OpenAI-მ აქციების პირველადი განთავსების კონფიდენციალური განაცხადი შეიტანა, რაც ნიშნავს, რომ კომპანია საფონდო ბირჟაზე გამოდის და მისი აქციების ყიდვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. კონფიდენციალური განაცხადი კი გულისხმობს, რომ პროცესი დაიწყო, თუმცა დეტალები (აქციების რაოდენობა და ფასი) ჯერ საჯარო არ არის.

შესაძლოა, ეს ბოლო წლების ბაზრის ყველაზე სასურველი დებიუტი გახდეს და ადრეულ ინვესტორებს უზარმაზარი მოგება მოუტანოს.

გადაწყვეტილება OpenAI-ს მთავარი კონკურენტის, Anthropic-ის, საჯაროდ გასვლის გეგმის გამოქვეყნებისთანავე და SpaceX-ის საფონდო ბირჟაზე გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე დადგა.

სამივე კომპანიის აქციების საერთო ღირებულება ასობით მილიარდ დოლარს შეადგენს — ეს ერთდროულად ინვესტორებისთვის AI კომპანიებში ფულის ჩადების შესაძლებლობა და ამავე დროს, AI კომპანიებზე მოთხოვნის თვალსაზრისით, ბაზრის სერიოზული გამოცდაა.

OpenAI-მ განაცხადა, რომ ზუსტი ვადა ჯერ არ გადაუწყვეტია. "ამას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს, რადგან ზოგიერთი რამ კერძო კომპანიად ყოფნით უფრო მარტივია", — ნათქვამია კომპანიის წარმომადგენლების განცხადებაში. აქვე აღნიშნეს, რომ განაცხადი "საშუალებას გვაძლევს, საჭიროების შემთხვევაში, უფრო მალე გავიდეთ საჯაროდ".

"მომავალი, სადაც მხოლოდ რამდენიმე ინსტიტუტი აკონტროლებს AI-ის შესაძლებლობებსა და მისგან მიღებულ სარგებელს, მისაღები არ არის, ეს ტექნოლოგია ყველას უნდა ეკუთვნოდეს", — ნათქვამია წერილში, რომელიც სემ ალტმანმა და იაკუბ პახოცკიმ გუშინ გამოაქვეყნეს.

საფონდო ბირჟაზე გასვლა უოლ სტრიტს OpenAI-ს ფინანსებში ჩახედვის საშუალებას მისცემს, როცა კომპანია AI ინფრასტრუქტურასა და გამოთვლით რესურსებში მილიარდებს ხარჯავს. გასულ კვირას ინვესტორებმა ტექნოლოგიური კომპანიების აქციები გაყიდეს, რადგან ეჭვი შეეპარათ, ზედმეტად ხომ არ გაიზარდა მათი ფასი ბოლო პერიოდში.

OpenAI-ს ბოლო შეფასება 852 მილიარდ დოლარს შეადგენს, კომპანიამ მარტში 122 მილიარდი დოლარი მოიზიდა, თუმცა წნეხის ქვეშ არის, დაამტკიცოს, რომ ამ შეფასების გამართლებისთვის საკმარის შემოსავალს გამოიმუშავებს. OpenAI-ს მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა, სარა ფრაიერმა, გასულ წელს განცხადება გააკეთა, რომელმაც საზოგადოება გააკვირვა. მან თქვა, რომ ამერიკის მთავრობა კომპანიის ჩიპებსა და მონაცემთა ცენტრებზე გაწეულ უზარმაზარ ხარჯებს "უნდა უზრუნველყოფდეს". ეს განცხადება მოგვიანებით უკან გაიხმო.

გასული წლის განმავლობაში კომპანიამ ChatGPT-ის მონეტიზაციის ახალი გზები გახსნა: თვეში 8 დოლარიანი იაფი ტარიფი შემოიღო და რეკლამა დაამატა. The Information-ის ცნობით, კომპანია ელის, რომ ამ იაფი ტარიფის წყალობით, წლის ბოლოსთვის, 122 მილიონი გამომწერი ეყოლება, ხოლო 2030 წლისთვის, რეკლამა შემოსავლის მთავარ წყაროდ იქცევა. ChatGPT-ის გარდა, კომპანია ახლა ვებ-ბრაუზერს, სამომხმარებლო ტექნიკის პროდუქტებსა და სახელმწიფო სექტორისთვის განკუთვნილ AI ინსტრუმენტებს ავითარებს.

აქციების პირველად განთავსებამდე მისასვლელი გზა უპრობლემო არ ყოფილა: კომპანია Google-სა და Anthropic-თან კონკურენციას უმკლავდება, ChatGPT-სთან დაკავშირებული სასამართლო დავები აქვს, და 2023 წელს სემ ალტმანი მოკლე დროით აღმასრულებელი დირექტორის პოზიციიდანაც გაათავისუფლეს. ახლახან კი, კომპანიამ ილონ მასკთან დავაში ტექნიკური მიზეზით (სარჩელის ხანდაზმულობის გამო) გაიმარჯვა. OpenAI-ის რომ სასამართლო წაეგო, კომპანიის ხელმძღვანელობაში სერიოზული ცვლილებები მოხდებოდა. (მასკი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს).

მთავარი კონკურენტის, Anthropic-ის, შეფასებამ ახლახან 965 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და OpenAI-ის გადაასწრო. ამ ორ კომპანიას მომხმარებლებსა და ბიზნეს კლიენტებზე ერთმანეთთან მწვავე კონკურენცია აქვს.

თუ ხელოვნური ინტელექტი და ამ სფეროში მიმდინარე სიახლეები შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჩვენს ჯგუფში — AI ყველასთვის