეწყდა. ანგარიში პროფილის მითვისების შემდეგ 2020 წლის 14 მარტიდან გააქტიურდა

iSFED-ის ინფორმაციით, რეალურ ანგარიშის მფლობელი აშშ-ის შტატ ტეხასისიდან იყო და ამ ანგარიშის აქტივობა მისი გარდაცვალების შემდეგ, 2012 წელს შეწყდა. ანგარიში პროფილის მითვისების შემდეგ 2020 წლის 14 მარტიდან გააქტიურდა

ფოტო: ISFED

თუმცა, ყალბი ამ კოორდინირებულ ქსელში მხოლოდ ანგარიშები არ ყოფილა და ისინი დეზინფორმაციასაც ავრცელებდნენ. ISFED-ის ინფორმაციით, ამ გვერდებზე დისკრედიტაციის მიზნით ევროპული საქართველოს ლიდერის, სერგი კაპანაძის სახელით ვრცელდებოდა განცხადებები. დეპუტატი კი ამბობდა, რომ ეს ბინძური პიარი იყო და მას მსგავსი არაფერი უთქვამს.

Espersona-სთან დაკავშირებულ ცრუ მედიაგვერდებზე სერგი კაპანაძეზე დეზინფორმაცია გამოქვეყნდა

Espersona-სთან დაკავშირებულ ცრუ მედიაგვერდებზე სერგი კაპანაძეზე დეზინფორმაცია გამოქვეყნდა

ფოტო: ISFED

ორგანიზაციის განცხადებით, ცრუ მედიის გვერდების მიერ კონტენტის გასავრცელებლად გამოიყენებოდა ქართულენოვან აუდიტორიაზე გათვლილი ღია და დახურული 35 ჯგუფი, რომლებიც ჯამში თითქმის 5 მილიონ მომხმარებელს აერთიანებს. მათივე თქმით, ამ ჯგუფებში ცრუ მედია კონტენტს 15 პერსონალური ანგარიში და 2 ყალბი გვერდი აზიარებდა. აღნიშნული გვერდებისა და ჯგუფების დიდი ნაწილი უკვე წაშლილია.

"ამ ჯგუფების ადმინისტრატორებზე დაკვირვება მიუთითებს, რომ ისინი მართული, გამოყენებული ან/და კოორდინირებულია ერთი წყაროს მიერ", — წერია ანგარიშში.

ISFED-ის გრაფიკა: როგორ ავრცელებდა ცრუ მედიების კონტენტს 15 პერსონალური ანგარიში და 2 ყალბი გვერდი თემატურად განსხვავებულ ღია და დახურულ ჯგუფებში

ISFED-ის გრაფიკა: როგორ ავრცელებდა ცრუ მედიების კონტენტს 15 პერსონალური ანგარიში და 2 ყალბი გვერდი თემატურად განსხვავებულ ღია და დახურულ ჯგუფებში

ფოტო: ISFED

ყანდიაშვილთან დაკავშირებული გვერდები, არამხოლოდ სხვა პირების ფეისბუქებს, არამედ მათ იდენტობასაც ითვისებდნენ. DFRLab-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სხვადასხვა გვერდი თავს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილად და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორ, ლევან რატიანად წარმოაჩენდა.

"ჯანდაცვის სფეროს ავტორიტეტების მნიშვნელობა კორონავირუსის პანდემიის პირობებში გაიზარდა, რადგან ქართულმა საზოგადოებამ იმ ექიმებსა და ვირუსოლოგებს, რომლებიც COVID-19-ის განვითარებაზე ცნობებს ყოველდღიურად გადმოსცემდნენ, ნდობა გამოუცხადა. მათი სახელის გამოყენებით ყალბი გვერდების უკან მდგომი ადამიანები დიდი აუდიტორიის მოზიდვას ცდილობდნენ, გვერდს კი მოგვიანებით დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენებდნენ.

ვანო მერაბიშვილის გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ის არ ჩაერთვებოდა შიდა პოლიტიკურ მოქმედებებში — ამ დეზინფორმაციის მიზანი მერაბიშვილის პოლიტიკური აქტივობებისთვის ხელის შეშლა იყო", — წერს DFRLab.

