რა ვიცით თიბისის საქმეზე — ყველაფერი მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

დაახლოებით თვენახევარია ცნობილი გახდა, რომ თიბისი ბანკიდან პროკურატურამ დოკუმენტები ამოიღო. საქმე ეხება მისი აქციონერებისა და იმდროინდელი ხელმძღვანელი პირების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შესაძლო ფულის გათეთრების საქმეში მონაწილეობას.

თავდაპირველად, ინფორმაციის გავრცელების დღეს არც ბანკში და არც პროკურატურაში არ საუბრობდნენ, რა საქმესთან დაკავშირებით ამოიღეს დოკუმენტები.

როგორ გახდა ცნობილი თიბისიში დაწყებულ გამოძიებაზე?

8 იანვარს ონლაინგამოცემა kvira.ge-მ მასალა გამოაქვეყნა სათაურით: "ექსკლუზივი: მამუკა ხაზარაძეს იჭერენ?! – რა სკანდალურ საქმეს იძიებს პროკურატურა?" მასალაში მოყოლილი ამბავი მეორე დღეს, 9 იანვარს პროკურატურამ დაადასტურა.

რა იყო პროკურატურის ვერსია?

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს. ამ საქმეზე გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას გულისხმობს. დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობით ისჯება.

"2008 წლის აპრილში და მაისში შპს სამგორი თრეიდმა და შპს სამგორი M-მა თიბისი ბანკისგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც თიბისი ბანკმა საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს", — ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, 2008 წლის ბოლოს თიბისი ბანკმა, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა. 2012 წელს კი საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას.

"საგულისხმოა, რომ შპს სამგორი თრეიდსა და შპს სამგორი M-ს სესხები ისე ჩამოიწერა, რომ ამ კომპანიებს სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გაუღიათ და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ასევე არ გაუსტუმრებიათ შპს სამგორი თრეიდისა და შპს სამგორი M-ის ვალი", — აცხადებენ პროკურატურაში.

რა იყო პროკურატურის შემდეგი ნაბიჯი?

მასალაში ეს ნაწილი აისახა მისი გამოქვეყნებიდან ექვს თვეზე მეტის გასვლის შემდეგ.

პროკურატურამ ამ საქმეზე მორიგი ნაბიჯი ექვს თვეზე მეტის გასვლის შემდეგ გადადგა. უწყებაში 24 ივლისს საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, სადაც ითქვა, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ბრალის წაყენების მოტივით დაიბარეს.

"გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება", — განაცხადეს საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.

რა არის ცნობილი სამგორი თრეიდსა და სამგორი M-ის შესახებ?

შპს სამგორი თრეიდი 2007 წლის 6 მარტს დაფუძნდა. სესხის მიღების მომენტისთვის კომპანიის 50-50 პროცენტიანი წილი ეკუთვნოდათ დავით ჭუბაბრიასა და ვახტანგ (ვატო) წერეთელსა. ამავე პერიოდისთვის შპს სამგორი M-ის 80 პროცენტს ნოე თოფურიძე ფლობდა, დარჩენილ 20 პროცენტს კი ამ შემთხვევაშიც ვახტანგ (ვატო) წერეთელი.

ვატო წერეთელი TV პირველის 100 პროცენტიანი წილის მფლობელია.

სად დაიხარჯა 17 მილიონი?

თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის თქმით, ნასესხები თანხა, "არა მხოლოდ 17 მილიონი, არამედ 80 მილიონამდე", მოხმარდა ბანკის ლიკვიდურობის გაზრდას.

"გადასარჩენი იყო ომის მერე ბანკი", — ამბობს ადვოკატი და განმარტავს იმასაც, რომ მთელი თანხა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მხრიდან ისევ თიბისი ბანკს მოხმარდა. "არსად ეს თანხა, ერთი კაპიკი სხვა რამეში არ დახარჯულა. ასე რომ, ეს არის ჭიქაში ქარიშხალი, რომელიც წარმოიშვა ამ ორი დღის განმავლობაში".

რას ფიქრობს ეროვნული ბანკი?

14 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის გადადგომა მოითხოვა. გადაწყვეტილება კი 13 თებერვალს საფინანსო სექტორის ზედამხვედელობის კომისიამ მიიღო.

ეროვნულმა ბანკმა თიბისის სამეთვალყურეო საბჭოს ხაზარაძისა და ჯაფარიძის გასაწვევად მიმართვიდან 2-თვიანი ვადა მისცა. თუმცა, არც ერთ მათგანს არ ევალდებოდათ ბანკში წილების დათმობა.

როგორ უპასუხა ეროვნულ ბანკს თიბისიმ?

ამავე დღეს, 14 თებერვალს ბანკმა წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ გამოიყენებდნენ ყველა სამართლებრივ საშუალებას აქციონერების ინტერესების დასაცავად.

"რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა. თიბისი ბანკი გააგრძელებს აღნიშნულ თემაზე სასამართლო დავას", — აცხადებენ კომპანიაში.

როგორ აისახა ბანკზე დაწყებული გამოძიება?

საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნის თაობაზე თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე განცხადება 14 თებერვალს ლონდონის დროით 13:59 წუთზე გაავრცელა. ამ დროისთვის ბანკის ერთი აქციის ფასი 14,26 გირვანქა სტერლინგი იყო, 24 საათის შემდეგ კი, ერთი აქციის ფასი, 13,22 გირვანქა სტერლინგია. განცხადების გამოქვეყნებიდან ერთ წუთში ბანკის აქციებზე ფასი 3,8 პროცენტით დაეცა.

