კვლევების მიხედვით, სეტყვა იცვლება და შეიძლება უფრო საშიში გახდეს
ფოტო: OAR/ERL/National Severe Storms Laboratory
ახალი კვლევების მიხედვით, კლიმატის ცვლილებამ შეიძლება სეტყვის გავრცელებასა და ინტენსივობაზე იმოქმედოს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მომავალში ამ მოვლენისთვის ხელსაყრელი პირობები პოლუსებისკენ გადაინაცვლებს, ხოლო ზოგიერთ რეგიონში იგი უფრო დამაზიანებელი გახდება.
მიუხედავად იმისა, რომ სეტყვა შედარებით იშვიათია, სხვადასხვა რეგიონში ის მზარდ ეკონომიკურ ზიანს იწვევს. ეს ტენდენცია ნაწილობრივ მოსახლეობის რაოდენობის მატებასა და ქალაქების გაფართოებას უკავშირდება, რის გამოც შტორმების ზემოქმედების ქვეშ უფრო მეტი ადამიანი და ინფრასტრუქტურა ექცევა.
მეცნიერები იკვლევენ, რა როლი შეიძლება ჰქონდეს ამ პროცესში კლიმატის ცვლილებას. სეტყვის წარმოსაქმნელად ჭექა-ქუხილიანი ღრუბელია საჭირო, მის ჩამოსაყალიბებლად კი — ჰაერის ძლიერი, აღმავალი ნაკადი. მისი მეშვეობით წყლის ორთქლი მაღლა ინაცვლებს, სადაც ის კონდენსირდება და ღრუბლების ფორმირებას უწყობს ხელს. მათ შიგნით წყლის წვეთები და ყინულის ნაწილაკები ერთმანეთს ეჯახება, რის შედეგადაც სეტყვის მარცვლები იზრდება.
კლიმატის ცვლილება ატმოსფეროს ათბობს და მასში ტენიანობას ზრდის, რაც შტორმისთვის ერთგვარი საწვავია. უფრო მარტივად ყალიბდება ჰაერის აღმავალი ნაკადებიც, რაც სეტყვის მარცვლების ზომაზე ზემოქმედებს. მეორე მხრივ, თბილ ჰაერში ისინი უფრო სწრაფად დნება, ამიტომ ორი საპირისპირო პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს. კერძოდ, ერთი მათგანი სეტყვის დიდი მარცვლების წარმოქმნას უწყობს ხელს, მეორე კი ზედაპირზე მიღწევამდე მათ დნობას აჩქარებს.
ერთ-ერთი ახალი ნაშრომის ავტორებმა ყურადღება სეტყვის მაფორმირებელ ატმოსფერულ პირობებზე გაამახვილეს. რვა კლიმატური მოდელის ანალიზმა აჩვენა, რომ სეტყვისთვის ხელსაყრელი გარემო პოლუსებისკენ ინაცვლებს. მეცნიერები პროგნოზირებენ, რომ მსგავსი პირობები ჩრდილოეთ ევროპაში, კანადაში, აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულზე უფრო გახშირდება.
საპირისპირო ტენდენციაა მოსალოდნელი ჩრდილოეთ ავსტრალიაში, აფრიკის დიდ ნაწილში, სამხრეთ ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში. კვლევის მიხედვით, სეტყვისთვის ხელსაყრელი პირობები ზაფხულში გაიშვიათდება, ზამთარში კი — პირიქით. ეს შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს სოფლის მეურნეობისთვისაც, რადგან ზამთრის კულტურები (მაგალითად, ხორბალი) გაზრდილი რისკის წინაშე აღმოჩნდება.
მეორე კვლევაში, რომელიც პეკინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს, თავად სეტყვის ზომასა და მისგან გამოწვეულ პოტენციურ ზიანზე გაამახვილეს ყურადღება. მოდელირებამ აჩვენა, რომ მომავალში დიდი ზომის სეტყვის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, ხოლო მცირე ზომისამ იკლოს.
ორივე კვლევა მიუთითებს, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს საშუალო და მაღალ განედებზე, ასევე სამხრეთ ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სეტყვასთან დაკავშირებული რისკები, სავარაუდოდ, გაიზრდება. ამის საპირისპიროდ, აფრიკის სუბტროპიკულ რეგიონებსა და სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში რისკი შეიძლება შემცირდეს.
საბოლოოდ, ორივე ნაშრომს ერთსა და იმავე დასკვნამდე მივყავართ: გლობალური დათბობის გამწვავების პარალელურად სეტყვით გამოწვეული ზიანის რისკიც მოიმატებს.
კვლევები გამოცემებში Nature Climate Change და Nature გამოქვეყნდა.

კომენტარები