პროპორციულ საარჩევნო სისტემას, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება საპროტესტო აქციებით ითხოვდა, ქართული ოცნების მაჟორიტარმა დეპუტატებმა უარი უთხრეს. კანონპროექტი ჩავარდა და ამაში 40-მა დეპუტატმა შეიტანა წვლილი, თუმცა ინიციატივის წინააღმდეგ ხმა მხოლოდ 3-მა დეპუტატმა მისცა.

მათ ოცნების "აჯანყებული" და "პრინციპული" მაჟორიტარები უწოდეს, რადგან ამტკიცებდნენ, რომ პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის აზრი არ გაითვალისწინეს და საკუთარი სურვილით თქვეს უარი პროპორციულ სისტემაზე. ესენი არიან: დიმიტრი ხუნდაძე, კახაბერ ოქრიაშვილი და ენზელ მკოიანი.

"პრინციპული დეპუტატების" მსგავსება

გარდა იმისა, რომ მათ ერთნაირი პოზიცია ჰქონდათ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე, კიდევ რამდენიმე საერთო აქვთ:

  1. მიუხედავად იმისა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის იდეა 2024 წლისთვისაც კი არ მოსწონდათ, საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელშიც ეს საკითხი იყო გათვალისწინებული პირველივე მოსმენაზე დაუჭირეს მხარი;
  2. მხარი დაუჭირეს წილხვდომილობის დღის უქმედ გამოცხადებას;
  3. კანონპროექტები აერიათ და გამოცდების გაუქმების კანონი ჩააგდეს.

გავიხსენოთ, რით დაგვამახსოვრეს თავი ამ დეპუტატებმა და რა ქონებას ფლობენ ისინი.

კახაბერ ოქრიაშვილი

კახაბერ ოქრიაშვილის წარდგენა მაჟორიტარობის კანდიდატად

კახაბერ ოქრიაშვილის წარდგენა მაჟორიტარობის კანდიდატად

ფოტო: ქართული ოცნება

კახაბერ ოქრიაშვილი 2004 წლიდან საქართველოს პარლამენტის დეპუტატია. ის საკანონმდებლო ორგანოში ოთხჯერ მოხვდა, ოთხივეჯერ მაჟორიტარულის სიტემით, თუმცა სხვადასხვა პარტიით.

2016 წლამდე ოქრიაშვილი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი იყო, შემდეგ კი კურსი შეიცვალა და ქართულ ოცნებაში გადავიდა.

ის ოცნების მაჟორიტარად გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა და აღნიშნა, რომ იყო პროფესიონალი, რომელიც პარლამენტში საქმიანობისას აქტიურობით გამოირჩეოდა, თუმცა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ [2019 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით] მან პარლამენტის მიკროფონით მხოლოდ 13-ჯერ ისარგებლა.

ოქრიაშვილი პროფესიით ექიმი და ბიზნესმენია. მას თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი აქვს დასრულებული.

7 ფაქტი On.ge-ს არქივიდან, რომლითაც ოქრიაშვილმა თავი დაგვამახსოვრა

  1. მხარი არ დაუჭირა გენდერული კვოტირების კანონპროექტს;
  2. მხარი დაუჭირა საპენსიო სისტემის შემოღებას და შემდეგ დატოვა სისტემა;
  3. ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კარგ კანდიდატურად მიაჩნდა;
  4. 2018 წლის მონაცემებით ყველაზე მეტი არასაპატიო გაცდენა ჰქონდა პარლამენტში;
  5. ახალი რეგლამენტის ამოქმედებიდან ხუთი თვის თავზე დეპუტატებს შორის ყველაზე მეტი თანხა ჩამოაჭრეს გაცდენების გამო;
  6. 20 ივნისის შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოითხოვა;
  7. კრიტიკული კითხვის გამო On.ge-ს ჟურნალისტს უტვინო უწოდა.