მარცხნივ — გვერდი, რომელიც ოპოზიციის ლიდერის, ვანო მერაბიშვილის სახელით ოპერირებდა. მარჯვნივ — ცნობილი ქართველი ექიმი, რომელიც კორონავირუსის თემაზე ერთ-ერთი სპიკერი იყო.

ფოტო: Facebook

ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორიის ინფორმაციით, ფეისბუქმა წაშალა 99 ჯგუფი, რომლებსაც ამ ქსელში მონაწილე აქტორები მართავდნენ. ორგანიზაციის განცხადებით, ჯგუფებში აქვეყნებდნენ, როგორც პოლიტიკური, ისე რელიგიური შინაარსის პოსტებს. მათ შორის კავშირი კი ერთი და იმავე პოსტების გაზიარებით დაადგინეს. მათივე ინფორმაციით, Espersona-ს პროსამთავრობო და ანტიოპოზიციური კონტენტი ამ ჯგუფებში ხშირად ზიარდებოდა.

სტატიების ნაკრები წაშლილი ფეისბუქ ჯგუფებიდან. ზედა რიგში ხედავთ პროსახელისუფლებო პოსტებს, ქვედა რიგის პოსტები კი ოპოზიციას აგრესიულ ძალად ხატავენ. მწვანე კვადრატები აღნიშნავს ახლა უკვე წაშლილ ანგარიშს, რომელიც ესპერსონას ჟურნალისტი იყო და ახლა გამოცემა მთავარი ამბების რედაქტორია.

ფოტო: Facebook

ციფრული კვლევის ლაბორატორიამ ასევე აღმოაჩინა, რომ ზოგიერთ, აწ უკვე წაშლილ ჯგუფში, სიახლეები ორი ისეთი პორტალიდან ზიარდებოდა, რომლებსაც რუსული დომენები ჰქონდათ. მათ შორის იყო Geoposts1.ru და Informaciebia.ru. როცა ფეისბუქის მომხმარებელი ბმულს დააკლიკებდა, ის ავტომატურად ხვდებოდა რუსული გამოცემების საიტებზე debatnews.ru და todaynewss.ru. DFRLab-მა Geoposts1.ru-ზე გუგლ ანალიტიქსის ID შეამოწმა და კიდევ 10 აფილირებული ვებსაიტი აღმოაჩინა, რომლებიც ამავე იდენტიფიკატორს იყენებდნენ.

ზოგიერთი წაშლილი გვერდი ხშირად პოსტავდა სენსაციურ ჰედლაინებს საიტებიდან Geopost1.ru და informaciebia.ru,

ფოტო: Facebook

"ამ საიტების დიზაინი და ინტერფეისი თითქმის იდენტური იყო. მსგავსი იყო ინფორმაციის შინაარსი, რომელიც მათზე ქვეყნდებოდა. უცნობია, რას ემსახურებოდა ამდენი ერთნაირი საიტის მართვა, მაგრამ ტრაფიკის გაზრდა მსგავსი ინფორმაციის გაზიარებით პოპულარული ტაქტიკაა — რაც უფრო მეტი კლიკია, მეტია შემოსავალიც", — წერია ანგარიშში.

რუსული საინფორმაციო ფრონტის მარცხი

პოლიტიკურად მოტივირებული გვერდების მოქმედების პრინციპის გარდა, არანაკლებ საშიში იყო ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის საბრძოლო ტაქტიკა საქართველოს წინააღმდეგ, სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო News-Front Georgia-სა და Sputnik-თან დაკავშირებული ქსელის წაშლა.

DFRLab-ის ანგარიშის თანახმად, რუსეთში 2015 წელს დარეგისტრირებული News-Front-ის ხელმძღვანელებს რუსეთის ხელისუფლებასთან ახლო კავშირები აქვთ. კერძოდ, კომპანიის ერთ-ერთი დამაარსებელი, მიხაილ სინელინი სხვადასხვა დროს იყო რუსეთის მთავრობის სამდივნოს ხელმძღვანელი და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობისა და განვითარების ბანკის თავჯდომარის მოადგილე. ამავდროულად, ის ვლადიმერ პუტინის პირადი მრჩევლის სიძეა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანული გამოცემასთან მიცემულ ინტერვიუში News-Front-ის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ მათ უშიშროება აფინანსებთ.

