რა ვიცით ლევან მურუსიძის შესახებ
მოსამართლე ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გაამწესა. მურუსიძის უვადო მოსამართლეობას საბჭოს უმრავლესობამ, 11 წევრმა დაუჭირა მხარი. ლევან მურუსიძის სახელს არაერთი გახმაურებული საქმე უკავშირდება. მათ შორისაა, სანდრო გირგვლიანის, სულხან მოლაშვილის, გიორგი მიქიაშვილისა და ე.წ. მეამბოხე მოსამართლეების საქმეები. სტრასბურგის სასამართლომ ყველა ამ საქმეში სახელმწიფო დამნაშავედ ცნო და ქართული სასამართლო გააკრიტიკა. მურუსიძის მიღებულმა გადაწყვეტილებებმა სახელმწიფო ჯამში 83 000 ევროთი აზარალა.
ლევან მურუსიძემ მოსამართლის კარიერა 2005 წელს დაიწყო. ის ერთი წლის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო. 2006 წლიდან 2015 წლამდე საქართველოს უზენაეს სასამართლოში იკავებდა მოსამართლის პოსტს. 2013 წელს ჯერ იუსტიციის საბჭოს წევრად აირჩიეს, შემდეგ კი მდივნად.
2016 წლიდან დღემდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. მისი არჩევა აქციების ფონზე მიმდინარეობდა. პროტესტის ორგანიზატორი სამოქალაქო სექტორი ფიქრობდა, რომ მურუსიძე წარსული კარიერის გამო მოსამართლედ არ უნდა დანიშნულიყო.
საქმეები, რომელსაც ლევან მურუსიძე განიხილავდა, ნაციონალური მოძრაობის დროს მომხდარ დანაშაულებებს უკავშირდება. მურუსიძე თავს "სისტემის მსხვერპლად" მოიხსენიებდა და დღემდე ასე ფიქრობს. ის გადაწყვეტილებებს ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებშიც იღებს.
ფეხბურთელ გიორგი მიქიაშვილის საქმე
მოსამართლე ლევან მურუსიძეზე სტუდია მონიტორმა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. ფილმში სახელწოდებით, რეჟიმის მსხვერპლი თუ სისტემის მსახური დეტალურადაა განხილული მურუსიძის სახელთან დაკავშირებული სადავო გადაწყვეტილებები.
ლევან მურუსიძის კარიერაში ერთ-ერთი პირველი ფეხბურთელ გიორგი მიქიაშვილის საქმეა. 2005 წლის 29 ოქტომბერს, როცა ფეხბურთელი მეგობრებთან ერთად რესტორნიდან გამოვიდა, პატრულის ეკიპაჟმა, რომელმაც ახალგაზრდებს ჩაუარა, მიიჩნია, რომ ტელეფონი, რომელიც ერთ-ერთ ახალგაზრდას ხელში ეჭირა, მოპარული იყო. პატრულსა და ახალგაზრდებს შორის საუბარი კონფლიქტში გადაიზარდა, მიქიაშვილი ადგილზე დააკავეს. პატიმრობის შეფარდების დროს გადაღებულ კადრებში ბრალდებულის სხეულზე დაზიანებები ჩანდა, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე ადვოკატ ზაზა ხატიაშვილს გამომძიებელმა უარი უთხრა. გამომძიებლის უარი ადვოკატმა სასამართლოში გაასაჩივრა. საჩივრის განხილვა ლევან მურუსიძეს დაევალა.
ადვოკატის თქმით, მურუსიძე ვალდებული იყო დაეკმაყოფილებინა დაცვის მხარის მოთხოვნა, მაგრამ ეს საქმე 50 დღის დაგვიანებით განიხილა. მოსამართლეთა კანონში წერია, რომ საქმე 24 საათში უნდა განხილულიყო. თუმცა მურუსიძემ ექსპერტიზა 50 დღის დაგვიანებით დანიშნა.
ექსპერტიზის დაგვიანებით დანიშვნაზე პასუხისმგებლობა მურუსიძემ თავის თანაშემწეს დააკისრა.
