საქართველოს პროკურატურა განმარტავს, რომ ვატო წერეთლის საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარება თიბისის საქმეს, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებას უკავშირდება.

საგამოძიებო ორგანოს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში, შპს სამგორი თრეიდმა და შპს სამგორი M-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით თიბისი ბანკისგან სესხის სახით მიიღეს 16 664 000 აშშ დოლარი. მათივე ცნობით, იმავე დღეს, აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე.

გამოძიების ფარგლებში მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, სწორედ ამ თანხის - სამგორი თრეიდისა და სამგორი M-დან მიღებული 16 664 000 აშშ დოლარის უკანონო ლეგალიზაციის საქმეზე.

პროკურატურაში On.ge-ს განუცხადეს, რომ ვატო წერეთელს, სავარაუდოდ, ზეგ, 8 აგვისტოს დაკითხავენ. მან საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე უარი განაცხადა და ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით გასცემს პასუხს გამომძიებელს. ვატო წერეთელი, მის მიმართ გამოძიების გააქტიურებას, TV პირველის კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას უკავშირებს:

"... წინასწარ გეუბნებით, TV პირველს არ მოგაგუდინებთ!!! ეს ტელევიზია არც არავის გავლენის ქვეშ გადავა და არც არავის ტრენდზე! შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ! ყველას ვერ დააშინებთ!" — წერს ვატო წერეთელი.

თიბისი ბანკის საქმე

8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. მაშინ პროკურატურამ განმარტა, რომ თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს და მასში თიბისის დამფუძნებლები და ამავდროულად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბარი ჯაფარიძე ფიგურირებდნენ.

ამ საქმესთან დაკავშირებით 13 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. თიბისი ბანკში ამბობდნენ, რომ აპირებენ სამართლებრივი საშუალებები გამოიყენონ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობები დატოვეს. ეროვნული ბანკში განაცხადეს, რომ ხაზარაძის წასვლას მიესალმებიან. მათი თქმით, ეს დადებითად აისახება ბანკის გამჭირვალობაზე.

გარდა ამისა, თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა და განაცხადა, რომ მილიონიან ჯარიმას გადაიხდის. ამასთანავე, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის წინააღმდეგ კერძო დავას აგრძელებენ.

თიბისი გრუპის 97%-მა ხაზარაძე და ჯაფარიძე ხელახლა აირჩია თავმჯდომარედ და მოადგილედ.

28 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თიბისის აქციების დაახლოებით 8%-ს დროებით გაასხვისებას აპირებენ. ამის შესახებ განცხადება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნდა.

9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას. ხაზარაძის ინფორმაციით, მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად სექტემბერში დააფუძნებს და მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება.

გაიგეთ მეტი: რა ვიცით თიბისის საქმეზე — ყველაფერი მოკლედ