News Front ინფორმაციას 8 ენაზე — რუსულად, გერმანულად, ინგლისურად, სერბულად, ესპანურად, ფრანგულად და უნგრულად აქვეყნებს. გამოცემა რუსეთის მიერ ანექსირებული უკრაინის ტერიტორიების, დონბასის, ლუგანსკისა და ყირიმის დამოუკიდებლობას აღიარებს და მათი სარედაქციო პოლიტიკა კრემლის დღის წესრიგის იდენტურია.

რუსეთის ახალი საინფორმაციო ფრონტი საქართველოში 2019 წელს ამოქმედდა. მედიის განვითარების ფონდის ანგარიშის მიხედვით, მისი რედაქტორი ქართულ მარშთან დაკავშირებული, მოსკოვში მყოფი პრორუსი აქტორი შოთა აფხაიძეა. მათივე ინფორმაციით, გამოცემას კავშირები ღიად პრო-რუსულ აქტორებთან აქვს, როგორიცაა საქართველო და მსოფლიო, ევრაზიული კავშირი, პატრიოტი TV, ასევე, ევგენი პრიმაკოვის ფონდთან დაკავშირებულ პლატფორმა პოლიტიკანო, რომელიც მეტწილად სოციალისტურ თემატიკაზე მანიპულირებს და საბჭოთა ნოსტალგიის გაღვივებას ცდილობს.

News Front-ის სათაო ოფისის რედაქციაა ოკუპირებულ ყირიმში, სიმფეროპოლშია განთავსებული, ხოლო მის ქართულ რედაქციას News Front Georgia-ს მოსკოვში მცხოვრები შოთა აფხაიძე მართავს

News Front-ის სათაო ოფისის რედაქციაა ოკუპირებულ ყირიმში, სიმფეროპოლშია განთავსებული, ხოლო მის ქართულ რედაქციას News Front Georgia-ს მოსკოვში მცხოვრები შოთა აფხაიძე მართავს

ფოტო: MDF

News-Front არამხოლოდ ქართული, არამედ გავლენიანი უცხოური სადამკვირვებლო ორგანიზაციების, EUvsDisinfo-სა და Stopfake-ის ყურადღების ცენტრშიც არაერთხელ მოექცა, როგორც დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამავრცელებელი გამოცემა.

DFRLab-ის ანგარიშის მიხედვით, ამ გამოცემას საეჭვო კავშირები აქვს ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედ პროკრემლსტურ გამოცემა Anna News-სთან. კერძოდ, ამ გამოცემის წამყვანები, News-Front-ის გვედების ადმინისტრატორები და ხელმძღვანელები გახდნენ. მათი გვერდები ახლა წაშლილია.

ოკუოირებულ აფხაზეთში მოქმედი პროკრემლისტური გადაცემის წამყვანი, ნიუს-ფრონტის ფეისბუქგვერდის ადმინისტრატორი გახდა

ოკუოირებულ აფხაზეთში მოქმედი პროკრემლისტური გადაცემის წამყვანი, ნიუს-ფრონტის ფეისბუქგვერდის ადმინისტრატორი გახდა

ფოტო: DFRLab

ნიუს-ფრონტისა და მასთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშების პლატფორმიდან წაშლა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან სააგენტოს მანიპულაციური ქცევით ფართო აუდიტორიის შეცდომაში შეყვანისა და დაბნევის შესაძლებლობა შეეზღუდა

ISFED-ის ანგარიში

ISFED-ის ანგარიშის მიხედვით, ნიუს-ფრონტ ჯორჯიას ფეისბუქგვერდი და მისი ადმინისტრატორი სხვა არაავთენტურ ანგარიშებთან ერთად შერჩევითად, ვიწრო სამიზნე აუდიტორიაზე გათვლით ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომელიც მიმართული იყო ქართულ მომხმარებლებში ანტაგონიზმისა და აგრესიის გაღვივებისკენ, საზოგადოების გახლეჩვისკენ და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ. ასევე, ისინი ავრცელებდნენ ანტიდასავლურ, პრორუსულ გზავნილებს და ქმნიდნენ არაავთენტურ ინტერაქციას ფეისბუქის აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის მიზნით.