"ჩემს თანაშემწეს ხომ უნდა გახსენებოდა? როცა მოვიდა და მითხრა, რომ საქმის მასალებია შემოსული, მე განვიხილე. ბევრი სისხლის სამართლის საქმე გვაწვა თავზე და მოხდა ასეთი რამ", — განაცხადა მან იუსტიციის საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ ფაქტის გამო, სახელმწიფოს 12 000 ევროს გადახდა დაეკისრა. ამის შემდეგ ლევან მურუსიძე უზენაეს სასამართლოში ინიშნება.
სულხან მოლაშვილის საქმე
სულხან მოლაშვილი ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს კონტროლის პალატის თავმჯდომარე იყო. ის ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დააკავეს. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მოლაშვილს 8-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. საქმე უზენაეს სასამართლოს გადაეცა. სამწევრიან კოლეგიაში ერთ-ერთი მოსამართლე ლევან მურუსიძე იყო. მან და მისმა კოლეგამ, მოსამართლე ნადირიანმა, ქვედა ინსტანციების გამამტყუვნებელი განაჩენი ძალაში დატოვეს. განსხვავებული აზრი კოლეგიის მხოლოდ ერთმა წევრმა, ნუნუ კვანტალიანმა დააფიქსირა. მისი პოზიციით, მოლაშვილის საქმე სააპელაციო სასამართლომ არსებითი დარღვევებით განიხილა, ამიტომაც განაჩენი უნდა გაუქმებულიყო და ხელახალი შესწავლისთვის უნდა დაბრუნებულიყო.
ამის შემდეგ მოლაშვილის საქმე სტრასბურგის სასამართლოში განიხილეს. 2014 წელს საქართველომ თვითონვე აღიარა მოლაშვილის უფლებების დარღვევა. სახელმწიფოს მოლაშვილისთვის 20 000 ევროს გადახდა დაეკისრა.
გირგვლიანის საქმე
გირგვლიანის მკვლელობა არის საქმე, რის გამოც ლევან მურუსიძეს "სისტემის მსახურად" მოიხსენიებენ ხოლმე. 2006 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაზე კითხვებს ლევან მურუსიძე დღემდე პასუხობს. სწორედ გირგვლიანის საქმეს ეხებოდა მთავარი კითხვები 27 დეკემბერს იუსტიციის საბჭოს სხდომაზე, რომელთა წევრებმაც მურუსიძე სააპელაციოში უვადოდ გაამწესეს ის. გასაუბრებამდე მურუსიძემ თქვა, რომ მზად იყო ყველა კითხვისთვის ეპასუხა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "იმ პირობებში სხვა განაჩენს ვერ გამოიტანდა".
2006 წლის დეკემბერში ოქროყანაში 28 წლის სანდრო გირგვლიანი მოკლული იპოვნეს. მისი გარდაცვალების საქმეზე შსს-ს 4 თანამშრომელი გაასამართლეს, რომლებსაც, გამოძიების მიხედვით, გირგვლიანთან ანგარიშსწორება პირადი კონფლიქტის გამო ჰქონდათ. სტუდია მონიტორის გამოძიების მიხედვით, საზოგადოებაში თავიდანვე არსებობდა ვერსია, რომ მკვლელობა შარდენ ბარში მოქეიფე შსს-ს მაღალჩინოსნებსა და ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ცოლის სახელს უკავშირდებოდა. "ეს ვერსია მიიჩქმალა", — ნათქვამია გამოძიებაში.
საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ არა მკვლელობისთვის, არამედ გირგვლიანის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისთვის სამ პირს 7-7, ხოლო მეოთხეს 8-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
ოჯახმა გადაწყვეტილება უზენაესში გაასაჩივრა. კოლეგიის ერთ-ერთი მოსამართლე ლევან მურუსიძე იყო. გირგვლიანის ოჯახი განაჩენის გაუქმებასა და ხელახლა გამოსაძიებლად საქმის ქვედა ინსტანციაში დაბრუნებას მოითხოვა.
მურუსიძემ საქმე სრულყოფილად გამოძიებულად მიიჩნია, არსებითი დარღვევები ვერ აღმოაჩინა და გირგვლიანის მხარის არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მურუსიძის მონაწილეობით კოლეგიამ შსს-ს ოთხივე თანამშრომელს სასჯელი 6 თვით შეუმცირა.