კომპანიის აქციების ფასის ვარდნა ამით არ შეჩერებულა, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 24 საათში 7,29 პროცენტით შემცირდა და 55 მილიონ გირვანქა სტერლინგიზე მეტი დაკარგა. ერთი კვირის თავზე ეს თანხა 83 მილიონ ფუნტ სტერლინგს გაუტოლდა. ეს ბოლო წლების განმავლობაში რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი იყო.

რა გააკეთეს ხაზარაძემ და ჯაფარიძემ?

ეროვნული ბანკისა და თიბისის საპასუხო განცხადებიდან ერთი კვირის თავზე, 21 თებერვალს ბანკმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბანკში დაკავებულ თანამდებობებს ტოვებდნენ.

თიბისი ბანკმა ასევე განაცხადა, რომ წყვეტდა სასამართლო დავებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და დაკისრებულ მილიონიან ჯარიმას გადაიხდიდა. გავრცელებული განცხადების მიხედვით, ბანკში ითვალისწინებენ ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის შესაძლო ზიანს და პატივს სცემენ ეროვნული ბანკის, როგორც კვალიფიციური რეგულატორის როლს.

ამ განცხადების შემდეგ თიბისის აქციების ფასმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ზრდა დაიწყო. ამ დროის მონაცემებით [25 თებერვალი, 17:45] 14,58 გირვანქა სტერლინგია.

რას ფიქრობს ხელისუფლება ამ საქმეზე?

ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას თქმით, თიბისი ბანკის საქმეში არის "სერიოზული ბრალდებები", რასაც სჭირდება დეტალური გამორკვევა.

"ამას ჩვენ ვერანაირად ვერ დავაბრალებთ მხოლოდ პოლიტიკურ პროცესს. აქ არის ძალიან დიდი სამართლებრივ კომპონენტი, იმედი მაქვს რომ ჩვენი სამართლადამცავი უწყებები და მათ რიცხვში, რა თქმა უნდა, პროკურატურა დეტალურად გაერკვევიან ამ საკითხში", — ამბობს გიორგი ქობულია.

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თიბისი ბანკის საქმეზე მხარეებს მოუწოდებს პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ. მისივე თქმით, ეს არის ჩარჩოში მოქცეული "პროფესიული მიდგომებიდან შესაფასებელი სიტუაცია" და მას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

რას ფიქრობს მმართველი პარტია?

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თიბისი ბანკის საქმე სამართლებრივი საკითხია და სამართლებრივ ჭრილში უნდა გადაწყდეს. მისი თქმით, საკითხის პოლიტიკურ სარჩულზე აქტიურად ოპოზიცია საუბრობს, რაც გასაკვირი არ არის.

რას ფიქრობს ოპოზიცია?

ერთ-ერთი პირველი, ვინც თიბისის საქმეს გამოეხმაურა, თავისუფალი დემოკრატები იყვნენ. პარტიაში მიიჩნევენ, რომ ბანკთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიების დაწყება მმართველი პარტიის დამფუძნებლის მიერ კონტროლის მოპოვების სურვილია. პარტიაში აცხადებენ, რომ სამართალდამცავი ორგანოების მცდელობაა იერიში მიიტანონ ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ინსტიტუტზე.

"კონტროლის გავრცელება ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ბანკზე, რომლის წილი ქვეყნის ეკონომიკაში სოლიდურია და რომლის კლიენტებსაც წარმოადგენს ქვეყნის მოსახლეობისა და ბიზნესორგანიზაციების მოზრდილი ნაწილი, ნიშნავს, ირიბად მაინც, ამგვარი კონტროლის გავრცელებას ეკონომიკისა და მოსახლეობის შესაბამის ნაწილზეც", — აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარტიაში აღნიშნავენ, რომ ანაკლიის პროექტი, რომელსაც თიბისი ახორციელებს შესაძლოა მიმდინარე მოვლენების გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ამ პროექტის განუხორციელებლად დატოვება მხოლოდ საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის ინტერესებში შეიძლება იყოს.

დაწყებული გამოძიება არასასურველი ბიზნესის შევიწროებად შეაფასა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამ.

"გუშინ პროკურატურამ საცივიდან ამოიღო თავი და [მამუკა] ხაზარაძეს ეცა... ივანიშვილმა საზოგადოებას უთხრა, რომ ის ყველა არასასურველ ელემენტს გაანეიტრალებს, სადაც შესაძლებელია დაიჭერს, სადაც შესაძლებელია დანიშნავს ყველაზე საზიზღარ ადამიანებს და ბიზნესში თეორიულად ვინც შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც შესაძლოა, პოლიტიკური ამბიციაც გაუჩნდეს, გაანეიტრალებს", — განაცხადა უგულავამ.

საპარლამენტო უმცირესობამ ხაზარაძე და ჯაფარიძე პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე მიიწვია. ორივე მათგანი ამ შეთავაზებას დათანხმდა. შეხვედრა 26 თებერვალს იმართება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სამწუხაროდ, ეს არ ეხება საქართველოსა და მოლდოვას" — პესკოვი რუსეთის "განვითარებულ ორმხრივ ურთიერთობებზე"
  2. საქართველოში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, დიდი ოდენობით თანხას არიცხვინებდნენ — რა საქმე გახსნა პროკურატურამ
  3. რა აჩუქა მამამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და რა მოხდებოდა კეთილსინდისიერების შემოწმების შემთხვევაში
  4. "ქალბატონო სალომე, ნუ დაგვიმახინჯებთ ისტორიას, უპირობოდ უნდა გაათავისუფლოთ სააკაშვილი" — სოფო ჯაფარიძე
  5. ვინ დგას ტერაქტის უკან მოსკოვში — დეტალები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა

ინგლისში, ჩეშირის საგრაფოს ქალაქ ნატსფორდში, ცოტა ხნის წინ უცნაური ამბავი მოხდა: ქალმა ვეტერინარულ კლინიკაში…