სამართლიანი არჩევნებმა აღმოაჩინა 12 არაავთენტური ანგარიში, რომელთა მეშვეობით, ნიუს-ფრონტ საქართველოს ოფიციალური გვერდის გარდა, გამოცემის მასალა სხვადასხვა ჯგუფში ორგანიზებულად და შერჩევითად ქვეყნდებოდა. ორგანიზაციის განცხადებით, არაავთენტური ანგარიშები სხვადასხვა ასაკის, სქესის და დემოგრაფიული მონაცემების მქონე პირების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, რაც მათ ყალბ ინტერაქციას ბუნებრივ ელფერს აძლევდა და რომელიც, თითქოს საზოგადოების ფართო სეგმენტს მოიცავდა.

ნიუს-ფრონტის გამავრცელებელი არაავთენტური, კოორდინირებული ანგარიშები

ნიუს-ფრონტის გამავრცელებელი არაავთენტური, კოორდინირებული ანგარიშები

ფოტო: ISFED

მათივე განცხადებით, არაავთენტური ანგარიშების ნაწილი სხვის იდენტობას იპარავდა.

"მათ პირად გვერდებზე არ ვლინდებოდა ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის დამახასიათებელი ქცევა. მაგალითად, პროფილის ფოტოებზე არც ერთი ნაცნობის გამოხმაურება არ ფიქსირდებოდა. ამ არაავთენტური ანგარიშების აქტივობა ძირითადად გადაჯაჭვული იყო ნიუს-ფრონტის ადმინისტრატორის, კონსტანტინე ჩიკვილაძის ფეისბუქ აქტივობასთან. ფეისბუქმა გააუქმა თორმეტივე არაავთენტური ანგარიში, ისევე როგორც კონსტანტინე ჩიკვილაძის პირადი პროფილი", — აცხადებს ISFED.

ISFED-ის ინფორმაციით, ანგარიში Nadia Kakabadze იყენებდა ფოტოგრაფ ალექსანდრე ტოლჩინსკის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს, ანგარიში Vika Telia კი მოლდოველი მოდელის ფოტოებს

ISFED-ის ინფორმაციით, ანგარიში Nadia Kakabadze იყენებდა ფოტოგრაფ ალექსანდრე ტოლჩინსკის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს, ანგარიში Vika Telia კი მოლდოველი მოდელის ფოტოებს

ფოტო: ISFED

News-Front მასალებში თავს ესხმოდა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დატყვევებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, ლუგარის ლაბორატორიასა და NCDC-ის დირექტორის მოადგილეს, პაატა იმნაძეს. ასევე, აკნინებდა ევროპულ ინსტიტუტებს და მხსენლად წარმოაჩენდა რუსეთსა და ჩინეთს.

News-Front-ის მადესკრიდიტირებელი და პრორუსული ნარატივის მატარებელი მასალები

News-Front-ის მადესკრიდიტირებელი და პრორუსული ნარატივის მატარებელი მასალები

ფოტო: ISFED

ISFED-ის ანგარიშის მიხედვით, News-Front შერჩევითად აზიარებდა მასალებს, როგორც პროსახელისუფლებო, ასევე, ოპოზიციურ ჯგუფებში და მათი ქსელის არაავთენტური ანგარიშებიც ამის მიხედვით წერდნენ კომენტარებს: ხან დადებითს ხელისუფლების მიმართ, ხანაც კრიტიკულს.