გირგვლიანის საქმეში ბევრი დარღვევა აღმოაჩინა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომაც:
"სასამართლო გაოცებულია სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებების, მათ შორის ადგილობრივი სასამართლოს მიერ პროცესის არასწორად წარმართვისთვის... განმცხადებლებს არ მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ 14 მტკიცებულებას, რომელიც საქმის ხერხემალს წარმოადგენდა. ეს მტკიცებულებები, ორიგინალის სახით, სასამართლო სხდომაზე არასდროს გამოქვეყნებულა და არც შეჯიბრობითობის პრინციპის სახით გამოკვლეულა", — ნათქვამია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში.
მურუსიძემ თავი ბევრჯერ იმართლა. ის ამბობდა და დღესაც ამბობს, რომ გირგვლიანის საქმეზე სხვა გადაწყვეტილების მიღებას კანონი უკრძალავდა. განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა სამოქალაქო სექტორს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მაშინდელი თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი აცხადებდა, რომ მურუსიძეს სამი სამართლებრივი გზა ჰქონდა:
- საქმის დაბრუნება ქვედა ინსტანციაში;
- განსხვავებული აზრის დაწერა;
- იმ ნორმის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება, რომელზეც ფიქრობდა, რომ იყო შემბოჭველი.
გირგვლიანის საქმე საქართველომ წააგო და ევროსასამართლომ სიცოცხლის უფლების პატივისცემის დარღვევა დაადგინა, სახელმწიფოს 50 000 ევროს გადახდა დაეკისრა.
სწორედ მურუსიძის უმოქმედობამ აფიქრებინა არასამთავრობო სექტორს, რომ "ის შემსრულებელი მოსამართლეა და არ მიდის უსამართლობის წინააღმდეგ".
ე.წ. მეამბოხე მოსამართლეების საქმე
მეამბოხე მოსამართლეების სახელით ცნობილი საქმე იმ პერიოდს უკავშირდება, როცა მურუსიძე უზენაესი სასამართლოს კოლეგიის წევრი იყო. ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ღიად დააფიქსირა სასამართლო ხელისუფლების გადახალისების სურვილი. მათ მოსამართლეებს სოციალური გარანტიების შეთავაზებით თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდეს. ნაწილი შეთავაზებას დათანხმდა, ნაწილმა პოსტი ნებაყოფლობით არ დატოვა. მათ მიმართ წინასწარ გაცხადებული "დისციპლინური ომი" დაიწყო.
2005 წლის ზაფხულში იუსტიციის საბჭოში დისციპლინური დევნა დაიწყეს 15-ზე მეტი მოსამართლის წინააღმდეგ, მათ შორის იყვნენ: ე.წ. მეამბოხე მოსამართლეები: ნინო გვენეტაძე, მერაბ ტურავა, თამარ ლალიაშვილი და მურმან ისაევი. სადისციპლინო კოლეგიამ მოსამართლეების ნაწილი გაამართლა, ნაწილს შენიშვნა და საყვედური მისცა. კანონის თავისებური ინტერპრეტაციის ბრალდებით ე.წ. მეამბოხე ოთხეული ყველაზე მკაცრი სასჯელით, მოსამართლეობიდან გათავისუფლებით დასაჯეს.
უზენაესი სასამართლოს პალატის წევრთა ხმები ასე გადანაწილდა: მოსამართლეების დასჯას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის მოადგილეებმა, მიხეილ გოგიაშვილმა და ლევან მურუსიძემ დაუჭირეს მხარი. პალატის მესამე წევრი, თეიმურაზ თორდია მოსამართლეების გამართლებას ითხოვდა. გადამწყვეტი მურუსიძის ხმა აღმოჩნდა. მან მოსამართლეების სასჯელი ძალაში დატოვა.
ვენეციის კომისია ამ გადაწყვეტილებაზე წერდა, რომ "პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის მოსამართლეების გათავისუფლება დაუშვებელი იყო". საქმე სტრასბურგის სასამართლოშია.
