საქართველოში აცრები სავალდებულო ხდება — კანონპროექტი
მოსახლეობისთვის აცრები სავალდებულო იქნება. აღნიშნულ ცვლილებაზე საქართველოს პარლამენტში უკვე მუშაობენ. შესაბამისი კანონპროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები არიან, მათ შორის აკაკი ზოიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ლევან კობერიძე და მარიამ ჯაში.
კანონპროექტის ავტორების პოზიციით, სავალდებულო იმუნიზაციის შემოღება აუცილებელია ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის გასაუმჯობესებლად და სწრაფი შედეგების მისაღებად.
კანონპროექტის შემუშავების მიზეზი 2017 წლის ბოლოს რეგიონებში წითელას შემთხვევების მატება და ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის იმუნიზაციით დაფარვის არასაკმარისი დონე გახდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 2018 წლის იანვრიდან სექტებრამდე შუალედში 1 350-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
სავალდებულო იმუნიზაციის მხარდამჭერ არგუმენტებს შორისაა ბოლო დროს საქართველოში ვაქცინით პრევენცირებადი დაავადებების აფეთქება.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ასევე საუბარია საზოგადოების უნდობლობასა და არასათანადო ცოდნაზე ვაქცინაციის შესახებ, რაც ხელს უშლის ეფექტურ პრევენციას.
დაავადებების გავრცელების რისკის თავიდან ასაცილებლად კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში მოსწავლე ვალდებული იქნება სასწავლო პროცესის დაწყებამდე წარადგინოს ცნობა სავალდებულო პროფილაქტიკური აცრების ჩატარების შესახებ.
აცრები, რომელიც სავალდებულო გახდება
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სავალდებულო ხდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროფილაქტიკური აცრები.
ვაქცინაციის ისტორია საქართველოში
ვაქცინაციით, 2000-2016 წლებში წითელათი გარდაცვალების შემთხვევები 84 პროცენტით შემცირდა და 20 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ტუბერკულოზის, პოლიომიელიტის, დიფთერიის, ტეტანუსის, ყივანახველას და წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციით მსოფლიოში ყოველწლიურად 2,5 მილიონამდე ბავშვის, ხოლო B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციით 600 000 ადამიანის სიცოცხლეა გადარჩენილი.
"ვაქცინაციით მართვადი დაავადების შემთხვევათა რაოდენობის მნიშვნელოვანმა კლებამ მოსახლეობას შეუქმნა წარმოდგენა, რომ მრავალი ინფექციური დაავადება წარსულს ჩაბარდა. თუმცა, ეს ინფექციები შესაძლებელია კვლავ გახდნენ ავადობის, ინვალიდობისა და სიკვდილობის მიზეზი იმუნიზაციის განხორციელებისადმი ძალისხმევისა და აცრებით მოცვის დონის კლების შემთხვევაში", — ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ავტორების მიერ მოხმობილი სტატისტიკით, 2013-2014 წლებში საქართველოში წითელას ეპიდაფეთქება იყო. სულ 11 000 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 3 გარდაიცვალა. ძირითადად ავადდებოდნენ ერთ წლამდე და 15-დან 30 წლამდე მოსახლეობა.
2008 წელს 6-დან 27 წლამდე ასაკის მოსახლეობის მასობრივი აცრების კამპანია განხორციელდა. წინასწარ დაგეგმილი 980 136 ადამიანის ნაცვლად აიცრა მხოლოდ 492 642 (50,3%), რამაც 2013-2014 წლების ეპიდაფეთქება განაპირობა.
2017 წელს წითელას 94 შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევების 13 პროცენტი 1 წლამდე ასაკის ბავშვებში იყო, ხოლო 33 პროცენტი — 14 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაში. 2018 წლის მაისის ბოლოსთვის წითელას შემთხვევების რაოდენობამ 864-ს მიაღწია. გარდაიცვალა ორი ადამიანი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, იმუნიზაციით შესაძლებელია ყოველწლიურად 2-დან 3 მილიონამდე დიფტერიით, ტეტანუსით, წითელათი და სხვა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა ავიცილოთ თავიდან, ხოლო იმუნიზაციის გლობალური მოცვის შემთხვევაში დამატებით 1,5 მილიონი ადამიანი გადარჩება.