ანგარიში Nadia Kakabadze ცრუ მედიის გვერდებზე ცესკოს მხარდამჭერ კომენტარებს აფიქსირებს, ხოლო ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა ჯგუფებში ცესკოს თავმჯდომარის მიმართ აგრესიას გამოხტავს

ანგარიში Nadia Kakabadze ცრუ მედიის გვერდებზე ცესკოს მხარდამჭერ კომენტარებს აფიქსირებს, ხოლო ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა ჯგუფებში ცესკოს თავმჯდომარის მიმართ აგრესიას გამოხტავს

ფოტო: ISFED

ISFED-ის განცხადებით, ნიუს-ფრონტის აქტივობის მთავარი მიზანი არ იყო მხოლოდ სააგენტოს კონტეტნის ხელოვნურად გავრცელება. მათ თქმით, სავარაუდოა, რომ ამ ქსელის ქმედებები უფრო დიდი რუსული საინფორმაციო ოპერაციის ნაწილი იყო, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ ნიუს-ფრონტი ავრცელებდა კიდევ ერთი პრორუსული გამოცემის, www.Geworld.ge-ის (საქართველო და მსოფლიო) მასალებს.

"ყველა სამიზნე ჯგუფში ნიუს-ფრონტისა და მისი არაავთენტური ანგარიშების მიერ ვრცელდებოდა ზოგად სახელმწიფოებრივ საკითხებზე მგრძობიარე თემებით მანიპულაციის შემცველი სტატიები, რომლებიც შეიცავდა კონსპირაციის თეორიებს და თესავდა ირაციონალურ შიშებს, რაც სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა საზოგადოების დეზორგანიზებასა და აგრესიის გაღვივებას", — წერს ორგანიზაცია.

ანტიდასავლური სტატიები ნიუს-ფრონტზე და პრორუსული გამოცემის ბმულების გაზიარება

ანტიდასავლური სტატიები ნიუს-ფრონტზე და პრორუსული გამოცემის ბმულების გაზიარება

ფოტო: ISFED

საქართველო და მსოფლიო რომ პრორუსული გამოცემაა ამაზე არამხოლოდ მასალების შინაარსი მეტყველებს. MDF-მა მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ამ გამოცემის დამსახურებები კრემლის მიერ არის აღიარებული.

საქართველო და მსოფლიოს გამომცემელი ალექსანდრე ჭაჭია, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს, 2014 წლის 13 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის სფეროში შეტანილი დიდი წვლილის გამო ორდენით დააჯილდოვა.

News-Front-თან დაკავშირებული გამოცემის, საქართველო და მსოფლიოს ხელმძღვანელი რუსეთის ფედერაციამ დააჯილოდოვა

News-Front-თან დაკავშირებული გამოცემის, საქართველო და მსოფლიოს ხელმძღვანელი რუსეთის ფედერაციამ დააჯილოდოვა

ფოტო: MDF

ანტიდასავლური და პრორუსული ნარატივის გარდა, News-fornt-ის ქსელი პროსახელისუფლებო მესიჯების გავრცელებაშიც იყო ჩართული. კიდევ ერთ ანგარიშში ISFED აცხადებს, რომ გამოცემასთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშები და გვერდები წარსულში საპენსიო სააგენტოსა და ცესკოს დადებით კონტექსტში წარმოსაჩენად და სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის გამოიყენებოდა.

მათი განცხადებით, 2018 წლის არჩევნებზე გამოკვეთილი აქტივობა ადასტურებს, რომ ნიუს-ფრონტის კოორდინირებული ქსელის მიერ არაავთენტური სოციალური ინტერაქცია ღიად უკავშირდება საპენსიო სააგენტოს PR დეპარტამენტის ხელმძღვანელს. საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ეს ფაქტი უარყო და სამართლიანი არჩევნების "უსაზღვრო ფანტაზიორობა" უწოდა.

"საპენსიო სააგენტოს აქვს ფბ და ვებ გვერდები, რომელზეც ვრცელდება ინფორმაცია. მე, როგორც მისი საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი, ვალდებული ვარ ყველა შემომავალ კითხვას პასუხი გავცე და ამასთან, არანაირად არ ვიკვლევ თუ ვინ არიან კომენტარების ავტორები", — დაწერა მაგდა კოტრიკაძემ სოციალურ ქსელში.

ISFED-ის მიერ გავრცელებულ სქრინებში ჩანს, რომ აღნიშნული ყალბი ანგარიშები, ისევე, როგორც სხვა პროფილები იმავე ფოტოებითა და სხვა სახელებით, დადებით კომენტარებს წერდნენ ცესკოს აქტივობებზეც.