ამ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა და ხელმძღვანელობდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. მან თანამდებობა 2018 წლის 2 აგვისტოს დატოვა. გვენეტაძის თქმით, ის მუქარის მსხვერპლი იყო.
სწორედ ნინო გვენეტაძის მონაწილეობით გაიმართა იუსტიციის საბჭოში მოსამართლეებთან გასაუბრება, სადაც ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.
იუსტიციის საბჭოს მდივანი
2013 წელს მოსამართლეებმა ლევან მურუსიძე იუსტიციის საბჭოს მდივნად აირჩიეს. მას მხარი კონფერენციის მონაწილე მოსამართლეების 2/3–ზე მეტმა, 205-მა წევრმა დაუჭირა.
სტუდია მონიტორის საგამოძიებო ფილმში ნათქვამია, რომ მურუსიძის მდივნობამდე, 2010 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, იუსტიციის საბჭოში, საშუალოდ, წელიწადში 900 საჩივარი შედიოდა, სადისციპლინო კოლეგიაში განსახილველად კი 12 გაიგზავნა. მურუსიძის მოსვლის შემდეგ ჯამში 800-მდე საჩივარი შევიდა, სადისციპლინო კოლეგიაში კი მხოლოდ ერთი გადაიგზავნა.
ქართული ოცნება და ლევან მურუსიძე
მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, სამართლიანობის აღდგენა დააანონსა. ხელახლა დაიწყო გირგვლიანის საქმის გამოძიება, ბრალი წაუყენეს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, დამნაშავედ სცნეს შესახებ-ს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მურუსიძე, რომელიც მაშინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი იყო, "დამოუკიდებელი სასამართლოს აღორძინებაში მის თანამონაწილედ გამოაცხადა".
"მინდა ხაზი გავუსვა, რომ ლევანი გახლავთ დემოკრატიული წესით არჩეული იუსტიციის საბჭოს მდივანი. აღმოვაჩინე ამ ახალგაზრდაში ხანგრძლივი საუბრის შემდგომ, რომ განწყობილია, ყოველგვარი გავლენისგან გაათავისუფლოს სასამართლო და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სასამართლოს აღორძინებაზე იფიქროს, იზრუნოს. ამას იღებს საკუთარ თავზე, ჩვენი ხედვები ემთხვევა ერთმანეთს. ჩემი აზრით, ამ ახალგაზრდა კაცს პრინციპული ხედვები აქვს, რომ სასამართლო იყოს ღირსეული და შესატყვისი ევროპულისა", – განაცხადა ივანიშვილმა.
2015 წელს ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა 20/30–ში საუბრისას განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანი იყო "არა კონკრეტული მოსამართლის, არამედ სისტემის მსხვერპლი".
ლევან მურუსიძე და აიისა
გარდა ზემოთ განხილული გახმაურებული საქმეებისა, ბოლოს მურუსიძის გვარი, ქართული პრეზერვატივების კომპანიის, აიისას სარჩელს დაუკავშირდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ პრეზერვატივების ქართული ბრენდი აიისა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის რელიგიურ გრძნობებს ლახავს. სასამართლომ კომპანია 500 ლარით დააჯარიმა და პროდუქციის ამოსაღებად ერთკვირიანი ვადა მისცა. საუბარია ორ სხვადასხვა შეფუთვაზე, სადაც თამარ მეფის გამოსახულება და ორთითზეწამოცმული პრეზერვატივია აღბეჭდილი. სასამართლომ საკითხის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც ამის შესახებ თბილისის მერიამ მიმართა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აიისას დამფუძნებელმა, ანანია გაჩეჩილაძემ სააპელაციოში გაასაჩივრა. საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძე იყო. მან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ლევან მურუსიძის წინააღმდეგ ბევრი კითხვაა, თუმცა თავად ფიქრობს, რომ სასამართლოში კლანური მმართველობა არ არსებობს. საკუთარი თავი ლიდერადაც კი მოიხსენია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, რომლებმაც მურუსიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს, საზოგადოებას მიუსამძიმრეს და განაცხადეს, რომ "მურუსიძის კლანი თავისი გადაწყვეტილებების შედეგს აუცილებლად მოიმკის".
კომენტარები