კომპანია ხსნის "სამუშაო ძალის აკადემიას", რათა ამერიკელები მონაცემთა ცენტრების მშენებლობისთვის მოამზადოს, ვინაიდან კვალიფიციური მუშები სულ უფრო ძვირფას რესურსად იქცა. ხუთკვირიანი სასწავლო პროგრამა CBRE-სა და Associated Builders and Contractors-თან პარტნიორობით ხორციელდება, უფასოა და კურსდამთავრებულებს Meta-ს მონაცემთა ცენტრების მშენებლობაზე სამუშაო ადგილს სთავაზობს.

მიმდინარე წელს საპილოტე პროგრამაში Meta 115 მილიონ დოლარს ჩადებს და ლუიზიანაში, ოჰაიოში, ინდიანასა და ტეხასში გაუშვებს. კომპანიის უმსხვილესი მონაცემთა ცენტრი, სახელად Hyperion, ლუიზიანის Richland Parish-შია გათავსებული. კომპანიის თქმით, ის "იმდენად დიდი იქნება, რომ მანჰეტენის მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავს".

"ამერიკას ასობით ათასი კვალიფიციური სპეციალისტი დასჭირდება, რათა ააშენოს ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყანას AI-ში ლიდერობის საშუალებას მისცემს. ადამიანებს სჭირდებათ განათლებასა და ამ სამუშაო ადგილებზე წვდომა. ჩვენ გვწამს, რომ მომავალი ყველასთვისაა. დღეს პარტნიორებთან ერთად ვუშვებთ America's Workforce Academy-ს, რათა უზრუნველვყოთ უფასო სწავლება და პირდაპირი გზა ამ ინფრასტრუქტურის მშენებლობაში დასაქმებამდე. გვსურს ყველას მივაწოდოთ პერსონალური სუპერინტელექტი და გვინდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაგვეხმაროს ამ მომავლის შექმნაში", — დაწერა ფეისბუქზე Meta-ს დამფუძნებელმა, მარკ ზაკერბერგმა.

Meta შეუერთდა კომპანიათა მზარდ ჯგუფს, რომელმაც გაიაზრა, რომ აშშ-ში კვალიფიციური სამუშაო ძალა მწირია, და ახლა დარგში ადამიანების მოზიდვას ცდილობს.

მონაცემთა ცენტრების სწრაფი ზრდა მკვეთრად ზრდის კვალიფიციურ სპეციალისტებზე მოთხოვნა, განსაკუთრებით ელექტრიკოსებსა და HVAC-ტექნიკოსებზე, რომლებიც მასშტაბური ელექტრო ინფრასტრუქტურისა და ზუსტი გათბობა-გაგრილების სისტემების მოსაწყობად არიან საჭირო. Associated Builders and Contractors-ის შეფასებით, სამშენებლო ინდუსტრიას, მხოლოდ ამ წელს, დაახლოებით 349 000 ახალი მუშახელი სჭირდება.

დასაქმებაზე მაღალი მოთხოვნა ბევრი ჩვეულებრივი მუშისთვის კეთილდღეობის წყარო გახდა, რადგან ათასობით დროებითი სამშენებლო სამუშაო ჩნდება, მათ შორის რეგიონებშიც. თუმცა აქვეა კითხვა: პროექტების დასრულების შემდეგ რა ელის ამ მოსახლეობას? ამუშავების შემდეგ მონაცემთა ცენტრები გაცილებით ნაკლებ თანამშრომელს საჭიროებს.

Meta ისედაც ასობით მილიარდ დოლარს ხარჯავს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რაც, კომპანიის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის სფეროში კონკურენტუნარიანობისთვის აუცილებელია. სწორედ ამ ხარჯების ნაწილობრივ დასაფინანსებლად გაათავისუფლა კომპანიამ ახლახან 8000 ოფისის თანამშრომელი.

კომპანიას მასშტაბური გეგმები აქვს, შექმნას პირადი და სამუშაო ასისტენტ-აგენტები 3,5 მილიარდი მომხმარებლისთვის, ამ მიზნის მისაღწევად კი AI მოდელები ავითარებს. კომპანიამ ცოტა ხნის წინ თანამშრომელთა მაუსის მოძრაობისა და კლავიატურაზე ბეჭდვის აღრიცხვა დაიწყო, რათა AI მოდელებს ასწავლოს კომპიუტერის გამოყენება. Meta ასევე ხმამაღლა საუბრობს მომავალზე, სადაც AI აგენტები ძირითად სამუშაოს შეასრულებს, ხოლო თანამშრომლები მათ ზედამხედველობას გაუწევენ.

ბოლო დროს კომპანია განსაკუთრებით ორიენტირებულია მონაცემთა ცენტრების მშენებლობისთვის საჭირო კადრების მოძიებაზე. აპრილში Meta-მ გამოაცხადა ოპტიკური ბოჭკოს მონტაჟის სასწავლო პროგრამა, რომელიც ადამიანებს შესაბამის საქმეს ასწავლის. კომპანიის ცნობით, პირველ შვიდ დღეში 35 000 განაცხადი შევიდა.

მსხვილი ბიზნესი და მისი საქველმოქმედო ფონდები ამ წელს სამომავლო სამუშაო ძალის მოსამზადებლად სულ უფრო მეტ რესურსს ახმარს. კერძოდ, BlackRock Foundation-მა, ამ წლის დასაწყისში, $100 მილიონიანი ინიციატივის შესახებ გამოაცხადა. ფონდის განცხადებით, ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ტეხასში ელექტრიკოსების მომზადებაში ჩაიდება, სადაც მონაცემთა ცენტრებზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა.

Lightcast-ის ბოლო ანალიზით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მონაცემთა ცენტრებთან დაკავშირებული სამშენებლო ვაკანსიების რაოდენობა დაახლოებით გაორმაგდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.