არაავთენტური ანგარიშების დადებითი კომენტარები ცესკოს აქტივობებზე

არაავთენტური ანგარიშების დადებითი კომენტარები ცესკოს აქტივობებზე

ფოტო: ISFED

პრორუსული გვერდების წაშლას განსხვავებული აზრის დევნად აფასებს News-Front-ის ყოფილი რედაქტორი გულბაათ რცხილაძე. მან რედაქტორის თანამდებობა გვერდების წაშლამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა, თუმცა ფეისბუქზე მკითხველებს სთხოვდა კომპანიისთვის რუსულენოვანი ტექსტი მიეწერათ და საქართველოში "სიტყვის თავისუფლების დაცვის" მოტივით გვერდის აღდგენა მოეთხოვათ.

ინფორმაციაც შეიძლება იქცეს იარაღად, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს

MDF-ის დირექტორი თამარ კინწურაშვილი

"დააბლოკინეს ანგარიშები. არგუმენტი არ აქვთ, გვეძახიან "კრემლისტურს". ჯერ ერთი, კრემლი როდის მერე გახდა ტერორისტული ორგანიზაცია, რომ აკრძალონ მისი სახელით აზრის გამოხატვა, მეორეც, მე რომ კრემლისტური ვიყო, ამათ ფეისბუკიდან არ დავუწყებდი ჩალიჩს, ორი ბატალიონი მეყოფოდა საქმის დასამთავრებლად", — დაწერა მან.

სამართლიანი არჩევნების დირექტორი მიხეილ ბენიძე განმარტავს, რომ პირები, რომლებიც მარგინალურ ჯგუფებს წარმოადგენენ ან კონკრეტული ინტერესები აქვთ, მსგავს არგუმენტს ხშირად იმეორებენ. მისი განმარტებით, ისინი ცდილობენ დამტკიცებას, რომ "განსხვავებული აზრის" გამო ებრძვიან, თუმცა ასე არ არის.

"ფეისბუქი შინაარსობრივ ნაწილში არ შედის და გადაწყვეტილებას იღებს კოორდინირებული ქცევის გამო. აქ საუბარია არაავთენტურ ქცევაზე და არა შინაარსობრივ ცენზურაზე", — განუცხადა მან On.ge-ს.

სპუტნიკის ქსელის დაცემა

შპს სპუტნიკ ჯორჯია საქართველოს საჯარო რეესტრში ოფიციალურად 2015 წლის 23 იანვარს დარეგისტრირდა. სპუტნიკი მულტიმედიური საერთაშორისო პროექტია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის 2013 წლის 9 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა.

სპუტნიკს ფლობს რუსეთის მთავრობა და მას საერთაშორისო არენაზე კრემლი აფინანსებს. მედია პლატფორმა, რომელსაც დიმიტრი კისილიოვი ხელმძღვანელობს, 34 ქვეყნის 130 ქალაქში 30 ენაზე მაუწყებლობს. მას აქვს ბიუროები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ოსეთში.

რაც შეეხება სპუტნიკის ქსელს, მისი წაშლის შესახებ ფეისბუქის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნული არ არის. თუმცა მიხეილ ბენიძის განცხადებით, კომპანიაში დაუდასტურეს, რომ ეს გვერდებიც წაშლილია.

სპუტნიკის კოორდინირებული ქსელის შესახებ ISFED-მა ანგარიში 8 აპრილს გამოაქვეყნა. მათი თქმით, 26 სავარაუდოდ არაავთენტური ანგარიში, 11 ყალბი, შენიღბული ფეისბუქ გვერდი და 41 საჯარო ფეისბუქ ჯგუფი აღმოაჩინეს, რომლითაც სპუტნიკის მასალები საეჭვო ფორმებით ორგანიზებულად ვრცელდება.