საერთაშორისო პრაქტიკა
საფრანგეთი
2018 წლამდე საფრანგეთში 3 დაავადების (დიფთერია, ტეტანუსი, პოლიომიელიტი) საწინააღმდეგო ვაქცინაცია იყო სავალდებულო. ვაქცინაციის პოლიტიკის შეცვლის შემდეგ სავალდებულო გახდა 11 ინფექციის საწინააღმდეგო აცრა — დიფთერია, ტეტანუსი, პოლიო, ყივანახველა, წითელა, წითურა, ყბაყურა, B ჰეპატიტი, b ტიპის ჰემოფილუს ინფლუენცა, პნევმოკოკი და მენინგოკოგი.
2018 წლიდან ვაქცინაციის გარეშე ბავშვი არ დაიშვება ბაღში, სკოლაში, ბანაკებში და სხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზებულ დაწესებულებებში. ვაქცინაციიდან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ სამედიცინო მიზეზით. იმუნიზაციისგან თავის არიდებაზე შემოღებულია სანქციები, კერძოდ 2 წლით პატიმრობა ან 30 000 ევროს ოდენობის ჯარიმა. მოთხოვნის აღსრულების მონიტორინგი იგეგმება 2019 წლის ივნისიდან.
იტალია
იტალიაში 2017 წლამდე ვაქცინაცია სავალდებულო მხოლოდ 4 დაავადებაზე იყო. წითელას აფეთქებების შემდეგ, ქვეყანამ სავალდებულო გახადა რუტინული ვაქცინაცია 12 ანტიგენზე. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, აუცრელი ბავშვებისათვის დაწესდა შეზღუდვა ბაღში, სკოლაში და სხვა, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ორგანიზებულ დაწესებულებებში.
ვაქცინაციაზე უარი დასაშვებია მხოლოდ სამედიცინო მიზეზით. ექიმებსა და ექთნებს, რომლებიც ვერ ასრულებენ იმუნიზაციის მოთხოვნებს, ეკისრებათ ჯარიმა ან შეზღუდვები დამქირავებელთან კონტრაქტის ფარგლებში. მშობლებს, რომლებიც უარს აცხადებენ აცრაზე არასამედიცინო მიზეზით, ასევე ეკისრებათ დიდი ოდენობით ჯარიმა.
გერმანია
2015 წლიდან მშობელი ვალდებულია საბავშვო ბაღსა და სკოლაში წარადგინოს ბავშვის აცრის შესახებ ინფორმაცია. აუცრელობა საბავშვო ბაღისა და სკოლის მიერ ბავშვის მიღებაზე უარის მიზეზი არ არის, თუმცა აუცრელი ბავშვის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულებას ეკისრება ვალდებულება აცნობოს ჯანდაცვის სამსახურებს, რომლებსაც თავის მხრივ უფლება აქვთ მოითხოვონ ბავშვის გარიცხვა. სკოლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო აჯარიმებს აუცრელი ბავშვის ოჯახს. არსებული პოლიტიკით, მშობელს უფლება აქვს უარი თქვას აცრაზე, თუმცა ის დაჯარიმდება 2 500 ევროს ოდენობით (გამონაკლისია სამედიცინო მიზეზი).
დიდი ბრიტანეთი
დიდი ბრიტანეთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც მე-20 საუკუნეში მანდატორული იმუნიზაცია დანერგა, თუმცა მოცვის სასურველი მაჩვენებლების მიღწევის შემდეგ გააუქმა და დღეს ქვეყანაში ვაქცინაცია სრულად ნებაყოფლობითია.
აშშ
ამერიკაში იმუნიზაციის სავალდებულოობა ფედერალური კანონმდებლობით განისაზღვრება და ყველა შტატში სავალდებულოა. სკოლასა და ბაღში დაშვებისთვის, სასწავლო დაწესებულება აწარმოებს მონიტორინგს და პერიოდულად ითხოვს იმუნიზაციის სტატუსის შესახებ განახლებულ ცნობას. თუმცა შტატების მიხედვით განსხვავებულია ვაქცინაციისგან გამორიცხვის პოლიტიკა (სამედიცინო, რელიგიური და/ან ფილოსოფიური მიზეზებით). ზოგი შტატი ითხოვს რელიგიური წევრობის დამადასტურებელ საბუთს. აუცრელ ბავშვებს აქვთ სახლში განათლების მიღების უფლება, რაც კანონმდებლობით აღიარებულია.
კანადა
იმუნიზაციით მოცვის წარმატებას ხელს უწყობს ეფექტური პირველადი ჯანდაცვის სისტემა პატრონაჟის სერვისებით. კანადაში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, მხოლოდ 3 შტატშია სავალდებულო. აუცრელ ბავშვს ეკრძალება სკოლაში შესვლა. დაშვებულია უარი სამედიცინო, რელიგიური და ფილოსოფიური მოსაზრების მიზეზებით.
კომენტარები