რა ქონებას ფლობს ოქრიაშვილი

ოქრიაშვილი კომპანია PSP-ს მფლობელია და ოცნების მილიონერი დეპუტატების სიაში საპატიო ადგილს იკავებს. დეპუტატი აცხადებს, რომ "ეს კომპანია მისი აღარ არის, საქართველოს ეკუთვნის და ქვეყნის სიმდიდრეაო", თუმცა აშკარაა, რომ თავადაც მდიდრდება და მისი ცოლიც. კერძოდ, PSP ჯგუფში შემავალი კომპანია ჯი-ემ-პი, რომლის მფლობელიც ოქრიაშვილის ცოლია, სახელმწიფომ მილიონზე მეტით დააფინანსა.

2016 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით (სანამ ოცნების დეპუტატი გახდებოდა), ის და მისი ცოლი ფლობდნენ: 6 მიწის ნაკვეთს, 3 ბინას, 2 სახლს და 2 არასაცხოვრებელ ფართს. გარდა ამისა, 15 შპს-სა და 2 სააქციო საზოგადოების პარტნიორები და დირექტორები იყვნენ.

2019 წლის ივნისში შევსებული დეკლარაციის მონაცემებით, ოქრიაშვილი და მისი ცოლი ფლობენ: 9 მიწის ნაკვეთს, 3 ბინას, 1 საცხოვრებელ სახლს, 1 არასაცხოვრებელ ფართს, 1 ნაგებობას, 3 მსუბუქ ავტომობილს და იარაღს.

მათი დოლარის ანგარიშებზე სხვადასხვა ბანკში ერთად ირიცხება: 285 023 დოლარი, 4 210 ევრო და 21 307 ლარი. ასევე, ოქრიაშვილს აქვს დივიდენდები 1 870 000 ლარის სახით. გარდა ამისა, დეპუტატი და მისი ცოლი 25 შპს-სა და 5 სს-ს პარტნიორები და დირექტორები არიან.

ოქრიაშვილს აქვს ფასიანი ქაღალდებიც, რომელთა ჯამური ღირებულება 22 450 000 ლარი და 21 624 დოლარია.

ენზელ მკოიანის წარდგენა მაჟორიტარობის კანდიდატად

ენზელ მკოიანის წარდგენა მაჟორიტარობის კანდიდატად

რაც შეეხება სადეპუტატო მოღვაწეობას, წლის განმავლობაში მან ხელფასის სახით აიღო 52 500 ლარი. დეკლარაციიდან ირკვევა ისიც, რომ დეპუტატმა წლის განმავლობაში ავიაბილეთებში დახარჯა 15 200 ლარი, სასტუმროში 15 750 დოლარი და სასმელებში 8 800 ლარი.

როგორც ჩანს დეპუტატს 2016 წლის დეკლარაცია არასრულად ჰქონდა შევსებული, რადგან, როგორც ბოლო დეკლარაციის მონაცემებით, ავტომობილებისა და ფასიანი ქაღალდების ნაწილი მას წინა წლებში აქვს შეძენილი.

ენზელ მკოიანი

ენზელ მკოიანი საქართველოს 5 მოწვევის პარლამენტის დეპუტატია. სხვადასხვა დროს არჩევნებში ის სხვადასხვა პარტიის სახელით მონაწილეობდა, თუმცა ყოველთვის მაჟორიტარობისთვის იბრძოდა.

1999-დან 2008 წლამდე მკოიანი საარჩევნო ბლოკ საინიციატივო ჯგუფს წარადგენდა. 2008 წლის შემდგომ ორი მოწვევის პარლამენტში ის ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი იყო, 2016 წლიდან კი ქართული ოცნებას შეუერთდა.

7 ფაქტი On.ge-ს არქივიდან, რომლითაც მკოიანმა თავი დაგვამახსოვრა

  1. გაუპატიურების მუქარასა და სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს;
  2. ბოლო 3 წლის განმავლობაში პლენარულ სხდომაზე არცერთხელ ამოუღია ხმა;
  3. პრობლემას ვერ ხედავდა იმაში, რომ ნინოწმინდაში ბავშვებმა День Победы იმღერეს;
  4. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ახლადგახსნილ ეთნოგრაფიულ მუზეუმში მისი ფოტო გამოფინეს;
  5. მხარი დაუჭირა უზენაესის მოსამართლეთა არჩევის სადავო კანონპროექტს;
  6. მხარი დაუჭირა ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეზღუდვას;
  7. მისი ოჯახის წევრებს ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანადანაშაულებდნენ.