ISFED-ის განცხადებით, ეს გვერდები არაავთენტურად და კორდინირებულად ავრცელებენ სპუტნიკის მასალებს

ISFED-ის განცხადებით, ეს გვერდები არაავთენტურად და კორდინირებულად ავრცელებენ სპუტნიკის მასალებს

ფოტო: ISFED

"მართალია, აღნიშნულ გვერდებზე ამ ეტაპზე თითქმის არ შეინიშნება პრო-რუსული შინაარსის პოლიტიკური პოსტები ან სტატიები, მაგრამ გვერდების ეს ქსელი ყალბ ანგარიშებთან და სამიზნე ფეისბუქ ჯგუფებთან ერთად ქმნის რუსული საინფორმაციო ოპერაციებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას. ამასთან, ამ სტატიაში გამოვლენილი ხერხების და ტაქტიკის გამოყენებით ხდება ფეისბუქ მომხმარებლების ყურადღების მოდუნება, მოტყუება და დაბნევა. [...]

აღნიშნული სქემით სპუტნიკის მასალების გავრცელება, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს, სპუტნიკის ვებ-გვერდზე ტრაფიკის გაზრდას", — წერია ანგარიშში.

ამ დროისთვის, აღნიშნული გვერდების უმეტესობა ფეისბუქზე აღარ იძებნება.

"ჩვენ რა ხეირი?" — აქ გაიგებთ

ფეისბუქის "წმენდაზე" ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მოქალაქეთა ნაწილი კითხულობს, რა დადებითი შედეგი შეიძლება მოიტანოს ამან. მსგავსი დეზინფორმაციული და კოორდინირებული აქტივობების გამოვლენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის წინასაარჩევნო პერიოდში, რადგან ქვეყანა რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევის საფრთხეებიგან დაცული არ არის. ეჭვს ამყარებს ის ფაქტი, რომ რუსეთი ასე არაერთ ქვეყანაში მოქცეულა, შარშან კი საქართველოზე კიბერშეტევა განახორციელა და ასეულობით ქართული ვებ-გვერდი, მათ შორის, პრეზიდენტისა და სხვა უწყებების ვებ-გვერდები დაჰაკა.

არჩევნების დაცვა ჩვენი გუნდისთვის არის პრიორიტეტი, სწორედ ამიტომ ჩვენ პროაქტიურ მონიტორინგს ვატარებთ საქართველოსა და მსოფლიოს იმ ქვეყნებში, რომლებშიც 2020 წელს არჩევნები არის დაგეგმილი

Facebook-ის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იან საიჯიენი

მიხეილ ბენიძე განმარტავს, რომ News-Front-ის მიზანი, აქამდე წაშლილი გვერდებისგან განსხვავებით, არამხოლოდ ანტიოპოზიციური ან პროსახელისუფლებო მესიჯების გავრცელება, არამედ საზოგადოების დაპირისპირება იყო, რაც მის ქმედებებს უფრო სახიფათოს ხდის.

"სწორედ ეს მიუთითებს რუსულ ტაქტიკაზე და ეს არის მცდელობა იმისა, რომ ანტაგონიზმი გაძლიერდეს. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამას ჰქონდა საარჩევნო ინტერესი", — განუცხადა მან On.ge-ს.

MDF-ის დირექტორი, თამარ კინწურაშვილი განმარტავს, რომ News-Front არის მტრული სახელმწიფოს ინტერესების გამტარი პლატფორმაა, რომელიც გამიზნულად ცდილობს საზოგადოების დეზინტეგრაციას.

"ცდილობენ გარკვეულწილად შექმნან უსაფრთხოების გამოწვევები. ინფორმაციაც შეიძლება იქცეს იარაღად, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. ამ მხრივ ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ გვერდების წაშლა", — განუცხადა მან On.ge-ს.

ამავდროულად, საარჩევნო პროცესს არამხოლოდ რუსული ჩარევა, არამედ შიდა პოლიტიკური დაპირისპირებაც დააზიანებს, თუ ის ისევ გადაიზრდება ყალბი ამბების ომში, როგორც ეს 2018 წლის არჩევნებისას მოხდა. ფეისბუქის მიერ წაშლილი სახელისუფლებო და ოპოზიციური გვერდების ნაწილზე კი სწორედ ამ შინაარსის მადესკრიდიტირებელი ინფორმაციები ვრცელდებოდა.

სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.

თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.