რა ქონებას ფლობს მკოიანი

როდესაც მკოიანი პირველ ნაბიჯებს დგამდა საქართველოს პარლამენტში, ანუ 1999 წელს, ის ფლობდა (დეკლარაციის მიხედვით): 1 მიწას, 1 საცხოვრებელ სახლს, 1 ავტოფარეხს, 1 მსუბუქ ავტომობილს და იყო დირექტორის მოადგილე შპს ენერგიაში.

რამდენიმეწლიანი დეპუტატობის პრაქტიკისა და ორი პოლიტიკური გუნდის შეცვლის შემდეგ, 2019 წელს შევსებული დეკლარაციით, ის და მისი ოჯახი ფლობს: 2 საცხოვრებელ სახლს, 1 მიწის ნაკვეთს, 1 ავტოფარეხს, 1 მსუბუქ ავტომობილს.

პარლამენტის დეპუტატის რანგში მან ერთი წლის განმავლობაში გამოიმუშავა 45 288 ლარი. სხვა ინფორმაცია დეპუტატის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციაში მითითებული არ არის.

დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძის წარდგენა მაჟორიტარობის კანდიდატად

დიმიტრი ხუნდაძის წარდგენა მაჟორიტარობის კანდიდატად

დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს პარლამენტის დეპუტატია 2012 წლიდან. პარლამენტში ორივეჯერ ქართული ოცნების მაჟორიტარის სტატუსით მოხვდა. ხუნდაძე პროფესიით ექიმია და თბილისის სამედიცინო აკადემია აქვს დასრულებული. ის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ექიმი იყო.

პარლამენტის მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციით, დეპუტატმა ბოლო სამი წლის განმავლობაში პლენარულ სხდომებზე 67-ჯერ ისარგებლა მიკროფონით. ის არაერთი კანონპროექტის ინიციატორია.

ხუნდაძე ყველაზე ხმამაღალი განცხადებებით დაუპირისპირდა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტს. ახლა ის სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის და 200 000 მოქალაქის ხელმოწერის შეგროვებას აპირებს პარლამენტში წარსადგენად.

7 ფაქტი On.ge-ს არქივიდან, რომლითაც ხუნდაძემ თავი დაგვამახსოვრა

  1. არის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუდმოვმოქმედი წევრი;
  2. შეიმუშავა კანონპროექტი ონლაინრისკებისგან ბავშვების დასაცავად;
  3. იყო სავალდებულო აცრების კანონპროექტის ინიციატორი;
  4. მხარი დაუჭირა უზენაესის მოსამართლეთა არჩევის სადავო კანონპროექტს;
  5. პირველივე მოსმენაზე მხარი დაუჭირა განათლების კანონიდან სიტყვა "ლიბერალურის" ამოღებას;
  6. მხარი დაუჭირა ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეზღუდვას;
  7. "ამ მართლაც ჯოისტიკმა" — შეურაცხყოფა მიაყენა გიორგი გაბუნიას;

რა ქონებას ფლობს ხუნდაძე

2012 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ფლობდა: 1 ბინას, 3 მიწის ნაკვეთს, 1 საცხოვრებელ სახლს, 1 ავტოფარეხს, 1 აგარაკსა და 1 ავტომობილს.

ორ სხვადასხვა კლინიკაში ექიმის პოზიციაზე მუშაობისას წლის განმავლობაში გამოიმუშავებდა 55 000 ლარს. ჰქონდა 15 000 ლარიანი იპოთეკური სესხი.

2019 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ხუნდაძეს აქვს: 1 საცხოვრებელი სახლი, 1 ბინა და 9 მიწის ნაკვეთი, რომელიც 2014-2017 წლებში შეიძინა.

გარდა ამისა, ხუნდაძეს აქვს 40%-იანი წილი შპს დიონისე-ში, რომლის საქმიანობაც, დეკლარაციის მიხედვით, შეჩერებულია.

პარლამენტის დეპუტატის რანგში ერთი წლის განმავლობაში მან გამოიმუშავა 56 360 ლარი. თიბისი ბანკში დეპუტატს აქვს 3 სესხი, რომელთა საერთო ღირებულება 37 924 ლარია.